ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს

25.09.2018 • 4620
ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს

ქობულეთის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სულ ცოტა 2020 წლამდე აღარ უნდა ელოდოს. ქობულეთის მერიამ ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე ხუთ სოფელში – ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, სამებასა და მუხაესტატეში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა, შეწყვიტა.

აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. შესაბამის სამუშაოს ქობულეთის მუნიციპალიტეტს ინდმეწარმე „რევაზ დიდმანიძე“ 11 950 ლარად სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიამ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.

სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც აწერს, აღნიშნულია, რომ აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად შესაბამის პროექტს ახორციელებს „აჭარის წყლის ალიანსი“ და სახელმწიფო სახსრები რაციონალურად რომ დაიხარჯოს, ტენდერი უნდა შეწყდეს.

„აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი პოზიციაა არა მარტო ქობულეთში, არამედ აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში ანალოგიური პროექტები ადგილობრივ დონეზე აღარ განხორციელდეს, რაზედაც მუნიციპალიტეტებთან თანხმობა მიღწეულია.

„ახლა განხორციელებული პროექტები ვერ იქნება იმ სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებითაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პროექტის განხორციელება, ამიტომ ამ ქსელის საერთო ქსელში ჩართვა ვერ მოხერხდება და უმჯობესია სახელმწიფოს ფული ზედმეტად არ დაიხარჯოს,“ – აცხადებენ ალიანსში.

აჭარის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლის, ასევე, კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად სამუშაოების დაწყებას „აჭარის წყლის ალიანსში“ 2020 წლისთვის ვარაუდობენ.

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების პროგრამაზე საუბარი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხისა და გრანტის ხელშეკრულებას ხელი ახლა, 2018 წლის აგვისტოში, თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.  აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი იქნება.

„აჭარის წყლის ალიანსმა“ საერთაშორისო ტენდერი ორი კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად 2018 წლის მაისში გამოაცხადა. ალიანსში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლისთვის გამარჯვებულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული ექნებათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება წყლისა და კანალიზაციის სისტემების [ასევე გამწმენდი ნაგებობების] დაპროექტება-ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება სამუშაოები.

პროგრამა არ მოიცავს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქობულეთს.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].

მთავარი ფოტო: სოფელი კვირიკე, „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: