ბათუმში ორშაბათიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: -3 – +2 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 29 და 30 ნოემბერს აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 87 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 2 905 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 5 856 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1 897 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 555 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 412 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 565 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 848 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 904 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 381 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

გონიოში მანქანა ხეს დაეჯახა, დაიღუპა 2 მგზავრი

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

 

„ნარკოტიკი ჩამიდეს, ახლა კი განაჩენის გადახედვაზე უარი მითხრეს“ – პატიმარი სასამართლოს უჩივის 

მსჯავრდებული იაკობ ღონღაძე საკონსტიტუციოში უჩივის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა.

იაკობ ღონღაძე ნარკოდანაშაულისთვის 2017 წლიდან იხდის სასჯელს. მას 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. სარჩელში მსჯავრდებული წერს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. საკონსტიტუციოს პატიმარმა მას შემდეგ მიმართა, როცა გაიგო, რომ 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ქებურიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ჩხრეკას მხოლოდ პოლიციელები არ უნდა ატარებდნენ, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში. როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია „ქებურიას საქმეზე“ 2020 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე არ ვაღიარებდი ინკრიმინირებულ ქმედებას,“ – წერს საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მსჯავრდებული იაკობ ღონღაძე, რომელსაც 1,0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფმინის შეძენა დ შენახვა დაუდასტურეს, – „ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ, რომ ვარ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, ე.წ. „ჩადების“ მსხვერპლი. არავითარ ნარკოტიკულ საშუალებას მე არ ვფლობდი და არც ჩემი პირადი ჩხრეკის შედეგად ყოფილა რაიმე უკანონო ნივთიერება ამოღებული, ჩხრეკის ოქმი არის გაყალბებული.

სამწუხაროდ, მე ჩხრეკის მომენტში ვიმყოფებოდი მარტო, არ მქონდა საშუალება ჩემი ჩვენების გარდა რაიმე სხვა მტკიცებულებით გამებათილებინა რამდენიმე პოლიციელის ჩემი შეფასებით და მტკიცებით მტკიცებულების გამყალბებლების ჩვენებები, რომლებიც საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ მიჩნეული იქნა უტყუარ და საიმედო მტკიცებულებებად. შესაბამისად, მოხდა ჩემი უკანონო მსჯავრდება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

პატიმარი ჰყვება, რომ 2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაჩენის გადასინჯვა სთხოვა. „ვინაიდან სამართლებრივად ზუსტად იდენტური გარემოება იყო ჩემს მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შემთხვევაში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემს სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული საპროცესო ნორმა ცნო ანტიკონსტიტუციურად“, – ვკითხულობთ სარჩელში.

განაჩენის გადახედვაზე პატიმარს უარი უთხრეს, განჩინებაში კი, ეს ჩაუწერიათ:

,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის ან მისი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, როდესაც ის არსებითად არის დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსთან ან და კონკრეტულ საქმესთან…“

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ქებურიას საქმეზე“ 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატას დაუდგენია ასეთი მიდგომაც: „…იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მოწოდებულ ასევე სსსკ-ის 119-წ მუხლის 1-ლი დ მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდება და არა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე განხორციელებულ მოქმედებებზე“.

მსჯავრდებული კი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება მისი განაჩენის გადახედვის საფუძველია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება „ფარატინა ქაღალდი“ იქნება. პატიმრის სარჩელი ასე სრულდება:

„არსებული სასამართლო პრაქტიკა, სადავო ნორმებში წაკითხული და განმარტებული კანონის და კანონმდებლის ნამდვილი ნებაა, ფაქტი, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას [31-ე მუხლის 10-ე პუნქტი], ქმნის საფუძველს და ბარიერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი ამ ნორმის გამოყენებით მოპოვებული უკანონო მტკიცებულება კვლავ დარჩეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად და პირს (მსჯავრდებულს/ბრალდებულს) უარი ეთქვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვაზე, რაც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადარღვეული პირისთვის სამართლებრივი თვალსაზრისით ,,ფარატინა ქაღალდად“ აქცევს.

როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. ქალთა მკვლელობების ზრდის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებს.

„ბათუმელები“ უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო, როცა ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესი შეიმუშავეს. იგი გვესაუბრება მიზეზებზე, თუ რატომ არ იყენებს შსს ელექტრონულ სამაჯურს ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად.

  • ბატონო გოგა, რას აჩვენებს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების სტატისტიკა – რატომ ვერ ხდება მისი აქტიურად გამოყენება, თქვენი ინფორმაციით? 

ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გამოიყენება. ამ პერიოდიდან 2021 წლის ჩათვლით ზუსტად 21 პირს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. 2022 წელიც რომ მივამატოთ, ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ მაქვს, მაგრამ ჯამში 2020 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე 30 პირის მიმართ არის გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობა.

როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობა არის საკმაოდ ეფექტიანი და ამაზე მეტყველებს არსებული გამოცდილებაც. ეს არამხოლოდ ამცირებს მძიმე შემთხვევების ჩადენის რისკებს, როგორიცაა ფემიციდი, ან ფემიციდის მცდელობა, ასევე ამცირებს განმეორებითი ძალადობის ჩადენის რისკებს. ეს უპირატესობა აქვს ელექტრონულ ზედამხედველობას.

ელექტრონული ზედამხედველობის დროს ხდება არამარტო მოძალადის და მსხვერპლის განზრახ შეხვედრების, არამედ შემთხვევითი შეხვედრების თავიდან აცილებაც, რადგან კონტროლდება მოძალადის გადაადგილება 24 საათის განმავლობაში – სისტემა აფიქსირებს შემთხვევას მაშინვე, როცა მოძალადე უახლოვდება მსხვერპლს, შეიძლება პოლიციაც გავიდეს ადგილზე, თუ მოძალადე მოწოდების მიუხედავად არ ბრუნდება უკან.

  • შემაკავებელ ორდერთან ერთად შეიძლება მოძალადეს გაუკეთონ ელექტრონული სამაჯურიც. რა შემთხვევაში იღებს პოლიციელი ამ გადაწყვეტილებას? 

დიახ, ელექტრონული სამაჯური გამოიყენება მხოლოდ შემაკავებელ ორდერთან ერთად. შს მინისტრის ბრძანება დეტალურად არეგულირებს ამ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წესებს.

სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე, ის არ გამოიყენება ყველა შემაკავებელ ორდერთან ერთად. ამ საფრთხეს აფასებს პოლიციელი. ბრძანებით განსაზღვრულია იმ უფლებამოსილ პირთა წრე, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციაში, ვისაც აქვს დელეგირებული უფლებამოსილება, ელექტრონული სამაჯური გამოიყენოს და რისკი შეაფასოს.

კანონი მხოლოდ ნაწილობრივ გვეუბნება ძალადობის საფრთხის რეალურობის შეფასებისას, პოლიციელმა რა უნდა გაითვალისწინოს. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან არსებობს რისკის შეფასების ინსტრუმენტი.

ეს არის სტრუქტურირებული კითხვების ჩამონათვალი, სხვადასხვა შინაარსის კითხვაა და ზოგიერთ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს მოძალადის წარსულის გამოცდილებითაც, მაგალითად, იყო თუ არა გამოცემული მის მიმართ შემაკავებელი, ან დამცავი ორდერი, ხომ არ უფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღი  და ასე შემდეგ. შსს-ს თანამშრომელი ამას ამოწმებს საინფორმაციო ბაზებში.

ის, რომ პრაქტიკაში ნაკლებია ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს რისკის შეფასების ინსტრუმენტში არსებული ხარვეზი?

  • რა ხარვეზი არსებობს კონკრეტულად რისკის შეფასების ეტაპზე? 

შესაძლოა ამ ინსტრუმენტს სჭირდებოდეს გადახედვა, როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად, რადგან რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რითაც რისკი ფასდება, ქულათა სისტემაზეა აწყობილი. ამის მიხედვით წყვეტს პოლიციელი, გამოიყენოს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა. მაგალითად, თუ ქულათა ჯამი იყო 10-ზე ნაკლები, პოლიციელს უფლება არ აქვს, პირის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს.

თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ რისკის შეფასების ამ ინსტრუმენტს აქვს ხარვეზი და ის აბრკოლებს ზედამხედველობის დაწესებას, მაშინ იგი დროულად უნდა გადაიხედოს და არსებულ საჭიროებებს მოერგოს.

  • გუშინ როცა შს მინისტრმა აღნიშნა, გადაიხედება ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობებიო, ეს იგულისხმებოდა, თქვენი აზრით? 

კი, სავარაუდოდ, ეს იგულისხმება. თუ ფიქრობენ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის მიზეზი არის რაღაც ტიპის გაუმართაობა, რა თქმა უნდა, ეს დროულად უნდა გადაიხედოს.

  • აქამდე რატომ არ გადახედეს? – ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების მაღალი მაჩვენებელი აქამდეც გვქონდა და არ იყენებდნენ ელექტრონულ სამაჯურებს. 

ორ წელზე მეტია, ელექტრონული ზედამხედველობა მოქმედებს. მნიშვნელოვანია შეფასდეს, რატომ არ იმუშავეს ამ დრომდე დოკუმენტზე, თუ ამის საჭიროება გაჩნდა. თუმცა, ჩემი აზრით, მთლად ეს არ არის ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის მიზეზი.

ერთ-ერთი მიზეზი არის მსხვერპლის უარი და ეს პოლიციამ უნდა აღიაროს: ელექტრონული ზედამხედველობა რომ გამოიყენო, აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა, ამას კანონი ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მსხვერპლმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მას გადაეცემა ე.წ. მიმღები, რომელიც თან უნდა ატაროს ამ პროცესში. მსხვერპლები ამაზე ხშირად ამბობენ უარს.

  • რა არგუმენტით ამბობს უარს მსხვერპლი იმაზე, რომ ელექტრონული სამაჯური გაუკეთონ მოძალადეს?

დარწმუნებული ვარ, პოლიცია მათ ინფორმაციას სათანადოდ არ აწვდის. მას უნდა განუმარტონ, რომ ეს არ არის რაიმე სახის დამატებითი ტვირთი, რომ დაცვის ეფექტური საშუალებაა და მისი გამოუყენებლობა რა რისკებთან არის დაკავშირებული.

პოლიციელის მიერ ამ რისკების სათანადო განმარტების მიწოდების პირობებში, მინიმუმამდე იქნება შემცირებული მისი გამოუყენებლობის შემთხვევა, ჩემი აზრით, მცირე შემთხვევებშიღა იტყვის მსხვერპლი უარს მის გამოყენებაზე.

მე, პირადად, მიმუშავია მსხვერპლებთან სამინისტროში მუშაობის პერიოდში და, მათ შორის, როცა უარის უთქვამს მსხვერპლს, რაღაც ტიპის სერვისზე, რაც მსხვერპლისთვის იყო შექმნილი. მასთან კომუნიკაციის და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მისი უფლებების გაცნობიერების შემდეგ, მიგვიღია თანხმობა.

  • არის ცნობილი, რამდენ მსხვერპლს შესთავაზეს სამაჯურის გამოყენება და რამდენმა თქვა უარი?

ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი, ამას რამდენად ითვლის შსს. წესით ამ სტატისტიკას უნდა ითვლიდნენ. ფაქტია, რომ სამაჯურების რესურსი არსებობს, ვერავინ იტყვის, რომ სამაჯური არ არის.

თავდაპირველად, როცა ელექტრონული ზედამხედველობის წესი შემუშავდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადასცა საქართველოს 100 ელექტრონული სამაჯური. შემდეგ იყიდა შსს-მ დამატებით. ასე რომ, 300, 350 ელექტრონული სამაჯური გვაქვს კონკრეტულად ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის საქმეებისთვის.

  • გამოდის, ქალთა მკვლელობების პარალელურად, შსს-ს რეაგირებას ნაცვლად გამოუყენებლად უწყვია ეს სამაჯურები?

დიახ, ეს არის დასკვნა იმისა, რაზეც გესაუბრეთ. აქ კიდევ ერთი დეტალია: როდესაც პოლიციელი აწესებს ელექტრონულ ზედამხედველობას, იგი აფორმებს ოქმს, რომელიც მაშინვე შედის ძალაში, თუმცა 24 საათში სასამართლოში მიაქვს  შსს-ს ეს ოქმი დასამტკიცებლად – იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი ადამიანის უფლებაში ჩარევა, სასამართლო კონტროლს გადის.

არის რამდენიმე შემთხვევა, როცა სასამართლომ ეს ელექტრონული ზედამხედველობა არ დაამტკიცა. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა შეწყდა.

  • რა დასაბუთებით მოხსნა მოძალადეს მოსამართლემ ელექტრონული სამაჯური, რამდენ შემთხვევაში და რომელ სასამართლოებში?

არ მაქვს ეს ინფორმაცია, რადგან სასამართლოებიდან წერილზე მიპასუხეს, რომ ამ სახის ინფორმაციას არ ამუშავებენ. დადასტურებულად ვიცი ის, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს, ორი ან სამი შემთხვევა, სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობა შეწყვიტა.

  • შემაკავებელი ორდერის გარდა, სხვა დროს უნდა გამოიყენებოდეს თუ არა ელექტრონული სამაჯური, მაგალითად, როცა მოძალადე მსჯავრდებულია, ციხეშია, მაგრამ მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მსხვერპლს ისევ აქვს ძალადობის შიში? 

გირაოთი გათავისუფლების დროსაც შეიძლება დაწესდეს ელექტრონული სამაჯური, ასევე კანონში ცოტა ხნის წინ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, როცა მოძალადე ტოვებს ციხეს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შსს-ს, შსს კი, უნდა დაუკავშირდეს მსხვერპლს, გამოარკვიოს, როგორია მისი დამოკიდებულება, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მსჯავრდებულთან.

მეორე ეტაპზე უკვე პოლიციელი ითხოვს ინფორმაციას ციხიდან, ეს არის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. მესამე ეტაპზე კი, შსს-ს წარმომადგენელი უნდა გაესაუბროს მოძალადეს, დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი. თუ დადგინდება რისკი, შესაძლოა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი და დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობაც.

  • რა რესურსს ხედავთ დღეს, რომ ელექტრონული სამაჯურების სისტემა ეფექტურად ამუშავდეს? 

მთავარია მზაობა და მონდომება, რომ ეს ზედამხედველობა ეფექტურად იქნას ამოქმედებული. არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა, თუმცა ამასაც მოევლება, შესაძლებელია კვალიფიკაციის და უნარების ამაღლება და ესეც არ არის დიდ სირთულესთან  დაკავშირებული… მთლიანობაში, ის სამუშაოები, რაც უნდა იყოს გაწეული, არ არის დიდ სირთულესთან და განსაკუთრებულ ძალისხმევასთან დაკავშირებული.

შსს-მ ასევე უნდა გაზარდოს ელექტრონული ზედამხედველობის პოპულარობა, მან ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, აუხსნას, რა და როგორ გამოიყენება. ჩვენ ამ ძალისხმევასაც ნაკლებად ვხედავთ.

20 წლის ვაგნერელი „მეგობრებმა“ სანგრიდან გააგდეს, ის უკრაინას ტყვედ ჩაჰბარდა

„ვაგნერის“ 20 წლის მებრძოლი, ანდრეი ასტრახანიდან უკრაინელ ჯარისკაცებს მას შემდეგ დანებდა, როცა „თავისიანებმა“ სანგრებიდან გამოაგდეს. ჯარისკაცის მონათხრობი დასტურდება ვიდეო მასალით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. თავად მებრძოლი ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უკრაინელთა ტყვეობაში.

დატყვევებულ ჯარისკაცთან საუბრის ვიდეო 54-ე მექანიზებულმა დანაყოფმა გაავრცელა. დაქირავებულმა „ვაგნერელმა“ უკრაინელ ჯარისკაცებს უთხრა, რომ ის მხოლოდ 1,5 დღე იბრძოდა.

„ვაგნერის“ მებრძოლის თქმით, უკრაინიდან „გაპარვა“ სურდა, მაგრამ მას დაასწრო „კოლეგამ“, რომელიც გაქცევის მცდელობის დროს „ანულირებულიქნა“. რუსი ჯარისკაცის განმარტებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ანულირება“ ნიშნავს დახვრეტას.

„სანგარში ვიყავი. ისინი („ვაგნერელები“ ) მეუბნებიან: „გადი. აქ ადგილი არ არის“. გავიქეცი სხვა სანგარში. იქვე უკვე თქვენი „ჩიტიც“ მოფრინდა. ასე დავრბივარ თხრილიდან თხრილში, ვიდრე ის დაფრინავს. როგორც კი მივხვდი, რომ დაგვცხებდა და ცუდად იყო საქმე, ეგრევე დავიწყე ფიქრი დანებებაზე, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა. ვიდექი და ვუყურებდი თქვენ დრონს, ორი ნაბიჯი გადავდგი წინ, დრონი გაფრინდა. არ ველოდი, რომ თხრილებიდან ასე გამომაგდებდნენ“, – ჰყვება „ვაგნერის“ მებრძოლი.

რუსი ჯარისკაცის თქმით, ის გადაიბირეს კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა. „ვაგნერის“ რიგებში გაწევრიანებისთვის 300 ათას რუბლს დაჰპირდნენ, ხოლო სამხედრო ტექნიკის განადგურების შემთხვევაში – დამატებით თანხას. HIMARS-ის განადგურებისთვის კი სულაც მილიონებს დაჰპირდნენ.

ჯერ კიდევ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად იღებდა პატიმრების გადაბირებაში მონაწილეობას. ის დადიოდა კოლონიებში და მოუწოდებდა პატიმრებს, ებრძოლათ უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობისა და მუდმივი დანაკარგების ფონზე, აგრესორი ქვეყანა ასე ცდილობს აანაზღაუროს ცოცხალი ძალის ნაკლებობა.

ნოემბერში უკრაინული მედია უკვე იუწყებოდა, რომ შემოდგომის პირველ 2 თვეში რუსეთის კოლონიებში პატიმრების რაოდენობა 23 000-ით შემცირდა. ეს კი იმით იყო გამოწვეულია, რომ „ვაგნერი“ პატიმრების რეკრუტირებას ახდენდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბახმუტთან მოქმედებენ როგორც „მობილიზებულები“, ასევე ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები. ამის მიუხედავად, რუსები უკვე არაერთი თვეა ცდილობენ ბახმუტის აღებას, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

___

ამავე თემაზე:

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული, ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა.

„ვაგნერმა“ სიკვდილით დასაჯა თავისი წევრი, რომელიც უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნდა

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის.

ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, ცალკე საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.

გასაყიდი მიწის ნაკვეთები [წითელი ფერით] და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვის აკვატორია – ცალკე საკადასტრო ერთეულად [ლურჯი ფერით]
მიწის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი კი, 350 ათასი ლარი. ქონება პირობებით იყიდება.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს:

  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის 1%-ის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის დასმის გეგმა) და პროექტის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით აღნიშნული ტერიტორიისათვის (ზონა) დაშვებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

[toggle title=”იმის სანახავად, თუ რა ობიექტების მშენებლობაა დაშვებული გასაყიდ ნაკვეთებზე, დააწკაპუნეთ აქ“]

აუქციონს ახლავს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც

„ბათუმში, თამარ მეფის გამზირის №1-ში მდებარე 16 433 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბათუმის განაშენიანების გეგმის ძირითადი რუკით წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა (სზ-4)-ს.

მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე,
დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.

ნებადართული სახეობებია:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;
გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას;
დ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება;
ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;
ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;
ზ) სასტუმრო; თ) პროფესიული სასწავლებელი; ი) ოფისი; კ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ლ) ადმინისტრაციული ობიექტი;
მ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
ნ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:
ა) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;
ბ) სავაჭრო ცენტრი;
გ) უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება.

ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N1-ის მიმდებარედ 5859 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი კი, ბათუმის განაშენიანების გეგმის ძირითადი რუკით წარმოადგენს ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიებს.

ლანდშაფტური ტერიტორია მოიცავს ბუნებრივი ლანდშაფტის ან ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა.

ლანდშაფტურ ტერიტორიაზე დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა:

ა) მისი ფუნქციონირებისა და დაცვისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა;
ბ) რელიგიური/საკულტო შენობა-ნაგებობებისა, საგამონაკლისო წესით;
გ) სპეციალური ტურისტული მარშრუტით შეთანხმებული, პანორამული ხედების მქონე, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებისა“.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც მოიცავს ქ.ბათუმის ტერიტორიების ზონირების ნაწილსაც. გამომდინარე აქედან აღნიშნული ზონირების ნაწილი შესაძლოა შეიცვალოს დოკუმენტის მიღების შემდეგ.“

[/toggle]

 

ქონების აღწერილობას ახლავს შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, მომავალმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, მეორე ნაწილი კი კერძოა. აღნიშნულ შენობასთან მისასვლელი გზისათვის, მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით (586 კვ.მ.);
  • ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სანაპირო ზოლს, ტერიტორიაზე განთავსებულია ენერგოკომპანიის სატრანსფორმატორო პუნქტი;
  • მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის მუდმივი მეთვალყურეობის ზოლში და მასზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან;
  • წყალდაცვით ზოლში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები, დადგენილი აკრძალვები და სპეციალური მოთხოვნები;
  • ტერიტორიის ნაწილზე დარგულია მრავალწლიანი ხე-მცენარეები.
  • ამასთან ტერიტორიის ნაწილი დაკავებულია თვითნებურად მესამე პირის მიერ;
  • განსახორციელებელი პროექტის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელია ბათუმის მერიის, „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორესპონდენციები [აღსანიშნავია, რომ არცერთი ეს უწყება არ არის ნაკვეთების გაყიდვის წინააღმდეგი -ავტ.].

მომავალი მყიდველი საბოლოო საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის დასრულების შემდეგ, 3 ეტაპად გადაიხდის. კერძოდ:

2023 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ს გადახდა; 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ასევე არანაკლებ 25%-ს გადახდა; 2024 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილ საპრივატიზებო საფასურს.

განახლება: სამინისტრომ ეს აუქციონი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო:

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

„3 დღეა წყალი არ გვაქვს, არადა სახლში ნაოპერაციევი ბაბუა გვყავს“ – ბათუმში მცხოვრები

„უკვე 3 დღეა წყალი არ გვაქვს. ნაოპერაციევი ოჯახის წევრი გვყავს სახლში. წარმოუდგენელ დღეში ვართ უწყლობის გამო“, – ამბობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ცხოვრობს. უწყლობაზე ჩივიან მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებიც: აეროპორტის დასახლებაში, შარაშიძის ქუჩაზე, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე…

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების ცენტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია“.

კომპანიის პრესცენტრის განმარტებით, დღეს, 26 ნოემბერს, საღამოს 8-მდე წყლის მიწოდება აღდგება. თუმცა წყლის მიწოდებას ბათუმის მერიის კომპანია გუშინ, 25 ნოემბერსაც ჰპირდებოდა მოსახლეობას საკუთარ ფეისბუქზე: „ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალმომარაგება 22:00 საათზე აღდგება“.

„დაზიანების სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები გაგრძელდა და დასრულდა ახლა,“ – განმარტეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

რა სახის ავარია დაფიქსირდა, რაც მესამე დღეა ვერ მოგვარდა? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში კითხვაზე ვერ გვიპასუხეს. აქ არც იმაზე გაგვცეს პასუხი, რამდენი ოჯახია უწყლოდ დარჩენილი.

რატომ არ მიაწოდეს მოსახლეობას სასმელი წყალი, რის ვალდებულებაც ამ კომპანიას აქვს, მათ შორის, ავარიული დაზიანების დროს? –  „ბათუმის წყალში“ თვლიან, რომ მათ ავარიული დაზიანების დროს ამის ვალდებულება არ აქვთ.

საიას იურისტი, პაატა დიასამიძე კი განმარტავს, რომ რადგან კომპანია 24-საათიანი წყალმომარაგების ვალდებულება აქვს, მან ფორსმაჟორის დროსაც უნდა იზრუნოს წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე.

„დაზიანებული იყო ცენტრალური მაგისტრალი. ვალდებულება გვაქვს 24-საათიანი წყალმომარაგების, თუმცა როცა დაფიქსირდა დაზიანება, იყო წყლის  მიწოდებაზე შეზღუდვა და ინფორმირებული იყო მოსახლეობა,“ – ეს მოგვწერეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრიდან. აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვა: რა გამოსავალი და ალტერნატივა შესთავაზა კომპანიამ მოქალაქეებს, რომლებიც 3 დღეა უწყლოდ დატოვეს?

„ბათუმის წყალმა“ უნდა უზრუნველყოს სასმელი წყლით მოსახლეობის სათანადოდ უზრუნველყოფა, მსგავს სიტუაციაში მან უნდა განიხილოს ალტერნატიული მექანიზმი და თუ არ აკეთებს ამას, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სემეკს, წყალმომარაგებას აკონტროლებს სემეკი, ასევე ბათუმის მერიას, რადგან „ბათუმის წყალი“ არის მუნიციპალური შპს და ის ანგარიშვალდებულია მერიასთან,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

რუსეთიდან დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღიკვეთა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული  55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის [აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2 414 123.93 ლარი  შეადგინა] ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე  მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული  საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება – აცხადებს უწყება.

რუსეთი ბირთვულ რაკეტებს ქობინებს უცვლის და უკრაინაში ისე იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უკრაინაში მოძველებულ ბირთვულ რაკეტებს იყენებს.

უწყების აზრით, რუსები რაკეტას ბირთვულ ქობინს (რაკეტის საბრძოლო თავი) აცლიან და ისე ისვრიან.

„ღია წყაროებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ საჰაერო ბაზირების AS-15 KENT-ისაა (რუსული სახელწოდება Радуга Х-55). ეს რაკეტა 1980-იან წლებში შეიქმნა, როგორც ბირთვული მიწოდების სისტემა. მისი ქობინი, სავარაუდოდ, ბალასტით იყო შეცვლილი იყო,“ – წერს დაზვერვა 26 ნოემბრის რელიზში.  

უწყების შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ასეთი სისტემა ეფექტიანი იქნება განსაზღვრული სამიზნის წინააღმდეგ, თუმცა რაკეტის კინეტიკური ენერგიისა და დაუხარჯავი საწვავის ხარჯზე, მას გარკვეული ზიანის გამოწვევა მაინც შეუძლია.

„როგორც ჩანს, რუსეთს იმედი აქვს, რომ ასეთი რაკეტებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის სატყუარად გამოიყენებს, თუმცა რა მიზანიც უნდა ამოძრავებდეს რუსეთს, ეს იმპროვიზაცია შორსმოქმედი რაკეტების მწვავე დეფიციტზე მიუთითებს,“ – ასკვნის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება მობილიზაციის პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ ცხადად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც მობილიზებულ რეზერვისტთა თითქმის ყველა დანაყოფისთვის საერთოა: მომზადების არაადეკვატური დონე,  ცუდი აღჭურვილობა, დაბალი საბრძოლო განწყობა და სამართლებრივი პრობლემები.

________________________-

მთავარ ფოტოზე: ბირთვული რაკეტა AS-15 Kent/ფოტო: Wikipedia

კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი.

კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით რეზერვუარის აშენება პრიორიტეტულია“.

რეზერვუარი, რომელიც სოფელ კვირიკეშია, წყლით სხვადასხვა ადგილებზე განთავსებული ჭაბურღილებით ივსება, სპეციალურად მუშავდება და აქედან მიეწოდება სასმელი წყალი ქალაქ ქობულეთს [კვირიკეს მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფლის ამ რეზერვუარზე დაერთებაც მოითხოვეს, მაგრამ უარი უთხრეს. მოსახლეობა დამატებით ჭაბურღილების მოწყობასაც ითხოვს].

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის, რისთვისაც 140 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხას ქობულეთი აჭარის ბიუჯეტიდან მიიღებს.

ტენდერში გამარჯვებულს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება მოუწევს, მათ შორის:

გეოლოგიური კვლევები, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები და სიტუაციურ გეგმაზე ნიშნულების დატანა; სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით; არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეთანხმება მესაკუთრეებთან… წყლის მომარაგების გადასაჭრელი ღონისძიებების განსაზღვრა მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალთან“ და მერიასთან შეთანხმებით.

 

[toggle title=”დაგეგმილი და დასაპროექტებელი სამუშაოების ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • სათავე ნაგებობაზე არსებულ ტერიტორიაზე ჩატარდეს ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, რათა დადგინდეს წყლის დებეტი.
  • მოეწყოს წყლის შემკრები აუზი, მინიმუმ 1000 მ³ მოცულობის, (საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ორგანიზაციის მიერ განისაზღვროს შემკრები აუზის მოცულობა).
  • მოეწყოს სატუმბი სადგური 3 ტუმბოთი საჭირო წარმადობის (2 ტუმბო სარეზერვოდ).
  • დამატებით მინიმუმ 12 ჭაბურღილის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ორგანიზაციის მიერ განისაზღვროს ტუმბოების დამატებითი რაოდენობა) თავისი ტუმბოებით, მკვებავი ხაზებით და ელ. სისტემაზე დაერთებით, აგრეთვე თავისი შემკრები მაგისტრალით შემკრებ ავზამდე.
  • მოეწყოს ახალი საქლორატორო მოპოვებული წყლის რაოდენობიდან გამომდინარე სიმძლავრის.
  • დამატებით არანაკლებ 600 მმ-იანი ხაზის გაყვანა, შემკრები ავზიდან რეზერვუარამდე, (საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ორგანიზაციის მიერ განისაზღვროს წყალსადენის მილის პარამეტრები).
  • დამატებით 5000 მ³-იანი რეზერვუარის მოწყობა სოფელ კვირიკეში.
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ( სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური სქემები), კალენდარული გრაფიკი;
  • მიმწოდებელმა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ.

[/toggle]

 

აღნიშნული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 30 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა ქობულეთის მერიას ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის შეძენის შემდეგ „მისი დროულად განხორციელების საკითხებზე უკვე მუშაობენ“.

ქობულეთის რამდენიმე სოფელს წლებია წყალი შეზღუდვით მიეწოდება, განსაკუთრებით რთული სიტუაცია რომ სოფელ ქვედა კვირიკეში იყო, ამის შესახებ „ბათუმელები“ სამი წლის წინ წერდა:

მაშინ ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ „სამი სოფლისთვის – სამება, კვირიკე და ბობოყვათი – ჭაბურღილების მოწყობის პროექტი უკვე შეძენილი იყო“. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების პორტალს თუ გადავხედავთ, სოფლებში ჭაბურღილების მოწყობაზე პროექტებს ახლა ყიდულობს.

მაგალითად, სოფელ ქვედა კვირიკეში ჰიდროლოგიური დასკვნის საფუძველზე ორი ჭაბურღილის მოწყობის დოკუმენტაციის მომზადებაზე, ჭაბურღილებიდან რეზერვუარში ამავალი წყალსადენი მაგისტრალების, ასევე წყალსადენი ქსელის მოწყობასა და წყალშემკრებ რეზერვუარზე დაერთების პროექტზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 16 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

ეს ტენდერი 14 300 ლარით იყო გამოცხადებული და ამ თანხით ქვედა კვირიკეს გარდა პროექტი სოფელ ლეღვას წყალმომარაგებისთვისაც უნდა მომზადებულიყო.

 

[toggle title=”სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის პროექტებზე შემდგარი ტენდერების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭაბურღილებისა და გამანაწილებლის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება 28 107 ლარზეა გაფორმებული ინდმეწარმე ზურაბ ნაცვლიშვილთან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მომზადდეს პროექტი, რომლითაც შემდეგი სამუშაოები უნდა შესრულდეს:

  • სოფელი კვირიკე (მუხნარის მიმართულება)-2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა;
  • სოფელი ლეღვა (დამწვარი გორა) – 2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა და არსებული ზედაპირული ტუმბოს ძრავით დამატება;
  • სოფელი წყავროკა – 2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა;
  • სოფელი მუხაესტატე (კონცხა)- 2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით;
  • სოფელი ალამბარი -2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა;
  • სოფელი გვარა (შაინიძეების მიმართულება)- 2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით;
  • სოფელი გვარა (ცენტრი) – 2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით;
  • სოფელი ხუცუბანი (ცენტის მიმართულება)-2 ერთეული ჭაბურღილის მოწყობა, არსებული ჭაბურღილის მილის გასწორება და ახალი მაგისტრალის
    დამატება;
  • სოფელი ზედა ხუცუბანი – გამანაწილებლის მოწყობა.

ქობულეთის მერიამ, მიმდინარე წლის ივლისში შპს „წყალმშენი 2013“-თან 14 441 ლარზე გააფორმა ასევე ხელშეკრულება შემდეგი სამუშაოების დაპროექტებაზე:

  • სოფელი კვირიკე (მუხნარის მიმართულება)-წყლის შემკრები (კაპტაჟი);
  • სოფელი ბობოყვათი (ვერულიძე-ხინიკაძე-ვარშანიძეების მიმართულება)-რეზერვუარი;
  • სოფელი ბობოყვათი (კონცელიძე-მემიაძე-კირჩხელების მიმართულება)-სალექარი;
  • სოფელი ქობულეთი (კოხი)- რეზერვუარი და შემკრები კაპტაჟი;
  • სოფელი დაგვა (ლაზისტანი)-რეზერვუარი;
  • სოფელი დაგვა- დაზიანებული მე-5 უბნის ცენტრალური აუზი და სალექარი;
  • სოფელი ციხისძირი-სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარი;
  • სოფელი ლეღვა(ქარცივაძეების მიმართულება)-რეზერვუარი;
  • სოფელი ზენითი- წყლის შემკრები (კაპტაჟი) (ტერიტორიულად მდებარეობს სოფელ ჭახათში);
  • სოფელი ქაქუთი-წყლის შემკრები (კაპტაჟი).

[/toggle]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებაზე ორი მუნიციპალური ორგანიზაცია მუშაობს. ქალაქს შპს „ქობულეთის წყალი“ ემსახურება, სოფლებს კი – ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალი“.

კვირიკეში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უწყლობის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში აწუხებს.

2018 წელს ქობულეთის მერიაში აცხადებდნენ, რომ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობას აღარ აპირებდნენ და მაშინ ტენდერი, რომელიც ხუთ სოფელში – ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, სამებასა და მუხაესტატეში ჭაბურღილების მოწყობის პროექტების მომზადებას ითვალისწინებდა, შეწყვიტეს.

„აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად შესაბამის პროექტს ახორციელებს „აჭარის წყლის ალიანსი“ და სახელმწიფო სახსრები რაციონალურად რომ დაიხარჯოს, ტენდერი უნდა შეწყდეს“, – აღნიშნული იყო მაშინ ტენდერის შეწყვეტის ოქმში.

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის პროექტის განხორციელება კი, რომლისთვისაც 53 მილიონი ევროა საჭირო, დროში გაიწელა.

თუმცა, დროულადაც რომ დაწყებულიყო, საწყის ეტაპზე, ამ პროექტის ფარგლებში ქობულეთში მხოლოდ 5 სოფლის წყალმომარაგების სისტემის აშენება იგეგმება: ცეცხლაური, ოჩხამური, ჯიხანჯური, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ქვედა კვირიკე.

ამ პროექტის ფარგლებში ამჯერად, აჭარის რამდენიმე დაბაში გამწმენდი ნაგებობების პროექტების გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს.

ამ თემაზე ვრცლად:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 86 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 2 901 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 848 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 1 896 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 554 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 406 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 565 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 825 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 904 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 362 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]სასულიერო პირები ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ – უკრაინის უშიშროება ჩხრეკას აგრძელებს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

სტამბულში პოლიციამ 3 ტონა მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, ქალაქ სტამბულში პოლიციამ 3 ტონა მეტამფეტამინი ამოიღო – წერს თურქული მედია.

ექვსთვიანი მუშაობის  შემდეგ პოლიციამ მეტამფიტამინების ორი მთავარი დისტრიბუტორის მისამართი დაადგინა და სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ჯამში 3402 კილოგრამი მეტამფიტეტამინი ამოიღეს.

მედიის ცნობით, ეს არის თურქეთში ერთდროულად ამოღებული მეტამფეტამინის ყველაზე დიდი რაოდენობა.

პოლიციამ 22 ეჭვმიტანილი დააკავა სპეცოპერაციის დროს, მათგან 12 დააკავეს, ხოლო დანარჩენებზე გამოძიება გრძელდება.

ახალი დოკუმენტებით მოსკოვს ომის მოსაგებად 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რეზერვისტთა ოჯახების პროტესტის ფონზე რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, რუსეთის თავდაცვა კი ცდილობს საინფორმაციო სივრცეში მისდამი კრიტიკა შეამციროს.

 ISW-ის დღევანდელი ანგარიშის თემები ომში რუსეთის მრავალმილიარდიანი ხარჯები და რუსეთის ხელისუფლების ახალი დოკუმენტიცაა, რომლის თანახმადაც, მოსკოვს უკრაინაში ომის მოსაგებად 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება.

  • ცნობები ცუდად აღჭურვილ და მომზადებულ მობილიზებულებზე კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას რუსულ საინფორმაციო სივრცეში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, მოსკოვის ოლქიდან, სერპუხოვიდან მობილიზებულმა რეზერვისტებმა 23 ნოემბერს განაცხადეს, რომ მეთაურობამ ისინი ფრონტზე სათანადო მომზადების, სამხედრო ფორმების, დამცავი აღჭურვილობის გარეშე გაუშვა და სიკვდილისთვის გაწირა. რეზერვისტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათ დღეში მხოლოდ ერთხელ აჭმევენ და ასეთი პირობების გამო ფრონტის წინა ხაზზე სამსახურზე უარს ამბობდნენ.

მაშინ როდესაც რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი მობილიზებულების დასჯას მოითხოვდა, „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა არხმა სერპუხოველი რეზერვისტებისადმი სოლიდარობა გამოხატა და მობილიზაციის პრობლემებზე და რუსული სარდლობის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა.

  • რუსეთის ხელისუფლება კვლავ უარყოფს მობილიზაციით გამოწვეულ პრობლემებს.

ISW-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 18 ქალ პოლიტიკოსთან საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც მობილიზებულების დედებთან დისკუსია. პუტინმა ამ შეხვედრაზე მოსახლეობას მოუწოდა, არ დაუჯერონ ინფორმაციას მობილიზებულთა პრობლემებზე და ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ უმჯობესდება რეზერვისტთა პირობები.

საჩვენებელი შეხვედრის პარალელურად, მობილიზებულთა ოჯახის წევრები პროტესტს განაგრძობენ. ერთ-ერთი რუსული არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქალი, რომელიც მარტში დაკარგულ ჯარისკაც შვილს ეძებს და ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.

  • ომის ხარჯები მძიმედ აწევს რუსეთის ეკონომიკას და ეს ხარჯები მობილიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ეყრდნობიან Forbes-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ცხრა თვეში ომზე $82 მილიარდი დოლარი დახარჯა – 2021 წლის ქვეყნის ბიუჯეტის, $340 მილიარდის, მეოთხედი.

გამოცემის გათვლებით, 300 000 მობილიზებულის უზრუნველყოფა სახელმწიფოს დამატებით თვეში $2.7 მილიარდი უჯდება

  • რუსეთის თავდაცვამ მოუხშირა სამხედრო ტყვეების გაცვლას, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ მისდამი კრიტიკა შეამციროს.

რუსული და უკრაინული წყაროების თანახმად 23, 24 და 25 ნოემბერს ტყვეთა სამი გაცვლა შედგა.

23 ნოემბერს 35 რუსი ტყვე 35 უკრაინელ ტყვეში გაცვალეს, 24 ნოემბერს  – 50 – 50-ში, 25 ნოემბერს კი უკრაინამ და რუსეთმა 9-9 ტყვე დაიბრუნეს.

ISW-ის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის თავდაცვას სხვა საკითხებთან ერთად აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ ის სათანადოდ არ ზრუნავს ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებზე.

  • უკრაინის ძალებმა ოქტომბერში მოკლეს ოკუპირებულ ყირიმში მყოფი ირანელი სამხედრო მრჩეველი და განაცხადეს, რომ უკრაინა დაარტყამს ნებისმიერ ირანულ სამხედრო ობიექტს უკრაინის ტერიტორიაზე.

ინფორმაცია The Guardian-თან ინტერვიუში 24 ნოემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა.

დანილოვს არ დაუზუსტებია, სულ რამდენი ირანელი მრჩეველი მოკლეს უკრაინის ძალებმა, თუმცა 10 ოქტომბერს გამოცემა Jerusalem Post-მა დაწერა, რომ უკრაინაში 10 ირანელი სამხედროა მოკლული.

უკრაინაში ირანელი სამხედროების ყოფნა ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმაც დაადასტურა. მისი თქმით, ირანელი ინსტრუქტორები ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებიან და რუს სამხედროებს ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში ეხმარებიან.

ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინის არმია მიზანში ამოიღებს ნებისმიერ ირანულ სამხედროს ან ობიექტს უკრაინის ტერიტორიაზე.

ISW-ის შეფასებით, ეს დადასტურება და მუქარა, სავარაუდოდ, ვერ გადააფიქრებინებს ირანს, რუსეთის მხარდაჭერა გააგრძელოს.

  • რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, რუს ჩინოვნიკებში ავრცელებდნენ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთს უკრაინაში ომის მოსაგებად 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება.

უკრაინის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შექმნა დოკუმენტი სახელწოდებით „უკრაინაში NATO-სთან ომის დასასრული“ და მისი გავრცელება დაიწყო.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთს ომში გამარჯვებისთვის დამატებით 5 მილიონი სამხედროს მობილიზება სჭირდება.

„უცნობია, რუსეთის სარდლობა ამ 5 მილიონს განიხილავს როგორც შესაძლო მიზანს, თუ ეს არის მიუღწეველი და სასურველი რიცხვი, რაც მიუთითებს, რომ მოსკოვს დღეს არ შეუძლია უკრაინაში საკუთარი მიზნების მიღწევა. რუსეთის ქაოსური და არაეფექტიანი „ნაწილობრივი მობილიზაცია“, რომლის მიზანიც 300 000 რეზერვისთვის გაწვევა იყო, ადასტურებს, რომ 5 მილიონი ადამიანის მობილიზება რუსეთისთვის შეუსრულებელი ამოცანაა,“ – წერს ISW.

ISWის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა შეზღუდული შეტევები განახორციელეს სვატოვოს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად;
  • რუსული წყაროების თანახმად, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემენაიას მიმართულებით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში;
  • რუსეთის არმია ასევე განაგრძობდა თავდაცვის ხაზის გამაგრებას მდინარე დნეპრის სამხრეთით, ხერსონის ოლქში;
  • რუსული წყაროების და ხელისუფლების წარმომადგენლები ამზადებენ საინფორმაციო სივრცეს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის.

ცისარტყელას ჩამოვყევი და სამშობლოს მოვაგენი – საიდის გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

„როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება, იცოდე, რომ მისი მეორე ბოლო საქართველოშია. თუ ამ გზას გაჰყვები, ჩვენს ქვეყანას მიაგნებ.

ამას და საქართველოზე ამბებს ზეპირად გადასცემდნენ ქართველები შვილებს ფერეიდანში 4 საუკუნის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების სურვილი და იმედი, რომ არ გაჰქრობოდათ შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადმოსახლებულებს.

სანამ სამყაროა, წვიმაა და ცისარტყელა, ფერეიდანში ყოველთვის ეტყვიან შვილებს ამ სიტყვებს“, – ამბობს საიდ მულიანი, ფერეიდნელი ქართველი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა, ქართულად წერა-კითხვა ისწავლა და როგორც თავად ამბობს, „ცისარტყელას გამოჰყვა და სამშობლოს მოაგნო“.

საიდ მულიანი 2015 წლიდან მეუღლესთან და სტუდენტ შვილთან ერთად ირანიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. მანამდე კი იყო გრძელი გზა ირანში და მძიმე შრომა იმისთვის, რომ ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა და ისპაჰანის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსები გაეხსნა.

საიდი პროფესიით ისტორიკოსია, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კითხულობდა ლექციებს გორის, ქუთაისისა და კავკასიის უნივერსიტეტებში. ახლა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობს და ამბობს რომ, ძალიან უნდა ამ თარგმანის დასრულება მოასწროს.

საიდმა „ბათუმელებთან“ ირანში ცხოვრების წლებზე, ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებასა და საქართველოში გადმოსახლებაზე ისაუბრა.

  • „ქართულად წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე“

ირანიდან საქართველოში მას შემდეგ წამოვედი, რაც გამოჩნდა ხალხი, ვინც იქ ჩემს საქმეს გააგრძელებდა. ფერეიდანში ახლა ყველას შეუძლია ისწავლოს ქართული ენის კურსებზე წერა-კითხვა და იქ არიან ადამიანები, ვინც მათ ასწავლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მართალია, ფერეიდანში ყველა საუბრობს ქართულად, მაგრამ წერა-კითხვა უმრავლესობამ არ იცოდა. 4 საუკუნის წინანდელი ენაა ფერეიდნული ქართული, ამ ენამ დაკარგა კავშირი თანამედროვე ქართულ ენასთან და ჩაიკეტა. როცა დამწერლობა არ ვითარდება და წერა-კითხვა არ არის ჩართული ენობრივ პროცესთან ერთად, განვითარება ფერხდება. შესაბამისად, ლექსიკური მარაგი მწირია.

400 წელი გაწყვეტილი იყო კავშირი საქართველოსთან, ქართულს ერეოდა სპარსული და ინგლისური სიტყვები, ახალი ცნებები და ტერმინები როცა ჩნდებოდა ამ 4 საუკუნის განმავლობაში, ამ ენებზე უძებნიდნენ შესატყვისს. ფერეიდნულ ქართულსა და თანამედროვე ქართულ სასაუბრო მეტყველებას შორის დიდი სხვაობაა. ფერეიდნელმა „მოამბეს“ რომ უყუროს, შეიძლება ვერ გაიგოს ვერაფერი, ან ბაზარში რომ აღმოჩნდეს საქართველოში.

საიდ მულიანი

ფერეიდნული დიალექტი მინიმალურია, სიტყვების მწირი მარაგით ცდილობს აზრის გამოხატვას.

წერა-კითხვის სწავლა რომ მომინდა ბავშვობაში, ირგვლივ არავინ იცოდა, ჩემით ვისწავლე, სხვადასხვა სახელმძღვანელოს დახმარებით და მერე ვიფიქრე, მოდი სხვებს არ გაუჭირდეს ჩემსავით-მეთქი და გადავწყვიტე შემექმნა ქართული ენის თვითმასწავლებელი იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით.

ეს არის ფერეიდნელებისთვის ადაპტირებული „დედაენა“, მცირე ცვლილებებია შიგ შეტანილი, მაგალითად, ინფორმაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ.

წიგნის 2000 ეგზემპლარი დაიბეჭდა და 2 წელიწადში უკვე აღარ იშოვებოდა, ამიტომ 2000 ეგზემპლარად გადავაქსეროქსე – ეს მარაგიც ამოიწურა. ვისაც წიგნის ბეჭდური ვერსია არ შეხვდა, მათ ელექტრონული დედაენის გამოყენება შეეძლოთ.

მერე საზაფხულო და საკვირაო სკოლები გავხსენით მე და ჩემმა მეგობრებმა ფერეიდანში, ჩემამდეც ხშირად იხსნებოდა, მაგრამ მერე იხურებოდა ქართული ენის სკოლები.

ქართული ენის კურსი გავხსენით ასევე ისპაჰანის უნივერსიტეტის ფერეიდნის ფილიალში. ეს იყო საზაფხულო სკოლები და საღამოს კურსები მთელი წლის განმავლობაში. 5-დან 80 წლამდე ყველა ასაკის მოსწავლე გვყოლია.

სულ მცირე ხუთასამდე ადამიანს ვასწავლე ქართულად წერა-კითხვა. ზოგს თავად ვასწავლიდი ამ სკოლებში, ზოგს სახლში ვამეცადინებდი, ხელიდან არ ვუშვებდი არც ერთ შანსს, რომ ქართულად წერა-კითხვა მესწავლებინა ფერეიდნელებისთვის.

  • „ფერეიდანში ენის შესანარჩუნებლად საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს დახმარება“

ენა რომ არ დაიკარგოს ფერეიდანში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ 20, 30 წლის წინ იქ ყველა საუბრობდა ქართულად, ახლა ეს ასე აღარ არის. ადრე სივრცე ჩაკეტილი იყო და იზოლირებული. ახლა ახალგაზრდები მიდიან ისპაჰანში, თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში, ავიწყდებათ ენა.

ჩვენთვის, ფერეიდნელი ქართველებისთვის ეროვნული იდენტობა მხოლოდ და მხოლოდ ენას უკავშირდება. მეც მიმაჩნია, რომ მთავარი ენაა, თუ ფერეიდანში ქართული ენა გაქრება, გაქრება ირანის ქართველობაც, რადგან რელიგია და კულტურა ჩვენ დავკარგეთ. ამის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ეს შეუძლებელი იყო. ერთადერთი რაც გვაქვს, ეს ენაა. ქართული კულტურა, მუსიკა, სიმღერა, ფოლკლორი ფერეიდანში დაკარგულია. ახალგაზრდები ახლა იწყებენ ცეკვების, სიმღერების სწავლას, ტრადიციებიდან მხოლოდ მეკვლეობაა შემორჩენილი, კერძებიდან კორკოტი.

სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაც შეგვიძლია, უნდა გავიღოთ ძალისხმევა ფერეიდანში ქართული ენის შესანარჩუნებლად. რამაც 4 საუკუნეს გაძლო, ახლა არ უნდა დაიკარგოს, ეს ძალიან დასანანი იქნება. ენის შესანარჩუნებლად საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს დახმარება, მოსახლეობის მხარდაჭერა.

საიდ მულიანი

ისპაჰანის უნივერსიტეტში, როცა ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, სიღრმისეულად შევისწავლე საქართველოს ისტორია, ჩემი დისერტაცია ირანის ქართველებს ეხებოდა.

„ქართველთა წვლილი ირანის კულტურაში, ისტორიასა და ცივილიზაციაში“ – ასე ჰქვია ნაშრომს, რომელსაც ახლა სპარსულიდან ქართულ ენაზე ვთარგმნი და მალე წიგნად გამოვცემ.

  • „ტყვედ გადაგვასახლეს, მაგრამ არ გვიცხოვრია როგორც ტყვეებს“

ირანის ცნობილ ქართველებს შორის არიან ალავერდი ხან უნდილაიძე, რომელიც შაჰ-აბას პირველის მთავარსარდალი იყო, მან ისპაჰანის 33 თაღიანი ხიდი ააშენა და მისი შვილი – იმამყულიხანი.

დიდი წვლილი აქვთ ქართველებს ირანის ისტორიაში შეტანილი. სეფიანთა მთელი დინასტიის პერიოდში ქალაქ ისპაჰანის მმართველები ქართველები იყვნენ. ისპაჰანის სამხრეთით, ფარსის მთელ პროვინციას ქართველი უნდილაიძეები განაგებდნენ.

ქართველთა კვალს ვხვდებით ასევე ირანულ პოეზიაში, მხატვრობასა თუ კალიგრაფიაში.

იმიტომ ვსაუბრობ ამაზე, რომ მინდა ყველა იცოდეს: ტყვედ გადაგვასახლეს, მაგრამ არ გვიცხოვრია როგორც ტყვეებს, იქაც ვიბრძოდით, ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანეთ იდენტობის შესანარჩუნებლად.

საიდ მულიანი

ირანის ხელისუფლებას არ სურდა შუაგულ სპარსეთში რამდენიმე ათასი ქართველი ყოფილიყო სხვა რელიგიით და კულტურით, ამიტომ 1750 წელს ქერიმ ხანმა თავისი ჯარები გამოგზავნა ფერეიდანში 1750 წელს ჯერ კიდევ შემორჩენილი ქრისტიანების რწმენის შესაცვლელად. ქართველებს ბევრი უომიათ, დასავლეთით მთაზე გამაგრებულან. დამარცხდნენ მრავალრიცხოვან ჯართან, მაგრამ გმირულად. ციხემთის ტრაგედიადაა ფერეიდანში ეს ამბავი ცნობილი.

მეც, როგორც ფერეიდნელების უმრავლესობას, მაქვს ისტორიული მეხსიერება. ფერეიდანში ქართულად ვსაუბრობდით, სკოლაში მისვლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ განსხვავებული ვარ, სხვა ვარ. ჩემს ბავშვურ წარმოსახვებშიც ვეძებდი ამაზე პასუხს და მერე გავიაზრე, რომ საქართველო გეოპოლიტიკური, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამო ყოველთვის იყო სხვადასხვა იმპერიებისა და სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში, მე-17 საუკუნეში კი, როცა საქართველო დაყოფილი იყო, სეფიანთა დინასტიის მეფეები თავს ესხმოდნენ საქართველოს. ასე დაესხა თავს შაჰ-აბასიც საქართველოს და კახეთიდან ჩემი წინაპრები გადაასახლა ირანში.

მერე დავიწყე ძიება საკუთარი თავის, მშობლიური ენის სწავლა დავიწყე სიღრმისეულად.

2015 წელს, საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ აქ დამკვიდრებას შევძლებდი. არამცთუ ქვეყნის, ქალაქის შეცვლის დროსაც ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს: მე სამშობლოში, მაგრამ მაინც უცხო გარემოში მოვდიოდი. მალე ჩემი ოჯახიც ჩამოვიყვანე. ახლა თბილისში ვცხოვრობთ, შვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია. ირანში მყავს მშობლები და ნათესავები.

სახლში დავბრუნდით. საქართველოში.

„გვიღირს ჩვენ ასეთი რუსი პოეტების განდიდება?“ – შეხვედრა ბათუმში

ბათუმში, Solo Lounge-ში, Solo talks-ის ფარგლებში ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, მთარგმნელმა და მკვლევარმა ხათუნა ბერიძემ კულტურის, იდენტობის, თარგმანისა და დღევანდელობის შესახებ ისაუბრა. 

შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართა და მას ესწრებოდნენ მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

შეხვედრა შეეხებოდა ბოლო დროს აქტუალურ თემას – უნდა ერქვას თუ არა რუსი მწერლების სახელები ბათუმის ქუჩებს. შეხვედრაზე ხათუნა ბერიძემ რუსი ავტორების: მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინისა და ალექსანდრე გრიბოედოვის შემოქმედებაში წარმოჩენილი საქართველო მიმოიხილა.

შეხევედრაზე ხათუნა ბერიძემ სხვადასხვა მაგალითები განიხილა რუსი მწერლების შემოქმედებიდან.  მაგალითად, პუშკინი მოთხრობაში „მოგზაურობა ერზრუმში” ქსენოფობიურ, ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას იჩენს ხანდაზმული ქართველი ქალებისადმი და მათ „ამაზრზენს/საზიზღარს“ უწოდებს და ა.შ. 

„პუშკინის, ლერმონტოვისა და გრიბოედოვის ქუჩები გვაქვს ბათუმში. არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში. როგორც მკვლევარს, ძალიან მაინტერესებდა დედანში ჩამეხედა და შეკრებითობის პრინციპით გამეანალიზებინა ამ ავტორების შემოქმედება.

როცა თემა აქტუალურია, კვლევა ღირს. პოსტკოლონიური კვლევები ჩვენში ძალიან იშვიათია. ჩვენი წარსულის კრიტიკული გააზრების შედეგად ჩვენ მივდივართ იმ ობიექტურ დასკვნებამდე, რომლებსაც ძალიან ბევრმა პროპაგანდისტულმა თუ იდეოლოგიურად ტრანსფორმირებულმა წყარომ, შეიძლება ითქვას, აგვაცდინა.

ჩვენ ვენდობით სხვის ანალიზს, მაგრამ ყველაზე კარგია, როდესაც თვითონ ვაკეთებთ ანალიზს დედანზე დაყრდნობით. ამას ტექსტოლოგიური კვლევა და კორპუსლინგვისტიკური კვლევა ეწოდება. ჩვენ 2009-2010 წლებიდან ჩავატარეთ ტექსტოლოგიური სიღრმისეული კვლევები, ახლა გვინდა კორპუსლინგვისტიკური ანალიზი მივიღოთ.

პოსტკოლონიური რუსული ლიტერატურა მითს ქმნის ქართველი ქალის შესახებ. მითს, რომელიც არის მეტაფორიზება ერის მდედრ ერად, როდესაც გვჭირდება მძლავრი იმპერიის მშენებელი მამრი ერის შემოსვლა და დომინაცია, იმიტომ რომ, ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აზიელ, საფრთხის შემცველ ქალს, რომელსაც სულ კონტროლი სჭირდება, რადგან მკვლელია ბუნებით, როგორც ზარემა იყო [პუშკინის პოემაში “ბაღჩისარაის შადრევანი” ზარემა კლავს კათოლიკე, ევროპელ მარიას].

მეორე მხრივ, არსად არ ჩანს რუსულ ლიტერატურაში მამაცი ქართველი გმირი მამაკაცი. ანუ ეს ადგილი ცარიელია რუსულ ლიტერატურაში და ეს ადგილი უნდა „შეავსოს“ დომინანტმა იმპერიალისტმა იმპერიის მშენებელმა.

რუსული ნაწარმოებები, რომლებიც თითქოს ყველამ იცის, ხელახლაა გადასაკითხი და ხელახლაა კრიტიკა დასაწერი. ეს არის აუცილებელი. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ყველა მკვლევარმა მხოლოდ დედნის გამოყენებით ჩაატაროს და წარმოადგინოს საკუთარი ანალიზი, იმიტომ, რომ სხვისი ანალიზის გამეორებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ ვიმეორებთ რუსულ პროპაგანდას“, – გვითხრა ხათუნა ბერიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ რუსი მწერლების სახელები ბათუმში არც ერთ ქუჩას არ უნდა ერქვას და ეს მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ამას ცალსახად შეცვლიდა:

„უბრალოდ, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მკვლევარი, რომელმაც ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე უნდა მივიტანო. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და დასკვნებიც თვითონ უნდა გამოიტანოს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის, რაც უკვე ბევრმა მკვლევარმა თქვა, რომლებიც იკვლევენ ჩვენს კულტურულ ხატს, არეკლილს რუსულ ლიტერატურაში.

მე ვახსენე, რომ [რუსი მწერლების] ლიტერატურული ნაწარმოებებიდან დაიდგა ბალეტები, ამ ნაწარმოებების გამოყენებით გადაიღეს ფილმები …  ეს ის ხატებია, რომლებსაც აგებს რუსული ნარატივი, მაგრამ რას ამბობს ის კარგს ამ ხალხზე, რას ამბობს ეს ჩვენზე ზოგადად კარგს, რომ პატივი მივაგოთ? ეს არის საზოგადოების გასაანალიზებელი.

როდესაც შენზე არაფერ კარგს არ წერენ და შენი კულტურის ხატს ასეთ უარყოფით კონტექსტში  წარმოაჩენენ, უნდა დავფიქრდეთ, გვიღირს ჩვენ ასეთი პოეტების განდიდება? დიახ, ისინი საუკეთესო პოეტები იყვნენ, მაგრამ თავისი ერისთვის. რა გააკეთეს, დავუშვათ, ქართველებისთვის ისეთი, რომ ჩვენ მათ მივაგოთ პატივი? რომელმა [რუსმა] მწერალმა დააფასა ქართველი ერი თავის შემოქმედებაში?“ – ჩვენთან საუბარი ამ კითხვით დაასრულა ხათუნა ბერიძემ.

ფოტო შეხვედრიდან

შეხვედრას ესწრებოდა მთარგმნელი და გამომცემელი მარი კორინთელი. ის ამბობს, რომ ბათუმში ლიტერატურული შეხვედრები არც ისე ხშირია და ახარებს, რომ პოპულარულ თემებს შორის ლიტერატურამაც დაიმსახურა ყურადღება.

„მიმაჩნია, რომ არამხოლოდ ლიტერატურული, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ეხებოდა ისეთ აქტუალურ თემას, თუ როგორ აღიქვამენ რუსი მწერლები საქართველოს და რას წერენ ჩვენზე. როგორია, ზოგადად, კოლონიის წარმომადგენელი მწერლების დამოკიდებულება მათ მიერ დაპყრობილი ქვეყნის მიმართ.

ძალიან საინტერესო მაგალითები ჰქონდა მოყვანილი [ხათუნა ბერიძეს] ლერმონტოვის, პუშკინის, გრიბოედოვის შემოქმედებიდან, საიდანაც ჩანს, რომ საქართველო სულაც არ ჰქონდათ ისე გაიდეალებული, როგორც ჩვენ მიგვაჩნია და პირიქით, საკმაოდ ცუდადაც კი წარმოაჩენდნენ საქართველოს, ალეგორიულად, სხვადასხვა მეტაფორით, სხვადასხვა სახით. მაგრამ განწყობა მაინც ცხადი იყო, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ოდითგან რუსეთს საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ, მათ შორის, არც ლიტერატურულ ილუზიებში.

ეს ყველაფერი საინტერესოდ დაუკავშირდა დღევანდელ კონტექსტს.

ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ჰგონია, რომ რუსებს მოვწონვართ, გვაღმერთებენ, მაგრამ, სინამდვილეში, რუსები აღგვიქვამენ, როგორც თავიანთ პატარა პროვინციას, სადაც ჩამოვლენ, გემრიელად შეჭამენ და უკან დაბრუნდებიან. ეს დამოკიდებულება ასახულია, რაზეც ხათუნამ ისაუბრა, რუსი ავტორების შემოქმედებაში“, – გვითხრა მარი კორინთელმა.

შეხვედრა Solo Lounge-ში „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.

____________________________

ამავე თემაზე:

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

რატომ არის საზიანო ღამით ჭამა და როდის იწვევს ჭარბი წონა ენდოკრინულ დარღვევებს

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. ამავდროულად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ჭარბი წონა შესაძლოა თავად იყოს ორგანიზმში უკვე არსებული დარღვევების გამოვლინება.

  • ქალბატონო თეონა, შეიძლება თუ არა ჭარბი წონა გახდეს ენდოკრინული პრობლემების მაპროვოცირებელი? თუ ის თავად წარმოადგენს უკვე არსებული დარღვევის სიმპტომს?

როცა ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს სხეულში, ანუ როცა ჭარბი წონა გვაქვს, ამ შემთხვევაში დასაბამი ეძლევა სხვადასხვა ენდოკრინულ დარღვევას.

ჭარბი წონა შეიძლება იყოს ჭარბი კალორიების მოხმარების შედეგი, ასევე შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური დარღვევების გამოც. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში, როცა ჭარბი წონა გვაქვს, უკვე ველოდებით ენდოკრინულ დარღვევებს, იმიტომ, რომ ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი არის ჰორმონების, ასე ვთქვათ, საწყობი და იწვევს სხვადასხვა ენდოკრინულ დარღვევას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა.

შეიძლება ჩამოყალიბდეს შაქრიანი დიაბეტი ან ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა.

ჭარბმა წონამ ქალებში შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევაც კი გამოიწვიოს. თუ გარდატეხის ასაკში მყოფ 16-18 წლის გოგოს აღენიშნება ჭარბი წონა, შესაძლოა საკვერცხეებთან, შესაბამისად ჰორმონებთან დაკავშირებული პრობლემები წამოვიდეს.

  • ჭარბი წონის პარალელურად რა დამატებითი ნიშნები მიგვანიშნებს ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინულ პრობლემებზე?

თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან გვაქვს საქმე, პაციენტს წესით უნდა ჰქონდეს ისეთი დამატებითი ჩივილები, როგორიცაა: გამოხატული საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შეიძლება იყოს მომატებული ოფლიანობა, შეიძლება იყოს შეკრულობა, აღენიშნებოდეს შეშუპებები სხეულზე, არტერიული წნევის მატება.

ქალების შემთხვევაში შეიძლება იყოს ჭარბთმიანობა ანდროგენულ ზონებში; ან თუ გვაქვს გამოხატული ინსულინრეზისტენტობა და პროგრესირებადი მატება წონაში, მუცელზე, იღლიისა და მუხლის უკან ფოსოში (გადაჭიმული კანის ფონზე) შეიმჩნევა ვარდისფერი სტრიები, ესეც არის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს ჭარბ წონასთან.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

როცა ადამიანი შეამჩნევს რომ მოიმატა წონაში, როცა ყოველდღიური ტანსაცმელი აღარ ერგება, ბუნებრივია, პირველ რიგში უნდა აღადგინოს ჯანსაღი კვება, მაგრამ თუ პაციენტი ხედავს, რომ მოიმატა წონაში +10 კილოგრამი, ცდილობს, მაგრამ არ იცის როგორ აღადგინოს ჯანსაღი კვების რეჟიმი, სწორად გაზარდოს ფიზიკური აქტივობა და შესაბამისად, ვერ იკლებს წონაში, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, ენდოკრინოლოგს ან დიეტოლოგს.

მაგრამ მანამ, სანამ შემუშავდება შესაბამისი გეგმა და დაინიშნება დიეტა, უნდა დადგინდეს ჭარბი წონის მიზეზი, რის მიხედვითაც ექიმი წყვეტს დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაზრდით უმკურნალებს მას, თუ არის რაღაც ენდოკრინული დარღვევა, რომელსაც დასჭირდება მედიკამენტური ჩარევა, იმისთვის, რომ გამოსწორდეს პირველ რიგში ნივთიერებათა ცვლა და შემდგომ დიეტის წყალობით შეინარჩუნოს, რასაც დაიკლებს მედიკამენტური მკურნალობით.

სამწუხაროდ, როცა ჩვენთან მოდიან პაციენტები, უკვე არის ჩამოყალიბებული მეორე ან მესამე ხარისხის გაცხიმოვნება ან უკიდურესი ხარისხის სიმსუქნე.

  • დიაგნოსტიკა რას მოიცავს?

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს შეიძლება იყოს ჭარბი წონა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გენეტიკური მიდრეკილება აქვს შაქრიანი დიაბეტისა და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისკენ, ან თუნდაც სიმსუქნისკენ უნდა გამოვიკვლიოთ ინსულინის დონე სისხლში. ინსულინი ეს არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონალურ აპარატში და ახდენს გავლენას არა მხოლოდ შაქრის ანუ გლუკოზის მეტაბოლიზმზე, არამედ არის ანაბოლური ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის მომატებას და ცხიმოვანი ქსოვილის მატებას სხეულში, ამიტომ ინსულინის დონეც უნდა განვსაზღვროთ.

თუ არის კიდევ დამატებითი ჩივილები, თუნდაც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ან სიმწარის შეგრძნება პირის ღრუს ღრუში, ინიშნება დამატებითი ბიოქიმიური კვლევები, უნდა შემოწმდეს ქოლესტერინის დონე, ღვიძლის ფუნქციები. ეს ძალიან ფართო სპექტრის პრობლემაა, საჭიროა დადგინდეს რა პრობლემები აქვს პაციენტს, რა პირობებში ცხოვრობს, რა გენეტიკური განწყობა აქვს, რა ქრონიკული დაავადებები აქვს და ამის მიხედვით ვწყვეტთ რა გამოკვლევები და ანალიზები დაგვჭირდება.

დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც ახდენს გავლენას ჭარბ წონაზე, ასევე გავრცელებულია მიკროელემენტების დეფიციტი, B12 ვიტამინის დეფიციტი, რომელმაც შეიძლება ასევე იქონიოს ზეგავლენა ჭარბ წონაზე.

  • რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად წონის დაკლებისას?

ძალიან დიდი შეცდომაა, როცა პაციენტები წონის კლების მიზნით მკაცრად ზღუდავენ რაციონში პროდუქტებს, თუნდაც ე.წ. მონოდიეტებისას, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურასა და მაწონზე არიან, ან მხოლოდ კეფირზე.

ამ დროს ორგანიზმი განიცდის სტრესს და მკაცრი დიეტის წყალობით ხდება წონის მკვეთრი კლება, მაგრამ დიეტის შემდეგ, როცა ადამიანი აღიდგენს კვების ჩვეულებრივი რეჟიმს, ხდება ორმაგი მატება.

ასე იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი სტრესული მდგომარეობის შემდეგ უფრო მეტად იმარაგებს ცხიმოვან ქსოვილს, რომ შემდგომი სტრესული სიტუაციისთვის მზად იყოს. ანუ ფაქტობრივად შედეგი არ გვაქვს, რადგან ეფექტი დროებითია, მკვეთრად გაკლდება წონაში, მაგრამ ამ წონას ორმაგად აღიდგენს ორგანიზმი.

თუ პაციენტს უნდა წონაში კლება და თავად არ იცის როგორ შეადგინოს მენიუ, უნდა მიმართოს ექიმს. კვების სწორი რეჟიმი ნიშნავს, რომ ადამიანმა იკვებოს პატარ-პატარა ულუფებით და ხშირად (5-6-ჯერ დღეში), გვიან საათებში არ უნდა მოხდეს საკვების მიღება, უნდა გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა, დღის განმავლობაში მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, უნდა აირჩიოს პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ცილებს, ცოტა ცხიმებსა და ნახშირწყლებს, რადგან ეს ყველაფერი ორგანიზმს სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

  • რატომ არის განსაკუთრებულად საზიანო ღამე ჭამა?

დღის განმავლობაში, როცა ადამიანი იკვებება და კალორიებს იღებს, მას აქვს თუნდაც მინიმალური ფიზიკური აქტივობა და ხდება ენერგიის ხარჯვა, ხოლო როცა საღამოს ვბრუნდებით შინ სამსახურიდან და გვიან ვნაყრდებით, თუნდაც 9 საათზე, ენერგიის ხარჯვა ვეღარ ხდება და ის კალორიები, რაც სხეულმა მიიღო საღამოს კვების შემდეგ, ყველა მოხმარდება ორგანიზმს – გადადის ცხიმოვან ქსოვილში ან დეპოს სახით გროვდება ღვიძლსა და კუნთებში.

clevelandclinic: არსებობს ღამით ჭამის სინდრომი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს ღამით ჭარბ კვებას და ძილის პრობლემებს. ამ სინდრომის დროს პაციენტი დღიური კალორიების დიდ ნაწილს ჭამს გვიან, სადილის შემდეგ, უჭირს დაძინება და ჭამს ღამით, გაღვიძებისას. ამ სინდრომის სიმპტომებია: კვირაში რამდენიმე ღამე უძილობა; საჭმელად გაღვიძება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში; დეპრესიული განწყობა, რომელიც უარესდება საღამოს საათებში; იმის რწმენა, რომ ჩაძინებისთვის საჭიროა დანაყრება.

უმეტესწილად ეს უბრალოდ ცუდი ჩვევაა. უნდა შეეცადოთ, რომ მიეჩვიოთ ვახშამს ადრე.

ყველაზე სწორია საღამოს 7 საათისთვის ივახშმოთ, შემდეგ კი არაფერი მიიღოთ, მაგრამ თუ საქმე გვაქვს ნევროტულ ფაქტორთან, ვერ ითმენს ადამიანი, შესაძლებელია ცოტა რაოდენობით, ძალიან დაბალკალორიული პროდუქტების მიღება, მაგალითად დაიჭრას კიტრი, პომიდორი, სტაფილო დაიხეხოს, ოღონდ ცოტა რაოდენობით, შეუძლია დალიოს უშაქრო ჩაი, ერთი ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი იმისთვის, რომ გაძლიერებული შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილოს. თუმცა გვიან ჭამას, ვახშმობას უნდა გადავეჩვევით.

ეს პირველ დღეებში, რა თქმა უნდა, გაუჭირდება პაციენტს, მაგრამ უნდა მიაჩვიოს საკუთარი თავი კვების ამ ახალ რეჟიმს.

  • საუზმის შესახებ დღემდე იყოფა აზრი – აუცილებელია თუ არჩევითი?

ადრე მიიჩნეოდა, რომ საუზმე აუცილებელი იყო დღის დასაწყისისთვის, მაგრამ დღეს, როცა გადაიხედა კვების რაციონი, ასეთ დასკვნამდე მივედით, რომ უმჯობესია გვქონდეს დაახლოებით 12 –დან 16 საათამდე შუალედი საღამოსა და დილის კვებას შორის.

რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა აქვს ხანდაზმული ხომ არ არის პაციენტი, აქვს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება. თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელო ორგანიზმია, შესაძლოა 14-16 საათიანი შუალედი გააკეთოს, ანუ საღამოს 7 საათზე ივახშმოს და დილის 12 საათამდე არ ისაუზმოს.

ჭარბი წონა 21-ე საუკუნეში პანდემიასავით გვაქვს, რისი მიზეზიც ხშირად მთელი დღის განმავლობაში სამუშაო რეჟიმით განპირობებული, არანორმირებული, არალიმიტირებული კვებაა.

სამწუხაროდ, სამსახურის პერიოდში სწრაფი კვების, ტკბილი პროდუქტების მოხმარებას წახემსებების სახით ძალიან მალე მივყავართ ჭარბ წონამდე. 

სასულიერო პირები ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ – უკრაინის უშიშროება ჩხრეკას აგრძელებს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.

უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელობა რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირთა ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ასევე, გამოაშკარავებულია ეპარქიის ხელმძღვანელობის მოსკოველ კურატორებთან მიმოწერა, რომელშიც ჩანს, რომ ისინი იღებდნენ ინსტრუქციებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საეკლესიო ლიტურგიების ჩატარების „სპეციფიკასთან“ დაკავშირებით“ – ნათქვამია უშიშროების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ წერილებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ ეპარქიის სასულიერო პირებისგან, საეკლესიო მსახურებისას უარეყოთ რუსეთის სამხედრო აგრესია და „მოსკოვის ეკლესიის“ შევიწროების შესახებ ელაპარაკათ.

უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ ასევე აღმოაჩინეს საწყობები, სადაც ინახებოდა კრემლისტური ლიტერატურა, რომელშიც რუსეთის ქება და მისი მხარდაჭერისკენ მოწოდებებია. ეპარქიის ხელმძღვანელების კომპიუტერებში კი ნაპოვნია ფოტო მოწმობები იმ რუსების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთია 2014 წელს ყირიმის დაპყრობისთვის რუსეთის თავდაცვის მიერ გაცემული „რუსეთის გმირის“ მოწმობა.

გამოძიება სახელმწიფო ღალატის მუხლით მიმდინარეობს.

უკრაინის უშიშროების ოპერაცია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში – მოკლედ:

22 ნოემბრის დილით უშიშროების სამსახური შევიდა კიევ-პეჩორის ლავრაში;

იმავე დღეს, უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩხრეკა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში;

უწყების ცნობით ოპერაციის მიზანია „კონტრდაზვერვის ღონისძიებების გატარება უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად“;

ჩხრეკის მეორე დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაიკითხა 350 სასულიერო პირი, კიევ-პეჩორის ლავრიდან კი ამოიღეს პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უშიშროების ოპერაციას მოსკოვმა „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევის ომი უწოდა“;

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობის ბრალდებით 33 სასულიერო პირი დააკავეს.

ბათუმის მერია 78-მილიონიანი ტენდერის გამოცხადებაზე საკრებულოს თანხმობას ითხოვს

ბათუმის მერია 78,5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების ერთობლივად შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში კი, როცა კონკრეტული პროექტის ღირებულება აღემატება ბიუჯეტის გადასახდელების ხუთ პროცენტს, მერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება [თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნა].

78,5 მილიონიანი შესყიდვის თაობაზე ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა ინფორმაცია. მზად არის საკრებულოს განკარგულების პროექტიც, რომელსაც სავარაუდოდ 29 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

შესყიდვა ავარიული სახლების პროგრამას უკავშირდება

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • კახაბრის ქუჩაზე #30-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა – პროექტის საწყისი ღირებულება 15 მილიონ 926 420 ლარია [ტენდერის შემდეგ შესაძლოა შემცირდეს].
  • ხიმშიაშვილის #94/96-ში ავარიული სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა – პროექტისთვის მერიას 21 მილიონ 550 123 ლარი აქვს გათვალისწინებული.
  • საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 26 მაისის ქუჩზე, #13-ში – აქ კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, 3  ბავშვის. სახლის მშენებლობისთვის 8 მილიონ  015 860 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია 45 მილიონ 492 403 ლარის დახარჯვას გეგმავს.
  • გარდა ამისა, ბათუმის მერია იმავე დაფინანსების ფარგლებში ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გეგმავს. პროექტის ღირებულება 33 მილიონ 097 204 ლარია.

რატომ ყიდულობს მერია ამ მასშტაბის მომსახურებას ერთიანად?
რატომ არ შეიძლებოდა ტენდერების ცალ-ცალკე გამოცხადება კონკურენტულ გარემოში?
78 მილიონის ღირებულების სამუშაოები ერთმა კომპანიამ რომ მოიგოს, პროექტის განხორციელების რისკები ხომ არ გაიზრდება მაშინ, როცა გასულ წლებში მერია გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენასა და კონტრაქტორების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე აქტიურად წერდა? – ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე „ბათუმელები“ სპეციალისტის შეფასებას გამოაქვეყნებს.

საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, აკაკი ბერიძის წერილი. ამ წერილით სამმართველოს უფროსი ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს:

„სამუშაოები განსახორციელებელია 2022-2026 წლებში, შესაბამისად 2022 წელს მოხდება 8 947 929 ლარის ათვისება, ხოლო 69 641 678 ლარის ათვისება მოხდება 2023-2026 წლებში… “

საქალაქო სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე  ოთხი პროექტის გაერთიანების იდეას, შემსრულებელი კომპანიისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაზრდის საჭიროებით ხსნის, რადგან სამმართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც აიღებს ამ პასუხიმგებლობას, იყოს ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციით სარგებლობდეს:

„განსასაზღვრია რა ოდენობის თანხის სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს შემსრულებელს. 78 მილიონზე მაქსიმალურად დიდი გამოცდილება უნდა ჩაგვედო, რომ კომპანიაც შესაბამისად შევარჩიოთ. მართალია, შანხაის დასახლებაში დასახელებული 33 მილიონიც დიდი თანხაა, მაგრამ 80 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების გამოცდილებისა და დამატებით სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაწერა უფრო რელევანტური იქნებოდა. 80 მილიონიან გამოცდილებას როცა ვითხოვთ, ვიცით, რომ ისეთი კომპანია ვერ შემოვა, რომელიც ვერ დაასრულებს სამუშაოებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სამუშაოები უნდა დაიწყოს ერთდროულად და დასრულდეს შემჭიროვებულ ვადებში.“

აკაკი ბერიძე დარწმუნებულია, რომ ტენდერი კონკურენტულ გარემოში წარიმართება:

„ტენდერი იქნება კონკურენტუნარიანი,  ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა, არსებობენ საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე კომპანიები, რომლებიც აიღებენ ამ ვალდებულებას. აქ შემჭიროვებულ ვადებზეა საუბარი და ასევე არის მშენებლობა განვადებით ფასთა ინდექსაციის მეთოდით. რაც შეეხება რისკებს, რომ  თუ შერჩეული კომპანია ვალდებულებას ვერ შეარულებს, ოთხივე პროექტი ჩაიშლება – შემიძლია ასე გიპასუხოთ, რომ რისკები შეიძლება ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაშიც  ყოფილიყო ,შეიძლება ერთ კომპანიას მაინც მოეგო ეს ტენდერები.“

რაც შეეხება ინდექსაციის მეთოდს, სამმართველოს უფროსის განმარტებით, ეს წესი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კომპანია განაცხადებს თანხმობას მის გამოყენებაზე:

„როცა კომპანია სამმართველოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს, მაგალითად ას ლარზე და სამმართველო დაამოწმებს, კომპანიას ექნება ვალდებულება დამოწმებული აქტი წარადგინოს საქსტატში. საქსტატი დაუანგარიშებს ფასებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 28 დღით უკან. უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ვთქვათ თუ თანხა ჩამოიწევს 94 ლარზე, ჩვენ ამ თანხას დავაფინანასებთ, თუ გაიზრდება – ჩვენც გავზრდით თანხას. ეს შეამცირებს ბაზარზე ფასთა ცვლილების რისკებს.“

 

„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

„პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამჯერად ამ ტაქტიკით ცდილობს ევროპას აჩვენოს, ზამთრის გადატანა მისთვისაც რომ იქნება რთული.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინამ ახლა უნდა შეძლოს კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს რუსები, თავად კი, ძალების შევსება შეძლოს, გადაჯგუფებაც.

„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს,“ – დაიმედებულია გადამდგარი გენერალი და მაგალითად უკრაინელების შეტევა მოჰყავს რუსების შავი ზღვის ფლოტზე. „მიუხედავად იმისა, რომ ზარალი დიდი არ იყო, ეს მნიშვნელოვანი იყო რუსებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ასევე სამხედრო ხელოვნების ეფექტურად განვითარების თვალსაზრისით,“ – დასძინა ვახტანგ კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ბოლო მონაცემებით ჩანს, რუსები ბახმუტსაც ვერ იღებენ, რასაც ისინი ცდილობენ ბოლო რამდენიმე თვეა. ხომ არ გამოჩნდა უკვე, რომ მობილიზაციამ რუსეთის სასარგებლოდ ვერ იმუშავა?

ჯერ არ გამოჩენილა ეს, რადგან არ შეუყვანია ეს ხალხი – 80 ათასამდეა შესული მობილიზებული 300 ათასიდან.

ბახმუტში განსაკუთრებით კარგად არიან უკრაინელები გამაგრებულები, ეს არის თავდაცვითი რაიონის – კრამატორსკი-სლავიანსკის წინ მდებარე ადგილი, რუსები შესულები არიან ქალაქის ზონაში, თუმცა ჯერ ბრძოლები მიდის. ჩანს, რომ უკრაინელები კარგად იცავენ თავს. რუსებმა იქ გადაიყვანეს რეზერვები ხერსონიდან, მაგრამ უკრაინელებმაც გადაიყვანეს გარკვეული ძალები. რუსები ცოტ-ცოტათი წინ მიიწევენ, თუმცა ვერ მოიპოვეს უპირატესობა.

  • სვატოვოსთან რა ხდება, სადაც უკრაინელებს აქვთ კონტრშეტევა? 

სვატოვოსთან უკრაინელები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვნად წინ წაწევას, ბლოკადის გადაჭრა უნდათ სვატოვოს მიმართულებაზე, მაგრამ ვერ გადიან ამაზე.

ჯერ ზამთარი არ ასახულა ომზე, აისახა ის, რომ ორივე მხარე უახლოვდება ე.წ. კულმინაციის წერტილს. ამ ეტაპზე ორივე მხარეს შესაძლებლობები მიყვანილი აქვს იმ დონეზე, რომ სჭირდებათ განახლება, გადაჯგუფება, ძალების შევსება.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, „ის ამჯერად მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.“ თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა ამჯერად პუტინს?

პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს, მე ასე წარმომიდგენია: ომის დამთავრების, ვადების გაურკვევლობით ცდილობს ევროპასაც უთხრას, რომ ეს ზამთარი მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, მათთვისაც არ იქნება ადვილი. პუტინი ცდილობს უკრაინის სტრატეგიულ პარალიზებას, საპასუხოდ კი, ის არ იღებს დარტყმებს საკუთარ ტერიტორიაზე, უკრაინას ბომბავენ და გამოჰყავთ მისი ინფრასტრუქტურა წყობიდან.

ეს მოსალოდნელიც იყო: რუსეთი ამიტომაც ელოდებოდა ზამთარს. ის ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმებითაც ცდილობს უკრაინის მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას. საბრძოლო მოქმედებების შეფერხების თვალსაზრისით კი, 21-ე საუკუნეში ზამთარი დიდად არ უნდა აფერხებდეს რუსეთს, პირიქით, წინა ზამთრის პერიოდში ატალახება-გადაადგილების პრობლემას ყინვა უფრო ამცირებს.

კიდევ ბევრი ფაქტორია: ადვილდება ზამთარში დაზვერვა, რადგან შენიღბვის შესაძლებლობა მცირდება, სითბური საშუალებები უფრო კარგად მუშაობენ, ნისლის და ღრუბლიანობის მომატების გამო რთულდება საჰაერო თვალთვალი და დაზვერვა. ყველა სეზონს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს ამას. ერთია, რომ უკრაინელებს რვაწლიანი გამოცდილება აქვთ ზამთარში ომის, რუსებისგან განსხვავებით, ლუგანსკელებს და დონეცკელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ჩართულები არიან ბრძოლაში, მათი დანაყოფები ომობენ აქტიურად.

  • მას შემდეგ, რაც გაიზარდა რუსი ნაციონალისტების კრიტიკა რუსი სამხედროების მიმართ, რუსეთის სახელმწიფო დუმა ონლაინსივრცის რეგულაციაზე კანონის მიღებას განიხილავს. მოსკოვში ტაქტიკური სწავლებები იმართება, გადატრიალებისთვისაც რომ ემზადებიან, ამის შესახებ რუსული გამოცემა The Insider-ი წერდა. წინა ინტერვიუებში უშვებდით შესაძლო არეულობას რუსულ სამხედრო ელიტაში. როგორია თქვენი მოლოდინი ამჯერად?

ზოგადად, არეულები არიან დიდი ხანია, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რომ რაღაც მწიფდებოდეს, ან სუსტდებოდეს პუტინის პოზიცია. ეფესბეს ძალა გააჩნია. ჯერ რუსეთის მხრიდან არის მხოლოდ უკან დახევა, როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის, მერე იქნება პრობლემა. ეს იქნება მასობრივი და ამის ახსნა რთული იქნება შიდა აუდიტორიისთვის. ეს იქნება უკვე ისეთი მასობრივი პროცესი, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო, როცა რუსებმა მიატოვეს ფრონტი და გამოიქცნენ, შემდეგ მას მოჰყვა რევოლუცია.

თუმცა ამის პირობები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული უკრაინაში. რუსეთში გამოსვლები და აღშფოთება რეზერვისტებში ძირითადად უკავშირდება ხელფასების დაგვიანებას, ასევე ნაკლებ ვარჯიშებს, თორემ ომის გამო არ არის აღშფოთება, რომ ომში წასვლა არ უნდათ და ასე შემდეგ. როცა, მაგალითად, „ვაგნერის“ მებრძოლს თვეში 3 ათასი დოლარი ხელფასი აქვს, პლუს საბრძოლო მოქმედებებზე დანამატებს აძლევენ, ღატაკი და გაღლეტილი რუსებისთვის ეს მნიშვნელოვანი თანხაა, უარს ვერ ამბობენ. მებრძოლები მიჰყავთ სოციალურად დაუცველი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი რაიონებიდან. არის საუბარი იმაზეც, რომ ახალი წლის შემდეგ მეორე მობილიზაციას განახორციელებენ, რაც უკვე მილიონიან არმიას შექმნის.

  • მაშინ რა შექმნის ამ პირობას, რომ რუსები გაიქცნენ უკრაინაში ბრძოლის ველიდან? 

ამ ეტაპზე ამ პირობას მე ვერ ვხედავ – სამწუხაროდ, უკრაინას არ ჰყავს ის კრიტიკული მასა, რომ გადამწყვეტი შეტევა განახორციელოს, თუმცა თუ ეს მოხდება: მასობრივად ბრძოლის მიტოვება რუსების მხრიდან, გამოსვლა, პანიკა, არეული და დემორალიზებული ჯარისკაცები თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შიდა არეულობის თვალსაზრისით. ამ პირობებში რუსეთს ძალიან გაუჭირდება რეჟიმის შენარჩუნება.

  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. False Flag თავდასხმებს გეგმავენ ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა ბელარუსს ომში ჩართვა აიძულონ. რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია თქვენთვის?

ვერ გეტყვით, რუსეთისგან ზოგადად ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს დასჭირდეთ. ლუკაშენკოს ბევრი რამის მოგონება არ სჭირდება, პუტინი თუ მოსთხოვს, ისედაც ჩაერთვება ომში.

  • რამდენად ცვლის მოცემულობას დანაკარგები? მაგალითად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, უკვე 85 ათასზე  მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ 3 მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა.

არა მგონია, ასე იყოს. რუსეთს აქვს რაკეტების რაოდენობა, ეს არაა ზუსტი რაკეტები, საბჭოთა წარმოებისაა, მაგრამ ამისი ძალიან დიდი მარაგები გააჩნია რუსებს. რაც შეეხება დანაკარგებს, ეს დიდი დანაკარგია რუსებისთვის, მაგრამ უკრაინელებსაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, თანაც რუსეთის მოსახლეობასთან შეფარდებას თუ ავიღებთ.

  • თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზეც, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინაში მყოფი რუსული არმიის მომარაგების პროცესში ეს ხომალდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა ისინი გაცილების გარეშე შედარებით დაუცველნი არიან“. რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გარემოებას ომზე?

რუსების შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად, ჩამოცილებულია აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს, რაკეტის გაშვებას თუ არ ჩავთვლით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელების მიერ მართვადი ტორპედოებისა და აპარატების გამოყენება, ეს მსოფლიო ბრძოლის ისტორიაში პირველად მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსებისთვის ზარალი დიდი არ იყო, ეს მნიშვნელოვანი იყო რუსებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის, ასევე სამხედრო ხელოვნების ეფექტურად განვითარების თვალსაზრისით.

ხვალ და ზეგ მსგავსი საშუალებები გაცილებით უფრო მძლავრი მუხტის მატარებელი შეიძლება გახდეს, უფრო რობოტიზებული, ვიდრე დღესაა. ამ საშუალებით, თუ ეს კიდევ უფრო განავითარეს უკრაინელებმა, კიდევ უფრო მიწვდომადი გახდებიან რუსების საზღვაო ძალები. მეორე მხრივ კი, ფსიქოლოგიური ფაქტორი იქმნება რუსებისთვის იმაზე, რომ არსად დაცულები არ არიან.

  • CNN-ის ინფორმაციით, რუსები გეგმავენ ათასობით კამიკაძე-დრონი თავად დაამზადონ, რაც შესაძლოა მომავალი წლიდან გამოიყენოს. 

რა დრონებს გააკეთებენ, არ ვიცი, თუმცა არ არის დრონი ტექნიკურად ისე რთულად გასაკეთებელი, თუ მას კომპონენტებს მიაწვდიან. ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან თუ მიიღებენ ისევ ამ ნაწილებს, შესაძლებელია გააკეთონ დრონები. თუ ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რუსების შესაძლებლობებს. როცა ეს ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად, უკრაინამ მეტად უნდა მოსთხოვოს დასავლეთს, რომ მეტი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება მისცეს. სხვა გამოსავალი არ არის.

  • ამასობაში, უკრაინაში, თურქული კომპანია Baykar-ის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ გამოცდა წარმატებით გაიარა. ასევე, საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი ბატარეა, და, ასევე, ორი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა ცის დასაცავად. რა სახის სამხედრო უპირატესობას აძლევს ეს აღჭურვილობა უკრაინას?

ეს მას აძლევს საშუალებას, თავი დაიცვას. გასაგებია, რომ გარკვეულმა ტექნიკამ გამოცდა წარმატებით გაიარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მასობრივად აქვს ეს იარაღი. რუსებმა შეძლეს ასევე ბაირაქტარის წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება ისე, რომ „ბაირაქტარს“ აღარ ჰქონდა იგივე ეფექტი, როგორც ეს ყარაბაღში იყო.

რაც შეეხება Crotale-ს, გაუმჯობესებული ვარიანტია – გაითვალისწინეს რუსების შესაძლებლობები და უკეთესი ვარიანტი შექმნეს. ის 2 ბატარეა, რაც ბრძანეთ, ეს არის 4 ან 6 გამშვები, რაც არაა საკმარისი. უკრაინა დიდი ტერიტორიაა, მასობრივი თავდასხმებია და მას სჭირდება მასობრივი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.

  • აღნიშნეთ, რომ კულმინაციის წერტილს უახლოვდება ორივე მხარე ახლა. რა ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ეტაპზე უკრაინისთვის სურათის შემცვლელი? 

უკრაინამ უნდა სცადოს, რომ კულმინაციის წერტილამდე არ მივიდეს, კულმინაციის წერტილამდე უნდა მიიყვანოს რუსები. ამისთვის არსებობს ოპერატიული პაუზა, რომ მან შეძლოს ძალების შეკრება, მობილიზება, გადაჯგუფება, გეგმების გადახედვა. კულმინაციის წერტილზე, წარმოიდგინეთ, წკიპზე მისვლაა, რომლის იქითაც შეტევას ვეღარ ახერხებ. უკრაინამ ამ წერტილზე მისვლა უნდა აირიდოს თავიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს.

ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაამთავრებენ ამ ომს. გავიმარჯვებთ, ეს უფრო პატრიოტული განცხადებებია, ვიდრე რეალობასთან მისადაგებული. ვფიქრობ, ამ ზამთარს ორივე მხარე ძირითადად მოსამზადებლად გამოიყენებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ შეტაკებებს ცალკეულ მიმართულებებზე.

  • პუტინს აქვს გათვლა, რომ ზამთარს ვერ გაუძლებს უკრაინა. თუ ისევ აჩვენებს უკრაინა შეუპოვრობას და ევროპაც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, რა მოხდება? 

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, ისევ გაწელოს ეს ბრძოლა და შემდეგ ზამთარს დაელოდოს. ზამთარს გაზაფხული მოჰყვება, არც გაზაფხულია სასიამოვნო, როცა თავზე ბომბები გაცვივა, შუქი არ გაქვს და ასე შემდეგ.

ამ ზამთარში კი, რუსეთი ეცდება მნიშვნელოვნად დაასუსტოს უკრაინის საბრძოლო სულისკვეთება, ასევე ევროპელებში გაზარდოს ომით გადაღლის ფაქტორი. რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუყვანია თავისი რეზერვები ბოლომდე ამ ბრძოლაში. ის ეცდება თავისი დაკავებული ტერიტორიები შემოიმტკიცოს, მობილიზებულების ეს ახალი მასა შეტევისთვის მას არ გამოადგება, მაგრამ შეეცდება, რომ არ მისცეს უკრაინას შემდგომი წინსვლის შესაძლებლობა.

ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა

„საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია“, – ასე დაიწყო მოსამართლესთვის ჩხრეკის ამბის მოყოლა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა, ნათია დოლიძემ. ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინაში სპეცოპერაციით შევიდა, ფინანსური დანაშაული ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების ვერსიით, იქიდან „კოკაინი“, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტები, ელექტრომატარებლებიც“, – დასძინა მოწმემ.

„ის ამ საქმეში ძირითადი გამომძიებელია“, – უთხრა მოსამართლეს ნათია დოლიძის შესახებ პროკურორმა, თუმცა ვერც „ძირითადმა“ გამომძიებელმა ახსნა: რატომ გახდა საჭირო ოზთურქის ბინის ჩხრეკა ნიღბიანი პირებით, თუ მანამდე ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდებაზე ოზთურქს უარი არ უთქვამს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.

დღეს, 25 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“ რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა კი, დეტალურად აღწერა, რის გამო შევიდნენ ოზთურქის აპარტამენტებში, მათ შორისაა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნათია დოლიძეს მოუთხოვია გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებაც, ანუ იყო თუ არა კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდები. ასევე იმის დადგენა, იყო თუ არა ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი.

„ოზთურქის საქმის“ ძირითად გამომძიებელს არ დაუმალავს ეჭვი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ოზთურქის სისხლში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა – ბრალდებულმა დაკავებიდან სამ დღეში ჩააბარა სისხლის ნიმუში ექსპერტებს.

„ჩხრეკის დროსაც იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ამიტომაც მივმართეთ კითხვით სამხარაულის ექსპერტიზას… მივიღეთ განმარტება, რომ ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე, გამოჩნდება, თუ არა. შესაძლოა, კოკაინიც 1-2 დღის შემდეგ აღარ დაფიქსირდეს“, – აღნიშნა ნათია დოლიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაკავების დროს ოზთურქმა ნებაყოფლობით ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა.

ვიდრე ადვოკატი იკითხავდა, პროკურორმა ლევან მურვანიძემ ამჯობინა, გამომძიებლისთვის ერთი კითხვა დაესვა:

„აღნიშნეთ, რომ ჩხრეკის დროს ოზთურქმა მიიღო ფსიქოტროპული ნივთიერება. რატომ არ მოითხოვეთ გენეტიკური ექსპერტიზა ამ შეფუთვაზე?“ – იკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო სადავო, ის ამას არც მალავდა“, – მიმართა პროკურორს გამომძიებელმა უხერხული პაუზის შემდეგ.

ოზთურქის გენეტიკური პროფილი, ექსპერტიზის მიხედვით, კოკაინის შეფუთვაზე დადასტურდა. სხვა შეფუთვებზე კი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

კოკაინთან დაკავშირებით ადვოკატები შენიშნავენ ნივთმტკიცების ამოღების და შენახვის წესის დარღვევას – სასამართლოს წინა სხდომაზე ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მოსამართლეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი აჩვენა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები აღჭურვილი არ არიან შესაბამისად, ანუ ხელთათმანებითა და პირბადით.

„ამას გარდა, წინა სხდომაზე დადასტურდა ფაქტი: დალუქეს 2 შეფუთვა და გენეტიკური პროფილის ექსპერტს მიუვიდა 4 შეფუთვა. საიდან? გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა“, – დასძინა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებთან“, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა დღეს სხდომათა დარბაზში.

„თქვენ მიერ დალუქული პაკეტი ხელუხლებლად იქნა გადაცემული ექსპერტიზისთვის?“ – გამომძიებელს მიუბრუნდა ადვოკატი.

„რა თქმა უნდა“, – მოკლედ უპასუხა კითხვას გამომძიებელმა.

„მაშინ რით შეგიძლიათ ახსნათ ის, რომ 2 შეფუთვა შეინახეს და გენეტიკური პროფილის ექსპერტიზაზე აღმოჩნდა 4?“ – ჩაეძია გამომძიებელს ისევ ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„ჰკითხეთ ქალბატონ იას და ის გიპასუხებთ, მე ექსპერტი არ ვარ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – ემოცია დაეტყო გამომძიებელ ნათია დოლიძესაც.

არსებითი განხილვა გრძელდება.

დღესვე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ აღკვეთი ღონისძიების საკითხს გადახედა. მან ოზთურქი, რომელსაც, ადვოკატების მტკიცებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული აქვს, პატიმრობაში დატოვა.

ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია. ამჯერადაც ბრალდებულმა მოსამართლეს სხდომის დაწყებამდე წერილი მისწერა და აცნობა, რომ დისტანციურადაც ვერ შეძლებდა პროცესში მონაწილეობას.

———–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ცენზურა კინოში ყველაზე თვალსაჩინოა. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ქალები ფილმში თავსაბურავის გარეშე“, – ასე წარუდგინა ირანელმა რეჟისორმა მოჰამედ ყაფარმა საკუთარი თავი აუდიტორიას.

მოჰამედ ყაფარი წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ლიმონის“ ჟიურის წევრია. ირანელმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის დღეს, 25 ნოემბერს, მასტერკლასი გამართა თემაზე – „ცენზურა და ქალები კინოში“

„ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს რაღაც სახის ცენზურა კინემატოგრაფიაში ქალებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, ირანში და არაბულ ქვეყნებში ეს „დიდ მწვერვალებს“ აღწევს. ამიტომაცაა, რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რაც შეიძლება მეტი ფილმი   გადაიღონ ქალთა საკითხებზე. შეიძლება განვითარებული ქვეყნები თვლიდნენ, რომ ეს არ არის მათთვის აქტუალური, მაგრამ ვფიქრობ, მათაც სჭირდებათ ქალთა საკითხების წინ წამოწევა.

საერთოდაც, ხელოვნების ყველა სფეროსთან შედარებით კინემატოგრაფია ისეთი რამეა, რომ მთავარ სიტყვას ამბობს და პასუხისმგებელია ქალთა წარმოჩენაზე. ფრონტის ხაზი კინოზე გადის,“ – თქვა მოჰამედ ყაფარმა.

რეჟისორმა კინემატოგრაფიაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კინომ ერთგვარად იწინასწარმეტყველოს ის, რაც მოხდება.

„მრავალი წლის მანძილზე ირანში აჩერებდნენ ქალებს და ამოწმებდნენ, როგორ ატარებდნენ ჰიჯაბს. სისტემა და მამაკაცები ბოროტად იყენებდნენ თავის პოზიციას ქალების მიმართ.

თუ ეს ახლა ხდება და თქვენ ახლა ჰყვებით ამბავს, ეს არაფერი სხვა არ იქნება, თუ არა უბრალოდ არსებული სიტუაციის აღწერა. მაგრამ ხუთი წლის წინ რომ აღგეწერათ ეს ამბავი, მაშინ გამოვიდოდა, რომ თქვენ ეს იწინასწარმეტყველეთ.

ამ წინასწარმეტყველებაზეა დამოკიდებული, თუ რა დროის განმავლობაში იქნება თქვენი ფილმი გავლენის მომხდენი, რამდენ ხანს იქნება სიცოცხლისუნარიანი და რა რეაქცია ექნება ამაზე სოციუმს.

ჩვენთან, ირანში არის მიმდინარეობა, რომელსაც სოციალურ კინოს ვეძახით. ეს გულისხმობს სოციალურ საკითხებზე ფილმის გადაღებას. მაგრამ სოციალურმა მედიამ განდევნა ეს სტილი, რადგან ეს არ მიჰყვება იმ ფორმულას, როცა თქვენი კინემატოგრაფიით უნდა იწინასწარმეტყველოთ ამბები,“ – თქვა რეჟისორმა.

მასტერკლასზე მოჰამედ ყაფარმა ნაწილობრივ ისაუბრა ირანზე და იქ მიმდინარე პროტესტზე.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს კინემატოგრაფიის მექანიზმი ირანში. ჩვენთან ყველაფერს წყვეტს მთავრობა. ვინ შეიძლება გადაიღოს, ვინ ითამაშოს. როდესაც გუნდი შეიქმნება, სცენარი დამტკიცდება, ამის მიუხედავად მონიტორინგის უფლებას იტოვებს სახელმწიფო. ყველა ეტაპზე ახდენს გავლენას.

ზოგადად, საზოგადოება ირანში განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც თქვენ შეიძლება შეგექმნათ ირანული ფილმების ნახვით ან ჩვენი მედიის დათვალიერებით.

ვფიქრობ, რომ მთავრობა ცვლის ირანის და ირანული საზოგადოების იმიჯს ფილმების საშუალებით. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს უქმნის არასწორ წარმოდგენას იმაზე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება. ამას აკეთებს სინამდვილეში ცენზურა.

მაგრამ რევოლუცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს ირანში, თუკი ის წარმატებით დასრულდება და მე მჯერა, რომ წარმატებით დასრულდება, მაშინ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაინახოთ ირანის ნამდვილი სახე,“- თქვა მოჰამედ ყაფარმა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ავღანეთში მცხოვრები ქალები ვერ მიდიან სკოლაში, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ქალები შეიძლება გააჩერონ ქუჩაში იმის შესამოწმებლად, როგორ ატარებს ის თავსაბურავს. ამ ზედაპირულ საკითხებს ვერ გავცდით. როგორ შეიძლება უფრო სიღრმეში წავიდეთ, სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება?“- დასვა კითხვა მასტერკლასის დასასრულს რეჟისორმა.

კინოფესტივალი „ლიმონი“ ბათუმში 23 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დამთავრდება. ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებია წარმოდგენილი. კინოფესტივალში  27 ქვეყნის 47 კონკურსანტი მონაწილეობს.

ქალზე ძალადობა უნდა შეწყდეს! – მოქალაქეების აქცია ბათუმში

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება.

გახშირებული ფემიციდი გააპროტესტეს დღეს ბათუმში მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადავიდნენ  ევროპის მოედანზე.

ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა მიიტანეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც ქალთან ასოცირდება. „ამ ნივთებს ყველას ჰყავდა პატრონი, თუმცა დღეს მათ აღარ შეუძლიათ გამოიყენონ, რადგან ისინი მოკლეს,“ – ამბობდნენ მოქალაქეები.

მოკლული ქალების სიმბოლოდ, საპროტესტო აქციაზე ქალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელები მიიტანეს

„საქართველო ეკონომიკურად ძალიან ღარიბი ქვეყანაა და ქალებს მეტი შრომა უწევთ ყოველდღიურად. კაცების დიდი ნაწილი კი დაუსაქმებელია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ აგრესიას დასაქმებული ქალების მიმართ. ძალადობენ ქალებზე და თითქოს ამით ცდილობენ აჩვენონ სოციუმს, რომ მათი როლი არ შესუსტებულა საზოგადოებაში. ეს კომპლექსები გავლენას ახდენს კაცებზე,“ – თქვა ალინა გურგენიძემ.

ბათუმში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი გააპროტესტეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ქალებს ნამდვილად არ უნდა კლავდნენ საქართველოში და არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, რადგან ძალიან დიდი დანაშაულია. ვფიქრობ, ქალზე ძალადობა და ფემიციდი  მკაცრად უნდა დაისაჯოს,“ – გვითხრა ანრი ვაშაყმაძემ, აქციის მონაწილემ.

„კაცებმა მაგიდაზე მუშტის დარტყმა და ბრძანებების გაცემა უნდა შეწყვიტონ. ვფიქრობ, ბევრი რამეა შესაცვლელი საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქალების ჩაგვრა და დამოკიდებულება, რომ კაცმა უნდა მართოს ქალი.

კაცს არ აქვს უფლება, ჩაახშოს ქალის თავისუფლება, რადგან ქალიც და კაციც თანასწორია და ამის საპირისპირო აზროვნება უნდა დაიგმოს,“ – მიაჩნია იოანე ჯინჭველაშვილს.

ანრი ვაშაყმაძე და იოანე ჯინჭველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

სკოლის მოსწავლეები – მართა თოდუა  და ქეთევან ფუტკარაძე მიიჩნევენ, რომ აუცილებელია განათლების დონე ამაღლდეს საზოგადოებაში, რომ ფემიციდი და ქალზე ძალადობა შეწყდეს.

„სხვა შემთხვევაში, რთული იქნება ამ ძალადობის შეჩერება,“ – მიაჩნია მართას. ქეთევანის აზრით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ თუ ვიღაცის ოჯახში ძალადობა ხდება, ეს მათი პრობლემაც არის და ამაზე უნდა ჰქონდეთ რეაქცია.

„ბევრს უთქვამს ტრაგედიის შემდეგ, რომ იცოდნენ ძალადობის შესახებ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს. მოქმედებით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე. სკოლაშიც ვმსჯელობთ ხოლმე ამ თემაზე, თუმცა არ არის საკმარისი მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბარი. ვფიქრობ, უფროს თაობასთანაც აუცილებელია ამ საკითხებზე საუბარი, რადგან მათი ცნობიერება და მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“.

მართა თოდუა ფემიციდის საწინააღმდეგო აქციაზე

„სახელმწიფოს მეტ პასუხისმგებლობას დავაკისრებდი ფემიციდის ამბავში, რადგან მან უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ ინდივიდების დასჯაზე, რადგან როგორც არ უნდა გაიზარდოს სასჯელი, თუ ამას არ მოჰყვა ისეთი ინიციატივები, რომლის მიზანია სექსიზმის, მიზოგინიის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ისე ვერ მოხდება პრევენცია.

შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი უნდა იყოს ქალების გაძლიერება და სიღარიბის აღმოფხვრა. სხვაგვარად, მსხვერპლებს უჭირთ თავის დაცვა. ეს არ მოითხოვს დიდ დროს. სკოლაშიც დროულად უნდა დაინერგოს ცვლილებები და მინიმუმ ერთ წელიწადში შესაძლებელი იქნება ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას  ვასწავლოთ, რომ ქალი არ არის კაცზე ნაკლები, რომ ორივეს აქვს თანაბარი უფლებები და თანაბრად პატივსაცემი მოქალაქეები არიან,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია.

მარიამ ქაჯაია ფემიციდის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში.

„შემაკავებელი ორდერებს წერენ, მაგრამ ამას ხშირად არ აქვს შედეგი, რადგან ქალზე მოძალადე გარეთ არის და ხშირად ძალიან ცუდი შედეგი დგება. შესაბამისი ორგანოები უნდა მოქმედებდნენ დროულად, რომ მოძალადემ ვეღარ მოკლას ქალი,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ფემიციდის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ოლენა ზელენსკა: ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება

„ოლენა ზელენსკა: ჩვენ გავუძლებთ“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა 25 ნოემბერს „ბიბისიმ“ ვრცელი ინტერვიუ ოლენა ზელენსკასთან. ინტერვიუში ზელენსკა ამბობს,  უკრაინელები მზად არიან ამ განსაცდელს 2-3 წელიც გაუძლონ და ამის დასტურად სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც მოჰყავს:

„ცოტა ხნის წინ, ფაქტობრივად, გასულ კვირას, სოციოლოგიური გამოკითხვა დასრულდა – უკრაინელებს ჰკითხეს, კიდევ რამდენის ატანა შეუძლიათ ამ პირობებში – არც სინათლე, არც სითბო.

ჩვენ ვიცით, რომ ზამთარი შეიძლება კიდევ ერთი გამოცდა გახდეს ჩვენთვის, თუ ჩვენს სახლებში სითბო არ იქნება. უკრაინელების უმრავლესობამ, ეს იყო გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, უპასუხა, რომ მზად არის გაუძლოს ამას ორი, სამი წელი, თუ დაინახავენ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივას ევროკავშირში.

მათ უნდათ ევროპულ ოჯახში იყვნენ თანასწორნი. ჩვენ ვიცით რისთვის: გამარჯვებისთვის, საკუთარი თავის პატივისცემისთვის, იმისთვის, რომ დემოკრატიული ოჯახი გველოდება და ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ოჯახში სხვებთან თანაბარი პირობებით. უკრაინელები მზად არიან გაუძლონ “.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა იმის შესახებაც, რამდენად ძნელია მისთვის უკრაინის პირველი ლედის როლში ყოფნა გლობალურ სცენაზე, იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე ზელენსკა კულისებში ყოფნას არჩევდა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ეს მე არ ამირჩევია, ისევე როგორც არ ამირჩევია თავიდან პირველ ლედად ყოფნა. მაგრამ ყოველთვის არ გვერგება ის როლი, რასაც ვირჩევთ. სამწუხაროდ, ასე ხდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ როცა გამოვდივარ პუბლიკის წინაშე, ყოველთვის გულით ვლაპარაკობ, ამიტომ იოლია ჩემთვის. მე არ ვმანიპულირებ, არ ვთამაშობ როლს. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რისიც მჯერა… პირველი საჯარო გამოსვლები ეს იყო სტრესი და ნერვები. ახლა ეს ბევრად უფრო იოლად ხდება,“ – უპასუხა ზელენსკამ.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინელები ამ ომიდან უფრო ძლიერები გამოვლენ:

„მე ვფიქრობ, რომ ყველა უკრაინელი უფრო ძლიერი გახდება ამ ომის გამო. და მე გულწრფელად მჯერა ამის, რასაც ფსიქოლოგები პოსტტრავმულ ზრდას უწოდებენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ის არსებობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ საუკეთესოები ყველა ამ განსაცდელის გამო – მთელი საზოგადოება“.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, რას ფიქრობდა იმაზე, რომ მოლაპარაკებების დრო დადგა და ეს ომი გაჭიანურდა.

„მე მგონია, რომ ყველა უკრაინელისთვის სიტყვა მშვიდობა უდრის სიტყვა გამარჯვებას, რადგან გვესმის, რომ ჩვენი გამარჯვების გარეშე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი მტერი გვყავს, მას  ასეთი განზრახვა აქვს, ომის წარმოების ასეთი მეთოდი. ეს შეიძლება იყოს ფიქტიური, „ცრუ მშვიდობა“, არასწორი და ხანმოკლე. სამწუხაროდ. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება გამარჯვება,“ – თქვა ოლენა ზელენსკამ.

 

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში მესამე დღეა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 23 ნოემბრიდან გაუარესდა.

ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.

ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 25 ნოემბერსაც, ცუდია:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ბათუმში და საქართველოს სხვა ადგილებში დაფიქსირდა 2022 წლის 13-19 ნოემბერსაც.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული.“ – აღნიშნულია პორტალზე.

რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა

დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი

საერთაშორისო კონვენციებისა და სასამართლოების მიერ აღიარებულია, რომ ქალის თავისუფალი თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, თუმცა ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ ქალი მიჩნეულ იქნას გაუპატიურებულად, მას, ფაქტობრივად, ფიზიკური ძალადობის ნიშნები უნდა აღენიშნებოდეს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი: გაუპატიურება, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. 

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღეს სხვადასხვა საპროტესტო აქციითა და მსვლელობით 2014 წლიდან აღნიშნავენ. წელს 25 ნოემბერი საქართველოში სწორედ ამ თემას ეხება, ქალთა მოძრაობის მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლში საკანონმდებლო ცვლილებებია.

ელენე ქაიხოსროშვილი

ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ კანონში გაუპატიურების არსებული პრობლემური დეფინიციის გამო გაუპატიურების დადასტურების ერთადერთი საშუალება არის მსხვერპლის სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობა:

„ანუ აუცილებელია მაინცადამაინც ფიზიკურ ძალადობას/დაპირისპირებას/წინააღმდეგობას ჰქონდეს ადგილი იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობა დამტკიცდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

რომ გამოვკითხოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები სექსუალურ ძალადობაზე, მხოლოდ მათი ნაწილის რეაქცია შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, გაქცევა, და ა.შ.

უამრავი ადამიანის რეაქცია არის გაყინვა, რაც შიშიდან გამომდინარეობს და რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო თანხმობა სექსუალურ აქტზე“.

ელენე ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ კანონში გაუპატიურების სწორედ ასეთი დეფინიციის გამო რეალურად მომხდარი გაუპატიურების ბევრი შემთხვევა არ დგინდება.

კანონში გაუპატიურების ასეთი განმარტება ამყარებს მცდარ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ გაუპატიურება, ძირითადად, მხოლოდ ღამით, ბნელ ნანგრევებში, უცხო თავდამსხმელის მიერ ხდება,

თუმცა ფაქტები მოწმობს, რომ სექსუალური ძალადობა შესაძლოა მოხდეს მსხვერპლისთვის აქამდე სრულიად უსაფრთხო ადგილებში, მაგალითად, საკუთარ ან მეგობრის სახლში, ასევე, ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: ღამის კლუბი, დაბადების დღის წვეულება, მოძალადე კი შეიძლება ნაცნობი ან საერთოდაც ახლობელი აღმოჩნდეს. ხშირად სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ მსხვერპლს უჭირს იმის გააზრება და აღიარება, თუ რა შეემთხვა მას. 

სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ათიდან მხოლოდ ერთი (9%) გახდა მოძალადის მსხვერპლი ქუჩაში, ავტოსადგომზე, პარკში ან სხვა ღია სივრცეში, გაუპატიურების შემთხვევათა 37% კი, მოხდა მსხვერპლის საცხოვრებელში.

25 ნოემბრის წლევანდელ კამპანიაში თბილისის რამდენიმე ღამის კლუბიც ჩაერთო, რასაც წინ უძღოდა ერთ-ერთ დახურულ ფეისბუქჯგუფში ქალების მიერ გამხელილი ამბები ტრავმული გამოცდილებების შესახებ, თუ როგორ გაურიეს მალულად მათ სასმელში უცხო ნივთიერება, გააბრუეს და გააუპატიურეს, ამის გამო კი არავინ დასჯილა.

ქალთა მოძრაობა ღამის კლუბებსა და ფესტივალების ორგანიზატორებს ქალების სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად მკაცრი პოლიტიკის შექმნისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით: სექსზე თანხმობა არ ჩაითვლება, თუ ის მიღებული იყო ძალადობით, მუქარით ან ისეთი გარემოთი, რაც ზღუდავს ჭეშმარიტი ნების გამოხატვის შესაძლებლობას; თანხმობად არ ჩაითვლება ისეთი თანხმობა, რომლის გაცემისას მსხვერპლი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალური თანხმობის გამოხატვა შესძლებოდა; დუმილი და წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა ვერ ჩაითვლება ნამდვილ თანხმობად.

„საქართველოს მიერ რატიფიცირებული სტამბოლის კონვენციის გარდა არსებობს კიდევ სხვადასხვა გადაწყვეტილება, მაგალითად, ევროპული სასამართლოს, ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელიც ადგენს სტანდარტს, რომ გაუპატიურების დეფინიცია უნდა მოხდეს თანხმობის არსებობის  ან არარსებობის და არა ფიზიკური ძალადობისა და უმწეობის (რაც ასევე ძალადობაა, ცხადია) მიხედვით,“ – განმარტავს ქალთა მოძრაობის აქტივისტი ელენე ქაიხოსროშვილი. 

ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იმისა, თუ რატომ არ იცვლება აქამდე გაუპატიურების დეფინიცია კანონში, სამართალდამცველებისთვის საქმის გართულება მიიჩნევა, რადგან ასეთი გამოძიება მოითხოვს მეტ რესურსს  სახელმწიფოს მხრიდან: 

„სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიება ისედაც რთულია. მაგალითად, მტკიცებულებების შეგროვება, რადგან, ძირითადად ასეთ დანაშაულს არ ჰყავს მოწმეები და კიდევ ბევრი სხვა გარემოების გამო, თუმცა თანხმობა რომ იყოს დეფინიციის ცენტრალური ნაწილი, მაშინ უფრო მეტად გართულდება. მარტივი არ იქნება თანხმობის არარსებობის გამოძიება, თუმცა ამისთვის არსებობს გაიდლაინები, სტანდარტები, თარგმნილიც არის ქართულ ენაზე და არის შემუშავებული სახელმძღვანელოები გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის“. 

იგი მიიჩნევს, რომ არასწორია მოსაზრება, რომ შეიძლება გაუპატიურების შესახებ მოიტყუონ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წნეხის ქვეშ ექცევიან ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ სექსუალურ ძალადობაზე ან სექსუალურ  შევიწროებაზე:

„როგორც წესი, ასეთი ბრალდების შემთხვევაში გაცილებით მეტი კითხვა ისმება მსხვერპლების, ან სავარაუდო მსხვერპლების მისამართით, ვიდრე მოძალადეების ან სავარაუდო მოძალადეების მიმართ. 

ქალების ყველა სიტყვა დგება ხოლმე ეჭვის ქვეშ, ხდება მათი პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვა, დარცხვენა… ასე, რომ არ შეესაბამება ლოგიკას ის მოსაზრება, რომ ქალები რაიმე მიზნით მოიტყუებენ გაუპატიურების შესახებ, თუ კი კანონმდებლობა უფრო გამკაცრდება“.

სექსუალური დანაშაულის კუთხით საქართველოში  არსებული კანონმდებლობა დიდი ხანია უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანია.

მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა გაუპატიურებასა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გათვალისწინებულ ცალკეულ ძირეულ მოთხოვნებს, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემებია სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო დეფინიციაში, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის ეტაპებზე, რაც არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ევროკავშირის მიერ განხორციელებული კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ (2017) თანახმად, 15-64 წლის იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორი ოდესმე ჰყოლიათ, მამრობითი სქესის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური, ან ორივე სახის ძალადობა 6%-ს ერთხელ მაინც განუცდია. ქალების 3%-მა აღნიშნა, რომ არაპარტნიორის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას ან სექსუალური ხასიათის თავდასხმას ჰქონია ადგილი, 9%-მა კი განაცხადა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობა განუცდია.

გასულ წელს შსს-ში გაუპატიურების მუხლით 170 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 97 შემთხვევა გაიხსნა.

ბოლო ოთხი წლის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

2018 2019 2020 2021
რეგისტრირებული 96 119 109 170
გახსნილი 33 47 41 97

 

__________________________

ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფასებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ბუნდესტაგი ჰოლოდომორს გენოციდად აფესებს და ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ამ საკითხზე რეზოლუციის მიღებაზე.

„ყველა დემოკრატი გერმანული ფრაქცია შეთანხმდა შემდეგ კვირაში ჰოლოდომორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე.

გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას გენოციდად აფასებს.

უკრაინელი ხალხის პატივისცემისთვის მადლობა გერმანიას და პერსონალურად ლარს კლინგბეილს, ომიდ ნურიპოურს, კრისტიან დუერს და ფრიდრიხ მერცს – წერს დმიტრო კულება.

2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუციით უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა მასობრივი შიმშილი, რომელსაც ქვეყანაში ადგილი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა და მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. დოკუმენტი  3 ოქტომბერს დამტკიცდა.

მასობრივ შიმშილს, რომელიც „ჰოლოდომორად“ (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) იწოდება, უკრაინაში ადგილი 1932-1933 წლებში ჰქონდა. საბჭოთა მმართველობისას შექმნილ კოლექტივებში გაწევრიანებაზე უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობის პასუხად, მათ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ძალით ართმევდნენ. სხვადასხვა მონაცემით, შიმშილს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა აღნიშნულის მოწყობაში საბჭოთა ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს და შიმშილს უკრაინელი ფერმერებისა და გლეხების წინააღმდეგ დამსჯელ ზომად განიხილავს.

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში ყოველი ნოემბრის მეოთხე შაბათს აღინიშნება. წელს ეს თარიღი 26 ნოემბერი იქნება.

როდესაც მშობლები არ უჭერენ მხარს გოგოებს – ნაადრევი ქორწინება და ძალადობა 

ავტორი: ხათუნა მურადოვი, XII კლასის მოსწავლე

საქართველოში ნაადრევი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, 2015 წლის მონაცემებით, სკოლა 13 წლის – ერთმა, 14 წლის – 15-მა, ხოლო 17 წლის – 183-მა მოსწავლემ დატოვა. მონაცემები ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია.

სინამდვილეში სტატისტიკა მხოლოდ რიცხვებია, თითოეული ამ რიცხვის მიღმა დგას კონკრეტული ადამიანების ისტორია, ხშირად ეს ისტორია ძალიან სევდიანი, ან ტრაგიკულიც კია.

საკმარისია ნაადრევი ქორწინების გამო შეცვლილი ცხოვრებისა და ოცნებების დანგრევის ამბავი პირადად ამ გოგოებისგან მოვისმინოთ, რომ მივხვდეთ რეალურად რა დგას ამ რიცხვებს მიღმა. ახალგაზრდა ქალი, რომელთან გასაუბრების საშუალებაც მქონდა, 16 წლის ასაკში გათხოვების შესახებ მომიყვა.

16 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მთავარ მიზეზებად მშობლების განათლების დონეს და იმას ასახელებს, თუ რამდენად ექცევა მშობელი გავლენის ქვეშ – „რას იტყვის ხალხი“. ამბობს, რომ ხშირად, ან უმეტეს შემთხვევებში, სწორედ, ამით წყდება გოგოების ბედი.

პირადად მას თითქოს ჰქონდა სწავლის უფლება, მაგრამ რეალურად არ ჰქონია არც სექსუალური განათლება და არც ის თავისუფლება, რასაც ადამიანს განათლება ანიჭებს. აღზრდისა და განათლების პრობლემა იდგა ქმრის შემთხვევაშიც, ვერც ის აცნობიერებდა რა იყო რეალურად ოჯახის შექმნა და რომ მოტყუებით 16 წლის მოზარდის „ცოლად წაყვანა“ სერიოზული დანაშაული იყო.

გათხოვება არ უნდოდა, ქმარმა მოტყუებით წაიყვანა. მალევე გააცნობიერა, რომ მოატყუეს. თუმცა იმის შიშით, რომ ვერ დაამტკიცებდა „ისევ ქალიშვილი რომ იყო „გადაწყვიტა დარჩენილიყო“. 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. დაემართა დეპრესია, რადგან რცხვენოდა ფეხმძიმობის და რცხვენოდა დედობის. ერთი წლის შემდეგ ქმარს დაეკარგა მის მიმართ ინტერესი, ერთადერთი სიმშვიდე მისთვის იყო შვილი, მაგრამ არ გრძნობდა თავს ბედნიერად.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა როცა იმაზე ფიქრობს, რას ეტყვის თავის 17 წლის ქალიშვილს გათხოვება თუ მოუნდება, ეშინია. ამბობს, რომ შეეცდება დაარწმუნოს ეს ნაბიჯი არ გადადგას ძალიან ადრე. ცდილობს ღიად ილაპარაკოს შვილთან ყველა თემაზე, იმაზეც, რაც მისთვის ტაბუდადებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე, ხშირად ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის, ფიქრობს, რომ შვილის მომავლისთვის ისევ მან უნდა დაძლიოს შიში, კომპლექსები და შვილს მიაწოდოს ასაკის შესაფერისი საჭირო ინფორმაცია.

ნაადრევი ქორწინებისა და ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად აუცილებლად უნდა გაიხსნას წინა თაობა და ღიად ისაუბროს საკუთარ პრობლემებზე, გამოცდილებაზე და იმაზე, რომ შეგუება გამოსავალი არ არის. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა საჭიროა არა მხოლოდ გოგოებთან, არამედ ბიჭებთანაც.

სტატისტიკურად, მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მართლდება ტრადიციებით, მაგრამ, ძირითადად მაინც ოჯახიდან იწყება ეს პრობლემები: როდესაც მშობლები არ უჭერენ გოგოებს მხარს, სწავლის უფლებას არ აძლევენ და ადრეულ ასაკში ათხოვებენ.

გოგონებმა არ იციან თავიანთი უფლებები, როდესაც მათზე ოჯახში ძალადობენ, არ იციან, ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი. როდესაც 16 წლის გოგოს, ან მის ოჯახს ეკითხები ნაადრევი ქორწინების შესახებ, შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ ქორწინებით მისი ბევრი უფლება დაირღვა.

სწავლის უფლების შეზღუდვა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბევრს ეშინია ქალის ძალის. შეიძლება ჩვენ ფიზიკურად ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორც კაცები, მაგრამ ფსიქოლოგიურად და სულიერად ძლიერები ვართ. თუ რამეს მოვინდომებთ აუცილებლად გავაკეთებთ.

როცა ჩემს მომავალზე ვფიქრობ, ყოველთვის მეფიქრება იმ 13, 14, 15 წლის გათხოვილ გოგონებზე, რომელთაც წაართვეს სწავლის უფლება, მომავლის ქონის შესაძლებლობა, განვითარების პერსპექტივა და რაც მთავარია ოცნების უფლება.

ვიცი, რომ ამ თემაზე ბევრი თქმულა, დაწერილა და შეიძლება მე ახალი ვერაფერი ვთქვა. უბრალოდ არ მინდა, რომ გოგონები ახლა, ან მომავალში ცხოვრობდნენ იმის შიშით, რომ შეიძლება ძალით გაათხოვონ, ან მოიტაცონ.

როდის განახლდება წყლის მიწოდება თამარის დასახლებაში, ჩაისუბანსა და განთიადში

„ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 25 ნოემბერს, წყალმომარაგება შეუწყდება ჩაისუბნის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება შეწყდება 21:00 საათამდე.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25  ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 –5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 27 ნოემბერს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, ორშაბათს კი აჭარაში გამოიდარებს.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

______________

ფოტოზე: შემოდგომა სოფელ კირნათში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 86 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 2 899 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 844 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 895 ერთეული [+6]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 553 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 404 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 562 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 813 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 902 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 352 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული – ICMP[/yellow_box]

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა ტერიტორია… თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი მიწების სრულად დაბრუნება, ომი უბრალოდ იყინება და მისი განახლება მხოლოდ დროის საკითხია“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი:

ამავე თემაზე:

რუსეთმა ქრონიკულად დაავადებული ბევრი რეზერვისტი გაგზავნა ომში – ბრიტანეთის დაზვერვა

ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დღეს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში საპროტესტო აქციები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ბათუმში,  საქალაქო სასამართლოსთან, 15:30 საათზე გაიმართება აქცია და შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, სასამართლო ხშირად გირაოთი ათავისუფლებს ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცებს, რის შემდეგაც ისინი კლავენ მეუღლეებს, ყოფილ მეუღლეებს ან პარტნიორებს. „ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს“- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეებს დაგეგმილი აქვთ პერფორმანსი ფემიციდის წინააღმდეგ.

რაც შეეხება თბილისს, „მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“ საღამოს 20:00 საათზეა დაგეგმილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

„მარშის მიზანია, შეიცვალოს საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში.

ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა, ამიტომ ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

„არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. ჩვენ მოვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით.

თანხმობა გადამწყვეტია!“ – ნათქვამია განცხადებაში რომელიც აქციის ორგანიზატორებმა დღეს გაავრცელეს.

___________________________

ფოტოზე: თბილისი, 2020 წლის 8 მარტი, აქცია ფემიციდის წინააღმდეგ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/„ნეტგაზეთი“

ამავე თემაზე:

186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს

რუსეთმა ქრონიკულად დაავადებული ბევრი რეზერვისტი გაგზავნა ომში – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ ცხადად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც მობილიზებულ რეზერვისტთა თითქმის ყველა დანაყოფისთვის საერთოა.

უწყების დასკვნით, ფრონტზე მობილიზებულების განლაგება ხშირად დაკავშირებულია სამართლებრივ გაუგებრობებთან, არაადეკვატურია მათი მომზადების დონე და პირადი აღჭურვილობის ხარისხი, დაბალია საბრძოლო განწყობა.

„ყველას არა, მაგრამ მობილიზებულ რეზერვისტთა უმრავლესობას მანამდეც უმსახურია. არაერთი მაგალითი მიუთითებს იმაზე, რომ მობილიზებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ არ შემოწმებულა,“ – წერს დაზვერვა 25 ნოემბრის რელიზში და დასძენს, რომ ბრძოლის ველზე რუსეთმა ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე რეზერვისტიც გაგზავნა.

უწყების ცნობით, მობილიზებულთა დანაყოფებს უდიდესი დანაკარგი ჰქონდათ ლუგანსკში, სვატოვოსთან, როდესაც მეთაურობამ ისინი აიძულა, საარტილერიო ცეცხლის ფონზე გაეთხარათ სანგრები. ბევრი რეზერვისტი დაიღუპა ბახმუტთანაც.

„სავარაუდოდ, კრემლი შეშფოთებული იქნება იმ ფაქტითაც, რომ რეზერვისტების ოჯახის წევრები დაპატიმრების რისკის მიუხედავადაც არ წყვეტენ პროტესტს იმ საშინელი პირობების გამო, რომელშიც მათი ოჯახის წევრები მსახურობენ,“ – წერს დაზვერვა.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა, ოფიციალურად დასრულებულია, თუმცა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კრემლი რეზერვისტების გაწვევას ფარულად განაგრძობს.

ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები მიწის მოტყუებით დაუფლებისთვის პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტები.

„ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 9 პირი მისცეს, რომელთაგან 2 ყოფილი, ერთი კი მოქმედი მოხელეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.

ასევე დადგინდა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას,“ – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, „მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით“.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დროის კარგვაა შემოთავაზება, რომელიც ყირიმის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების ვარიანტები, თუმცა ყველას მოუწოდებს, ნუ დაკარგავენ დროს უკრაინისთვის ისეთი ვარიანტების შეთავაზებაზე, რომლებიც ნახევარკუნძულის დეოკუპაციას არ ითვალისწინებს.

„მესმის, რომ ყველა შეშფოთებულია სიტუაციით და იმით, რა იქნება ყირიმთან დაკავშირებით. თუ ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის შესაძლებლობა, მე მხოლოდ გამიხარდება… თუმცა თუ გამოსავალი არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და ყირიმი რჩება რუსეთის ფედერაციის ნაწილად, ამაზე ლაპარაკი უბრალოდ დროის კარგვაა“, – ამბობს ზელენსკი Financial Times-სთან ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის მხრიდან ყირიმის დაბრუნების ნებისმიერმა მცდელობამ შესაძლოა ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს. არ გამოირიცხება ბირთვული იარაღის გამოყენებაც.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმები ცხადად მიუთითებს – მოსკოვი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს.

მისი თქმით, რუსეთის ახალი სტრატეგია, გაანადგუროს უკრაინის ინფრასტრუქტურა და მთელი ქვეყანა ჩააბნელოს, უკრაინელთა სიმტკიცეს ვერ შეასუსტებს.

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა ტერიტორია… თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი მიწების სრულად დაბრუნება, ომი უბრალოდ იყინება და მისი განახლება მხოლოდ დროის საკითხია,“ – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, თუ რუსეთი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას არ დატოვებს.

უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული – ICMP

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) ინფორმაციით, უკრაინაში ომის განმავლობაში 15 ათასზე მეტი ადამიანია  დაკარგული.

როგორც კომისიის დირექტორმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ მარიუპოლში დაკარგულია 25 ათასი ადამიანი.

ჰოლიდეი მიიჩნევს, რომ დაკარგულთა საქმეების ძიება უკრაინაში წლების განმავლობაში გაგრძელდება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც კი.

კომისიის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ამ 15 ათასიდან რამდენია იძულებით გადაადგილებული, რამდენი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, ან რამდენია დაღუპული.

„ახლა მთავარია, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის იდენტიფიცირება მოვახერხოთ. დაკარგულთა და დაღუპულთა დიდი უმრავლესობა ომის დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ,“ – ამბობს ჰოლიდეი.

ICMP – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისია ბალკანეთის ომების შემდეგ 1990-იან წლებში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი ოფისი ჰააგაშია, თუმცა ივლისში კომისიამ წარმომადგენლობა გახსნა კიევში.

Exit mobile version