ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

13.11.2022 • 2332
საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები მოიცავს მთავარი ნაძვის ხისა და ასევე სხვადასხვა დეკორაციების მონტაჟს, ასევე მათ დემონტაჟსა და დასაწყობებას.

ქალაქს 833 სხვადასხვა დეკორატიული კონსტრუქციით და 16 000 გირლიანდით გააფორმებენ. კონკრეტულ მისამართებს და სამონტაჟო კონცეფციას კი, მიმწოდებელს, მერიის სამმართველო წერილობით აცნობებს.

საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოები [მონტაჟი და დემონტაჟი]

ქალაქის გაფორმება 2022 წლის 26 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო კონსტრუქციების დემონტაჟი – 2023 წლის 16 თებერვლამდე.

ტენდერში გამარჯვებულმა „შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული (რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით) და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალი“ მერიის სამმართველოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით.

ამასთან, „ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2023 წლის 25 მარტის ჩათვლით.“

ტენდერის ფარგლებში მერია ახალ დეკორაციებსაც შეიძენს:

შესასყიდი კონსტრუქციების ესკიზი და რაოდენობა

ახალშესყიდული მანათობელი კონსტრუქციების საგარანტიო ვადა არანაკლებ 2 წელი უნდა იყოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

მთავარი ფოტო: ბათუმი, ევროპის მოედანი / 25.12.2021

წელს ბათუმის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხესაც იყიდის. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის სამმართველოს, ცალკე, 968 387 ლარზე აქვს გაფორმებული.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/446673/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: