მთავარი,სიახლეები

დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი

25.11.2022 • 1661
დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი

საერთაშორისო კონვენციებისა და სასამართლოების მიერ აღიარებულია, რომ ქალის თავისუფალი თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, თუმცა ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ ქალი მიჩნეულ იქნას გაუპატიურებულად, მას, ფაქტობრივად, ფიზიკური ძალადობის ნიშნები უნდა აღენიშნებოდეს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი: გაუპატიურება, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. 

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღეს სხვადასხვა საპროტესტო აქციითა და მსვლელობით 2014 წლიდან აღნიშნავენ. წელს 25 ნოემბერი საქართველოში სწორედ ამ თემას ეხება, ქალთა მოძრაობის მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლში საკანონმდებლო ცვლილებებია.

ელენე ქაიხოსროშვილი

ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ კანონში გაუპატიურების არსებული პრობლემური დეფინიციის გამო გაუპატიურების დადასტურების ერთადერთი საშუალება არის მსხვერპლის სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობა:

„ანუ აუცილებელია მაინცადამაინც ფიზიკურ ძალადობას/დაპირისპირებას/წინააღმდეგობას ჰქონდეს ადგილი იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობა დამტკიცდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

რომ გამოვკითხოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები სექსუალურ ძალადობაზე, მხოლოდ მათი ნაწილის რეაქცია შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, გაქცევა, და ა.შ.

უამრავი ადამიანის რეაქცია არის გაყინვა, რაც შიშიდან გამომდინარეობს და რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო თანხმობა სექსუალურ აქტზე“.

ელენე ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ კანონში გაუპატიურების სწორედ ასეთი დეფინიციის გამო რეალურად მომხდარი გაუპატიურების ბევრი შემთხვევა არ დგინდება.

კანონში გაუპატიურების ასეთი განმარტება ამყარებს მცდარ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ გაუპატიურება, ძირითადად, მხოლოდ ღამით, ბნელ ნანგრევებში, უცხო თავდამსხმელის მიერ ხდება,

თუმცა ფაქტები მოწმობს, რომ სექსუალური ძალადობა შესაძლოა მოხდეს მსხვერპლისთვის აქამდე სრულიად უსაფრთხო ადგილებში, მაგალითად, საკუთარ ან მეგობრის სახლში, ასევე, ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: ღამის კლუბი, დაბადების დღის წვეულება, მოძალადე კი შეიძლება ნაცნობი ან საერთოდაც ახლობელი აღმოჩნდეს. ხშირად სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ მსხვერპლს უჭირს იმის გააზრება და აღიარება, თუ რა შეემთხვა მას. 

სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ათიდან მხოლოდ ერთი (9%) გახდა მოძალადის მსხვერპლი ქუჩაში, ავტოსადგომზე, პარკში ან სხვა ღია სივრცეში, გაუპატიურების შემთხვევათა 37% კი, მოხდა მსხვერპლის საცხოვრებელში.

25 ნოემბრის წლევანდელ კამპანიაში თბილისის რამდენიმე ღამის კლუბიც ჩაერთო, რასაც წინ უძღოდა ერთ-ერთ დახურულ ფეისბუქჯგუფში ქალების მიერ გამხელილი ამბები ტრავმული გამოცდილებების შესახებ, თუ როგორ გაურიეს მალულად მათ სასმელში უცხო ნივთიერება, გააბრუეს და გააუპატიურეს, ამის გამო კი არავინ დასჯილა.

ქალთა მოძრაობა ღამის კლუბებსა და ფესტივალების ორგანიზატორებს ქალების სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად მკაცრი პოლიტიკის შექმნისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით: სექსზე თანხმობა არ ჩაითვლება, თუ ის მიღებული იყო ძალადობით, მუქარით ან ისეთი გარემოთი, რაც ზღუდავს ჭეშმარიტი ნების გამოხატვის შესაძლებლობას; თანხმობად არ ჩაითვლება ისეთი თანხმობა, რომლის გაცემისას მსხვერპლი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალური თანხმობის გამოხატვა შესძლებოდა; დუმილი და წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა ვერ ჩაითვლება ნამდვილ თანხმობად.

„საქართველოს მიერ რატიფიცირებული სტამბოლის კონვენციის გარდა არსებობს კიდევ სხვადასხვა გადაწყვეტილება, მაგალითად, ევროპული სასამართლოს, ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელიც ადგენს სტანდარტს, რომ გაუპატიურების დეფინიცია უნდა მოხდეს თანხმობის არსებობის  ან არარსებობის და არა ფიზიკური ძალადობისა და უმწეობის (რაც ასევე ძალადობაა, ცხადია) მიხედვით,“ – განმარტავს ქალთა მოძრაობის აქტივისტი ელენე ქაიხოსროშვილი. 

ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იმისა, თუ რატომ არ იცვლება აქამდე გაუპატიურების დეფინიცია კანონში, სამართალდამცველებისთვის საქმის გართულება მიიჩნევა, რადგან ასეთი გამოძიება მოითხოვს მეტ რესურსს  სახელმწიფოს მხრიდან: 

„სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიება ისედაც რთულია. მაგალითად, მტკიცებულებების შეგროვება, რადგან, ძირითადად ასეთ დანაშაულს არ ჰყავს მოწმეები და კიდევ ბევრი სხვა გარემოების გამო, თუმცა თანხმობა რომ იყოს დეფინიციის ცენტრალური ნაწილი, მაშინ უფრო მეტად გართულდება. მარტივი არ იქნება თანხმობის არარსებობის გამოძიება, თუმცა ამისთვის არსებობს გაიდლაინები, სტანდარტები, თარგმნილიც არის ქართულ ენაზე და არის შემუშავებული სახელმძღვანელოები გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის“. 

იგი მიიჩნევს, რომ არასწორია მოსაზრება, რომ შეიძლება გაუპატიურების შესახებ მოიტყუონ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წნეხის ქვეშ ექცევიან ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ სექსუალურ ძალადობაზე ან სექსუალურ  შევიწროებაზე:

„როგორც წესი, ასეთი ბრალდების შემთხვევაში გაცილებით მეტი კითხვა ისმება მსხვერპლების, ან სავარაუდო მსხვერპლების მისამართით, ვიდრე მოძალადეების ან სავარაუდო მოძალადეების მიმართ. 

ქალების ყველა სიტყვა დგება ხოლმე ეჭვის ქვეშ, ხდება მათი პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვა, დარცხვენა… ასე, რომ არ შეესაბამება ლოგიკას ის მოსაზრება, რომ ქალები რაიმე მიზნით მოიტყუებენ გაუპატიურების შესახებ, თუ კი კანონმდებლობა უფრო გამკაცრდება“.

სექსუალური დანაშაულის კუთხით საქართველოში  არსებული კანონმდებლობა დიდი ხანია უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანია.

მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა გაუპატიურებასა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გათვალისწინებულ ცალკეულ ძირეულ მოთხოვნებს, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემებია სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო დეფინიციაში, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის ეტაპებზე, რაც არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ევროკავშირის მიერ განხორციელებული კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ (2017) თანახმად, 15-64 წლის იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორი ოდესმე ჰყოლიათ, მამრობითი სქესის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური, ან ორივე სახის ძალადობა 6%-ს ერთხელ მაინც განუცდია. ქალების 3%-მა აღნიშნა, რომ არაპარტნიორის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას ან სექსუალური ხასიათის თავდასხმას ჰქონია ადგილი, 9%-მა კი განაცხადა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობა განუცდია.

გასულ წელს შსს-ში გაუპატიურების მუხლით 170 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 97 შემთხვევა გაიხსნა.

ბოლო ოთხი წლის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

2018 2019 2020 2021
რეგისტრირებული 96 119 109 170
გახსნილი 33 47 41 97

 

__________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: