მთავარი,სიახლეები

20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

10.11.2022 • 2876
20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

სამხედრო მფრინავი, ევგენი სოლოვიოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. გმირის წოდება მფრინავს უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს მიანიჭა ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის.

სოლოვიოვმა ოკუპანტებისგან მიტაცებული ტერიტორიის 100 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია ვერტმფრენით, მარიუპოლელებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები რომ მიეწოდებინა. იქიდან კი დაჭრილები უსაფრთხოდ გამოიყვანა.

ამ დავალებების შესასრულებლად ოკუპირებულ მარიუპოლში შეღწევის მისი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა: ვერტმფრენს ოკუპანტებმა საბრძოლო რაკეტა ესროლეს, ვერტმფრენის ძრავა გაითიშა, მაგრამ არ აფეთქებულა. ევგენი გადარჩა.

სოლოვიოვს საბრძოლო მისიის ასობით ფრენა აქვს შესრულებული, მათ შორის ოკუპირებულ მარიუპოლსა და კუნძულ ზმეინზე.

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი უკრაინის ცოცხალი გმირის მონათხრობს აქვეყნებს:

  • ევგენი სოლოვიოვი, უკრაინის გმირი
„დეიდებმა, მეზობლებმა, ნათლიებმა ფაქტობრივად მტრის გადაადგილების და მოძრაობის ინტერაქტიული რუკა შექმნეს ინტერნეტით“

 

ყველაფერს ვისროდით, რისი სროლაც კი შესაძლებელი იყო. ომის პირველი რამდენიმე კვირა ისე ვიბრძოდით, როგორც არავინ. ომის ტაქტიკის ყველა წესი დავარღვიეთ.

24 თებერვალს, ღამით, როცა რუსები შემოიჭრნენ, ხერსონის ოლქში გაგვიშვეს. პირველ რიგში საბრძოლო ტექნიკა უნდა დაგვეცვა განადგურებისგან. არცერთი ჩვენი ვერტმფრენი, რომელიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდა, არ დაზიანებულა ტექნიკის გადატანისას.

მერე ჩვენმა ვერტმფრენებმა სახმელეთო ჯარების საჰაერო მხარდაჭერის ამოცანების შესრულება დაიწყეს.

წარმოუდგენლად გაერთიანდა ხალხი, ადგილობრივები, ხერსონელები ვიყავით ყველანი. დეიდებმა, მეზობლებმა, ნათლიებმა ფაქტობრივად მტრის გადაადგილების და მოძრაობის ინტერაქტიული რუკა შექმნეს ინტერნეტით! ასე იყო ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველივე წუთიდან. ყველა გვწერდა და გვირეკავდა. ჩვენ ვიღებდით მნიშვნელოვანი ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს მუდმივად, ვინ მოვიდა, ვინ საით წავიდა. ვამუშავებდით ამ ინფორმაციას და შესაბამის დანაყოფებს გადავცემდით.

მაგალითად, მტრის ტანკების დიდი კოლონა რომ ნიკოლაევისკენ წავიდა მისი სოფლის გავლით, მამიდამ მაცნობა. ამის შემდეგ გავფრინდით მათ „მოსაძებნად“.

ჩვენ კარგად ვიცოდით ხერსონის ოლქის ყველა გზა, რა თქმა უნდა, დაზვერვისგანაც ვიღებდით ცნობებს, მაგრამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ხალხისგან მოდიოდა.

პირველ კვირებში ხერსონის ოლქში მტერს დიდი დანაკარგი ჰქონდა – ათობით ტექნიკა და ოკუპანტების ასობით ცოცხალი ძალა.

 

„როგორ ფიქრობ, რამდენის სიცოცხლე ღირს შენს ერთ სიცოცხლედ?“

 

მარიუპოლში ფრენა, ნიშნავდა მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 100 კილომეტრის სიღრმეში შეღწევას და ხალხისთვის დახმარების მიწოდებას. ეს, უბრალოდ, რთული არ ყოფილა. ეს ძალიან რთული იყო.

ფრენებს მარიუპოლში არმიის ავიაციის მეთაური ასრულებდა თავიდან. როცა პირველად მომცეს ეს დავალება, მივხვდი, რომ დავთანხმებოდი ძალიან მამაცი უნდა ვყოფილიყავი ან ძალიან სულელი. პირდაპირ ვთქვი გულწრფელად, რომ არც ასეთი მამაცი ვიყავი და არც ასეთი სულელი, რაზეც მეთაურმა მკითხა:

„როგორ ფიქრობ, რამდენის სიცოცხლე ღირს შენს ერთ სიცოცხლედ, როგორ აფასებ?“. როცა საკუთარ თავს იგივე ვკითხე ყველაფერს მივხვდი, ღირდა რისკის გაწევა.

ამის შემდეგ ორჯერ გავფრინდი მარიუპოლში. ქალაქში შეღწევის პირველი მცდელობისას რაკეტა გვესროლეს და მოგვარტყეს. რაკეტა ძრავს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა. ძრავი გაჩერდა, შემობრუნება მოვახერხე. რაკეტა რომ აფეთქებულიყო, ადგილზე დავიწვებოდი.

 

„ოცზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა!

 

მეორედ უკვე შევაღწიეთ ბლოკირებულ მარიუპოლში და ხალხს მედიკამენტები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ, გამოვიყვანეთ დაჭრილები, მაგრამ ჩვენი ოთხი ვერტმფრენიდან სამი დაბრუნდა, ერთი ვეღარ…

დღემდე მაქვს კავშირი ადამიანებთან, ვინც მარიუპოლიდან გავიყვანე, მიმოწერა გვაქვს სოციალურ ქსელებში, სულ მადლობას მიხდიან. ოცზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა!

არავისთვის მითქვამს, რომ მარიუპოლში ვაპირებდი გაფრენას, კონფიდენციალურობა მკაცრად იყო დაცული.

როცა გავფრინდი თან წავიყვანე ახალგაზრდა ბიჭებიც, მათთვის ეს პირველი ნაბიჯები იყო. ისინი ჯოჯოხეთში მიფრინავდნენ საკუთარი ნებით მარიუპოლის დასაცავად.

მარიუპოლიდან დაბრუნების შემდეგ, ერთ კვირაში კუნძულ ზმეინზე გაფრენის დავალება მივიღე. „რატომ ისევ მე?“ – თავში ეს სულ აზრი მიტრიალებდა. სახიფათო თავგადასავალს ჰგავდა ყველაფერი. ჩვენ იქ ერთი დანაყოფი ხომ უკვე დაკარგული გვყავდა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი იყო კუნძული ზმეინი.

არაერთხელ ყოფილა სიტუაცია, როცა არ მესმოდა კონკრეტული ამოცანის მნიშვნელობა, მაგრამ როცა დრო მოვიდა და საერთო სურათი დავინახე, ყველაფერი დალაგდა.

ევგენი სოლოვიოვი, უკრაინის გმირი

წარმოუდგენლად ერთიანია მფრინავების დანაყოფი. ჩვენ ყველა ერთად ვგეგმავთ ოპერაციებს, ერთად ვიძინებთ, ერთად ვჭამთ, ვბრუნდებით დავალებებიდან, ერთად ვხარობთ პატარა და დიდი გამარჯვებებით, ერთად ვწუხვართ, როცა ვინმეს ვკარგავთ. ხშირად ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზეა დამოკიდებული…

ბევრმა საზღვარგარეთ მომუშავე უკრაინელმა მფრინავმა დაარღვია ათიათასობით ღირებულების უცხოური კონტრაქტი, დაბრუნდნენ უკრაინის დასაცავად, მაგალითად, 60 წლის პაველ მუდრმა. პილოტისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია, მას ხუთი ათას საათზე მეტი ხნით ფრენის გამოცდილება აქვს.

 

„რაზე ვოცნებობ გამარჯვების შემდეგ? ცოლ-შვილთან ერთად დაძინებაზე, ჩემს კატასთან ჩახუტებაზე, ისევ სახლში ყოფნაზე“

 

ვერტმფრენებს, განსაკუთრებით პირველ კვირებში უწევდათ სწრაფად გადაადგილება, ხშირად ვიცვლიდით ადგილს, ამ ხნის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ მშიერი. ყველგან ჩვენი ხალხი გვხვდებოდა. ხალხი სანგრის გათხრას გვთავაზობდა, ვპასუხობდით, რომ ვერტმფრენებით ვიყავით და სანგრები არ გვჭირდებოდა. გვეუბნებოდნენ: გვითხარით, რაში დაგეხმაროთ, რაში გამოგადგებითო. საიდანღაც ბებოები მოდიოდნენ პელმენებით, ჭამეთო.

უყურებ ამ ხალხს და ძალა გეძლევა, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ, ისეთი.

ცნობიერებას საზოგადოება აყალიბებს. როცა გარშემო ყველა თავის საქმეს აკეთებს, უკვე მშვენივრად გესმის, რატომ რისკავ სიცოცხლეს, გესმის რა და როგორ უნდა გააკეთო. 24 თებერვლამდე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ უკრაინელები ასე გაერთიანებულები და ასეთი პატრიოტები არიან!“.

სამხედრო ოჯახიდან ვარ. ბაბუაც მფრინავი იყო, ავღანეთში იბრძოდა, მამა კი საავიაციო ტექნიკის ინჟინერი. ბიძაც ბორტინჟინერია. სამწუხაროდ, მამა და ბაბუა აღარ არიან ცოცხლები. მათი დამსახურებაა მფრინავი რომ გავხდი, მინდა მჯეროდეს, რომ ჩემით იამაყებდნენ.

რაზე ვოცნებობ გამარჯვების შემდეგ? ცოლ-შვილთან ერთად დაძინებაზე, ჩვენს კატასთან ჩახუტებაზე, ისევ სახლში ყოფნაზე.


წყარო: Armyinform

ფოტოები: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: