მთავარი,სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონიდან თითქმის 15 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს – მედია

12.11.2022 • 1033
ოკუპანტებმა ხერსონიდან თითქმის 15 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაძარცვეს ხერსონის რეგიონიც. „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის სპეციალურ ოპერატიულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონიდან ოკუპირებულ სიმფეროპოლში ჩავიდა ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებშიც მოთავსებული იყო ხელოვნების ნიმუშები – ძვირფასი ექსპონატები და სხვა გაძარცვული ნივთებით.

„ჩვენი იატაკქვეშა მოძრაობის მონაცემების მიხედვით, რუსებმა ნივთები გაიტანეს ალექსეი შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმიდან. მუზეუმს ასევე აქვს ფილიალი ნოვა კახოვკაში“, – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ სპეციალურ ოპერატიულ ძალებს.

მუზეუმის ფონდის კოლექციაში იყო მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია – XVII საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის ხატწერის ნიმუშები, XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის დასაწყისის უკრაინელი ხელოვანების ნამუშევრები. ასევე თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.

საერთო ჯამში, მუზეუმის ფონდიდან, ისევე როგორც ხერსონის რეგიონის სხვა კულტურული დაწესებულებებიდან, თითქმის 15 000 ექსპონატი იქნა გატანილი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანა მალიარის ინფორმაციით კი, ქალაქის დატოვებამდე რუსებმა გაანადგურეს ქალაქის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა: „ხერსონის ოლქის არქივიდან ამოღებულია ყველა საარქივო მასალა, მათ შორის XVIII და XIX საუკუნეების დოკუმენტები“.

ქალაქი ხერსონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ, 11 ნოემბერს, დატოვეს. ხერსონი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ომის დაწყების პირველივე კვირას დაიპყრო. ხერსონი ოკუპირებული იყო რვა თვეზე მეტი ხანი.

___

მთავარი ფოტო: შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: