მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობენ ქალები ზაფხულში უწყლოდ

28.06.2019 • 2408
როგორ ცხოვრობენ ქალები ზაფხულში უწყლოდ

ქობულეთის რამდენიმე სოფელს წლებია წყალი შეზღუდვით მიეწოდება, განსაკუთრებით რთული სიტუაცია სოფელ ქვედა კვირიკეშია, კერძოდ, ბერაძეების უბანში, სადაც ზაფხულობით წყალი ყველაზე სანუკვარი სითხე ხდება – აქ წყალი კვირაში რამდენჯერმე, თითო საათით მოდის. აქაური ქალები სუფთა წყლის მოსაპოვებლად დღეში რამდენჯერმე, დამრეც ფერდობზე, ტყის გავლით, წყაროზე ჩადიან. 300-400 მეტრ მანძილზე მინიმუმ 10-15 ლიტრი წყლის ზიდვა მათთვის უსიამოვნო რუტინაა. მათი ხელები ამ მძიმე შრომისთვის გაწაფულია.

დალი აბუსელიძე კვირიკეში 26 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ წყალი აქ ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ ერთ ხანს ცოტათი გამოსწორდა სიტუაცია, ახლა კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგანან. დალი ამბობს, რომ ზაფხულობით წყალი მასთან კვირაში ერთხელ მოდის, ისიც ერთი საათით – “21-ე საუკუნეა, ამაზე არ უნდა გვიწევდეს ლაპარაკი. კვირიკეში ზაფხულობით ონკანში წამოსული წყალი ფუფუნებაა. წყალი აქ მაშინ მოდის, როცა ძლიერი წვიმაა, ისიც მღვრიე“. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება – დღეს, 28 ივნისს, კვირიკეში ნამდვილად მოვიდა ძლიერი წვიმა, მაგრამ წყალი ონკანებში მაინც არ აქვთ.

დალი აბუსელიძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები

დალი წყლის ეკონომიურ მოხმარებაზე აქაური ქალების გამოცდილებას გვიზიარებს. ამბობს, რომ იატაკებსა და აივნებს ხელის ნაბანი წყლით რეცხავენ – “ბოსტანში მწვანილი აღარ მაქვს, მაგრამ მაგას რას დავეძებ, დაბანას რომ ვახერხებდეთ ნორმალურად”.

დალიმ იქვე, კვირიკეს წყაროზე ჩაგვიყვანა, სადაც დღეში რამდენჯერმე ჩადიან სასმელი წყლის მოსაგროვებლად. “ეს ერთადერთი სუფთა წყაროა, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ. 15 წლის წინ სარეცხი აქ ჩამოგვქონდა გასარეცხად, აქვე იდგა პატარა ოთახი, სადაც დასაბანად მოდიოდა ხალხი. მერე თითქოს რაღაც სამუშაოები ჩატარდა, გამოცვალეს ძველი მილები, მაგრამ ზაფხულობით წყალი ისევ არ გვაქვს. წყაროც თითქმის დამშრალია, ალბათ ერთი საათი უნდა ელოდო,, ორი ლიტრი დასალევი წყალი რომ მოაგროვო”, – ამბობს ის.

2012-2015 წლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ოთხ სოფელში, მათ შორის სოფელ კვირიკეში, 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

უშუალოდ ქვედა კვირიკეში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა. შესრულებულ სამუშაოებში ქობულეთის გამგეობამ 186 944 ლარი გადაიხადა.

2013 წელს მარტო სალექარის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 19 690 ლარი გამოიყო.

სოფელ კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 167 668 ლარი 2015 წელსაც დახარჯა.

2019 წელს ხუთ სოფელში, მათ შორის კვირიკეში [ასევე ქვედა აჭყვა, ბობოყვათი, სამება, მუხაესტატე], ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც შეისყიდა 13 353 ლარად, თუმცა ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

კვირიკეში თითქმის ყველა ეზოში შეგხვდებათ დიდი ზომის, ლურჯი წყლის ავზი, რომლის საშუალო ფასიც 200-500 ლარია. ავზის დასამაგრებელი კონსტრუქცია დაახლოებით 500 ლარი ჯდება, წყლის საქაჩი ელექტრომოწყობილობის ფასი კი – 150 ლარია. დალი ამბობს, რომ სისტემის გამართვის საშუალება ბევრს არ აქვს, ზოგიერთ მათგანს ეს სისტემა განვადებითაც კი აქვს შეძენილი.

ამ სოფელში იმედი ჰქონდათ, რომ სიღარიბეს ტურისტების წყალობით დაძლევდნენ, მაგრამ ტურისტები უწყლობის გამო მაქსიმუმ 2 დღეს ჩერდებიან და მერე ტოვებენ სოფელს. ასე მოუვიდა დალისაც, „სტუმრები ორი დღის მერე წავიდნენ იმის გამო, რომ წყალი შეწყდა”,  –  გვიყვება დალი.

ციცინო კახიძემ წყლის ავზი 7 წლის წინ შეიძინა. “მაშინ მხოლოდ ბაკში 600 ლარი გადავიხადე. იმ დროს წყალი საერთოდ არ იყო, დაქირავებული მანქანით ამომქონდა სხვადასხვა ჭურჭლით და ბაკს ვავსებდი. ახლა ზოგჯერ მოდის, მაგრამ ისიც ძალიან მღვრიეა, საჭმლის მოსამზადებლად არ გამოდგება, მხოლოდ დასაბანად და გასარეცხად ვიყენებთ”, – ამბობს ის.

ციცინო კახიძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები

ციცინო კახიძის ეზოში ორი ონკანია, მათგან ერთი გაუქმებულია – ეს იმიტომ, რომ ბავშვებმა თამაშისას შემთხვევით არ დაცალონ მოგროვებული წყალი. როგორც დალი ამბობს, აქ ყველა წვეთი ძვირფასია.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/369224557068858/

“სოფელში წყალს ყველა ეკონომიურად მოიხმარს, მაგრამ მაინც არ გვყოფნის. სოფელში მწვანილი არ უნდა იყოს? ვერაფერს ვრწყავთ, წყალი საოჯახო საქმეებისთვისაც არ გვყოფნის, სარწყავებზე საუბარიც ზედმეტია”.

ციცინოს მეზობლის, ნინო ნიქაბაძის ოჯახის მდგომარეობა კი უწყლობის გამო ბევრად ცუდ დღეშია, ვიდრე სხვა მისი მეზობლების. ნინო სამი შვილის დედაა, ყოველ დილით ხუთ საათზე დგება და სამსახურში მიდის, სახლში მოსულს კი წყლის ამოსატანად ქობულეთისკენ რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.

“ორჯერ ჩავდივარ, წყალი არ გვყოფნის, ბავშვები სკოლისთვის და ბაღისთვის უნდა მოვამზადო. სამსახურიდან მოსულმაც უნდა გადავივლო, წყალი კი წვეთიც არ არის. ბაკის შესაძენად სახსრები არ მყოფნის, ეს თანხა ისევ ბავშვების საჭმელს მოაკლდება, ამიტომაც წყალს ვიმარაგებთ, როგორც შეგვიძლია. ამას წინათ მთელი კვირა ხელით ვრეცხე სარეცხი, სხვა დროს ნახევარი საათით მოსული წყალი ნახევრად რეცხავს სარეცხს, ამიტომ მიწევს სარეცხის გამოღება მანქანიდან და ხელით დასრულება რეცხვის”, – ამბობს ის.

ნინო წყაროზე თავის პატარა ანანოსთან ერთად პლასტმასის ბოთლებით მომარაგებული ჩადის, ცარიელი ბოთლის წაღებაში პატარაც ეხმარება, უკანა გზაზე კი წყლით დამძიმებული ჭურჭელი ნინოს მოაქვს.

ნინო ნიქაბაძე, სოფელ კვირიკეს მცხოვრები. ნინო ყოველდღე ამ ჭურჭლით ეზიდება სუფთა წყალს რამდენიმე კილომეტრიდან

ნახეთ რას ყვებიან ქალები თავიანთ უწყლო ყოფაზე: 

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2337346156536508/

ამავე თემაზე ბათუმელების არქივიდან:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: