მთავარი,სიახლეები

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

09.11.2022 • 1315
ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს.

„საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების მიხედვით,“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

პოდოლიაკის განცხადების პარალელურად, ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ ინფორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე და ინფორმაციული სიჩუმის რეჟიმი შეინარჩუნონ.

რუსეთის თავდაცვის უწყების სატელევიზიო განცხადებას ეჭვით შეხვდა ნიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმიც, რომელიც ტელეგრამზე წერს, რომ „თუ რუსები რაიმეს ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ ამის საწინააღმდეგოს გააკეთებენ“.

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ შოიგუს ბრძანებაზე დღესვე კომენტარი გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.

„ჩვენ ვუსმინეთ ამ განცხადებას, მაგრამ ჯერ დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება იქ. რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევიდან განდევნეს, შემდეგ – აღმოსავლეთიდან, ხარკოვიდან და ახლა ვხედავთ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, რუსეთის ჯარები სამხრეთიდან, ხერსონიდანაც განდევნონ. აღფრთოვანებას იწვევს იმის დანახვა, რომ მამაც უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ ახალი და ახალი ტერიტორიები გაათავისუფლონ,“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

სერგეი შოიგუ, უკრაინაში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის არმიის გასვლას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზის გამაგრებას დათანხმდა.

შოიგუს ბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის შეიქმნა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: