მთავარი,სიახლეები

ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა

25.11.2022 • 4933
ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა

„საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია“, – ასე დაიწყო მოსამართლესთვის ჩხრეკის ამბის მოყოლა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა, ნათია დოლიძემ. ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინაში სპეცოპერაციით შევიდა, ფინანსური დანაშაული ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების ვერსიით, იქიდან „კოკაინი“, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტები, ელექტრომატარებლებიც“, – დასძინა მოწმემ.

„ის ამ საქმეში ძირითადი გამომძიებელია“, – უთხრა მოსამართლეს ნათია დოლიძის შესახებ პროკურორმა, თუმცა ვერც „ძირითადმა“ გამომძიებელმა ახსნა: რატომ გახდა საჭირო ოზთურქის ბინის ჩხრეკა ნიღბიანი პირებით, თუ მანამდე ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდებაზე ოზთურქს უარი არ უთქვამს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.

დღეს, 25 ნოემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“ რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა კი, დეტალურად აღწერა, რის გამო შევიდნენ ოზთურქის აპარტამენტებში, მათ შორისაა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ნათია დოლიძეს მოუთხოვია გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებაც, ანუ იყო თუ არა კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდები. ასევე იმის დადგენა, იყო თუ არა ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი.

„ოზთურქის საქმის“ ძირითად გამომძიებელს არ დაუმალავს ეჭვი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ოზთურქის სისხლში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა – ბრალდებულმა დაკავებიდან სამ დღეში ჩააბარა სისხლის ნიმუში ექსპერტებს.

„ჩხრეკის დროსაც იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ამიტომაც მივმართეთ კითხვით სამხარაულის ექსპერტიზას… მივიღეთ განმარტება, რომ ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე, გამოჩნდება, თუ არა. შესაძლოა, კოკაინიც 1-2 დღის შემდეგ აღარ დაფიქსირდეს“, – აღნიშნა ნათია დოლიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაკავების დროს ოზთურქმა ნებაყოფლობით ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა.

ვიდრე ადვოკატი იკითხავდა, პროკურორმა ლევან მურვანიძემ ამჯობინა, გამომძიებლისთვის ერთი კითხვა დაესვა:

„აღნიშნეთ, რომ ჩხრეკის დროს ოზთურქმა მიიღო ფსიქოტროპული ნივთიერება. რატომ არ მოითხოვეთ გენეტიკური ექსპერტიზა ამ შეფუთვაზე?“ – იკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო სადავო, ის ამას არც მალავდა“, – მიმართა პროკურორს გამომძიებელმა უხერხული პაუზის შემდეგ.

ოზთურქის გენეტიკური პროფილი, ექსპერტიზის მიხედვით, კოკაინის შეფუთვაზე დადასტურდა. სხვა შეფუთვებზე კი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

კოკაინთან დაკავშირებით ადვოკატები შენიშნავენ ნივთმტკიცების ამოღების და შენახვის წესის დარღვევას – სასამართლოს წინა სხდომაზე ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მოსამართლეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი აჩვენა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები აღჭურვილი არ არიან შესაბამისად, ანუ ხელთათმანებითა და პირბადით.

„ამას გარდა, წინა სხდომაზე დადასტურდა ფაქტი: დალუქეს 2 შეფუთვა და გენეტიკური პროფილის ექსპერტს მიუვიდა 4 შეფუთვა. საიდან? გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა“, – დასძინა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებთან“, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა დღეს სხდომათა დარბაზში.

„თქვენ მიერ დალუქული პაკეტი ხელუხლებლად იქნა გადაცემული ექსპერტიზისთვის?“ – გამომძიებელს მიუბრუნდა ადვოკატი.

„რა თქმა უნდა“, – მოკლედ უპასუხა კითხვას გამომძიებელმა.

„მაშინ რით შეგიძლიათ ახსნათ ის, რომ 2 შეფუთვა შეინახეს და გენეტიკური პროფილის ექსპერტიზაზე აღმოჩნდა 4?“ – ჩაეძია გამომძიებელს ისევ ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„ჰკითხეთ ქალბატონ იას და ის გიპასუხებთ, მე ექსპერტი არ ვარ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – ემოცია დაეტყო გამომძიებელ ნათია დოლიძესაც.

არსებითი განხილვა გრძელდება.

დღესვე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ აღკვეთი ღონისძიების საკითხს გადახედა. მან ოზთურქი, რომელსაც, ადვოკატების მტკიცებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული აქვს, პატიმრობაში დატოვა.

ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია. ამჯერადაც ბრალდებულმა მოსამართლეს სხდომის დაწყებამდე წერილი მისწერა და აცნობა, რომ დისტანციურადაც ვერ შეძლებდა პროცესში მონაწილეობას.

———–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: