მთავარი,სიახლეები

„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

25.11.2022 • 10394
„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

„პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამჯერად ამ ტაქტიკით ცდილობს ევროპას აჩვენოს, ზამთრის გადატანა მისთვისაც რომ იქნება რთული.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინამ ახლა უნდა შეძლოს კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს რუსები, თავად კი, ძალების შევსება შეძლოს, გადაჯგუფებაც.

„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს,“ – დაიმედებულია გადამდგარი გენერალი და მაგალითად უკრაინელების შეტევა მოჰყავს რუსების შავი ზღვის ფლოტზე. „მიუხედავად იმისა, რომ ზარალი დიდი არ იყო, ეს მნიშვნელოვანი იყო რუსებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ასევე სამხედრო ხელოვნების ეფექტურად განვითარების თვალსაზრისით,“ – დასძინა ვახტანგ კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ბოლო მონაცემებით ჩანს, რუსები ბახმუტსაც ვერ იღებენ, რასაც ისინი ცდილობენ ბოლო რამდენიმე თვეა. ხომ არ გამოჩნდა უკვე, რომ მობილიზაციამ რუსეთის სასარგებლოდ ვერ იმუშავა?

ჯერ არ გამოჩენილა ეს, რადგან არ შეუყვანია ეს ხალხი – 80 ათასამდეა შესული მობილიზებული 300 ათასიდან.

ბახმუტში განსაკუთრებით კარგად არიან უკრაინელები გამაგრებულები, ეს არის თავდაცვითი რაიონის – კრამატორსკი-სლავიანსკის წინ მდებარე ადგილი, რუსები შესულები არიან ქალაქის ზონაში, თუმცა ჯერ ბრძოლები მიდის. ჩანს, რომ უკრაინელები კარგად იცავენ თავს. რუსებმა იქ გადაიყვანეს რეზერვები ხერსონიდან, მაგრამ უკრაინელებმაც გადაიყვანეს გარკვეული ძალები. რუსები ცოტ-ცოტათი წინ მიიწევენ, თუმცა ვერ მოიპოვეს უპირატესობა.

  • სვატოვოსთან რა ხდება, სადაც უკრაინელებს აქვთ კონტრშეტევა? 

სვატოვოსთან უკრაინელები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვნად წინ წაწევას, ბლოკადის გადაჭრა უნდათ სვატოვოს მიმართულებაზე, მაგრამ ვერ გადიან ამაზე.

ჯერ ზამთარი არ ასახულა ომზე, აისახა ის, რომ ორივე მხარე უახლოვდება ე.წ. კულმინაციის წერტილს. ამ ეტაპზე ორივე მხარეს შესაძლებლობები მიყვანილი აქვს იმ დონეზე, რომ სჭირდებათ განახლება, გადაჯგუფება, ძალების შევსება.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, „ის ამჯერად მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.“ თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა ამჯერად პუტინს?

პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს, მე ასე წარმომიდგენია: ომის დამთავრების, ვადების გაურკვევლობით ცდილობს ევროპასაც უთხრას, რომ ეს ზამთარი მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, მათთვისაც არ იქნება ადვილი. პუტინი ცდილობს უკრაინის სტრატეგიულ პარალიზებას, საპასუხოდ კი, ის არ იღებს დარტყმებს საკუთარ ტერიტორიაზე, უკრაინას ბომბავენ და გამოჰყავთ მისი ინფრასტრუქტურა წყობიდან.

ეს მოსალოდნელიც იყო: რუსეთი ამიტომაც ელოდებოდა ზამთარს. ის ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმებითაც ცდილობს უკრაინის მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას. საბრძოლო მოქმედებების შეფერხების თვალსაზრისით კი, 21-ე საუკუნეში ზამთარი დიდად არ უნდა აფერხებდეს რუსეთს, პირიქით, წინა ზამთრის პერიოდში ატალახება-გადაადგილების პრობლემას ყინვა უფრო ამცირებს.

კიდევ ბევრი ფაქტორია: ადვილდება ზამთარში დაზვერვა, რადგან შენიღბვის შესაძლებლობა მცირდება, სითბური საშუალებები უფრო კარგად მუშაობენ, ნისლის და ღრუბლიანობის მომატების გამო რთულდება საჰაერო თვალთვალი და დაზვერვა. ყველა სეზონს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს ამას. ერთია, რომ უკრაინელებს რვაწლიანი გამოცდილება აქვთ ზამთარში ომის, რუსებისგან განსხვავებით, ლუგანსკელებს და დონეცკელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ჩართულები არიან ბრძოლაში, მათი დანაყოფები ომობენ აქტიურად.

  • მას შემდეგ, რაც გაიზარდა რუსი ნაციონალისტების კრიტიკა რუსი სამხედროების მიმართ, რუსეთის სახელმწიფო დუმა ონლაინსივრცის რეგულაციაზე კანონის მიღებას განიხილავს. მოსკოვში ტაქტიკური სწავლებები იმართება, გადატრიალებისთვისაც რომ ემზადებიან, ამის შესახებ რუსული გამოცემა The Insider-ი წერდა. წინა ინტერვიუებში უშვებდით შესაძლო არეულობას რუსულ სამხედრო ელიტაში. როგორია თქვენი მოლოდინი ამჯერად?

ზოგადად, არეულები არიან დიდი ხანია, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რომ რაღაც მწიფდებოდეს, ან სუსტდებოდეს პუტინის პოზიცია. ეფესბეს ძალა გააჩნია. ჯერ რუსეთის მხრიდან არის მხოლოდ უკან დახევა, როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის, მერე იქნება პრობლემა. ეს იქნება მასობრივი და ამის ახსნა რთული იქნება შიდა აუდიტორიისთვის. ეს იქნება უკვე ისეთი მასობრივი პროცესი, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო, როცა რუსებმა მიატოვეს ფრონტი და გამოიქცნენ, შემდეგ მას მოჰყვა რევოლუცია.

თუმცა ამის პირობები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული უკრაინაში. რუსეთში გამოსვლები და აღშფოთება რეზერვისტებში ძირითადად უკავშირდება ხელფასების დაგვიანებას, ასევე ნაკლებ ვარჯიშებს, თორემ ომის გამო არ არის აღშფოთება, რომ ომში წასვლა არ უნდათ და ასე შემდეგ. როცა, მაგალითად, „ვაგნერის“ მებრძოლს თვეში 3 ათასი დოლარი ხელფასი აქვს, პლუს საბრძოლო მოქმედებებზე დანამატებს აძლევენ, ღატაკი და გაღლეტილი რუსებისთვის ეს მნიშვნელოვანი თანხაა, უარს ვერ ამბობენ. მებრძოლები მიჰყავთ სოციალურად დაუცველი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი რაიონებიდან. არის საუბარი იმაზეც, რომ ახალი წლის შემდეგ მეორე მობილიზაციას განახორციელებენ, რაც უკვე მილიონიან არმიას შექმნის.

  • მაშინ რა შექმნის ამ პირობას, რომ რუსები გაიქცნენ უკრაინაში ბრძოლის ველიდან? 

ამ ეტაპზე ამ პირობას მე ვერ ვხედავ – სამწუხაროდ, უკრაინას არ ჰყავს ის კრიტიკული მასა, რომ გადამწყვეტი შეტევა განახორციელოს, თუმცა თუ ეს მოხდება: მასობრივად ბრძოლის მიტოვება რუსების მხრიდან, გამოსვლა, პანიკა, არეული და დემორალიზებული ჯარისკაცები თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შიდა არეულობის თვალსაზრისით. ამ პირობებში რუსეთს ძალიან გაუჭირდება რეჟიმის შენარჩუნება.

  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. False Flag თავდასხმებს გეგმავენ ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა ბელარუსს ომში ჩართვა აიძულონ. რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია თქვენთვის?

ვერ გეტყვით, რუსეთისგან ზოგადად ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს დასჭირდეთ. ლუკაშენკოს ბევრი რამის მოგონება არ სჭირდება, პუტინი თუ მოსთხოვს, ისედაც ჩაერთვება ომში.

  • რამდენად ცვლის მოცემულობას დანაკარგები? მაგალითად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, უკვე 85 ათასზე  მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ 3 მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა.

არა მგონია, ასე იყოს. რუსეთს აქვს რაკეტების რაოდენობა, ეს არაა ზუსტი რაკეტები, საბჭოთა წარმოებისაა, მაგრამ ამისი ძალიან დიდი მარაგები გააჩნია რუსებს. რაც შეეხება დანაკარგებს, ეს დიდი დანაკარგია რუსებისთვის, მაგრამ უკრაინელებსაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, თანაც რუსეთის მოსახლეობასთან შეფარდებას თუ ავიღებთ.

  • თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზეც, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინაში მყოფი რუსული არმიის მომარაგების პროცესში ეს ხომალდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა ისინი გაცილების გარეშე შედარებით დაუცველნი არიან“. რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გარემოებას ომზე?

რუსების შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად, ჩამოცილებულია აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს, რაკეტის გაშვებას თუ არ ჩავთვლით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელების მიერ მართვადი ტორპედოებისა და აპარატების გამოყენება, ეს მსოფლიო ბრძოლის ისტორიაში პირველად მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსებისთვის ზარალი დიდი არ იყო, ეს მნიშვნელოვანი იყო რუსებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის, ასევე სამხედრო ხელოვნების ეფექტურად განვითარების თვალსაზრისით.

ხვალ და ზეგ მსგავსი საშუალებები გაცილებით უფრო მძლავრი მუხტის მატარებელი შეიძლება გახდეს, უფრო რობოტიზებული, ვიდრე დღესაა. ამ საშუალებით, თუ ეს კიდევ უფრო განავითარეს უკრაინელებმა, კიდევ უფრო მიწვდომადი გახდებიან რუსების საზღვაო ძალები. მეორე მხრივ კი, ფსიქოლოგიური ფაქტორი იქმნება რუსებისთვის იმაზე, რომ არსად დაცულები არ არიან.

  • CNN-ის ინფორმაციით, რუსები გეგმავენ ათასობით კამიკაძე-დრონი თავად დაამზადონ, რაც შესაძლოა მომავალი წლიდან გამოიყენოს. 

რა დრონებს გააკეთებენ, არ ვიცი, თუმცა არ არის დრონი ტექნიკურად ისე რთულად გასაკეთებელი, თუ მას კომპონენტებს მიაწვდიან. ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან თუ მიიღებენ ისევ ამ ნაწილებს, შესაძლებელია გააკეთონ დრონები. თუ ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რუსების შესაძლებლობებს. როცა ეს ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად, უკრაინამ მეტად უნდა მოსთხოვოს დასავლეთს, რომ მეტი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება მისცეს. სხვა გამოსავალი არ არის.

  • ამასობაში, უკრაინაში, თურქული კომპანია Baykar-ის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ გამოცდა წარმატებით გაიარა. ასევე, საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი ბატარეა, და, ასევე, ორი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა ცის დასაცავად. რა სახის სამხედრო უპირატესობას აძლევს ეს აღჭურვილობა უკრაინას?

ეს მას აძლევს საშუალებას, თავი დაიცვას. გასაგებია, რომ გარკვეულმა ტექნიკამ გამოცდა წარმატებით გაიარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მასობრივად აქვს ეს იარაღი. რუსებმა შეძლეს ასევე ბაირაქტარის წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება ისე, რომ „ბაირაქტარს“ აღარ ჰქონდა იგივე ეფექტი, როგორც ეს ყარაბაღში იყო.

რაც შეეხება Crotale-ს, გაუმჯობესებული ვარიანტია – გაითვალისწინეს რუსების შესაძლებლობები და უკეთესი ვარიანტი შექმნეს. ის 2 ბატარეა, რაც ბრძანეთ, ეს არის 4 ან 6 გამშვები, რაც არაა საკმარისი. უკრაინა დიდი ტერიტორიაა, მასობრივი თავდასხმებია და მას სჭირდება მასობრივი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.

  • აღნიშნეთ, რომ კულმინაციის წერტილს უახლოვდება ორივე მხარე ახლა. რა ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ეტაპზე უკრაინისთვის სურათის შემცვლელი? 

უკრაინამ უნდა სცადოს, რომ კულმინაციის წერტილამდე არ მივიდეს, კულმინაციის წერტილამდე უნდა მიიყვანოს რუსები. ამისთვის არსებობს ოპერატიული პაუზა, რომ მან შეძლოს ძალების შეკრება, მობილიზება, გადაჯგუფება, გეგმების გადახედვა. კულმინაციის წერტილზე, წარმოიდგინეთ, წკიპზე მისვლაა, რომლის იქითაც შეტევას ვეღარ ახერხებ. უკრაინამ ამ წერტილზე მისვლა უნდა აირიდოს თავიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს.

ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაამთავრებენ ამ ომს. გავიმარჯვებთ, ეს უფრო პატრიოტული განცხადებებია, ვიდრე რეალობასთან მისადაგებული. ვფიქრობ, ამ ზამთარს ორივე მხარე ძირითადად მოსამზადებლად გამოიყენებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ შეტაკებებს ცალკეულ მიმართულებებზე.

  • პუტინს აქვს გათვლა, რომ ზამთარს ვერ გაუძლებს უკრაინა. თუ ისევ აჩვენებს უკრაინა შეუპოვრობას და ევროპაც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, რა მოხდება? 

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, ისევ გაწელოს ეს ბრძოლა და შემდეგ ზამთარს დაელოდოს. ზამთარს გაზაფხული მოჰყვება, არც გაზაფხულია სასიამოვნო, როცა თავზე ბომბები გაცვივა, შუქი არ გაქვს და ასე შემდეგ.

ამ ზამთარში კი, რუსეთი ეცდება მნიშვნელოვნად დაასუსტოს უკრაინის საბრძოლო სულისკვეთება, ასევე ევროპელებში გაზარდოს ომით გადაღლის ფაქტორი. რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუყვანია თავისი რეზერვები ბოლომდე ამ ბრძოლაში. ის ეცდება თავისი დაკავებული ტერიტორიები შემოიმტკიცოს, მობილიზებულების ეს ახალი მასა შეტევისთვის მას არ გამოადგება, მაგრამ შეეცდება, რომ არ მისცეს უკრაინას შემდგომი წინსვლის შესაძლებლობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: