მთავარი,სიახლეები

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

10.01.2022 • 6411
დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

მიშა ბოცვაძე ისტორიის მასწავლებელი იყო თბილისიდან და ის დიდაჭარაში გახსნილ პირველ ქართულ სკოლაში ასწავლიდა. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ისტორიკოსს დიდაჭარიდან გაძევებას უპირებდნენ ფუნდამენტალისტები. თუმცა მიშა დიდაჭარლებმა საბძელში, თივაში დამალეს. 

“სოფელ დიდაჭარაში პირველი ქართული სკოლა ოროთახიან შენობაში 1924 წელს გაიხსნა. ისტორიის მასწავლებლად თბილისიდან მოიწვიეს მიშა ბოცვაძე, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ხულო, სოფელი დიდაჭარა და დიდაჭარლები.

ამ სოფლის მკვიდრის, მედიკო გობაძის მონათხრობის თანახმად, ქართული სკოლა დიდაჭარაში, ოროთახიან შენობაში სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო, როცა შუახევის სოფელ ჭვანაში რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა შეიტყვეს ქართული სკოლის გახსნის შესახებ და დიდაჭარაში შემოსული პედაგოგების სოფლიდან განდევნა მოიწადინეს.

„ამ ამბის შესახებ რომ გაიგეს დიდაჭარლებმა, ბაბუაჩემმა, სელიმ შავაძემ და მისმა ძმებმა – ნიაზ და ადამ შავაძეებმა, გადაწყვიტეს მასწავლებელი დაემალათ. მათ უნდოდათ, რომ დიდაჭარაში ეფუნქციონირა ქართულ სკოლას, რომელიც მათ შვილებს განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. 

მიშას და დანარჩენ მასწავლებლებს გადააცვეს კაბები, რათა არავინ მიმხვდარიყო, რომ დასამალად მიჰყავდათ. ისინი ღამით ჩუმად წაიყვანეს. ბაბუაჩემმა მასწავლებლები ქალებად გაასაღა, რომლებიც თითქოს მატყლის ნადში უნდა დახმარებოდნენ და ყველა გზად შემხვედრს ამას ეუბნებოდა. 

ბაბუაჩემმა პედაგოგები საბძელში, თივაში დამალა და მოიტყუა, რომ სოფლიდან უკვე წასულები იყვნენ. ამ გზით დარჩნენ დიდაჭარაში პედაგოგები. დიდაჭარიდან პედაგოგების გაძევების მიზნით მართლაც შემოსულან სოფელში, ყველა ოჯახი მოუვლიათ, მაგრამ ვერსად უპოვიათ მასწავლებლები და წასულან“. 

მიშა ბოცვაძე დიდაჭარაში ზამთარში ჩასულა, ანუ იმ დროს, როცა სოფელში უფრო მეტად თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე სხვა დროს. ამით ისარგებლა პედაგოგმა და სოფელში ყველას ჭადრაკის თამაში ასწავლა.

„ბოცვაძემ ბაბუაჩემს შესთავაზა, რომ ჭადრაკს ასწავლიდა და ჭადრაკის ფიგურები დახაზა. სოფელში ხის კარგი მთლელი იპოვეს, რომელმაც ფიგურები გამოჭრა. მერე თანდათან მთელი სოფელი დაინტერესდა ჭადრაკით.

როცა სკოლა გაიხსნა ყველა სკოლაში დადიოდა თურმე, ბავშვები თუ მათი მშობლები. 

დიდაჭარიდან წასვლის შემდეგ მიშა ბოცვაძე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ფილმ “მონანიების” მთავარი როლის შემსრულებელი, ზეინაბ ბოცვაძე მიშა ბოცვაძის შვილია. 

მოგვიანებით, 1986 წელს, დიდაჭარლებმა სოფელში ჭადრაკის სახლი ააშენეს და გახსნაზე მოიწვიეს მიშა ბოცვაძის შვილები. ჭადრაკის სახლის გახსნაზე ასულმა მიშას შვილებმა მოისურვეს, რომ სტუმრობდნენ ოჯახს, სადაც მიშა ცხოვრობდა და ღამეც იმ ოჯახში გაათიეს. დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის გახსნას ესწრებოდა ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილიც.

1983 წელი. ნონა გაფრინდაშვილი [მარჯვნიდან მეექვსე] დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლის გახსნაზე

მიშა ბოცვაძის დიდაჭარაში ცხოვრების შესახებ ჩემი მშობლებისგან და ასევე, სხვა დიდაჭარლებისგან ვიცი”, – გვიყვება მედიკო გობაძე, ამ სოფლის მკვიდრი, პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი. 

მიშა ბოცვაძემ დიდაჭარაში სულ რამდენიმე წელი გაატარა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ის სისტემატურად აგზავნიდა წერილებს სოფელში. დღეს ამ წერილების ნაწილი დიდაჭარაში, ახმედ შავაძის შთამომავლების ოჯახში ინახება, სადაც მიშა ბოცვაძე ცხოვრობდა მასწავლებლად მუშაობის დროს.  

მიშა ბოცვაძის ერთ-ერთი წერილი

მედიკო გობაძის თქმით, მიშა ბოცვაძის წერილების ნაწილი მის ოჯახს მაშინ ჩაუტანა სოფელ დიდაჭარას სახელით, როცა სტუდენტი გახდა.

“როდესაც წერილები მიშა ბოცვაძის შვილს მივეცი, კითხვა დაიწყო და რამდენიმე წინადადების წაკითხვის შემდეგ ატირდა. მასწავლებელი მიშა დიდაჭარლებს წერდა თუ როგორ ძლიერ მოენატრა ისინი და მალე ჩავიდოდა მათ სანახავად”, – იხსენებს მედიკო. 

___

მთავარი ფოტო: მიშა ბოცვაძე და დიდაჭარის ჭადრაკის სკოლის შენობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: