რუსეთმა სავარაუდოდ მიიღო ირანული დრონების ახალი პარტია – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ  რუსეთმა უკვე მიიღო ან უახლოეს მომავალში ელოდება დრონების ახალ პარტიას ირანიდან.

ISW-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს ირანული ტექნიკის გამოყენება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის სამი კვირის განმავლობაში პირველად – ISW-ის შეფასებით, 23 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის ძალებს არ გამოუყენებიათ ირანული დრონები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების სიხშირის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა სამკვირიან პერიოდში ტექნიკა მიიღეს ან ელოდებიან ირანიდან დრონების ახალ პარტიას.

ანგარიშში The Times-ის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ პენტაგონი აღარ სთხოვს უკრაინას, თავი შეიკავოს რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისგან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სისტემატური განადგურების ფონზე.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინი დონეცკის ოლქში მარიონეტული ლიდერების მხარდაჭერის დაკარგვის რისკის ქვეშაა, რადგან რუსული ძალები ვერ ახერხებენ უკრაინული ძალების გაყვანას დონეცკის საარტილერიო ზოლიდან.

________________

ფოტოზე: ირანული დრონები

გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის გზების ჯამში 15 კილომეტრი – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 15 კილომეტრზე მოძრაობა გაიხსნა.

  • გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი არის „4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, სადაც აშენდა 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადგინა.

  • ასევე გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ურეკის მიმდებარედ, კაპროვანთან [შეკვეთილში გადასასვლელ ხიდთან] იწყება, გაივლის საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ უკან და შეკვეთილში, ქობულეთის შემოვლით გზას უკავშირდება.

ეს 5-კილომეტრიანი მონაკვეთიც არის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა. „მთლიანობაში გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი  4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალგახსნილი მონაკვეთები [მონიშნულია წითელი ხაზით]
მთავარი ფოტო: ახალგახსნილი მაგისტრალი / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 დეკემბრის 21 საათიდან 12 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 დეკემბერს ზოგან დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შშმ ქალები, პოლიტიკა და არჩევნები, რის შეცვლას ითხოვენ

დღეს, 10 დეკემბერს, ბათუმში კონფერენცია გაიმართა, რომელიც შშმ ქალთა პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებებს ეხებოდა. შშმ ქალებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათთვის ჯერ კიდევ დაუძლეველია.

შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, დეა ერემაშვილი, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ყურადღებას ამახვილებს შშმ პირების საუბნო-საარჩევნო კომისიაში ჩართვაზე და ამისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საჭიროებაზე.

„მე, როგორც გამოცდილი, პოლიტიკურად აქტიური და არაერთგზის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი, აღვნიშნავ, რომ ხშირია საუბარი [საარჩევნო] უბნების ადაპტირებაზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უშუალოდ არჩევნების დღის ადაპტირებისთვის. მაგრამ საუბარი არ არის იმაზე, როდესაც შშმ პირია კომისიის წევრი, ტრენინგები ადაპტირებულ გარემოში რომ უნდა ჩატარდეს.

დავუშვათ, უბანზე რომ მორიგეობა გვიწვეს, საპირფარეშოები ადაპტირებული რომ უნდა იყოს. არ უნდა გიწევდეს სხვა შენობის საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა, რადგან შშმ პირების გადაადგილება იმ პირობებში ძალიან რთულია. ბათუმში გვაქვს ადაპტირებული ტრანსპორტი.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საერთოდ არსად არ არის არც მუნიციპალური და არც კერძო [ადაპტირებული] ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მუდმივ მიმოსვლას და, შესაბამისად, მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მწირია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეას აზრით, შშმ ქალების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩასართავად, პირველ რიგში, ამ ქალების ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ: „საკუთარი ძალების უნდა ირწმუნონ შშმ პირებმა. ის, რომ ისინი არ არიან მუდმივად ბენეფიციარები და არიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც არა შშმ პირები. მეც იმავენაირად ვიხდი გადასახადებს, როგორც სხვა ადამიანები.

სამწუხაროდ, ამ ბენეფიციარის პოზიციიდან სანამ არ გამოიყვან ცნობიერად საკუთარ თავს შშმ პირი, ძალიან რთული იქნება ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. რა თქმა უნდა, ჯერ ცნობიერება უნდა ავამაღლოთ თემშიც და საზოგადოებაშიც“.

დეა ერემაშვილი

კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“. მის თავმჯდომარეს, ირმა პავლიაშვილს მიაჩნია, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, მით უმეტეს, როდესაც: „ევროკავშირის 12 რეკომედაციიდან მე-9 რეკომენდაცია ეხება გენდერულ თანასწორობას და, რა თქმა უნდა, აქ მოაზრებულია შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობაც.

ამ კონფერენციის მიზანია, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის პოლიტიკის განმახორციელებელ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე, თემატური კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც პრიორიტეტულია [შშმ ქალებისთვის]“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

მისი თქმით, მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად, შშმ ქალები და გოგონები, კიდევ უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„ძირითადი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რა ტიპის საჭიროებებია გამოკვეთილი, რა ტიპის სერვისები, როგორი მიდგომები სჭირდებათ [შშმ ქალებს] იმისათვის, რომ ის ძირითადი პრინციპები, რაც კანონმდებლობით და რატიფიცირებული კონვენციებითაა განსაზღვრული [ჯერ კიდევ გამოწვევაა].

ის, რომ უნივერსალური დიზაინი შეიქმნას, მისაწვდომობა იყოს გარანტირებული, დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება დავიცვათ, ჯერ კიდევ გამოწვევაა.

მუნიციპალურ დონეზე, ბიუჯეტში დეტალურად არ არის ასახული ქალთა და მათ შორის, შშმ ქალთა საჭიროებები, რომ შემდეგ უკვე მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი ეფექტიანად განხორციელდეს.

შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მიმართულებით, რათა პროგრამები, სერვისები უფრო მეტად იყოს საჭიროებაზე ორიენტირებული და მეორე, ჩატარდეს თემატური მოკვლევები, ინდივიდუალური საჭიროებები ვიკვლიოთ.

აი, როდესაც მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტი დგება, გენდერული საბჭოები სწორედ ამ საქმიანობით, საჭიროებების გამოკვეთით უნდა იყვნენ დაკავებული. რა ტიპის პროგრამა, სერვისი უნდა გაითვალისწინონ და შემდეგ, შეაფასონ ამ სერვისის მიწოდების ეფექტიანობა. ვინაიდან, დისკრიმინაციული მდგომარეობა გამოიხატება არამხოლოდ პოლიტიკაში მონაწილეობით, იგივე ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი

სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ

„პირველივე წუთიდან ვიგრძენით მოსამართლის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ის ჩვენ არ გვისმენდა, აიგნორებდა ჩვენს გამოსვლას. შემდეგ კი იყო კითხვა: აზერბაიჯანში რა ხდება, აზერბაიჯანში აძლევენ ქრისტიანებს ფულსო? – ვუთხარი, რომ მე არა ვარ აზერბაიჯანის მოქალაქე და არ ვიცი. მერე დაამატა, შენც ხომ ეთნიკური უმცირესობაო ხარო“.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა მამულაშვილმა სასამართლო პროცესზე, საქმის განხილვის დროს არაეთიკური და დამამცირებელი დამოკიდებულება გამოიჩინა.

ამ პროცესზე მარნეულის საკრებულო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გააუქმა მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციულ იყო.

რა უთხრა მოსამართლემ სამირა ბაირამოვას და მისი სახით ეთნიკურ უმცირესობებს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს საქმე, ამ საკითხზე სამოქალაქო აქტივისტმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • სამირა, მოგვიყევით, როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი. ასევე, მოსამართლის დამოკიდებულებაზე პროცესის მსვლელობისას და იმ კითხვებზე, რომლებიც მან დაგისვათ, რის გამოც მიიჩნევთ, რომ მისი ქცევა იყო დისკრიმინაციული?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული და ევროპის სასამართლომ გაამართლა – მსგავს ქეისებზე, ეს ადამიანი ჩემს იდენტობას სხვა ქვეყანასთან აკავშირებდა. მე მისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე ვიყავი – ხომ ხარ ეთნიკური უმცირესობაო.

დამამცირებელი დამოკიდებულება გამოიჩინა ასევე, როცა ვსაუბრობდით იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში თანასწორობა, სამართლიანობა იყოს აღიარებული, რადგან ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა და ამის დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა.

შემდეგ თქვა, რომ კონსტიტუციაშიც არ წერია სიტყვა ტოლერანტობა – ალბათ იმის თქმა უნდოდა, რა ტოლერანტობაზე საუბრობო. კიდევ ბევრი რამ თქვა, მაგრამ პირბადე ეკეთა და კარგად არ მესმოდა, თუმცა მისი ჟესტები – სახის, თვალის, ჩვენს მიმართ ძალიან არაეთიკური და დამამცირებელი იყო. ის გაღიზიანებული იყო იმით, რომ ვიღაც ეთნიკური უმცირესობა დავობს რელიგიურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მისი ბრაზიც კი იგრძნობოდა.

  • თქვენ აცხადებდით, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ იყო, რომ მან დავალება შეასრულა. თუმცა ასევე ამბობთ, რომ მისი მიდგომა, მისი პირადი დამოკიდებულებაც იგივე იყო. ასეა?

ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო დღეს არ არის თავისუფალი და ეტყობა ასეთი იყო დავალება, რომ ჩვენთვის ეს იყოს დემოტივაცია, სასამართლოს გზითაც უნდა გვაჩვენონ: იცოდე, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქე ხარ და არ უნდა გაბედო… ეს გვაჩვენეს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ეს მოსამართლე იქნება თუ სხვა, თუნდაც დამაკავშირონ, რომელიმე სხვა ქვეყანასთან, ეს მე მოტივაციას ვერ დამიკარგავს.

დიახ, მისი დამოკიდებულება აისახა გადაწყვეტილებაშიც. არაერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენი სარჩელის მიზანი არის თანხის დისკრიმინაციული გაყოფა, რადგან ბიუჯეტში წერია, რომ ეს არის ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. ამ დროს მეორე მხარე სულ სხვა რამეზე საუბრობდა, რაც არ იყო ჩვენი დავის საგანი, ამიტომაც ჩვენთვის სრულიად გაუგებარი დარჩა მოსამართლის გადაწყვეტილება.

დიახ, ის დისკრიმინაციული და არაეთიკური იყო.

  • დემოტივაცია ახსენეთ. გულისხმობთ, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დათრგუნავს ადამიანებს, მათ განწყობებზე, ბრძოლის უნარიანობაზე უარყოფითად აისახება?

რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ორმაგი სტანდარტი მაინც არსებობს და სახელმწიფოს დონეზეც კი ჩვენ გვიყურებენ, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონეს. ეს ასუსტებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, ასუსტებს ეთნიკური უმცირესობების ნდობას, მათ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულს ამცირებს. საკუთარ თავს ყოველთვის დამცირებულად და  დაჩაგრულად ხედავს.

მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიმალოთ.

ვიდრე არ მოვიპოვებთ ჩვენს უფლებებს, თანასწორობას და სამართლიანობას, მანამდე ბრძოლას გავაგრძელებთ. ბრძოლის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა. თუ გაჩერდები, მართლა ჯობია წახვიდე სხვაგან, რადგან ძალიან რთულია უსამართლო პირობებში ცხოვრება.

ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ [სასამართლო გადაწყვეტილებას], თუ არ დააკმაყოფილებს უზენაესი სასამართლო ჩვენს სარჩელს, ევროპის სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ არ დავიღლებით და მოვიპოვებთ სამართლიანობას.

სამართლიანობას ერთ-ორ დღეში ვერ იპოვი ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, როგორ პირობებშიც არის სასამართლო სისტემა. შესაბამისად, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ [ბრძოლას].

  • როგორც ვიცი, აპირებთ მიმართოთ სახალხო დამცველს, რომ დადგინდეს მოსამართლის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა იმ კითხვების ნაწილში, რაც მან ეთნიკურობასთან დაკავშირებით დაგისვათ.

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, არ ვიცით, რის საფუძველზე დააკმაყოფილა მეორე მხარის მოთხოვნა, ამის შემდეგ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ… მოსამართლის არაეთიკურ ქცევაზე არამხოლოდ სახალხო დამცველს მივმართავთ, არამედ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩავრთავთ ამ პროცესში.

ამ მოსამართლეზე ვნახე სხვა ქეისებიც, ეს ის მოსამართლეა, რომელიც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას. ერთ-ერთ პროცესში კი მეორე მხარეს არ აძლევდა ლაპარაკის საშუალებას.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე წაიკითხეთ აქ.

პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე

ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება. ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული“, – აღნიშნულია ამავე დოკუმენტში, რომელიც სპეციალისტების ჩართულობით, შპს „ქოსთ დიზაინმა“ 2022 წელს მოამზადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.

ბათუმის კონცხი / 10.12.2022

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი, გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

ბათუმის კონცხთან 1999 წლის 14 იანვარს, ბათუმის დეზის აღმოსავლეთით, ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

ზღვის კანიონი ბათუმის კონცხთან. 1999 წელს დეზსა და იახტკლუბს შორის დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრი სიგანის პლაჟი მოწყდა ნაპირს და კანიონში ჩაიკარგა.
ბათუმის კონცხი / პლაჟი დეზის მიმდებარედ / 10.12.2022

„ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებული დოკუმენტიდან:
  • „აჭარის სანაპირო ზოლის ექსპოზიციამ, აქ გაბატონებული დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ტალღების მიმართ, განაპირობა მყარი ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის მოძრაობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, მდ. ჭოროხის შესართავიდან მდ. ნატანების შესართავის რაიონამდე.
  • აღნიშნული ნაპირგასწვრივი ნაკადი ახლო წარსულში თითქმის მთლიანად საზრდოობდა მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში გამოტანილი მყარი ნატანით, რომლის მოცულობა ბევრად აღემატებოდა იმავე ნაკადის ტევადობას.
  • მე-19 საუკუნის ბოლოს (1885-1892 წ.წ.) დაიწყო ბათუმის პორტის მშენებლობა. იმ დროისათვის ბათუმის კონცხს არ გააჩნდა ამჟამინდელი მკვეთრი მოხაზულობის ფორმა, ხოლო მისი დისტალური ნაწილი ჯერ არ იყო მიბჯენილი ბათუმის წყალქვეშა კანიონის სათავეებთან, ამიტომ სამხრეთიდან მოსული ნაპირგასწვრივი ნატანის ის ნაწილი, რომელიც კიდევ სცდებოდა კონცხს, იწვევდა პორტის აკვატორიის დასილვა-გამეჩხერიანებას.
  • ამის თავიდან ასაცილებლად კონცხის დისტალურ ნაწილში აშენდა 170 მეტრი სიგრძის მოლი, რამაც დააჩქარა კონცხის წინ წაწევის ბუნებრივი პროცესი. მოლის გასწვრივ ნაპირი გაიზარდა დაახლოებით 200 მეტრით, ხოლო წყალქვეშა ფერდის დახრილობამ მიაღწია მაქსიმალურს.
  • ბათუმის კონცხმა მიაღწია განვითარების ზღვრულ ფორმას და მიებჯინა ბათუმის წყალქვეშა კანიონს. ამის გამო ციცაბო წყალქვეშა ფერდზე ხდება დიდი მოცულობის ნატანის დაგროვება და შემდეგ მისი გადაადგილება დიდ სიღრმეებზე, რაც ხელს უწყობს წყალქვეშა ფერდზე მეწყრული პროცესების განვითარებას.
  • ბათუმის პორტის მოლების აშენების და ბათუმის კონცხის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბების შემდეგ პლაჟწარმომქმნელი მასალის გადაადგილება ნავსადგურის ჩრდილოეთით მდებარე ზღვის სანაპირო ზონაში მთლიანად შეწყდა – დაიწყო ქ. ბათუმის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზონის წარეცხვის პროცესი…“

ბათუმის კონცხის შესახებ [ამავე დოკუმენტიდან]

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 10.12.2022

„ბათუმის კონცხის დისტალური ნაწილი მეტად არამდგრადი წარმონაქმნია. ზოგადად, მუდმივად გროვდება მოტანილი მასალა კონცხზე და შემდგომ შესაბამისი მიმართულების ღელვებით, ეს მასალა იახტკლუბის შესასვლელის მიმართულებით გადადის, რის შედეგადაც ამ უბანზე ნაპირი მუდმივად წინ იწევა.

ნაპირის წინ გაწევას აქ ზღუდავს ბათუმის კანიონის სათავე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნაპირს.

როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში.

მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა. სანაპირო ხაზების შედარება გვიჩვენებს, რომ 2007-2009 წლებში, ნაპირის ხაზი, ორ დეზს შორის, შესაბამისად 54-40 მეტრზე იყო უკან დახეული 2015-თან შედარებით.

ამავე დროს დელფინარიუმის საკომპრესოროს წინ ნაპირის ხაზი 18 მ-ით წინ იყო გაწეული 2015-თან შედარებით.

დელფინარიუმის საკომპრესორო ბათუმის იახტკლუბთან / 10.12.2022

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იახტკლუბთან ხდებოდა მასალის დაგროვება და ნაპირის წინ წაწევა, საშუალოდ 2 მ/წელიწადში სიჩქარით.

მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობენ კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება.

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული.

მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.“

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 10.12.2022

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა, აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

____

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

 

ერთი ტენდერი ბათუმში 3 საბავშვო ბაღის ასაშენებლად და 1 სახლის გასამაგრებლად

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და ერთი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ბათუმის მერია ერთობლივად ყიდულობს. შესყიდვის ბიუჯეტი 6 მილიონ 176 624 ლარია.

სამი ბაღის მშენებლობას გეგმავდა მერია 2022 წელსაც, თუმცა სამივე შემთხვევაში  მიმწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყვიტეს. მხოლოდ 27 პროცენტით შესრულდა ბათუმში, ქათამაძის ქ. №38-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი. ბიუჯეტში დარჩა მილიონ 508 169 ლარი.

მერიაში განმარტეს, რომ შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები  ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევით აწარმოა.

იგივე მიზეზით მშენებელმა ბაგრატიონის #127-ში ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხიდან, მხოლოდ 953 775 ლარის ათვისება შეძლო, ბიუჯეტში დარჩა მილიონ 120 225 ლარი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გეგმა-გრაფიკით ვერ წარმართა დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. №7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაც.

ამჯერად ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ერთობლივად ყიდულობს ზემოთ ჩამოთვლილი სამი ბაღის მშენებლობისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს. გარდა ამისა იგივე ტენდერი  ხინიკაძის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებასაც ითვალისწინებს.

ტენდერით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით მიმწოდებელმა სამუშაოები  ყველა ობიექტზე ერთდროულად უნდა დაიწყოს.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადა კი 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2022 წლის 9 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღების საბოლოო ვადა 2023 წლის 3 იანვარია.

მთავარი ფოტო: ერთ-ერთი ბაღის პროექტის რენდერი

რომელი ბარათებით შეიძლება ბათუმის ავტობუსებში გადახდა და როდის აჭრის 80 თეთრს

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალ აპარატებს ამონტაჟებენ, თუმცა გადახდის წესი ჯერ არ შეცვლილა. არ იცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია.

ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი.

არის ერთი გამონაკლისი:

ახალი აპარატებით შესაძლებელია უცხოური ბანკების ბარათებითაც გადახდა, თუმცა, მგზავრს ბარათზე 30-ის ნაცვლად 80 თეთრი ჩამოეჭრება.

„როცა უცხოური ბანკის ბარათებით იხდიან, ეჭრებათ 80 თეთრი ბარათიდან, თუმცა მგზავრობის საფასური ამ შემთხვევაშიც 30 თეთრია. დამატებით 50 თეთრი კი მიაქვს იმ ბანკს, რომლის ბარათიცაა – ეს არის ბანკის მიერ ჩამოჭრილი მომსახურების თანხა. ეს 50 თეთრი „ავტოტრანსპორტს“ არ რჩება. თუ მაგალითად, ტურისტს არ სურს 80 თეთრის გადახდა, შეუძლია შეიძინოს ჩვენი ბარათები და იმით იმგზავროს 30 თეთრად“, – განმარტავენ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

2023 წლის იანვრიდან ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ.

„ქართული ბანკების ბარათების შემთხვევაში მგზავრობის საფასური ახალი წლიდან ისევ 30 თეთრი დარჩება და ასეთ ბარათებზე მგზავრებს დამატებით თანხა არ ჩამოეჭრება – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

 

ამავე თემაზე:

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

მოსკოვი ირანულ რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

უწყება ვარაუდობს, რომ ირანის დახმარება რუსეთისთვის მომავალ თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება: მოსკოვი ცდილობს, მიიღოს მეტი შეიარაღება, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა.

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. დიდი ალბათობით, ამის სანაცვლოდ, რუსეთი ირანს უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უწევს, რაც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“ – წერს დაზვერვა 10 დეკემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, რუსეთმა SS-26 „ისკანდერების“ საკუთარი მარაგი მთლიანად ამოწურა. ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც 500 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრზე გადატანა შეუძლია.

„თუ რუსეთი შეძლებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღების შევსებას, ამ რაკეტებს, სავარაუდოდ, გამოიყენებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო გასაფართოებლად,“ – ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

ირანიდან შეიარაღების მიღებაზე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინდელ სადაზვერვო ცნობარშიც წერდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა ირანისგან ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტია მიიღო.

დაზვერვის ეს ვარაუდი დაფუძნებულია კიევის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინაში პირველად გამოჩნდა ირანული წარმოების „შაჰედები“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 93 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370]
  • ტანკი – 2 940 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 917 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 927 ერთეული [+1]
  • MLRS – 397 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 603 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 535 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 167 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 341 თვითმფრინავი
  • 181 ვერტმფრენი
  • 2 647 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 392 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 049 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 926 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 672 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 534 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რატომ ლაპარაკობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ISW-ის შეფასება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

რატომ ლაპარაკობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ISW-ის შეფასება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გამოიყენოს მოლაპარაკებების თემა, რათა ერთმანეთს დააშოროს კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები და საკუთარ ძალებს აღდგენის საშუალება მისცეს – ფიქრობენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი წარმოაჩენს კიევს, როგორც „რეჟიმს“, რომელსაც კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკებები არ სურს. დიპლომატიის შესახებ საუბრებს პუტინი იყენებს როგორც საშუალებას, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების გამოსაწვევად.

„ის ცდილობს, მოლაპარაკებების ნებისმიერი ფანჯარა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსულ ჯარებს მისცეს ძალების აღდგენის შესაძლებლობა და შემდეგ გააგრძელოს ოპერაცია ისე, რომ უკრაინას ინიციატივა ჩამოართვას,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

თუმცა ექსპერტების აზრით, ისეთი შეთანხმების სწრაფად გაფორმება, რომელიც რუსეთის არმიას ზამთარში დასვენებისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა, ნაკლებსავარაუდოა.

„მოლაპარაკებები ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტაზე საბრძოლო მოქმედებების ყველა ზონაში დროს მოითხოვს. რუსეთი და უკრაინა კი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან საიმისოდ, რომ ამგვარ შეთანხმებას მიაღწიონ,“ – აღნიშნავს ISW.

ანალიტიკოსები დასძენენ, რომ პუტინი კვლავაც აშკარად მერყეობს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერასა და ომის მომხრე ნაციონალისტ ბლოგერების მოთხოვნებს შორის.

ISW-ის აზრით, პუტინი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს პოზიციას, რომლის დაკავებასაც ის მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა –  როდესაც მან თითქოს ყველაფერი იცის რუსეთში შექმნილ პრობლემებზე, თუმცა უშუალო პასუხისმგებლობა თავად მას არ ეკისრება.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსმა ჩინოვნიკებმა გაამკაცრეს არსებული კანონმდებლობა ქვეყნის შეიგნით განსხვავებული აზრის ჩასახშობად;
  • აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ რუსეთი უპრეცედენტო სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს ირანს ირანული წარმოების სამხედრო სისტემების სანაცვლოდ;
  • რუსეთი ჯარებმა თავდაცვითი საზღვრები მოაწყვეს სვატოვოსთან, რუსული და უკრაინული ჯარები კი  კრემინნასთან შეტევებს განაგრძობდნენ;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის მახლობლად;
  • რუსებმა, სავარაუადოდ, პოზიციები დაიკავეს ხერსონის დასავლეთით მდინარე დნეპრის ერთ-ერთ კუნძულზე;
  • უკრაინის სამხრეთში რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება და საბრძოლო განწყობაც უკრაინელთა დარტყმების შედეგად შესამჩნევად გაუარესებულია;
  • პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყებას.

თიხის ქართველი ოსტატი ესპანეთში

47 წლის თენგო გეგეჭკორი ბოლო წელია ესპანეთში ცხოვრობს, სადაც თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნას გეგმავს. თენგო საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში, თავიდან რუსეთში გადასახლდა დაუგეგმავად – საქართველოდან დასახმარებლად ჩააკითხა დედას, რომელიც იმ დროს რუსეთში მუშაობდა.

თენგოს დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ბავშვობის წლები უკრაინასა და საქართველოს შორის გაატარა. 24 წლისა უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მამასთან და თბილისში დასახლდა.

„მინდოდა კარგად მესწავლა ქართული და ამიტომ უკრაინიდან საქართველოში გადმოვსახლდი 24 წლის რომ ვიყავი. უკრაინა და საქართველო – ორი სამშობლო მაქვს ერთდროულად“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

თენგო შვილებთან ერთად

თენგომ თბილისში ცხოვრების წლებში მოსე თოიძის პროფესიულ სასწავლებელში მეთუნეობა, თიხაზე მუშაობა ისწავლა და მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცეოდა. უნდოდა კარგად ესწავლა ინდური და სპარსული ენები, ამიტომ პარალელურად თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტში ჩააბარა და გაცვლითი პროგრამით ერთი წლით ინდოეთშიც სწავლობდა.

თენგოს თბილისში მუსიკალური ბენდიც ჰყავდა, გიტარის, ბასის და ვიოლონჩელისგან შემდგარი „ფარფალია“, რაც მეგრულად პეპელას ნიშნავს.

ბენდი თენგოს სიმღერებს და ინდურ მანტრებს უკრავდა. თენგო ამბობს, რომ საკუთარ სიმღერებს სიამაყით არ იხსენებს, მაგრამ ბენდი მისთვის მეგობრობის, ურთიერთდახმარების და უანგარო ურთიერთობების ნათელი სივრცე იყო თბილისის ბნელ წლებში.

„ნიკუშა დავითაშვილი, გრიშიკა, გერმანელი ვოლფი, დათო ჭითანავა და მე – ეს იყო „ფარფალია“. მუსიკასთან აღარაფერი მაკავშირებს. მაგრამ ეს ადამიანები სამუდამოდ დარჩნენ ჩემს მეგობრებად, ახლა სხვადასხვაგან უკრავენ, ხშირად მწერენ, მიგზავნიან ვიდეოებს საქართველოდან და მუსიკა ისევ გვაერთიანებს. იმ რთულ წლებშიც მუსიკა იყო საშუალება, რომ გვემეგობრა“, – იხსენებს თენგო.

უნივერსიტეტში რომ დაამთავრა საქართველოში მერეც ძალიან რთული იყო ცხოვრება, 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში. ნორმალურ სამსახურს ვერ პოულობდა. მართალია, საყვარელი საქმე უკვე ჰქონდა, მაგრამ თიხის სახელოსნოში მუშაობით იმ დროს თბილისში თავს ვერავინ ირჩენდა.

„33 წლის ვიყავი და მრცხვენოდა, ისევ დედა მიგზავნიდა ფულს, სხვანაირად არ გამოდიოდა. ამიტომ გადავწყვიტე დედასთან წავსულიყავი და დავხმარებოდი“, – ამბობს თენგო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რთულ წლებში იცხოვრა, ამბობს, რომ როცა პირველი მობილური ტელეფონი იყიდა, პირველად საქართველოში დარჩენილი მეგობრების ძებნა დაიწყო სოციალურ ქსელებში.

„ახლა ესპანეთში ვცხოვრობ, კარგ და მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ სულ მენატრება ადამიანები, ვინც ძალიან ახალგაზრდას მიცნობდა, კარგი და ცუდი თვისებებით, ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ. საქართველოში დამრჩა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა წავსულიყავი, რომ რთული მდგომარეობა შემეცვალა“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ასე დაიწყო თენგო გეგეჭკორის ემიგრაციის გზა რუსეთისკენ. თავიდან გეგმავდა, რომ დედას დახმარებოდა მუშაობაში და მერე დაბრუნებულიყო, მაგრამ იქ მისი მომავალი ცოლი გაიცნო, სამსახურიც მარტივად იპოვა და რუსეთში დარჩა.

თენგო ამბობს, რომ მისი ცოლი ნახევრად ყირგიზია

„ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. ჩემი ცოლი ნახევრად ყირგიზია, ნახევრად ბაშკირი. მყავს სამი შვილი: აიუნა პირველი ცოლისგან, რომელსაც ხშირად ვერ ვნახულობ და ძალიან მენატრება ხოლმე. მეორე ქორწინებიდან მყავს გოგოები: დევიკა და ამალა, ბაშკირების შავი თვალები აქვთ, თმები კი მეგრელებივით ხორბლისფერი. რუსეთში ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს მინდოდა ჩემს შვილებს იქ გაეგრძელებინათ ცხოვრება, დამპყრობლები არიან რუსები: დაბომბეს ჩემი სამშობლო, საქართველო, ახლა მეორე სამშობლოს მიბომბავენ – უკრაინას, ქვეყანა, ენა წაართვეს ჩემი ცოლის მთელ ერს – ყირგიზებს. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა ხალხი ლაპარაკობს ბაშკირულდ გარუსების პოლიტიკის შედეგად. მიხარია, რომ საქართველო არ არის რუსეთის ნაწილი და იმედი მაქვს, არც არასდროს იქნება.

უკვე 47 წლის ვარ, ძალიან მინდოდა სადმე მელაპარაკა ჩემს მრავალფეროვნებაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ინდოეთზე, რომელიც შევიყვარე, ესპანეთზე, რომელმაც მომცა უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა, სადაც მზეა, ზღვაა და კარგი ხალხია.

ისე მოხდა, რომ ვიცხოვრე დიდ ხანს რუსეთში. იქ ქართველების თიხის სახელოსნოში ვმუშაობდი. მეც და ჩემ ცოლსაც გვინდოდა წავსულიყავით რუსეთიდან, მაგრამ მივხვდი, თუ მე არ დავიძვრებოდი, სულ იქ დავრჩებოდით. ბოლო წელია ესპანეთში წამოვედი და სახელოსნოს ვხსნი. მალე ბინას ვიქირავებ და ოჯახს აქ ჩამოვიყვან. ვოცნებობ ამ დღეზე, ჩემი პატარები მენატრებიან. მინდა მათი ბედნიერებისთვის ვიშრომო და ვიცხოვრო ქვეყანაზე.

ესპანეთში რუსული შოვინიზმის და ნაციონალიზმისგან დავისვენე. აქ არავინ დაგცინებს თუ ესპანურად აქცენტით საუბრობ, არავინ გეტყვის, რომ „ჩამოსული“ ხარ.

რუსეთში სულ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. ამ ომმა დაამტკიცა, რომ ასე არ არის. უკრაინა მოიგებს, საქართველო გადარჩება.

რუსეთის დაშლა გარდაუვალია, ვოცნებობ რომ ბაშკირებს, თათრებს, ბურიატებს, ყირგიზებსა და სხვებს, ვისი ტერიტორიებიც რუსეთმა მიიტაცა, დამოუკიდებლობა ჰქონდეთ.

ერთ რამეს ვცდილობ. მინდა ჩემმა შვილებმა ქართული კარგად იცოდნენ, მე მათთან მხოლოდ ქართულად ვსაუბრობ. ვცდილობ ბავშვებს ქართული ენის სითბო და სილამაზე ვაგრძნობინო, მგონი ამას ვახერხებ. როცა გარეთ ცივა და თოვს, გავდივართ ხოლმე გარეთ და „ქათქათა ფიფქებოს“ ვმღერით ერთად, მათი საყვარელი სიმღერაა.

არ ვთვლი, რომ ძალიან კარგი მამა ვარ, მაგრამ ცუდიც არ ვარ“, – ამბობს თენგო.

თენგო შვილებთან ერთად

ახლა ალიკანტეში ცხოვრობს და ესპანური მეთოდით სწავლობს თიხის დამუშავებას ადგილობრივ მეთუნეებთან. თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნასაც ალიკანტეში გეგმავს. ამბობს, რომ თიხის დამუშავების ესპანური მეთოდი ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო.

„მადლობელი ვარ თენგიზ მირზაშვილის, მამაჩემს ურჩიეს ჩამებარებინა კერამიკაზე, იქ მყავდა მასწავლებელი თენგიზ გობეჯიშვილი, სახელოსნოში რომ შევედი, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ძრავა იყო გადამწვარი და ფეხით ვატრიალებდი, მომწონდა ეს საქმე, ვცდილობდი, თიხას ვამზადებდი, თიხასთან დიდი კავშირი ვიგრძენი. თოიძეში ჩავაბარე „ჩუბჩიკას“ რჩევით“.

ყველგან, სადაც უცხოვრია: უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში თუ ესპანეთში, თენგო თიხაზე მუშაობდა. ამბობს, რომ ეს არის მისი ცხოვრების მთავარი საქმე, რამაც ბევრი კარგი ადამიანი გააცნო:

თენგოს ნამუშევრები

„თენგიზ მირზაშვილმა, „ჩუბჩუკამ“ უთხრა მამაჩემს, თენგოს თიხაზე მუშაობა ასწავლეო. მამა დამეხმარა ეს საქმე მესწავლა. თოიძის სასწავლებელში თიხაზე მუშაობას თენგიზ გობეჯიშვილი მასწავლიდა, სწავლის დამთავრების შემდეგ თიხის ძალიან ცნობილი ამომყვანი, ვანო გელაშვილი გავიცანი. ამ სამმა ადამიანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. როცა თიხაზე ვმუშაობ სულ მახსენდებიან. მადლობელი ვარ ამ მათი.

არ არის მარტივი საქმე. ხანდახან, როცა სახელოსნოდან სახლში ვბრუნდები, ზურგს ვერ ვგრძნობ, ვფიქრობ, მაქვს ზურგი ნეტა თუ აღარ-მეთქი, მაგრამ ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ხშირად მინახავს მასტერკლასებზე როგორ ტირიან ადამიანები თიხასთან პირველი შეხებისას.

იცით ეს რას ნიშნავს? ესე იგი მას წინა ცხოვრებაში რაღაც კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან, სულაც შეიძლება ამომყვანი იყო და უცებ იგრძნო წარსული. მე კრიშნაიდი ვარ და ასე ვხედავ“, – ამბობს თენგო.

თენგოს ნამუშევრები

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი.

„ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა კიდეც და გვითხრა, რომ მისი ბავშვები ქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ, დღეს, 9 დეკემბერს კი, საღამოს 6 საათის შემდეგ ვერც N11 ავტობუსში მოახერხა ასვლა და ვერც N13-ში:

„ბავშვებთან ერთად რთულია და ვერც მოვახერხე ავტობუსში ასვლა. ორი 11 ნომერი გავუშვი, შემდეგ გადმოვედი გორგილაძეზე და 13 ნომერიც გადავსებული იყო ხალხით“.

ხალხით გადაჭედილი N11 და N13 ავტობუსები ბათუმში / 9.12.2022 / მოქალაქის მიერ მოწოდებული ფოტოები

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ, როცა 65 ახალ ავტობუსს მიიღებენ და „ძველ“ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ, პარალელურად დაიწყება როგორც ძველი ავტობუსების ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ოთხი თვის წინ მოწოდებული ინფორმაციით, ავტოპარკში შემდეგი ავტობუსები აქვთ:

  • 60 ერთეული „ზონდა“ – ე.წ. ყვითელი ავტობუსები [რომლებიც მთლიანად ჩასანაცვლებელია];
  • 40 – „ისუზუ“ [ლურჯი, ახალი]
  • 40 – „ისუზუ ატამან“ [ლურჯი, ახალი]
  • 8 – ელექტროავტობუსი
  • 6 – „ბოგდანი“ [საგარეუბნო]

რაც შეეხება ახალი ავტობუსების ყიდვას:

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯი-თი გრუპმა“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის.

ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].

ამ თემაზე:

ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის

რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში და ხედავს საფრთხეს, რომ ზამთარში თუ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევას ვერ შეძლებს, რუსეთი გაზაფხულისთვის საომრად ისევ მოემზადება.

„უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში“, – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გვიმარტავს, უკრაინელების განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ბახმუტშიც როგორ გამოჩნდა: „9:1 – თან აქვს უპირატესობა რუსებს საარტილერიო საშუალებებში,“ – შენიშნავს და რუსებზეც გვიყვება, მას შემდეგ, რაც ამერიკული წესებით ომი არ გამოუვიდათ, მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკა გაიხსენესო.

„საცეცხლე კედელს აკეთებენ, 100-150 მეტრის მანძილზე უახლოვდებიან „ვაგნერის“ დანაყოფები, შემდეგ ცეცხლი გადააქვთ სიღრმეში და ისე შედიან ცეცხლის დარტყმის ადგილებში…“ – დასძენს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენ რამდენად ელით ზამთარში საომარი მოქმედებების გააქტიურებას? „იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის შემდეგ უკრაინაში ბრძოლის ტემპი იკლებს, საომარი აქტივობა, შესაძლოა ზამთრის განმავლობაში გაიზარდოს,“ – ასეთია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის ვარაუდი. 

ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ნიშნებს, რომ აქტიურობა გაიზრდება. ბახმუტთან ინტენსივობა ნამდვილად გაიზრდება, რადგან უკვე შემოგარენში არიან შესულები რუსები აღმოსავლეთ და სამხრეთის მიმართულებებიდან, უახლოვდებიან ქალაქს. ამავე დროს, უკრაინელებიც განაგრძობენ ბახმუტის აქტიურად დაცვას. საკრალური  სახე მიიღო უკვე ბახმუტმა, რომელსაც დიდი ოპერატიული და სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. რუსებს უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიონ რაღაცაში მაინც.

ზამთარში გააქტიურების დასაწყებად კი, აუცილებელია გადაადგილება და შეტევის ინტენსივობის გაზრდა. ბუნებრივია, ვგულისხმობ უკრაინელებს, თორემ რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა. ალბათ 10 – 15 დღე ყინვების დაჭერას დასჭირდება, რომ ნიადაგი გაიყინოს, ტექნიკის გადაადგილება უკვე ამ შემთხვევაში გაადვილდება.

ამავე დროს, ორი აზრი აღარ არსებობს, რომ ზამთარში ინტენსივობა გაიზრდება უკრაინაზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის კუთხით.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის აზრით, რუსეთმა უკრაინასთან შესაძლოა „ყალბი მშვიდობის“ მიღწევა სცადოს, რათა კონფლიქტი გაყინოს, უკეთ მოემზადოს და ხელახალი შეტევა დაიწყოს. NATO-გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიჩნევს, რომ ოპერატიული პაუზა 2022-2023 წლის ზამთარში უფრო რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს. რამდენად აჩვენებს ეს განცხადებები იმას, რომ დასავლეთი უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის პირობის შექმნას ზამთარშივე აპირებს.

გასაგებია, რომ არსებობს ამის სურვილი, მაგრამ მეორეა შესაძლებლობა. ფაქტია, რომ რუსეთს აწყობს ამ ომის საერთოდ გაყინვა არამხოლოდ ამ ზამთარში, არამედ ზოგადად. უკრაინას, ცხადია, ეს არ აწყობს, მაგრამ რამდენად მზად არის უკრაინა, ან რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდოს მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით ზამთარში? – შესაძლოა, ბლინკენს აქვს უფრო კონკრეტული მონაცემები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მე რასაც ვუყურებ, ამ სამ თვეს უკრაინა გამოიყენებს გაზაფხულზე მნიშვნელოვანი გარდატეხის მცდელობისთვის. ეს არ ნიშნავს ასევე იმას, რომ გარდატეხას უკრაინა აუცილებლად შეძლებს.

ზამთარში რომ აქტიურობა დაიწყოს უკრაინამ, რაღაც ნიშნები უნდა ჩანდეს ამისთვის, რაც არ შეინიშნება: მობილიზაცია, რეზერვების შევსება, შესაბამისი აღჭურვილობა. ამ მოცემულობაში, ბუნებრივია, უკრაინა ხალხს ვერ შეიყვანს ბრძოლაში და ვერ გაწირავს.

  • ამოსავალი ისევ კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაა დასავლეთიდან? 

არ ვიცი ზუსტად, როგორია უკრაინის სამობილიზაციო რესურსი, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხიც სჭირდებათ. როგორც წესი, სანგრიდან კონტრშეტევაზე ვერ წავა ადამიანი. კონტრშეტევისთვის დანაყოფი უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული, დასვენებული, აღჭურვილი და მოტივირებული. ეს უნდა მზადდებოდეს ახლა სადმე უკრაინის სიღრმეში, ან უცხოეთში. ამ დანაყოფების შემოყვანა მისცეს საშუალებას უკრაინას, შესაბამის შეიარაღებასთან ერთად, განახორციელოს ოპერატიული კონტრდარტყმა.

  • რა აღჭურვილობის მიწოდებაც არის დაანონსებული უკრაინისთვის, რამდენად შექმნის უახლოეს პერიოდში წარმატებული კონტრშეტევის პირობას? საუკეთესო შემთხვევაში, რა შეიძლება შეძლოს უკრაინამ? 

რაც მესმის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე, ეს არის ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ეს აღჭურვილობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ აღჭურვილობით უკრაინა კონტრდარტყმას ვერ განახორციელებს.

უკრაინას სჭირდება შეტევითი ჯავშანტექნიკა, შეტევითი შეიარაღება, რომელიც მას გამოადგება ღია ადგილზე ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებისას. ეს აღჭურვილობა ამ ეტაპზე უკრაინას არ აქვს.

  • მაგრამ დასავლეთი აქცენტს აკეთებს რისკზე, რომ რუსეთი ზამთარში შესაძლოა გაძლიერდეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გართულდება.

უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში.

ამის პარალელურად კი, იგივე ბახმუტში ჩანს, დააკვირდით 9:1 – თან აქვს უპირატესობა რუსებს საარტილერიო საშუალებებში. უკრაინას მინიმუმ 1:1-თან უნდა ჰქონდეს შეფარდება. ასე რომ, შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება უკრაინას. ასე, ჰაერიდან არაფერი ხდება.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთსაც ეწურება თავისი მარაგები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის ერთი კვირა აქვს სამყოფი მარაგი დარჩენილი, გერმანიას – ორი კვირის… სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წარმოება და ამუშავდეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, რაც თავის დროზე გაჩერებული იყო და ითვლებოდა მაინც, რომ ეს აღარ დასჭირდებოდათ. რამდენად სწრაფად გააკეთებენ ამას, ეს დაეტყობა ომსაც.

ეხმარებიან უკრაინას აქტიურად და გრძელდება ეს დახმარება, ეს ფაქტია. უკრაინაში უკვე გამოჩნდა თურქეთიდან მიწოდებული TRLG – 230, ეს M-270-ის ანალოგი და ჰაიმარსისგან განსხვავებით, მოძრავ სამიზნესაც კი არტყამს, თუმცა ამავდროულად რუსები იწყებენ ისევ ირანული შაჰიდების გამოყენება. ეს აჩვენებს, რომ ახალი მარაგები შეიძინეს, ახალი პარტია. შესაძლოა, თავადაც დაიწყეს წარმოება, არ ვიცი.

ჩემი აზრით, არ უჩანს ამ ომს მალე დასრულების ნიშანი. ჩემი მოლოდინი ესაა, რომ ორივე მხარე გამოიყენებს ამ სამ თვეს მომზადებისთვის, გაზაფხულზე კი, გამოჩნდება გარდატეხის ნიშნები, როგორც უკრაინელების, ისე რუსების მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გარდატეხას უკრაინელები შეძლებენ.

  • ღნიშნეთ, რომ ბახმუტთან ბრძოლამ საკრალური მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა თუ რუსები დამარცხდებიან ბახმუტთან, მათ სხვა ოკუპირებული ადგილების დათმობაც ხომ არ მოუწევთ? 

ჩემი აზრით, ბახმუტს რუსები არ დათმობენ. საუბარი არის იმაზე, უკრაინელები რამდენ ხანს შეინარჩუნებენ ბახმუტს.

აქ არის სწორად გადასაწყვეტი, რამდენად უღირთ ბახმუტი. პოლიტიკური ჩარჩოს რომ გამოვაცილოთ, მისი ოპერატიული მნიშვნელობა არცთუ ისე დიდია. კი ბატონო, იხსნება ბახმუტიდან ოპერატიული მიმართულებები, მაგრამ ამ მიმართულებებზე უკრაინელებს ისედაც მომზადებული აქვთ თავდაცვითი მექანიზმები. იგივე სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულება გაცილებით უკეთესად არის თავდაცვისთვის მომზადებული, ვიდრე თავის დროზე ბახმუტი იყო. იგივე არ უნდა მოუვიდეთ უკრაინელებს, რაც მოუვიდათ სევერნი დონეცკში – ზედმეტად მიახარჯეს თავისი შესაძლებლობები, შემდეგ კი, სიღრმეში გაუჭირდათ და ლისიჩანსკიც მიაყოლეს.

ჩემგან არ ესწავლებათ უკრაინელებს, თვითონაც კარგად ხედავენ: რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ბახმუტი რუსების დასასუსტებლად, მაგრამ იმავდროულად თვითონ არ უნდა შეეწირონ ბახმუტის დაცვას.

  • რა დონეზე ახერხებენ უკრაინელები ბახმუტში რუსების დასუსტებას?

ამ ეტაპზე ახერხებენ უკრაინელები რუსების დასუსტებას ბახმუტში, მაგრამ მთავარია თავად არ დაკარგონ ხალხი. აქ სწორი დაგეგმარებაა საჭირო და შესაბამისი გადაწყვეტილებაა მისაღები…

რუსებმაც რაღაც ისწავლეს წინა ბრძოლებიდან: ძლიერ საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ, ე.წ. საცეცხლე კედელს აკეთებენ, 100-150 მეტრის მანძილზე უახლოვდებიან „ვაგნერის“ დანაყოფები, შემდეგ ცეცხლი გადააქვთ სიღრმეში და ისე შედიან ცეცხლის დარტყმის ადგილებში. რუსები იყენებენ იმ მეთოდს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, ეს მორგებული იყო საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს. ეს უფრო კარგად ერგება ახლაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ვიდრე დასავლური მეთოდები.

  • რამდენად იმუშავებს უკრაინის სასარგებლოდ ის ფაქტორი, რომ სოლედარში ბევრი და კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციაა, სიმაღლეზეა და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, „სოლედარში უკრაინას საკმაოდ ძლიერი ბრიგადები ჰყავს, მათ შორის, ლეგენდარული 93-ე ბრიგადა „ხოლოდნი იარი“.

სოლედართან რუსების შესულები არიან ფაქტობრივად, მიწასთან არის გასწორებული… პირობითია ეს სიმაღლეები, გასაგებია, რომ ომში მცირედი ამაღლებაც სიმაღლედ ითვლება, რაც გარკვეულწილად არის უპირატესობა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმაღლე და მთა იქ არ არის. ზოგადად, სოლედარი უფრო მიღწევადია ამ ეტაპზე რუსეთისთვის, ვიდრე ბახმუტი, აქ უფრო კარგი ტემპით მიიწევენ წინ რუსები ბახმუტთან შედარებით. თანაც, ბახმუტი ქალაქია, 70 ათასი ადამიანი იყო, დღეს დაახლოებით 10 -15 ათასია დარჩენილი, სოლედარი კი, ბევრი პატარა დასახლებული პუნქტია.

  • ტაქტიკური უპირატესობა აქვთ ამ მიმართულებაზე რუსებს, მაგრამ სტრატეგიული ინიციატივა მთლიანობაში უკრაინელებსაა, ეს რას ცვლის ამ მოცემულობაში?

კონკრეტული ბრძოლაა ტაქტიკური დონე, სტრატეგიულ დონეზე კი, ომის დინამიკიდან გამომდინარე, უკრაინას აქვს სტრატეგიული ინიციატივა. დღეს უკრაინელები წყვეტენ, საითკენ შეუტიონ რუსებს. უშუალოდ, ბახმუტთან არის მხოლოდ განსხვავებული მოცემულობა – რუსები უტევენ უკრაინელებს.

დღეს რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი მასშტაბის შეტევის, გამოიყენებდნენ რუსების ასეთ ჩართულობას ბახმუტზე და სხვა მიმართულებებით განახორციელებდნენ დარტყმას, რაც ადრე გააკეთეს კიდეც, როცა ხერსონიდან გადაიტანეს ყურადღება ხარკოვის მიმართულებაზე და ხარკოვის შემდეგ ხერსონს დაარტყეს ისევ.

ამ ეტაპზე ჩანს ის, რომ უკრაინა თავის რესურსებს მაქსიმალურად თავს უყრის, ბახმუტი რომ დაიცვას.

ამ ეტაპზე ყურადსაღებად მიმაჩნია ბელარუსში რუსების დანაყოფების გაზრდა. ჩანს, რომ იქ ახალი დაჯგუფება იქმნება. ლუკაშენკო რამდენ ხანს გაფარჩხავს ფეხებს, არ ვიცი, მაგრამ ბელარუსიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას დარტყმისთვის. ეს  უკრაინის ძალების დამატებით დაქსაქსვას გამოიწვევს.

  • რას ამჩნევთ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებში? „ცოდვა გამხელილი სჯობს და აზოვის ზღვაც რუსეთის შიდა ზღვა გახდა… ჯერ კიდევ პეტრე პირველი იბრძოდა იმისთვის, რომ აზოვის ზღვაზე გასულიყო,“ – თქვან მან და ისაუბრა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც: „ჩვენ ჯერ ჭკუიდან არ გადავსულვართ, ძალიან კარგად ვიცით, რა არის ბირთვული იარაღი.“

ეს პოლიტიკური განცხადებებია, თუმცა მანიშნებელია, რომ აზოვის ზღვისა და ზაპოროჟიეს გასასვლელის დათმობას რუსები არ აპირებენ.

მეორეა ბირთვული იარაღი, რომლითაც რუსეთს შეუძლია ივაჭროს. დანარჩენი სოფისტიკაა მხოლოდ, სიტყვების რახა-რუხი.

საქართველოში დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავენ სწავლაში – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა დღეში საშუალოდ 0.3 საათს, ანუ 18 წუთს ხარჯავს სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.

კვლევა აჩვენებს, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო დღეში 0.3 საათი, ანუ 18 წუთია. ეს მონაცემი მცირედით აღემატება სოფლის მოსახლეობის იმავე მაჩვენებელს (0.2 საათი ანუ 12 წუთი).

„თბილისში მცხოვრები ქალები ოდნავ მეტ დროს ხარჯავენ სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, ვიდრე კაცები. სოფლებში კი სურათი საპირისპიროა“ – ვკითხულობთ კვლევაში.

მოსახლეობის მიერ სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო, მოსახლეობის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, საათი დღეში

კვლევის თანახმად, როგორც ქალებში, ასევე კაცებში სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად იკლებს – 24 წელზე მეტი ასაკის პირები სწავლაზე ცოტა დროს ხარჯავენ.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, კვლევა ამბობს, რომ 15-24 წლის ქალები სწავლაზე დღეში საშუალოდ ხარჯავენ 2.3 საათს, ხოლო კაცები დღეში საშუალოდ – 1.9 საათს.

თბილისსა და სხვა ქალაქებში ამ ასაკობრივი ჯგუფის [15-24 წლის] ქალები სწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ (ორივე ტიპის დასახლებაში – 2.5 საათი), ვიდრე კაცები (1.6 საათი და 1.9 საათი, შესაბამისად), ხოლო სოფლებში ახალგაზრდა კაცები შედარებით მეტ დროს ხარჯავენ სწავლაზე (2.1 საათი), ვიდრე ახალგაზრდა ქალები (1.9 საათი).

დახარჯული დროის ნახევარი ფორმალურ განათლებას ეთმობა, ხოლო მეორე ნახევარი საშინაო დავალების მომზადებას ან ფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.

25 წლის შემდეგ სწავლის დრო მცირდება დაახლოებით 0.1 საათამდე და კიდევ უფრო ნაკლებია კაცების შემთხვევაში.

როგორც აღმოჩნდა სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებზე ყველაზე დიდ დროს უმუშევარი მოსახლეობა ხარჯავს. უმუშევარი და არასრული დროით დასაქმებული კაცები სწავლას დღეში უთმობენ – 0.2 საათს ანუ 12 წუთს; უმუშევარი ან არასრული დროით დასაქმებული ქალების მიერ ამ აქტივობაზე დღეში 0.3 საათი ანუ 18 წუთი იხარჯება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.

კვლევის თანახმად ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა დროის 49 პროცენტს ხარჯავს აუცილებლობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილება, ძილი, კვება, პირადი ჰიგიენა და ა.შ.), 16 პროცენტს – ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (ანაზღაურებადი სამუშაო, რეგულარულ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და ა.შ.), 12 პროცენტს – ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე (აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვის მომსახურება, მოხალისეობრივი საქმიანობა და ა.შ.) და 23 პროცენტს – თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე (დასვენება, სოციალიზაცია და ა.შ.).

ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე ქალები კაცებზე დაახლოებით ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ხოლო ხელშეკრულებებთან და თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე უფრო მეტ დროს კაცები ხარჯავენ.

ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე კაცების მიერ დახარჯული დრო თითქმის ორჯერ აღემატება ქალების მიერ დახარჯულ დროს.

თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე კაცები დროის 27 პროცენტს, ხოლო ქალები დროის 21 პროცენტს ხარჯავენ. ვალდებულებებთან დაკავშირებულ აქტივობებზე დახარჯული დროის წილი ყველაზე დაბალი (10.9 პროცენტი) 15-24 წლის ქალებშია, ხოლო ყველაზე მაღალი (23.4 პროცენტი) 25-44 წლის ქალებში, რაც რეპროდუქციულ ასაკს შეესაბამება.

კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ჩაატარა. ეს პირველი დროის გამოყენების პირველი კვლევაა საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება.

გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10-წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.

ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად სამუშაოებს ქალაქის მერია 2023 წლიდან დაიწყებს. სამუშაოები, ძირითადად, KfW ბანკის სესხით და ქალაქის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები [ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ფაზა V]. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი, ხოლო 2 მილიონი ევრო გრანტი“.

„V ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემები მოეწყობა“, – აცხადებს ქალაქის მერია.

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, V ფაზის ფარგლებში დაგეგმილია:

„ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება; ა და ბ სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია; აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება; ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა; მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა; ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია; ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.“

ამ სამუშაოებისთვის კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 80 მილიონი ევრო დაიხარჯება: 53 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხი KFW ბანკიდან, 25 მილიონი ევრო – თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან და 2 მილიონი ევრო თანმდევი მომსახურებისთვის – გრანტი KFW ბანკიდან.

თანადაფინანსების თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან მერიას შემდეგნაირად აქვს გადანაწილებული:

  • 2023 წელს – 3,5 მილიონი ლარი [პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახდელების თანადაფინანსება; KfW ბანკთან შეთანხმების შესაბამისად პროექტის დამატებითი თანადაფინანსება],
  • 2024 წელს – 8,5 მილიონი ლარი,
  • 2025 წელს – 32 მილიონი ლარი,
  • 2026 წელს – 32 მილიონი ლარი.

მერიის გათვლებით, უშუალოდ 2023 წელს დაგეგმილია:

  • საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება – აღმასრულებელ კონსულტანტთან
  • სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მინიმუმ ერთი დიზაინის მომზადება
  • სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; ტენდერის ჩატარება და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

თუ ეს ყველაფერი მერიამ მოახერხა 2023 წელს, სამუშაოები შემოერთებულ ტერიტორიებზე, დიდი ალბათობით, 2024 წელს დაიწყება.

ბათუმის მერიაში დღეს გვითხრეს, რომ დაგეგმილი სამუშაოების დაწყება-შესრულება დამოკიდებულია თანხის ბათუმის ბიუჯეტში გადმორიცხვისა და სხვადასხვა [მათ შორის სატენდერო] პროცედურებზე.

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები 2024 წელში დასრულებული უნდა ყოფილიყო.

შესაბამისი თანხაც – 60 მილიონი ევრო – გამოყოფილი იყო [მერიას სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის ბოლო კვარტალში უნდა გამოეცხადებინა, სამუშაოები კი, იმდროინდელი გეგმით, 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც უნდა გაგრძელებულიყო.]

თუმცა, 60 მილიონ ევროზე KfW-თან დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ 2020 წელს გააუქმა.

ხელშეკრულების გაუქმებას მაშინ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანიც დათანხმდა, თუმცა რატომ? – ამ კითხვაზე მერიაში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად პანდემია დაასახელა:

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მინიმუმ 12 წელია, რაც აღნიშნული პროექტის დაწყებას ელიან.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამავე თემაზე:

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

ისწავლე ევროპაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ წარმოგიდგენთ ორი უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს:

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთშიAUBG აცხადებს მიღებას 2023 აკადემიური წლისათვის 23 სხვადასხვა ძირითად და მეორად საბაკალავრო პროგრამაზე სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

– უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

– სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ ორი დიპლომი – ამერიკული და ევროპული.

უნივერსიტეტში განაცხადის გაგზავნის პრიორიტეტული ვადებია:

  • 2022 წლის დეკემბრის ბოლო, ვისაც უფასო ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება სურს,
    რომელსაც უნივერსიტეტი უტარებს AUBG-ში სწავლის მსურველებს;
  • 2023 წლის 1 მარტი – ადრეული მიღებისთვის, უკეთესი სტიპენდიისა და ფინანსური
    დახმარებისათვის;
  • 2023 წლის 1 ივნისი – რეგულარული მიღებისა და ფინანსური დახმარებისათვის.
  • გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის დაწყების მსურველთათვის განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი.
  • უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს როგორც სასწავლო გრანტებს, ასევე ფინანსურ დახმარებას, სხვადასხვა სახის ტიპენდიებს/სქოლარშიფებს და საბანკო სესხებს.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ (12) კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.

ცენტრალური ვეროპის უნივერსიტეტი (ვენა, ავსტრია)CEU გთავაზობთ 3 საბაკლავრო და 50 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში. თქვენ შეგიძლიათ განაცხადის გაკეთება ბაკალავრის საფეხურზე სამივე პროგრამაზე, მაგისტრატურაში კი მაქსიმუმ 5 სხვადასხვა პროგრამაზე მიუხედავად თქვენი საბაკალავრო განათლებისა.

CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იმიტომ რომ ყველა ხარისხს, რომლებსაც უნივერსიტეტი ანიჭებს სტუდენტებს (ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის) აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში.

  • უნივერსიტეტი, საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს, თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს.
  • საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ
    გაცვლით პროგრამაში მსოფლიოს  სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში.
  • ის არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სტუდენტები მუშაობენ მსოფლიო დონის მკვლევარების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.

– უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

– განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საგანცხადო ფორმის შევსებამდე უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია და შევასოთ My CEU Enquiry form.

დეტალური ინფორმაციისა და წინასაწრი რეგისტრაციისათვის საჭირო ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტებს  წარმოადგენს საქართველოში) ფეისბუქ გვერდებზე: Center for International Education – Tbilisi, Access CEU – Georgia page ან American University in Bulgaria Georgia Office . ასევე ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართებზე: cie@osgf.ge ან natia@osgf.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე 577401674.

რატომ გვტკივა წელი და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

დაჭიმულობა და ტკივილი წელის არეში შესაძლოა უხერხულმა მოძრაობამ, მძიმე ნივთის აზიდვამ ან სულაც სიცივემ გამოიწვიოს. თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში ეს სწორედ ხერხემლის პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს მცდარად, მხოლოდ „ძვლოვან სტრუქტურად წარმოუდგენია“.

  • ბატონო ნუგზარ, რატომ გვტკივა წელი?

პირველ რიგში, მაინც მივდივართ იქითკენ, რომ წელის ტკივილის ძირითადი მიზეზი არის ხერხემლის სვეტის დაზიანება, მაგრამ თავად ხერხემლის სვეტი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა. ეს არის ძვლოვანი სტრუქტურა, რომელსაც იჭერს მისი კუნთები და ასევე, შემაერთებელი ქსოვილი, ყვითელი იოგები და კუნთები, მალთაშუა დისკი, რომლის პულპოზური ბირთვის დაზიანების ძირითადი გამოვლინებაც არის წელის ტკივილი და მალების სახსრები.

უხშირესად წელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი არის, რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვა, უხერხული მოძრაობა, ჭარბი წონა და კუნთების გადაციება.

ხშირად, პაციენტები, რომელთაც ტკივილი ეწყებათ, მიზეზს თირკმელში ეძებენ და თავიდან უროლოგს მიმართავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, შარდკენჭოვანი დაავადებაც იწვევს წელის ტკივილს, მაგრამ ის ცოტა განსხვავებული ტკივილია, მაგალითად: ძლიერი, მკვეთრი ტკივილი გვერდებსა და უკან, ნეკნების ქვემოთ, ტკივილი ტალღებად, რომლის ინტენსივობაც იცვლება, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს და სხვა.

  • როგორი ტკივილი ახასიათებს ხერხემლის სვეტს წელის არეში?

როცა ტკივილი წელის არეში აღმოცენდება სიმძიმის აღების, რაიმე მანიპულაციის ან შემცივნების შემდგომ, ამ შემთხვევაში ტკივილის სინდრომი არის ძალიან მაღალი, ის იწყება წელის არეში, კუნთები იჭიმება, პაციენტი შეიძლება გაშეშდეს ერთ პოზაში [ე.წ. წელკავი] და ვეღარ გაექანოს, ვერ დაჯდეს, ვერ ადგეს, რადგან ნებისმიერი მოძრაობა იწვევს ტკივილის მომატებას. ასეთი ტკივილი რთული დასათმენია.

თუ ასეთ შემთხვევაში წამალი თავის დროზე არ გაკეთდა, ტკივილის სინდრომი იქნება ძალიან მაღალი დონის.

შესაძლოა წელის არეში პაციენტს ჰქონდეს ქრონიკული, მუდმივი ტკივილი, მაგრამ ხან დაბალი, ხან მაღალი ინტენსივობის, რომელიც წამლის მიღების შემდეგ იკლებს. ასეთი ტკივილით წლობით დადის ხალხი, თუ პაციენტი სიმძიმეს არ აზიდავს, წონაშიც არ მოიმატებს ძალიან, ასეთ შემთხვევებში თიაქარი არ ყალიბდება.

წელის ტკივილი, რომელიც არ გადადის ქვემო კიდურებში, არ იწვევს ქვემო კიდურების ტკივილს, ნერვული ფესვების დაზიანებას და ა.შ., არის ყველაზე იოლი გამოვლინება.

  • სიმძიმის გამო კუნთის დაჭიმვა გასაგებია, მაგრამ კუნთების გადაციებისას რა ხდება?

კუნთის გადაციება იწვევს კუნთის შეკუმშვას, მის დაჭიმვას, რის გამოც ამ კუნთებში მდებარე ნერვული დაბოლოებები განიცდიან ზეწოლას, ამის გამო იკვრება ე.წ. მანკიერი წრე – როგორც კი ნერვი გაღიზიანდება, ესე იგი, კუნთი უნდა შეიკუმშოს, შეიკუმშა კუნთი – უფრო მეტად გაღიზიანდა ნერვული დაბოლოება. ასეთ შემთხვევაში ტკივილის სინდრომი მატულობს და კუნთების, მისი შემაერთებელი აპარატის, ყვითელი იოგების დაჭიმულობა იწვევს დამატებით მალთაშუა დისკის ირგვლივ ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებასაც.

შემოდგომასა და ზამთარში წელს სჭირდება მოფრთხილება, მიზეზი შეიძლება გახდეს ორპირი ქარიც, კონდიციონერის ზეგავლენა.

ანუ ცივი ჰაერის ზემოქმედების ან ცივი ობიექტის, მაგალითად, ქვის/რკინის კედელზე მიყრდნობის შედეგად აღმოცენებული ტკივილი, კუნთებისა და ნერვის გადაციების ერთ-ერთი გამოვლინებაა.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს წელის ტკივილი და როდის მივმართოთ ექიმს?

ამ ტკივილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და მკურნალობის კურსზე.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი მკურნალობის საწყის ეტაპზე – პირველ და მეორე დღეს შეიძლება რაღაც ეფექტი მივიღოთ, მაგრამ თუ მკურნალობა არ გაგრძელდა 7-10 დღის განმავლობაში და მკურნალობას შევწყვეტთ იმის გამო, რომ აღარ გვაქვს ტკივილის სინდრომი, ის განახლდება, იმიტომ, რომ ეს არის არაინფექციური ბუნების ანთების გამოვლინება კუნთებში, ანთებითი პროცესი 1 და 3 დღეში არ გადის, მას აქვს თავისი მკურნალობის მეთოდი.

თუ 5 დღის შემდეგ ვერ მივიღეთ ეფექტი და ტკივილი გაგრძელდა, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, კერძოდ, ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს არის უნივერსალური გამოკვლევა, სადაც კარგად ჩანს ძვლოვანი სტრუქტურაც, რბილქსოვილოვანი სტრუქტურა, კარგად ჩანს მალთაშუა დისკი, ფესვები, ნერვული სისტემა და ჩვენ კარგად ვხედავთ, არის თუ არა ზეწოლა ფესვზე, რა დონის ზეწოლა არის მასზე ან რა დონეზე არის მალთაშუა დისკი დაზიანებული.

  • როგორია ამ დროს პირველადი დახმარება და რამდენად უსაფრთხოა თვითმკურნალობა?

როგორც წესი, ასეთი ტკივილის დროს მოსახლეობა იწყებს თვითმკურნალობას, მეზობლების, ახლობლების გამოცდილების მიხედვით, მათ შორის, იკეთებენ ნემსსაც, რაც არ არის რეკომენდებული.

პირველი დახმარება ასეთი ტკივილისას არის წელის შალით შეხვევა, სითბო და ამასთან ერთად შეგიძლიათ ყოველგვარი გართულების გარეშე გამოიყენოთ სხვადასხვა მალამო, თერმო-კრემები, მაგრამ მედიკამენტების მიღება/ნემსის გაკეთება, მეზობლის, ნაცნობის გამოცდილებით, ექიმის გარეშე არ შეიძლება.

მაგალითად, წამალს, რომელიც ამ დროს გამოიყენება და განსაკუთრებით უხდება ნერვულ დაბოლოებებს, ფესვს, ნერვს, აქვს ძალიან დიდი გამაღიზიანებელი ეფექტი კუჭ-ნაწლავზე. თუ ადამიანს აქვს კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი, სხვა წყლულოვანი დაავადება, შეიძლება ეს წყლული გაურთულდეს სისხლდენით, რაც შემდგომში დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანს. ამიტომაც არის, რომ მის გაკეთებამდე საჭიროა კუჭის დამცავის მიღება.

ამ დროს გამოიყენება ჩვეულებრივი გამაყუჩებლებიც, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი ეფექტი, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის შედეგად გამოიყენონ არა ჰორმონული ან ჰორმონული სტეროიდები, მიორელაქსანტები, რომლებიც კუნთებს ადუნებს.

როცა პაციენტს ტკივილი უხანგრძლივდება 5-ზე მეტი დღე, აგრძელებს თვითმკურნალობას მედიკამენტებით, რომლებიც არც ისე იაფია და თან შედეგი არ ჩანს, ვურჩევთ, რომ გაიკეთონ ე.წ. ბლოკადა.

ბლოკადა არის მათთვის, ვისაც აქვს ტკივილის სინდრომი წელის არეში, ის არის ძვირი, მისი მოქმედება 6-8 თვეა, ზოგს კი წელიწადი, წელიწად-ნახევარი ჰყოფნის, თუ რაიმე მძიმე არ ასწია.

  • რა პროცედურაა ბლოკადის დაყენება?

ეს არის ეპიდურალური ბლოკადა და ნევრალური ხვრელის ბლოკადა, რომელიც კეთდება, რა თქმა უნდა, საოპერაციოში, რენტგენის კონტროლქვეშ.

თუ მედიკამენტური მკურნალობა 5-7 დღის შემდეგ არ გვაძლევს შედეგს, გამოკვლევის შემდეგ კეთდება ეს პროცედურა. ხერხემალში წვეტიან მორჩებს შორის ხდება ნემსით შესვლა, თვითონ ხერხემლის არხში, მაგრამ ამ დროს არ ხდება შეხება ფესვებთან, ზურგის ტვინთან, ეს კეთდება რენტგენის კონტროლქვეშ, ამ დროს გამოიყენება სპეციალური მეთოდები, მაგალითად, საკონტრასტო ნივთიერება, რომლის დახმარებითაც ვხედავთ, სად ვიმყოფებით.

პაციენტები ინტერესდებიან ხოლმე – ბლოკადა გამაყუჩებელია თუ სამკურნალო. საქმე ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ გამაყუჩებელი ნემსი, ის პრეპარატები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, მუშაობენ ნერვის შეშუპების მოსახსნელად, სისხლის მიმოქცევის აღსადგენად ფესვში და მუშაობენ ძალიან კარგად.

  • როგორია პროფილაქტიკა ჯანმრთელი წელის შესანარჩუნებლად?

ნაკლები მოძრაობა ან უმოძრაობა იწვევს კუნთების მოდუნებას და ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი შემდეგ განვითარებული პრობლემებისა, ამიტომ ადამიანი უნდა იყოს აქტიური.

გარდა ამისა, ოსტეოქონდროზი მაინც არის ქრონიკული დისტროფიული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხერხემალში, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დღეს იმუნურ სისტემას და იმას, თუ როგორ იკვებება ადამიანი, რომ კვების რაციონი იყოს კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი.

შემდგომი არის წონის კონტროლი, რომ არ მოვიმატოთ წონაში და არ გაიზარდოს ზეწოლა ხერხემალზე.

ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომელთაც ხშირად უწევთ სიმძიმის აზიდვა, ყურადღება მიაქციონ ამ პროცესს, ყველაფერს აქვს თავისი წესი, ზედმეტი გადახრით აღებული სიმძიმე ძალიან დიდ და არასწორ ფიზიკურ დატვირთვას ახდენს ხერხემლის შემაკავშირებელ აპარატზე, ყვითელ იოგებზე, კუნთებზე და შეიძლება, მალთაშუა დისკი დაზიანდეს.

ასე, რომ ფიზკულტურა, ცურვა, წონის კონტროლი და სიმძიმის აზიდვასთან სიფრთხილე – ეს არის მთავარი პროფილაქტიკა.

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ფული სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72093,37  ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

„საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 279894, 32 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში – 27989,432 ლარით დაჯარიმდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სარფის საბაჟოზე / ფოტო: შემოსავლების სამსახური

სოფლების ამბულატორიები ჯანდაცვის ჰოლდინგის მართვაში გადადის

სოფლის ექიმის მომსახურება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში გადადის. ამბულატორიები და მასთან დაკავშირებული ქონებაც ჰოლდინგის ბაზაზე უნდა გადავიდეს – სიმბოლურ ფასად 1 ლარად ამ ქონებების გადაცემის მოთხოვნით მუნიციპალიტეტებს ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს, მათ შორის არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

შესაბამისი შინაარსის განკარგულების პროექტი, მაგალითად, ხელვაჩაურის მერმა საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გადაუგზავნა.  პროექტის მიხედვით, მერია ჰოლდინგს 8 ამბულატორიას და მასთან დაკავშირებულ ქონებას გადასცემს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ჰოლდინგი ამბულატორიების გადაცემის შემთხვევაში მათ რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში კი ახალი შენობების მშენებლობას გეგმავს, თუმცა ამისთვის ჯერ სახსრები უნდა მოიძიოს.

პირველადი, გადაუდებელი ჯანდაცვის სისტემის ერთი ჰოლდინგის მართვაში გაერთიანების გადაწყვეტილებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნიან.

ჰოლდინგს ჯაბა სირბილაძე ხელმძღვანელობს.  მანამდე ის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო.

სამინისტრო პედაგოგების ხელფასზე კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, პოსტების რეკლამაში $6 ათასს ხარჯავს

რატომ ვერ იღებენ პედაგოგები სტატუსის სრულ დანამატს და რატომ აისახება საათების რაოდენობა დანამატის მიღებაზე, მაშინ, როცა სტატუსის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ ხელფასი გაეზარდოთ, პედაგოგებს პროფესიული გამოცდების ჩაბარება უწევთ?

ეს და სხვა კითხვები თავად მასწავლებლებს აქვთ და ამაზე სოციალურ ქსელშიც წერენ ხოლმე ღიად. ამბობენ, რომ კითხვებს სამინისტროსაც უსვამენ, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. საქართველოს კანონმდებლობით ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეიძლება რამდენიმე გზით – მათ შორის სამინისტროს შეუძლია ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხოს უწყების ოფიციალურ გვერდებზე, თუმცა სამინისტროს ეს ფუნქცია გვერდზე დამატებული არ აქვს. 

განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდის დათვალიერებით კი ჩანს, რომ უწყება ძირითადად მინისტრის ვიზიტებს არეკლამებს. 

განათლების მინისტრმა ფეისბუქზე რეკლამაში ბოლო ორ წელიწადში 6 175 დოლარი დახარჯა. დაფინანსებული პოსტები ძირითადად მინისტრის უცხოეთში ვიზიტებსა და საზეიმო ღონისძიებებს ასახავს.

განათლების სამინისტრო არც მედიისთვისაა ღია, მათი ურთიერთობა მედიასთან ძალიან ხშირად ერთი სიტყვით შემოიფარგლება – „მოგვწერეთ“.

უწყება თითქმის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე დუმილს ამჯობინებს და ძირითადად მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან სოციალურ ქსელებში დაფინანსებული პოსტებით შემოიფარგლება.

მაგალითად, ორი დღეა ცდილობს „ბათუმელები“ განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლისგან მიიღოს პასუხები კითხვებზე მასწავლებლების ხელფასების ზრდის პრინციპთან დაკავშირებით, თუმცა ორივე უწყება თითს ერთმანეთისკენ იშვერს და მედიასთან საუბარზე უარს ამბობს.

სამინისტროსთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, ხომ არ გადახედავს სახელმწიფო ამ პოლიტიკას მომავალში, ხომ არ აპირებს სახელმწიფო გაზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი და ამით მაინც გაათანაბროს დღეს არსებული დისბალანსი. ან თავის დროზე რატომ გადაწყვიტეს, რომ სტატუსიანი მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს სრული დანამატის მიღებას, თუ ფლობს 15 საათს ან მეტს სკოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ოფიციალური კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.

 

განათლების სამინისტროს პოსტების რეკლამები ფეისბუქში

2021 წლის მონაცემებით, უფროსი მასწავლებლისათვის სტატუსის დანამატი განისაზღვრება 670 ლარით, წამყვანი მასწავლებლისათვის – 1050 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი 1350 ლარს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 15-ზე მეტი საათი  ექნება. სკოლებში მასწავლებლის საბაზო ხელფასის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განათლება აქვს პედაგოგს და მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის, რომელსაც აქვს მაგისტრის დიპლომი და 15-წლიანი მუშაობის სტაჟი,  მინიმალური ხელფასი 548 ლარი იქნება, სხვა შემთხვევაში – 400 ლარი.

პედაგოგი სტატუსის დანამატს იმ შემთხვევაში აიღებს სრულად, თუ მას 15 ან მეტი საათი აქვს.

მასწავლებლების თქმით, მიდგომა არასამართლიანია და ანაზღაურების სისტემა უნდა შეიცვალოს.

________________________

მსგავს თემაზე:

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი

„თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ,“ – ეს კანონპროექტის ჩანაწერია, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი „სტამბოლის კონვენციის“ შესაბამისად ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით უკვე იმსჯელა.

ცვლილებების მიხედვით, ქალმა შეიძლება თავშესაფრით სარგებლობა მაშინაც ითხოვოს, როცა ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. თავშესაფრის ადმინისტრაცია კი, სპეციალური კრიტერიუმებით დაადგენს, საჭიროა თუ არა ეს.

„მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნისას, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან [ანუ, მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნის ღონისძიებები] თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების/სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ,“ – აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებებში.

ამავე ცვლილებების მიხედვით, თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსების ვადა 3-დან 4 თვემდე იზრდება. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.

———–

2014-დან 2022 წლის ჩათვლით საქართველოში 186 ქალი მოკლეს, 129-ჯერ კი, ქალის მკვლელობა სცადეს.

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური.

ქალთა მკვლელობის მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ფემიციდის მუხლის შეტანის ინიციატივას პარლამენტი წლებია მხარს არ უჭერს. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2014 წელს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიას ჰქონდა.

2017 წელს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ „რესპუბლიკელების“ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ფემიციდი ისეთ მკვლელობას აღწერს, რომლის მსხვერპლიც ქალია და „რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით“.

ამ თემაზე:

ქალთა მოძრაობა კანონში ფემიციდის განმარტებას ითხოვს – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

 

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი საზარბაზნე ხორცად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დონბასში გენოციდი სწორედ დასავლეთმა წაახალისა, ახლა კი უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებისადმი ვიდეომიმართვაში პუტინი ეკონომიკური სანქციების გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას.

მისი თქმით, დასავლეთი აწესებს „უკანონო ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს“, „აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში“ და „ცდილობს მისთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობას“.

„მათი მოქმედების მძიმე შედეგებს ვხედავთ ახლა უკრაინაში. წლების განმავლობაში დასავლეთი ურცხვად უწევდა ექსპლუატაციას მის რესურსებს. წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში. ფაქტობრივად, კოლონიად აქცია ეს ქვეყანა და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს, როგორც საზარბაზნე ხორცს და ტარანს რუსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი, რომელიც განაგრძობს უკრაინისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას და იქ „დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის“, უკრაინას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

________________

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მორიგი, მე-9 პაკეტი დაუწესა.

ევროკავშირი კრძალავს რუსეთისთვის დრონების/უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას; დრონების ექსპორტი იკრძალება ირანშიც, – რომელიც რუსეთს ამ იარაღით ამარაგებს, – და აკრძალვა ასევე ეხება „მესამე ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა დრონები რუსეთს მიაწოდონ“

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პაკეტი ასევე მოიცავს „ექსპორტის კონტროლს, – განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელს, რომელსაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო მანქანა იყენებდეს“.

უკრაინამ რუსეთში აეროდრომებს მოდიფიცირებული საბჭოთა დრონებით დაარტყა – Politico

ორ რუსულ სამხედრო ავიაბაზას – „დიაგილევოსა“ და „ენგელსს“ უკრაინამ 5 დეკემბერს მოდიფიცირებული საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატებით – „სტრიჟებით“ დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყაროების ცნობით, რუსულ ავიაბაზებზე თავდასხმისთვის უკრაინამ მის მარაგებში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები Ту 141-ები გამოიყენა.

როგორც Politico აღნიშნავს, ეს ხაზს უსვამს უკრაინის თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობებს და ასევე, იმ ფაქტს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე თავდასხმა შეუძლია.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს, ამბობს, რომ წარმატების მთავარი ფაქტორი მოულოდნელობა იყო – „რუსეთი მსგავსს არაფერს ელოდებოდა“.

Politico დასძენს, რომ უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა 1000 კილომეტრზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე, თუმცა წარმოების დეტალებს არ ახმაურებდა.

ოქტომბერში კომპანია „უკრობორონპრომმა“ განაცხადა, რომ ამ საქმეში „რამდენიმე პატარა შტრიხიღა“ იყო დარჩენილი.

Defense Express-ის ინფორმაციით, Ту 141 „სტრიჟი“ 70-იანი წლების დრონია, რომელსაც 10 მეტრამდე დაბალ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია, მისი ფრენის მანძილი კი 1000 კილომეტრია.

გამოცემის ვარაუდით, საბჭოთა Ту 141 „სტრიჟი“ და Ту 143 „რეისი“ ახალი სანავიგაციო აპარატურით აღჭურვეს.

„ლაპარაკია ამ საბჭოთა უპილოტო აპარატების სახმელეთო ბაზირების თანამედროვე ფრთოსან რაკეტებად გადაკეთებაზე,“ – წერს Defense Express-ი.

_________________

5 დეკემბერს კრემლისტურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქებები მოხდა რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე, რიაზანთან და სარატოვის ოლქში.

ინციდენტების დროს ენგელსის ბაზაზე ორი ბომბდამშენი – Tu-95 დაზიანდა და რუსული წყაროების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, დიაგილევოს აეროდრომზე კი – ნავთობმზიდი აფეთქდა.

„დიაგილევოსა“ და „ენგელსზე“ თავდასხმაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.

უკრაინის ხელისუფლებას ინციდენტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში კი განაცხადეს, რომ ყველაფერი, რაც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება „აგრესორი ქვეყნის პასუხისმგებლობაა“.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ენგელსის საავიაციო ბაზის სატელიტური ფოტოები და ექსპერტთა შეფასებები გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ანალიტიკოსები ასკვნიდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის ემზადებოდა. ბაზაზე ჩანდა Ту-95 და Т-160 ტიპის ათობით გამანადგურებელი.

რუსეთმა ირანიდან დრონების ახალი პარტია მიიღო – ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდი

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად გაჩნდა ცნობები, რომ უკრაინაში კვლავ გამოჩნდა ირანული წარმოების ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 9 დეკემბრის რელიზში და დასძენს, რომ ამ ცნობებს ჯერ დადასტურება სჭირდება, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი შეავსო.

6 დეკემბერს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო 17 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, 14 ცალი Shahed -136. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, 7 დეკემბერს რუსეთმა ირანული წარმოების ცალმხრივი თავდასხმის დრონებით დაარტყა ზაპოროჟიესა და დნეპრის ოლქებს.

„ირანული დრონის ჩამოგდების შესახებ უკანასკნელი ინფორმაცია 17 ნოემბრის იყო. თუ ახალი ცნობები დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა თავდასხმები ახლახან მიღებული უპილოტო საფრენი აპარატებით განაახლა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ რუსეთის სარდლობამ ელიტურად მიჩნეული პირველი გვარდიის სატანკო არმია, სავარაუდოდ, ლუგანსკის ქალაქ სვატოვოში, თავდაცვის ხაზზე გადაიყვანა.

დაზვერვის ინფორმაციით, არმიამ უმძიმესი დანაკარგები განიცადა ჯერ კიდევ სექტემბერში, ხარკოვიდან უკან დახევისას და მისი შემადგენლობა სავარაუდოდ, ახალმობილიზებული რეზერვისტებით შეავსეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 93 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +310]
  • ტანკი – 2 937 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 5 912 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 1 926 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 603 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 528 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 164 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 341 თვითმფრინავი
  • 181 ვერტმფრენი
  • 2 643 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 392 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 043 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 924 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 668 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 522 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პუტინი ისევ გეგმავს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებას – ISW[/yellow_box]

პუტინი ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთმა უკრაინა კოლონიად აქცია, მისი ხალხი კი – საზარბაზნე ხორცად.

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნება“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხეზე მიუთითებს.

მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში უნალექო ამინდი 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

მოსკოვთან სავაჭრო ცენტრი დაიწვა – ვიდეო

უკანასკნელი ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკიში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ, ცენტრის დარაჯი იყო და მისი ცხედარი ცეცხლის ჩაქრობისას იპოვეს.

სავაჭრო ცენტრში, რომელიც ქალაქ მოსკოვისა და ოლქის საზღვარზე, მოსკოვის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს, ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად სამშენებლო ჰიპერმარკეტის სახურავში გაჩნდა და ჯამში 17 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო. ხანძრის პარალელურად, რამდენიმე აფეთქება მოხდა სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობებში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი 8.35 საათზე ჩააქრეს.

კრემლისტური მედია იუწყება, რომ ხანძრის გაჩენის მთავარი ვერსია ცეცხლის წაკიდებაა, თუმცა როგორც „ინტერფაქსს“ საგანგებო სამსახურიდან წყარომ უთხრა, ასევე განიხილება სხვა ვერსიებიც, „მათ შორის, ტექნიკური – მოკლე ჩართვა“.

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი აფეთქდა

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევის მუხლით. „მეგა ხიმკისთვის“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი წინასწარი შეფასებით 20-30 მილიონი რუბლია (300-500 ათასი დოლარი).

9 დეკემბერს ხანძარი გაუჩნდა კიდევ ერთ ქარხანას რუსეთში, ამჯერად საბურავების ქარხანა იწვის ბარნაულში

9 დეკემბერს, დილით, რუსეთში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა საბურავების ქარხანას ბარნაულში. კრემლისტური მედიის ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთ საწარმოო შენობაში გაჩნდა.

პუტინი ისევ გეგმავს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით (ISW), რუსი ჩინოვნიკების განცხადებების მიუხედავად, კრემლი უკრაინაში თავის იმპერიალისტურ მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს.

ISW-ის ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც „მოსკოვის ახლანდელი ტერიტორიული მიზანი ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქის სრულად დაკავებაა“.

„პუტინის მხრიდან რუსული იმპერიული ისტორიის გახსენება და მისი კომენტარები რუსეთის როლზე, როგორც „უკრაინის სუვერენიტეტის გარანტზე“ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრემლი წინაპირობებს ქმნის ხანგრძლივი ომისთვის, რომლის მიზანიც უკრაინის სუვერენიტეტის სრულად განადგურებაა,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში.

ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ოლაფ შოლცისა და გენერალ მარკ მილის განცხადებებზეც, რომლებიც, მათი აზრით, ISW-ის ადრინდელ პროგნოზებს ადასტურებს.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ჯერჯერობით დაბალია. სწორედ ასეთია ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებაც.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურის, გენერალ მარკ მილის ვარაუდით კი, იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის შემდეგ უკრაინაში ბრძოლის ტემპი იკლებს, საომარი აქტივობა, შესაძლოა ზამთრის განმავლობაში გაიზარდოს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მილის ეს განცხადება მათ ადრინდელ დასკვნებს შეესაბამება. მილის აზრით, უკრაინელი სამხედროები გამოიყენებენ ზამთრის პირობებს მექანიზებული შეტევებისთვის. როგორც ISW-ი წერდა, უკრაინის არმია ეცდება გამოიყენოს გაყინული ნიადაგი, რომელზეც ტექნიკის გადაადგილება უფრო მარტივია, ვიდრე შემოდგომის ტალახიან ნიადაგზე.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • პუტინი, სავარაუდოდ, განგებ ცდილობს თავისი რიტორიკის დისტანცირებას ნაციონალისტების არარეალისტური მოთხოვნებისგან;
  • რუსმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ კრემლი ითმენს კრიტიკას სამხედრო ბლოგერების მხრიდან, რათა შეინარჩუნოს წვდომა უფრო ფართო ნაციონალისტურ აუდიტორიაზე;
  • უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მილიტარიზაციას განაგრძობენ;
  • რუსმა სამხედროებმა გაიმაგრეს პოზიციები სვატოვოსთან და რამდენიმე შეტევა მიიტანეს კრემინნასთან;
  • უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება უკრაინელთა კონტრშეტევა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო ოპერაციებს ბახმუტისა და ავდეევკა-დონეცკის მიმართულებებზე;
  • რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1 მილიონის არგადახდისთვის აჭარაში კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს კომპანიის დირექტორი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1 199 261 ლარის გადახდას“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

უკრაინა, პუტინი და ჯონი დეპი – რას გუგლავდნენ ყველაზე ხშირად 2022 წელს

კომპანია Google-მა ყოველწლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს რას ეძებდნენ Google-ის საშუალებით ყველაზე ხშირად 2022 წელს.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ონლაინთამაშ Wordle-ს ეძებდნენ.

თამაში Wordle-ი, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ 2022 წელს, პროგრამისტმა ჯოშ უორდლმა შექმნა 2021 წელს და მერე გაზეთ New York Times-ს მიჰყიდა.

Google-ის ძებნის წლიურ სტატისტიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმაც.

უკრაინის ინგლისურად აკრეფილი სახელწოდება Ukraine ასევე ყველაზე ხშირად დაძებნილ სიტყვებს შორისაა.

ადამიანებს შორის Google-ში ყველაზე ხშირად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეძებდნენ.

უკრაინელებს შორის ყველაზე ხშირად გუგლში ეძებდნენ პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს ოლექსეი არესტოვიჩს და პრორუს უკრაინელ ოლიგარქს, ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც სახელმწიფო ღალატში იყო მხილებული, შემდეგ კი ის ტყვეთა გაცვლისას რუსეთს გადასცეს.

მსოფლიო სიახლეების ძიების დროსაც ყველაზე ხშირად უკრაინას ეძებდნენ Google-ში. სიახლეებში ძიებით მეორე ადგილზეა დედოფალი ელისაბედ II.

ყველაზე პოპულარული ადამიანი, ვისაც 2022 წელს Google-ში ეძებდნენ ჯონი დეპია. 2022 წელს იმართებოდა მისი სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც ყოფილი ცოლი, ამბერ ჰარდი მსახიობს ძალადობაში სდებდა ბრალს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს – ექიმის რჩევები

ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო დიდებსაც და პატარებსაც რამდენიმედღიანი ცხელება აწუხებთ. ხშირია შემთხვევები, როცა ტემპერატურის დაკლება წამლის მიღების შემდეგაც გვიანდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს მედიკამენტური ჩარევა და გვიზიარებს იმ გზებს, რითაც შესაძლებელია მაღალი ცხელების დროს ბავშვს სხეულის გაგრილებაში დავეხმაროთ.

  • ქალბატონო მაია, თავდაპირველად რომ ვთქვათ, რამდენი გრადუსი მიიჩნევა მაღალ ტემპერატურად, როცა საჭიროა მედიკამენტური  ჩარევა?

მაღალ ტემპერატურად, რომლის დროსაც ბავშვს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი, განისაზღვრება 38.2 გრადუსი. მაგრამ თუ ბავშვს ანამნეზში აქვს გულყრები, მაშინ შესაძლებელია ანტიპირეტიკი, ანუ სიცხის დამწევი მივცეთ 37 გრადუს ტემპერატურაზე.

ასევე, თუ ბავშვს აქვს ტკივილის სინდრომი, ყური სტკივა ან მოუსვენრადაა, შეიძლება სიცხის დამწევი მივცეთ 37.8 და 38.00 გრადუს ტემპერატურაზე.

  • წამლის მიღებიდან რამდენ ხანში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვს ტემპერატურას ვერ ვუკლებთ?

ანტიპირეტიკის მიცემიდან უნდა გავიდეს დაახლოებით 30-40 წუთი – ეს დრო სჭირდება ორგანიზმს იმისთვის, რომ მოასწროს წამლის შეწოვა. ეს დრო სჭირდება წამლის მოქმედების დაწყებას და თუ ამის შემდეგ არ იწყებს ტემპერატურა დაწევას, ცოტა ხანს კიდევ ველოდებით და შეგვიძლია განმეორებით მივცეთ ანტიპირეტული საშუალება, ოღონდ თუ ვაძლევდით იბუპროფენს, ახლა მივცეთ პარაცეტამოლი.

  • თუ წამალი აგვიანებს მოქმედებას, როგორ შეგვიძლია ფიზიკურად დავეხმაროთ ბავშვს სხეულის ტემპერატურის კლებაში?

ფიზიკურად უნდა გავაგრილოთ ბავშვი.

მაგალითად, შეიძლება კიდურები დავუზილოთ ოთახის ტემპერატურის წყლით, გავხადოთ მას ტანსაცმელი და ისე დავუზილოთ კიდურები, რითაც შესაძლოა ავაორთქლოთ სიცხე და გამოვიწვიოთ ტემპერატურის კლება.

თუ ისევ არ იკლებს, მაშინ უკვე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ანტიპირეტიკული საშუალებების ინტრავენური ინფუზია ან შესაძლოა უკვე სხვა მიზეზია და საჭიროა დიაგნოსტიკა, რატომ არის ასეთი მყარი ტემპერატურა.

კიდურების გარდა შეიძლება შუბლზეც დავადოთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლიანი კომპრესი, ასევე უვნებელია კომბოსტოსა და ფხლის ფოთლის დადებაც, რომელსაც ადრე იყენებდნენ უფრო ხშირად.

მაგრამ თუ ბავშვს კიდურები აქვს ცივი, შესაძლოა გაგრილების ასეთი საშუალებებიც გარკვეულ რისკებს შეიცავდეს.

ასევე, სითხის მიღება არის აუცილებელი. პირველ რიგში წყალი უნდა მივაწოდოთ ბავშვს, აუცილებელია მან მიიღოს ელექტროლიტები, რომ დეჰიდრატაცია არ განვითარდეს მაღალი ცხელების დროს.

საქმე ის არის, რომ ძალიან მაღალი სიცხე ხშირად არის საშიში იმ მხრივ, რომ ის შეიძლება გახდეს ფებრილური გულყრის განვითარების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წაყვანილი ბავშვი სტაციონარში.

  • ძმრიანი წინდები?

რაც შეეხება ძმრიან წინდებს და სხვა ასეთ საშუალებებს, შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ უმჯობესია თავი შევიკავოთ.

  • თუ ამის რესურსი არსებობს, რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის ინფუზიის გაკეთება სახლის პირობებში?

არა, რადგან ინტრავენური ინფუზიების გაკეთება ბავშვთა ასაკში არის რისკის შემცველი.

  • ოთახის განიავება იმ დროს, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, ეხმარება მას, თუ პირიქით, ვნებს?

ოთახს როცა ვანიავებთ, ბავშვი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს შიშველი, ტემპერატურის მუდმივობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ოთახის განიავების დროს ბავშვი უნდა გავიყვანოთ სხვა ოთახში, გავანიავოთ და შემდეგ ისევ შემოვიყვანოთ. გახდილ ბავშვთან ოთახის განიავება კატეგორიულად არ შეიძლება.

  • რამდენი დღე გრძელდება ჩვეულებრივ ასეთი ცხელება?

ძირითადად ახლა ცირკულირებს გრიპი, პარაგრიპის ვირუსი, რინო-ვირუსი, არის ასევე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსიც არსად წასულა და მისი ომიკრონის შტამებიც ისევ ცირკულირებენ.

ამ ვირუსების დროს,როგორც წესი, ცხელება გრძელდება საშუალოდ 3-4 დღე, შემდგომ უკვე ტემპერატურა რეგულირდება.

მაგრამ თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 4-5 და მეტი დღე, აუცილებელია კვლევების ჩატარება, უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, აუცილებლად ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი და შემდგომ, გართულების შემთხვევაში, ადეკვატური მკურნალობა უნდა იქნეს დანიშნული.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბავშვთა ასაკში აუცილებელია გრიპის ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან ის იცავს ასეთ დროს გართულებისგან, სტაციონარში მოხვედრისგან ყველა ასაკის ადამიანს.

  • რა სიცხის დამწევები გამოიყენება ბავშვებში?

ანალგინი კატეგორიულად არ შეიძლება, ბავშვთა ასაკში გამოიყენება მხოლოდ ორი მედიკამენტი, მე მათ ქიმიურ დასახელებას გეტყვით, ეს არის იბუპროფენი და მეორე აცეტამინოფენი ანუ პარაცეტამოლი.

მთავარია, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს სიმპტომები: ცხელება, ხველა სურდო, არ წავიყვანოთ საბავშვო ბაღსა და სკოლაში, რადგან ამით ჩვენ ვზრდით ინფექციისა და შესაბამისად გართულებების გავრცელების რისკებს, რადგან ზამთარში, დახურულ სივრცეში, დიდი რისკია დაავადების გადაცემის ჯანმრთელ ბავშვებზე.

რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

„ჩვენთან შაბათ-კვირასაც ყველა მუხლჩაუხრელი შრომობს, გაუჩერებლივ. დედაჩემი არასდროს მინახავს გაჩერებული, 24 საათი მუშაობს.

ევროპაში ვუყურებდი მოხუცებს, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ პარკებში, სკვერებში, ძაღლებთან ერთად სეირნობდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ქსოვდნენ… ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის დანახვა.

წარმოვიდგენდი ხოლმე დედაჩემს და მამაჩემს, ხელიხელჩაკიდებულები როგორ სეირნობდნენ წალკის ლამაზ პარკში და ვიძახდი, ასეთი დრო როდის დამიდგება-მეთქი. აი, ჩემი მშობლები როდის გადადებენ საქმეს გვერდით, მოიცლიან და შაბათ-კვირას შრომის ნაცვლად, ისეირნებენ. ამაზე ვოცნებობ.

აქამდე არასდროს მინახავს დედას და მამას ესეირნოთ. მაქსიმუმ ერთად თუ წავლენ ქორწილში. ჩემ ირგვლივ ყველა ასეა. თუ ვისაუზმებთ ყველა ერთად მხოლოდ. ესეც სწრაფი ტემპით.

მამაჩემი დილით ჩქარ-ჩქარა ჭამს, რომ სამსახურში გაიქცეს და აი, ასე, სულ გადარბენები“, – გვეუბნება 28 წლის მერი ჭელიძე, აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან და განაგრძობს:

„კი, მართალია, არ არის წალკაში და წალკის სოფლებში ისეთი შესაძლებლობები, როგორც სხვა, დიდ ქალაქებში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ეს შესაძლებლობები და ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ არსად არ წავალ.

ის გამოცდილება, რაც მე ევროპაში მივიღე და ვნახე, მინდა, რომ აქ გადმოვიტანო; ის მაგალითები აქ წამოვიღო და ჩემს სოფელს, რეგიონს მოვარგო“.

მერი 12 წლის იყო, როცა ხულოს სოფელ ტუნაძეებიდან ოჯახთან ერთად წალკაში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ძალიან გაუჭირდა. ამბობს, რომ მისთვის სრულიად უცნობ რეალობაში აღმოჩნდა.

„წალკაში ქართულენოვან სკოლაში შევედი. ურთიერთობისას მქონდა გაუცხოების მომენტები წალკაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე [ქართულად] ვლაპარაკობდით და ერთმანეთის გვესმოდა. კულტურულად, რელიგიურად განვსხვავდებოდით და ეს ბარიერი იყო ურთიერთობების დასაწყისში, რაც ნელ-ნელა მოიხსნა“, – ამბობს მერი.

სკოლაში კარგად სწავლობდა და მისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა სწავლის ხარისხი ახალ სკოლაშიც შეენარჩუნებინა.

„რადგან ეკომიგრანტები ვიყავით, საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა. ყველა წიგნს ვერ ვყიდულობდი. წიგნებს ხან ვთხოულობდი, ხან ვიწერდი.

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა პატარა წიგნაკი მომცა, სადაც გაკვეთილების ნაწილი ეწერა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ყველაფერი იმდენად დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე, რომ უფრო მეტად ჩავიკეტე საკუთარ თავში და ბევრჯერ მინატრია, ნეტა, ჩვენს სოფელში დავრჩენილიყავი-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ წალკაში სწავლის უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა იმ დროისთვის, ვიდრე ჩემს სოფელში“.

საბოლოოდ, მერიმ ყველა დაბრკოლებას გაართვა თავი და სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო.

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სამართალმცოდნეობის მიმართულებით უნდოდა, მაგრამ მის ამ არჩევანს არ იწონებდნენ ოჯახის წევრები, თუმცა მაინც სცადა ამ მიმართულებით ჩაბარება. საბოლოოდ, მერი ბსუ-ში აგრარულ ფაკულტეტზე მოხვდა და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით დაასრულა.

„არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი, სად ვხედავდი ჩემ თავს. როცა წლები გავიდა, მივხვდი, რომ ის უნდა მეკეთებინა, რაც მე მინდოდა და არა ის, რაც მოდური იყო“.

მერიმ მაგისტრატურის დასრულებისთანავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარა. ბაკალავრიატზე სწავლის დროსაც თავისი ძალებით ამ მიმართულებით ცდილობდა ცოდნის გაღრმავებას.

ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა სოფელში საცხოვრებლად დაბრუნება:

„მიჯაჭვულობა მქონდა სოფელთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე სოფლის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და აუცილებლად, ჩემი ბოლო იქნება სოფელი. აქ ყოფნის საჭიროებას ვხედავ, ბევრი რამეა გასაკეთებელი“.

მერი სოფელში დროებით დაბრუნდა პანდემიისას და საბოლოოდ წალკაში დარჩენამდე, პანდემიისგან დათრგუნულმა, საზღვარგარეთ გადაწყვიტა 1 წლით წასვლა, მოხალისე მასწავლებლად.

„იქამდე მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი გერმანიაში ნამყოფი, ჯგუფთან ერთად. პირველი შემთხვევა იყო, როცა სრულიად მარტო 1 წლით მივდიოდი საქართველოს გარეთ. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. ჩემ შემთხვევაში იყო არა ის, რომ გოგო ხარ და არ წახვიდე, არამედ ის, რომ უკვე სხვა რაღაცებზე უნდა მეფიქრა. 27 წლის ვიყავი და თუ წასვლა მინდოდა, უფრო ადრე უნდა წავსულიყავი, ახლა კი უკვე ოჯახზე უნდა მეფიქრა“.

მერი საბოლოოდ მოხალისედ წავიდა პოლონეთში და 1 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში იმოგზაურა.

„ეს ჩემთვის გამოცდილება იყო, ცოდნა, რას ნიშნავს იყო საკუთარ თავთან, იყო თავისუფალი. პოლონეთში ჩასვლიდან მალევე გახდა ჩემი მიზანი მაქსიმალურად დამეზოგა ხარჯები მოგზაურობისთვის, მცირე დანახარჯებით ვმოგზაურობდი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვედი წალკაში. ყველას მონატრებული ვყავდი და ძალიან თბილად დამხვდნენ. თუმცა ალბათ მე უფრო მეტად შევიცვალე, ვიდრე აქაურები.

როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, თავიდანვე ვიცოდი, რომ წალკაში უნდა ჩამოვსულიყავი. საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრს ვფიქრობდი, როცა ჩამოვიდოდი, რას გავაკეთებდი. ბევრი გეგმით ჩამოვედი, რომელთა განხორციელებას წალკაში ვაპირებ და დავიწყე კიდეც“.

მერი ლუვრში

მერი წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამზადებს სამოქალაქო განათლებაში, რომელთაც სწავლის გაგრძელება იურიდიული მიმართულებით უნდათ უნივერსიტეტში.

„მგონია, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების მოქალაქეებად აღზრდას, გაცნობიერებას, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის აქტიური მოქალაქე და შენ, ერთმა ადამიანმა, წვლილი შეიტანო შენი სოფლის, რაიონის, ქვეყნის შენებაში, წინსვლაში. ამიტომაც მაინტერესებდა სამოქალაქო განათლება ყოველთვის.

წალკა ძალიან ჭრელია კულტურულად, რელიგიურად, ეთნიკურად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლების სწორად სწავლებას სკოლებში.

ჩემი აზრით, არ გვყავს სამოქალაქო განათლების ბევრი კარგი მასწავლებელი, ვინც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ამ საგნით დაინტერესებას“, – ამბობს მერი.

მერის თქმით, წალკაში დამკვიდრებას ახლა იწყებს. ფიქრობს, რომ წალკას დიდი პოტენციალი აქვს აგროტურიზმის მიმართულებით. უნდა, რომ გესთჰაუზი გააკეთოს, იქამდე კი, დეკემბრის ბოლოს, წალკაში „კრეატიული ხელოვნების სკოლის“ გახსნა აქვს დაგეგმილი ბაღის ასაკისა და პირველი-მეორე კლასის მოსწავლეებისთვის. მერი პოლონეთში მოხალისეობისას ბაღში მუშაობდა და უნდა იქ მიღებული გამოცდილება ადგილობრივ ბავშვებს გაუზიაროს.

„ძალიან სახალისო, ფერადი სკოლა იქნება, სადაც პატარები შემოქმედებითობის, კრეატიულობის მიმართულებით განივითარებენ უნარებს.

დასაწყისში მხოლოდ მე ვიქნები მასწავლებელი და იმის მიხედვით განვსაზღვრავ მასწავლებლების დამატებას, თუ მოსწავლეების რამდენი ჯგუფი შეიქმნება.

როგორც ვიცი, ამ სახის პირველი სკოლა იქნება წალკაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმუშავებს“, – ამბობს მერი.

საუბრის დასასრულს მერიმ გვითხრა, რომ მისი დაკვირვებით, წალკაში საერთოდ არ არის სივრცეები, სადაც სკოლის მოსწავლეები ან ზრდასრულები გართობას შეძლებდნენ.

„გასართობ საშუალებებზე ზედმეტიცაა ლაპარაკი. ძალიან ბევრ სოფელს არ აქვს ინფრასტრუქტურა.

ბევრი ოჯახია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც ელემენტარულად გათბობა არ აქვთ. წალკის ბევრ სოფელში დღემდე არაა გაზიფიცირება. უგზოობისა და ტყის ჩეხის პრობლემებია.

წალკაში მკაცრი ზამთარია. მნიშვნელოვანია, თუნდაც გაზის პრობლემის მოგვარება. გვაქვს პრაქტიკა, როცა მეზობლები, ადამიანები რეგიონებში, სოფლებში ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს თუნდაც საკვებით, შეშით და ა.შ.

წალკიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის თბილისში, ბათუმში და უკან აღარ ბრუნდება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობას აქ. დაამთავრებენ სწავლას, ჩამოვლენ და სად დაიწყებენ მუშაობას? მაქსიმუმ სკოლაში ან ბანკში.

რომ ჩამოვიდნენ, დასაქმდნენ, სამსახურის გარდა სხვა რაღაცითაც უნდათ დაკავება“, – გვითხრა მერიმ.

მერის თქმით, წალკის, დამბაშის კანიონის გახსნის შემდეგ ბევრი ადამიანი დასაქმდა ადგილზე, რამაც აჩვენა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ხელს უწყობს ახალგაზრდების უკან, რეგიონში დაბრუნებას.

ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი

2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა.

სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც.

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. დაპირებებში ის ხაზს უსვამდა მშენებლობის „წარმატებით“ მიმდინარეობას და იმასაც, რომ ბათუმში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა – ერთი საბავშვო ბაღი მართლაც გაიხსნა ლერმონტოვის ქუჩაზე, თუმცა მისი მშენებლობა წელს არ დაწყებულა. იქ ჯერ კიდევ 2020 წლიდან უნდა ევლოთ ბავშვებს.

საბავშვო ბაღის რიგში მინიმუმ 842 ბავშვია – ესეც ბათუმის მერიის განახლებული სტატისტიკაა.

  • სად შენდებოდა სამი საბავშვო ბაღი ბათუმში

2022 წლის პირველ ივლისს, როცა არჩილ ჩიქოვანი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ათვალიერებდა მეზღვაურთა ქუჩაზე, თქვა:

„წელს, ბათუმში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. შედეგად, ორასზე მეტი ადამიანი დასაქმდება და, რაც მთავარია, 1000-ზე მეტი ბავშვი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს“.
ჩაქვში 300-მდე ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდებოდა, სპორტული მოედანიც უნდა მოწყობილიყო და საბავშვო ატრაქციონებიც. ბიუჯეტიდან მარტო ერთი ბაღისთვის 3 მილიონ 475 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
„სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – ამ აღწერით სრულდებოდა 2022 წლის პირველ ივლისს, ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.
2022 წლის პირველი ივლისი. არჩილ ჩიქოვანი ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე, სადაც ამ წლის ბოლომდე საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო.
საბავშვო ბაღი ბათუმის მერიამ ვერც ბაგრატიონის ქუჩაზე ააშენა.

„ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ 2022 წლის 11 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქ 300-მდე ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონ 574 ათასი იყო გათვალისწინებული.

„საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს,“ – ეს ხელშეკრულებაშიც ჩაიწერა და ბათუმის მერის საჯარო განცხადებაშიც აღნიშნული იყო.

კიდევ ერთი დეტალი ბათუმის მერიის საჯარო განცხადებიდან: „წარმატებით მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე“.

2022 წლის 11 აპრილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე. არჩილ ჩიქოვანი მშენებლობას ათვალიერებს
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასაშენებელი საბავშვო ბაღის ესკიზი.

მესამე მისამართი ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღი ვერ აშენდა ბარცხანაა, ქათამაძის ქუჩა.

2021 წლის 29 ოქტომბრის საჯარო განცხადებაში ბათუმის მერია იტყობინებოდა, რომ „ქათამაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“. ამ საბავშვო ბაღისთვის ჯამში 2 მილიონ 626 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო.

საბავშვო ბაღის ესკიზი
  • რა ჩანს დოკუმენტებიდან 

სამი ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში კომპანიებს: „დამბას“ და „ინსტალს“ უნდა აეშენებინათ.

მაგალითად, კომპანია „დამბასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის 17 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან [2021 წლის 26 აგვისტო] 14 თვე გავიდა და კომპანიამ მხოლოდ 1 032 282 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა [ღირებულების 40%]. ასათვისებელი დარჩა 1 541 617 ლარი.

იგივე კომპანიას უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი წლის ბოლომდე ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე 2 მილიონ 573 962 ლარად. ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველო ბრძანებაში წერს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 14 თვეში სამუშაოების მხოლოდ 30% შესრულდა.

„ასათვისებელია 1 750 217,34 ლარის სამუშაოები. ასევე მონიტორინგის შედეგად ობიექტზე არ არის სამუშაოების ტემპი გაზრდილი, რაც დასტურდება დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველის, ი/მ ნუგზარ ბოლქვაძის წერილობითი შეტყობინებით,“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბათუმის მერიის სამმართველომ ხელშეკრულება შეუწყვიტა შპს „ინსტალსაც“ – 2022 წლის 21 ნოემბერს. აქაც სამმართველო ბრძანებაში აღწერს, რომ „სამუშაოს ტემპი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად შეჩერებული“.

„ხელშეკრულების გაფორმებიდან [2021 წლის 14 სექტემბრიდან] დღემდე გასულია 14 თვე და შესრულებული აქვს მხოლოდ 884 671 ლარის ღირებულების სამუშაოები [ღირებულების 25%], ხოლო თანხობრივად ასათვისებელია 2 584 869 ლარის სამუშაოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაოების შესრულების ტემპი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად შეჩერებული.

დღეის მდგომარეობით ობიექტზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები, რაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე უნდა დაესრულებინა აგვისტოს თვეში,“ – ვკითხულობთ კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ბრძანებაში.

კომპანია „დამბასთან“ დაკავშირება ამ ეტაპზე „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა, კომპანია „ინსტალის“ წარმომადგენელმა, გიორგი გორგილაძემ კი გვითხრა, რომ კომენტარს ვერ მოგვცემს, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანიაში მერიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ და სარჩელს ამზადებენ.

  • რას განმარტავენ მერიაში? 

„უღალატა [კომპანიამ] ბავშვებსაც და საკუთარ პრინციპებსაც, ჩვენ ველოდებოდით დეკემბერში 3 საბავშვო ბაღის ჩაბარებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძე, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ ვერ მოახერხეს კომპანიებმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ბათუმის მერიის 2022 წლის პირველ ივლისს გაცემულ დაპირებაში გაჟღერებული ფრაზას – „1000-ზე მეტი ბავშვი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს“ – პრაქტიკულად გამორიცხავს „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, როცა ის ამბობს, რომ „ამ ეტაპზე მხოლოდ 842 ბავშვი ელოდება რიგს“.

2021 წელს, პანდემიის დროს, ბათუმში 1659 ბავშვი საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა. წელს როგორ შემცირდა ეს მონაცემი, როცა მოსახლეობის რაოდენობა ქალაქში იზრდება, სამი ახალი ბაღიდან კი ერთიც ვერ აშენდა?

დავით დიასამიძის განმარტებით, წელს უფრო მეტი ბავშვი გავიდა საბავშვო ბაღიდან, ვიდრე მიიღეს:

„არის რამდენიმე საბავშვო ბაღი, სადაც ვაკანსია გვაქვს, დაახლოებით 142 ადგილია, მაგალითად, თამარის დასახლებაში, ბარცხანაში, მახინჯაურში…

მესმის, რომ ბევრს არ სურს, მელიქიშვილზე ცხოვრობდეს და მახინჯაურში ატაროს ბავშვი… ჯამში რომ დავაბალანსოთ, ნორმალური სიტუაციაა. მომავალ წელს, როცა უკვე 6 ახალი ბაღი აშენდება, რეზერვიც გვექნება,“ – ოპტიმისტური პასუხის გაცემა სცადა დავით დიასამიძემ.

„6 ბაღში“ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გულისხმობს ბათუმის მერიის მორიგ დაპირებას, ისევ 3 ახალი ბაღი აშენდეს გაისად. ამას ემატება 3 საბავშვო ბაღი, რომელიც წელს ვერ ააშენეს.

სად აპირებს მერია დამატებით 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას?

„ეს არის მახვილაურის ტერიტორია, მეორე – საბავშვო ბაღი აშენდება ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარედ, მესამე – ტაბიძის ქუჩაზე, სადაც მოთხოვნა ძალიან მაღალია,“ – განმარტა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

„3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა [2 კომპანია] ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის საფუძველზეც კონტრაქტები შეწყდა და კომპანიების მიმართ დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება განმეორებითი ტენდერი,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან, სადაც კომენტარი კეთილმოწყობის სამმართველოსგან ვითხოვეთ. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ დღეს ამ საკითხზე რომელიმე ხელმძღვანელი პირის კომენტარს ვერ მივიღებთ.

ბათუმში სულ 33 საბავშვო ბაღია. აქედან 5 საბავშვო ბაღის N13, 14, 22, 31 და 33-ე ბაღების რეაბილიტაციაზე მერიამ ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის 26 ოქტომბერს მოაწერა. რეაბილიტაცია უტარდება, მაგალითად, 33-ე საბავშვო ბაღსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ, 2017 წელსაა აშენებული.

„ამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სხვა საბავშვო ბაღებში გადავიყვანეთ, ამიტომაც გაგვეზარდა რიგი,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ.

მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. დღეს, ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა იმაზე  გაამახვილეს ყურადღება, რომ კანონის თანახმად უკრაინაში მებრძოლები მოქალაქეობას დაკარგავენ. დეპუტატ ღუდუშაურის განცხადებას უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა გამოეხმაურა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„ბათუმელები“ დავით ქაცარავას უკრაინაში დაუკავშირდა.

  • ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველების საწინააღმდეგო კამპანია, რას უკავშირებთ ამას?

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ იმას, თუ ხელისუფლებას როგორ გადაჰყავს საქართველო რუსეთის ლიანდაგებზე. ფაქტობრივად, საქართველო დღეს მთლიანად მოექცა რუსეთის გავლენის ქვეშ და ამაზე მეტყველებს ის ყოველდღიური განცხადებები, რასაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ფაქტობრივად, ღიად გინების რეჟიმზე არიან გადასულები.

აგინებენ დასავლელ პარტნიორებს, ვხედავთ, როგორი შეტევა მიაქვთ უკრაინაზე, დღეს ალუდა ღუდუშაურმა პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა როგორც ცოცხალ, ასევე დაღუპულ გმირებს და „კიკუები“ უწოდა.

ბუნებრივია, ღუდუშაურისგან ვითხოვ ბოდიშის მოხდას ყველა გმირის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პირადად შევხვდე მას და მოვთხოვო ბოდიში.

სასამართლოსთვის მიმართვაზე არც მიფიქრია, რადგან დღეს სასამართლოც გახლავთ „ქართული ოცნების“ ხელში პოლიტიკური იარაღი და სამართლიანობის მოპოვების იმედი აბსოლუტურად არ მაქვს. ამიტომ ვითხოვ ღუდუშაურისგან ბოდიშის მოხდას პირადად. თუ არა და, პარლამენტის მთავარ შესასვლელთან დაველოდები იმდენი ხანი, სანამ არ მოიხდის ბოდიშს.

ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსული გავლენა ძლიერდება და საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთის ფილიალი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული გაფორმებაღა დარჩება, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის კოლონია.

  • ბოლო დროს ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ საკმაოდ გააქტიურდნენ ტროლები სოციალურ ქსელებში, თქვენ პირადად თუ გრძნობთ იმავეს სოციალურ ქსელებში, თქვენ წინააღმდეგ გააქტიურებას?

პირადად მე ჩემს გვერდზე შევზღუდე კომენტარები და მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ კომენტარების გაკეთება. თუმცა საერთო ფონს თუ გადავხედავთ, „ოცნება“ გადასულია აშკარა შეტევაზე, აშკარა შეურაცხყოფაზე, პროპაგანდაზე და, ფაქტობრივად, ამზადებენ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს სამოქალაქო ომის დაწყებას.

  • „ქართული ოცნება“ აპირებს სამოქალაქო ომის პროვოცირებას?

დიახ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები საქართველოს ოკუპაციისთვის და შემდგომი ანექსიისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ რუსეთს მიმართოს – მიშველეთ, აი, ხომ ხედავთ რა ხდება, რადიკალური ოპოზიცია და რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები აქ დესტრუქციას აწყობენ და ესენი დავაშოშმინოთო.

რუსეთის ხელწერა ეს არის ერთმნიშვნელოვნად და ამას ვხედავთ ყველგან.

  • დღეს მამუკა მდინარაძემ ასევე გააჟღერა ქართველი მებრძოლებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი, ამაზე რას ფიქრობთ?

არაფერია გამორიცხული, ეს არის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იმ ბინძურ, რუსულ პროპაგანდაში და რუსულ ნარატივში, რასაც „ქართული ოცნება“ აჟღერებს და ტრანსლირებს.

ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს, როდესაც საუბარს იწყებენ მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე.

  • თუკი მართლა დაიწყებენ მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურებს, რას აპირებთ ასეთ შემთხვევაში?

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს ალტერნატივა არ ექნება. ეს იქნება პროტესტი, რომელიც შეიკრიბება და არ დაიშლება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს ან არ ვიცით, რა მოთხოვნები შეიძლება დადგეს მომიტინგეების მხრიდან.

თუ ეს პროცესი დაიძვრება და ამის ნიშანი, სიგნალი იქნება ხელისუფლების მხრიდან, უნდა დაიწყოს პროტესტი, რომელიც არ დასრულდება. ვიმედოვნებ, რომ ეს პროტესტი დასრულდება „ქართული ოცნების“ მარცხით.

  • პრემიერ ღარიბაშვილზე მინდა გკითხოთ, თავდაპირველად მან თქვა, რომ „ომის პარტიას“ მიჰყავს ქართველები უკრაინაში საომრად, შემდეგ კი ეს შეფასება ოდნავ შეარბილა. რა აიძულებს პრემიერს ასე მოიქცეს?

ღარიბაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა პირველი განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს, ეს იყო ალბათ მორიგი შეურაცხყოფა, რომელიც ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ ყველა.

იქნება ეს მოქალაქეობის წართმევასთან დაკავშირებული განცხადება, „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება თუ სხვა, ყველაფერი ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ის „სამძიმარიც“, რომელიც პრემიერმა, ფაქტობრივად, გადმოგვაფურთხა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთების გამო იყო, თუმცა ამას მოაყოლა შეურაცხმყოფელი ზღაპრები.

ესეც არის მოგონილი ნარატივი, რომელიც მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს.

  • რატომ იბრძვით ქართველები უკრაინაში, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ საზოგადოებას?

ეს არის ჩვენი ომიც მათ შორის, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. მარტივად ამბობენ უკრაინელები: 2 ქვეყანა – 1 მტერი.

ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ დღეს თუ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომია. ეს ჩვენი ომია და ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.

ამიტომ ქართველებმა, დიახ, უნდა ვიბრძოლოთ უკრაინელების გვერდიგვერდ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საერთო მტერი დამარცხდეს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ ირაკლი ხაბეიშვილი ფინანსური დირექტორის პოზიციაზე უერთდება

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად ირაკლი ხაბეიშვილი დაინიშნა. ირაკლი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპანიაში ფინანსების სფეროში დიდი გამოცდილებით მოდის. ის აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა მულტინაციონალურ კომპანიებში, მათ შორის McDonald’s-ში, Archimedes Global-სა და IRAO – ვენის სადაზღვევო ჯგუფში. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა Deloitte & Touche-სა და Austin Commercial-ში, აშშ-ში.

„კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დღემდე ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ენერგოსექტორში. კომპანიის მფლობელებს წარმოადგენენ მაღალი რეპუტაციის მქონე ნორვეგიული და ინდური კომპანიები, ამავდროულად შუახევი ჰესი დაფინანსებულია წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. კომპანია თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს მფლობელებისა და დამფინანსებელი ბანკების სტანდარტებით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო წამყვანი და ერთ-ერთი წარმატებული ქართული ენერგოკომპანიის გუნდის წევრი,“ – განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ხაბეიშვილმა.

მრავალი ინდუსტრიიდან ძლიერი ფინანსური გამოცდილებითა და ფინანსური დირექტორის როლით, ირაკლი ხაბეიშვილი გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ტრანსფორმაციასა და ზრდის ფორმირებაში.

ირაკლის მინიჭებული აქვს Saïd Business School the University of Oxford-ის მაგისტრის დიპლომი და University of Texas at Arlington, USA-ში ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

Exit mobile version