ავტორი: ხათუნა მურადოვი, XII კლასის მოსწავლე
საქართველოში ნაადრევი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, 2015 წლის მონაცემებით, სკოლა 13 წლის – ერთმა, 14 წლის – 15-მა, ხოლო 17 წლის – 183-მა მოსწავლემ დატოვა. მონაცემები ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია.
სინამდვილეში სტატისტიკა მხოლოდ რიცხვებია, თითოეული ამ რიცხვის მიღმა დგას კონკრეტული ადამიანების ისტორია, ხშირად ეს ისტორია ძალიან სევდიანი, ან ტრაგიკულიც კია.
საკმარისია ნაადრევი ქორწინების გამო შეცვლილი ცხოვრებისა და ოცნებების დანგრევის ამბავი პირადად ამ გოგოებისგან მოვისმინოთ, რომ მივხვდეთ რეალურად რა დგას ამ რიცხვებს მიღმა. ახალგაზრდა ქალი, რომელთან გასაუბრების საშუალებაც მქონდა, 16 წლის ასაკში გათხოვების შესახებ მომიყვა.
16 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მთავარ მიზეზებად მშობლების განათლების დონეს და იმას ასახელებს, თუ რამდენად ექცევა მშობელი გავლენის ქვეშ – „რას იტყვის ხალხი“. ამბობს, რომ ხშირად, ან უმეტეს შემთხვევებში, სწორედ, ამით წყდება გოგოების ბედი.
პირადად მას თითქოს ჰქონდა სწავლის უფლება, მაგრამ რეალურად არ ჰქონია არც სექსუალური განათლება და არც ის თავისუფლება, რასაც ადამიანს განათლება ანიჭებს. აღზრდისა და განათლების პრობლემა იდგა ქმრის შემთხვევაშიც, ვერც ის აცნობიერებდა რა იყო რეალურად ოჯახის შექმნა და რომ მოტყუებით 16 წლის მოზარდის „ცოლად წაყვანა“ სერიოზული დანაშაული იყო.
გათხოვება არ უნდოდა, ქმარმა მოტყუებით წაიყვანა. მალევე გააცნობიერა, რომ მოატყუეს. თუმცა იმის შიშით, რომ ვერ დაამტკიცებდა „ისევ ქალიშვილი რომ იყო „გადაწყვიტა დარჩენილიყო“. 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. დაემართა დეპრესია, რადგან რცხვენოდა ფეხმძიმობის და რცხვენოდა დედობის. ერთი წლის შემდეგ ქმარს დაეკარგა მის მიმართ ინტერესი, ერთადერთი სიმშვიდე მისთვის იყო შვილი, მაგრამ არ გრძნობდა თავს ბედნიერად.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა როცა იმაზე ფიქრობს, რას ეტყვის თავის 17 წლის ქალიშვილს გათხოვება თუ მოუნდება, ეშინია. ამბობს, რომ შეეცდება დაარწმუნოს ეს ნაბიჯი არ გადადგას ძალიან ადრე. ცდილობს ღიად ილაპარაკოს შვილთან ყველა თემაზე, იმაზეც, რაც მისთვის ტაბუდადებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე, ხშირად ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის, ფიქრობს, რომ შვილის მომავლისთვის ისევ მან უნდა დაძლიოს შიში, კომპლექსები და შვილს მიაწოდოს ასაკის შესაფერისი საჭირო ინფორმაცია.
ნაადრევი ქორწინებისა და ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად აუცილებლად უნდა გაიხსნას წინა თაობა და ღიად ისაუბროს საკუთარ პრობლემებზე, გამოცდილებაზე და იმაზე, რომ შეგუება გამოსავალი არ არის. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა საჭიროა არა მხოლოდ გოგოებთან, არამედ ბიჭებთანაც.
სტატისტიკურად, მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მართლდება ტრადიციებით, მაგრამ, ძირითადად მაინც ოჯახიდან იწყება ეს პრობლემები: როდესაც მშობლები არ უჭერენ გოგოებს მხარს, სწავლის უფლებას არ აძლევენ და ადრეულ ასაკში ათხოვებენ.
გოგონებმა არ იციან თავიანთი უფლებები, როდესაც მათზე ოჯახში ძალადობენ, არ იციან, ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი. როდესაც 16 წლის გოგოს, ან მის ოჯახს ეკითხები ნაადრევი ქორწინების შესახებ, შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ ქორწინებით მისი ბევრი უფლება დაირღვა.
სწავლის უფლების შეზღუდვა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბევრს ეშინია ქალის ძალის. შეიძლება ჩვენ ფიზიკურად ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორც კაცები, მაგრამ ფსიქოლოგიურად და სულიერად ძლიერები ვართ. თუ რამეს მოვინდომებთ აუცილებლად გავაკეთებთ.
როცა ჩემს მომავალზე ვფიქრობ, ყოველთვის მეფიქრება იმ 13, 14, 15 წლის გათხოვილ გოგონებზე, რომელთაც წაართვეს სწავლის უფლება, მომავლის ქონის შესაძლებლობა, განვითარების პერსპექტივა და რაც მთავარია ოცნების უფლება.
ვიცი, რომ ამ თემაზე ბევრი თქმულა, დაწერილა და შეიძლება მე ახალი ვერაფერი ვთქვა. უბრალოდ არ მინდა, რომ გოგონები ახლა, ან მომავალში ცხოვრობდნენ იმის შიშით, რომ შეიძლება ძალით გაათხოვონ, ან მოიტაცონ.