მთავარი,სიახლეები

კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე

08.06.2022 •
კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე

2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებიც. ხშირად ქალებს მეუღლეები თუ ყოფილი მეუღლეები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კლავენ. ფემიციდის ორი შემთხვევა გვქონდა სულ ახლახან, მაისში, როცა ქალები დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. ქალებს ვერ იცავს სახელმწიფო.

2016 წელს პარლამენტის წევრებმა – თამარ ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად დამატებას ითვალისწინებდა, თუმცა პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ფემიციდის საკითხზე „ბათუმელები“ კვლავ ესაუბრა პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას.

  • ქალბატონო თამარ, თქვენი ინიციატივის ჩაგდების შემდეგ ითქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატა მუხლები, რომლებიც პრაქტიკულად მოიცავს ფემიციდსაც. თქვენი აზრით, არის ეს საკმარისი ქალთა მკვლელობების შესაჩერებლად და თუ არა, რა კონკრეტული ნაბიჯია კიდევ გადასადგმელი?

პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დღეს არსებული სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფემიციდის მოტივით ჩადენილი მკვლელობა დაისაჯოს ძალიან მკაცრად.

როდესაც ჩვენ ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფის ინიციატივა წარვადგინეთ პარლამენტში, ჩვენი ერთადერთი და სერიოზული არგუმენტი იყო ის, რომ ამ დანაშაულის ხაზგასმით გვეჩვენებინა პრობლემის სიმწვავე არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც – ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ეს დანაშაული ცალკე შემადგენლობაა თავისი არსით. რა თქმა უნდა, დამამძიმებელი გარემოებაც თავისი არსით ცალკე შემადგენლობაა, მაგრამ კანონის დონეზე და შედეგის თვალსაზრისით, კარგი ხელისუფლების და კარგი აღსრულების პირობებში, იგივეა ესეც (რასაც ფემიციდი გულისხმობს) აბსოლუტურად. დღესაც, მკვლელობა ჩადენილი გენდერული ნიშნით, არის დამამძიმებელი გარემოება.

  • თუ კანონის დონეზე ეს საკითხი მოგვარებულია, მაშინ რატომ საუბრობენ ისევ ფემიციდის ცალკე მუხლად გამოტანაზე სისხლის სამართლის კოდექსში ქალთა უფლებადამცველები?

მხოლოდ საკანონმდებლო პრობლემებზე ლაპარაკი არ არის სწორი: ქალისა და კაცის უთანასწორობა იმდენად ღრმად გამჯდარი ტრადიციულ-კულტურული მოვლენაა საქართველოში, რომ ამას მარტო სისხლის სამართლის კოდექსი ვერ უშველის.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტები, რომ კაცი კლავს ცოლს და მერე იკლავს თავს. ან კაცი კლავს ცოლს, შემდეგ კი არ გაურბის პასუხისმგებლობას და თვითონ ბარდება ხელისუფლებას. ამიტომ აქ მხოლოდ კანონის გამკაცრება ნამდვილად არ არის საკმარისი.

პარლამენტის პასუხისმგებლობა იმაშია, რომ ყველა წევრმა დაგმოს ქალზე ძალადობა და არ გაჩუმდეს ასეთი ტიპის ძალადობაზე. დაგმოს გულწრფელად და არა ვალის მოხდის მიზნით თქვას, რომ „არ შეიძლება“ ან „ყველა მკვლელი მკვლელია“ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრების ფუნქციაა, არ გაათანაბრონ ქალის მკვლელობა სხვა დანაშაულთან, ხაზი გაუსვან მის სიმძიმეს და დაგმონ ეს ყველაფერი.

მეორე – ეს არის მაკონტროლებელი ფუნქცია, რას აკეთებს პრევენციული ღონისძიებებისთვის, რას აკეთებს შსს, რა ტარდება სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვებმა ბავშვობიდანვე იცოდნენ რა არის თანასწორობა, ის, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია და ქმრის ნებას არ უნდა დაემორჩილოს.

სამართალი და კანონი მეტ-ნაკლებად უკვე აწესრიგებს ამ საკითხს. თუ ვიდავებთ იმაზე, რომ კანონში როგორ გაიწეროს დეტალები, ვთქვათ, უნდა ატაროს თუ არა მოძალადემ სამაჯური და ასე შემდეგ, ეს სხვა საკითხია. კონცეპტუალურ დონეზე, უთანასწორობით ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმეა თავისი არსით, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელობა. ნორმის დონეზე ეს გადაწყვეტილი აქვს პარლამენტს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის გადაწყვეტილი სოციოკულტურის დონეზე და სწორედ ამ თვალსაზრისით გვაქვს ახლა მუშაობა გასაწევი.

ამ თვალსაზრისით გვაქვს წინააღმდეგობა გასაწევი იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხები არ უნდა ისწავლებოდეს, რელიგიური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია – უნდა ეყოთ პოლიტიკოსებს გამბედაობა, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა ასეთ ჯგუფებს და შევიდნენ  მათთან დისკუსიებში.

სასკოლო კურიკულუმებშიც უნდა შევიდეს თანასწორობის საკითხები და მასწავლებლებმა, პირველ რიგში, ეს უნდა ასწავლონ ბავშვებს. ეს ძალიან ფართო პროცესია, რომელიც არ მიდის ქვეყანაში და უკვე წლები დავკარგეთ ჩვენ ამ თვალსაზრისით. 24 საათი ამის ახსნაში ვართ და არ ვიცი, კიდევ რამდენი ქალი უნდა მოკლან, რომ ამ საკითხს აგდებულად არ შეხედონ.

  • თქვენ ამბობთ, რომ კანონის დონეზე ქალი დაცულია, ამის მიუხედავად „ფემიციდის“ ჩაწერა რატომ არის პრობლემა?

ტერმინი არ არის აუცილებელი, რადგან ფემიციდი თავისი არსით რა არის? – ქალსა და კაცს შორის უთანასწორობით ჩადენილი მკვლელობა, ხომ? უთანასწორობით გამოწვეული დანაშაულია, ანუ ადამიანი ვერ იგებს, რომ ის მეორე სქესი მისი თანასწორია, რომ ქალს შეუძლია თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღოს და როცა არ ემორჩილება ქალი, შემდეგ კლავს მას. ეს არის გენდერული ნიშნით მკვლელობა. შესაბამისად, ეს კანონში წერია.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ფემიციდის ცალკე მუხლად შეტანა შედეგს მოგვცემს, რადგან ჩვენ გვაქვს პრობლემა აღსრულებაში და არა კანონში. ყველა შემთხვევაში, რომელიც ბოლოს მოხდა, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი.

  • სამართალდამცავების უმოქმედობაა, ესე იგი, პრობლემა – ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა მსხვერპლმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას, თუმცა ვერ დაიცვა ის სახელმწიფომ.

სამწუხაროდ, პოლიციელებიც თვითონ არიან მოძალადეები, ზესტაფონის საქმე გვახსოვს, როცა პოლიციელმა მოკლა ცოლი. მოძალადე ყველა პროფესიაში შეიძლება არსებობდეს. დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის არსებობს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ამაზე მძიმე რა შეიძლება შემოვიღოთ?

ამიტომ ვამბობ, რომ საქმე სასჯელის გამკაცრებაში არ არის. ვინც ამას ამბობს, იმას ვეკითხები – ადამიანი კლავს და შემდეგ თავს იკლავს ხომ, აქ სასჯელის გამკაცრება ზომაა? არა, ეს არ არის გამოსავალი, გამოსავალი უფრო რთულია.

ხშირად კანონის არსი არ ესმით მათ, ვინც ქალები უნდა დაიცვან. კანონის არსი არ ესმით იმ კაცებს, რომლებსაც შემაკავებელ ორდერს უწერენ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ქალი თანასწორი და თავისუფალი ადამიანია. ის კაცი კი, ვინც დანაშაულს სჩადის, ამას ღირსების დანაშაულად მიიჩნევს. შეუძლია მოკლას და თავი მოიკლას, რადგან მისთვის ღირსების შემლახავია ის, რომ ცოლს აღარ სურს მასთან ცხოვრების გაგრძელება ან არ ემორჩილება. აი, ამ მასშტაბის მენტალური რევოლუცია გვაქვს პრაქტიკულად ჩასატარებელი ქვეყანაში, რომ გაიგონ კაცებმა, მათი ღირსება ამით არ ილახება.

ეს ერთი და მეორე, ვის აქვს უფლება, რომ მეორე ადამიანის თავისუფლება შეზღუდოს, მეორე ადამიანის ცხოვრება გადაწყვიტოს? ეს ძალიან სერიოზული მენტალური გარდატეხის საკითხია და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ამისთვის არაფერს არ ვაკეთებთ არც სკოლაში, არც ოჯახში და არც საზოგადოებაში.

აღსრულების ეფექტურობაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, იმაზე, რომ განათლების სისტემაში  შევიდეს ცვლილება. სკოლაში მასწავლებელი არ უნდა ეუბნებოდეს ბავშვს „გოგო ხარ და არ შეგეფერება ასეთი საქციელი“ ან „ბიჭივით აზროვნებ“ – აი, ეს დამოკიდებულება უნდა მოიშალოს, ეს უნდა გაკონტროლდეს, რომ მასწავლებელი ასე არ ელაპარაკებოდეს ბავშვებს.

ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ყველა განათლებისკენ იშვერს ხელს, ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ცოლი მიატოვებს ან აღარ ისურვებს მასთან ცხოვრებას, მას აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რადგან თავისუფალი ადამიანია და ეს არ არის კაცის ღირსების შემლახავი. კაცის აღქმაში ეს უნდა შეიცვალოს. თუ ვერ შევცვალეთ, აღეკვეთება თავისუფლება უვადოდ ან თავს მოიკლავს. ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ საკითხს.

  • სკოლის დონეზე კურიკულუმების დანერგვა გასაგებია, მაგრამ ზრდასრულების ცნობიერების ამაღლებაზე ვინ უნდა იმუშაოს?

ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, სოციალური რეკლამები უნდა არსებობდეს, რომ ძალადობა ცუდია, უნდა არსებობდეს ყველა სფეროში. მაგალითად, სექსუალურ შევიწროებას და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ტრენინგები უნდა ტარდებოდეს ყველა სამსახურში, ასე ხდება მთელს მსოფლიოში.

ასევე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ მოძალადე კაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებზე. როგორც ნარკოდამოკიდებულებზე არსებობს პროგრამები, ასეთივე პროგრამები უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაშიც. ძალიან ფართოდაა ეს მუშაობა გასაშლელი ძალიან ბევრი მიმართულებით.

უთანასწორობით გამოწვეული დანაშაული კაცობრიობისთვის დღემდე პრობლემაა და იმიტომ არსებობს თანასწორობის მუხლი. მუდმივად არის ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ცივილიზებულ სამყაროში მუდმივად განახლებული მეთოდებით ცდილობენ ამის დაძლევას, თორემ კანონს ყოველ წუთს არ ცვლიან.

დასავლურ სამყაროში როცა ქალი ამბობს, რომ მასზე ოჯახში ძალადობენ, სჯერა ამ ქალის პოლიციასაც და სხვასაც. მერე იწყება ყველაფრის გადამოწმება. ჩვენთან კი ჯერ ის ვერ მოვიპოვეთ, ქალი რომ იტყვის „ჩემზე ძალადობსო“, მაშინვე დაიწყებენ „ამას როგორ ამბობ, ბავშვების მამაა“და ასე შემდეგ. აი, ეს ვერ გადავლახეთ. აქამდე მაინც უნდა მივიდეთ, არა?

კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ, რომ გარდატეხა მოხდეს იმ ადამიანებში, რომლებიც ღირსების შელახვად მიიჩნევენ ქალის თავისუფლებას. მოძალადეებმა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უნდა გაიარონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: