მთავარი,სიახლეები

ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

25.11.2022 •
ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ცენზურა კინოში ყველაზე თვალსაჩინოა. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ქალები ფილმში თავსაბურავის გარეშე“, – ასე წარუდგინა ირანელმა რეჟისორმა მოჰამედ ყაფარმა საკუთარი თავი აუდიტორიას.

მოჰამედ ყაფარი წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ლიმონის“ ჟიურის წევრია. ირანელმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის დღეს, 25 ნოემბერს, მასტერკლასი გამართა თემაზე – „ცენზურა და ქალები კინოში“

„ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს რაღაც სახის ცენზურა კინემატოგრაფიაში ქალებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, ირანში და არაბულ ქვეყნებში ეს „დიდ მწვერვალებს“ აღწევს. ამიტომაცაა, რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რაც შეიძლება მეტი ფილმი   გადაიღონ ქალთა საკითხებზე. შეიძლება განვითარებული ქვეყნები თვლიდნენ, რომ ეს არ არის მათთვის აქტუალური, მაგრამ ვფიქრობ, მათაც სჭირდებათ ქალთა საკითხების წინ წამოწევა.

საერთოდაც, ხელოვნების ყველა სფეროსთან შედარებით კინემატოგრაფია ისეთი რამეა, რომ მთავარ სიტყვას ამბობს და პასუხისმგებელია ქალთა წარმოჩენაზე. ფრონტის ხაზი კინოზე გადის,“ – თქვა მოჰამედ ყაფარმა.

რეჟისორმა კინემატოგრაფიაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კინომ ერთგვარად იწინასწარმეტყველოს ის, რაც მოხდება.

„მრავალი წლის მანძილზე ირანში აჩერებდნენ ქალებს და ამოწმებდნენ, როგორ ატარებდნენ ჰიჯაბს. სისტემა და მამაკაცები ბოროტად იყენებდნენ თავის პოზიციას ქალების მიმართ.

თუ ეს ახლა ხდება და თქვენ ახლა ჰყვებით ამბავს, ეს არაფერი სხვა არ იქნება, თუ არა უბრალოდ არსებული სიტუაციის აღწერა. მაგრამ ხუთი წლის წინ რომ აღგეწერათ ეს ამბავი, მაშინ გამოვიდოდა, რომ თქვენ ეს იწინასწარმეტყველეთ.

ამ წინასწარმეტყველებაზეა დამოკიდებული, თუ რა დროის განმავლობაში იქნება თქვენი ფილმი გავლენის მომხდენი, რამდენ ხანს იქნება სიცოცხლისუნარიანი და რა რეაქცია ექნება ამაზე სოციუმს.

ჩვენთან, ირანში არის მიმდინარეობა, რომელსაც სოციალურ კინოს ვეძახით. ეს გულისხმობს სოციალურ საკითხებზე ფილმის გადაღებას. მაგრამ სოციალურმა მედიამ განდევნა ეს სტილი, რადგან ეს არ მიჰყვება იმ ფორმულას, როცა თქვენი კინემატოგრაფიით უნდა იწინასწარმეტყველოთ ამბები,“ – თქვა რეჟისორმა.

მასტერკლასზე მოჰამედ ყაფარმა ნაწილობრივ ისაუბრა ირანზე და იქ მიმდინარე პროტესტზე.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს კინემატოგრაფიის მექანიზმი ირანში. ჩვენთან ყველაფერს წყვეტს მთავრობა. ვინ შეიძლება გადაიღოს, ვინ ითამაშოს. როდესაც გუნდი შეიქმნება, სცენარი დამტკიცდება, ამის მიუხედავად მონიტორინგის უფლებას იტოვებს სახელმწიფო. ყველა ეტაპზე ახდენს გავლენას.

ზოგადად, საზოგადოება ირანში განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც თქვენ შეიძლება შეგექმნათ ირანული ფილმების ნახვით ან ჩვენი მედიის დათვალიერებით.

ვფიქრობ, რომ მთავრობა ცვლის ირანის და ირანული საზოგადოების იმიჯს ფილმების საშუალებით. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს უქმნის არასწორ წარმოდგენას იმაზე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება. ამას აკეთებს სინამდვილეში ცენზურა.

მაგრამ რევოლუცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს ირანში, თუკი ის წარმატებით დასრულდება და მე მჯერა, რომ წარმატებით დასრულდება, მაშინ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაინახოთ ირანის ნამდვილი სახე,“- თქვა მოჰამედ ყაფარმა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ავღანეთში მცხოვრები ქალები ვერ მიდიან სკოლაში, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ქალები შეიძლება გააჩერონ ქუჩაში იმის შესამოწმებლად, როგორ ატარებს ის თავსაბურავს. ამ ზედაპირულ საკითხებს ვერ გავცდით. როგორ შეიძლება უფრო სიღრმეში წავიდეთ, სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება?“- დასვა კითხვა მასტერკლასის დასასრულს რეჟისორმა.

კინოფესტივალი „ლიმონი“ ბათუმში 23 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დამთავრდება. ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებია წარმოდგენილი. კინოფესტივალში  27 ქვეყნის 47 კონკურსანტი მონაწილეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: