მთავარი,სიახლეები

დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW

12.11.2022 •
დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ.

როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინის არმია ფაქტობრივად ასრულებს ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას, რუსებმა კი ამ ტერიტორიის დატოვებით მისი შენარჩუნების შესაძლებლობა დაკარგეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიის უკან დახევა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე დასრულდა.

ISW-ის მონაცემებით, ის რუსი სამხედროები, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე დარჩნენ, სავარაუდოდ დაფანტულები არიან ოლქის მასშტაბით და ტერიტორიიდან გაღწევას ცდილობენ. ინსტიტუტის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსებმა შესაძლოა დნეპრის მარჯვენა მხარეს პატარა პარტიზანული ჯგუფებიც დატოვეს.

„უცნობია, რამდენი რუსი სამხედრო რჩება დასავლეთ სანაპიროზე. რუსული წყაროები მიუთითებდნენ, რომ უკან დახევა სამ დღეს გრძელდებოდა და გაიყვანეს 20 000 რუსი სამხედრო და გადაიტანეს 3,500 ერთეული სამხედრო ტექნიკა,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი აქვეყნებს სატელიტურ ფოტოებსაც, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსებმა გასვლისას ხერსონთან არსებული ხიდები გაანადგურეს, მათ შორისაა ანტონოვსკის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები უშუალოდ ხერსონთან, ნოვა-კახოვკას დამბის ხიდი და მდინარე ენგულეცზე გამავალი ხიდი დარივკაში.

სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარებმა მოაწყვეს თავდაცვის პირველი და მეორე ხაზი დნეპრის სამხრეთით და სავარაუდოდ, თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას განაგრძობენ მდინარის მარცხენა სანაპიროზეც.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • 11 ნოემბერს უკრაინის ძალებმა სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს ხერსონის ოლქში და უახლოეს დღეებში ოლქის დასავლეთ ნაწილზე კონტროლს გაიმყარებენ;
  • რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებაზე და ურტყამდნენ ლოგისტიკურ კვანძებს;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის გარშემო;
  • უკრაინის არმიამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა რუსეთის არმიის თავშეყრის ადგილებზე ზაპოროჟიეს ოლქში;
  • „ვაგნერის“ ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი განაგრძობს პარალელური სამხედრო სტრუქტურების შექმნას ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში;
  • უსამართლოდ ჩატარებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში სოციალურ დაძაბულობას ზრდის;
  • უკრაინელი პარტიზანები განაგრძობდნენ თავდასხმეს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: