მთავარი,სიახლეები

ხერსონის აღებით უკრაინა ყირიმისკენ მიმავალ გზებზე საცეცხლე კონტროლს მოიპოვებს – FT

11.11.2022 • 970
ხერსონის აღებით უკრაინა ყირიმისკენ მიმავალ გზებზე საცეცხლე კონტროლს მოიპოვებს – FT

ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და შორსმოქმედი შეიარაღებისთვის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია საუბარი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ასევე მოხვდება რუსეთის ლოგისტიკური ობიექტები და საბრძოლო მასალების საწყობები. ისინი აღმოჩნდება იმ მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების მიღწევის ზონაში, რომლებსაც უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს.

გამოცემა კონკრეტულად არ ასახელებს, რომელ გზებზეა ლაპარაკი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, სერგეი კუზანის თქმით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო სამხედრო თვალსაზრისით მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

„ის საცეცხლე კონტროლის საშუალებას გვაძლევს ყირიმიდან მომავალ გზებზე, რომლებსაც მომარაგების ხაზებად იყენებენ რუსები. ეს იქნება უდიდეს დარტყმა რუსეთის ძალებზე,“ – ამბობს კუზანი.

FT-ი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის ყირიმთან სიახლოვემ შესაძლოა იძულებული გახადოს რუსეთი, უფრო მეტი ძალა გადაისროლოს სამხრეთში ოკუპირებული ნახევარკუნძულის მისადგომების დასაცავად.

გუშინ მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. სერგეი შოიგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, მათ შორის, ქალაქ ხერსონიდან, რუსეთის არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სატელევიზიო განცხადებებს არ ენდობა და ხერსონში დაწყებულ კონტრშეტევის ოპერაციას თავისი გეგმით, დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე განაგრძობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: