მთავარი,სიახლეები

თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება მის წინააღმდეგ

02.03.2023 • 1223
თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება მის წინააღმდეგ

„ყველა მოქალაქეს მივმართავ – ეს არასამთავრობოების და რამდენიმე მედიის პრობლემა კი არ არის. ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დაამყარონ დიქტატურა და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები.

და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენ გვერდით. ხვალ, ზეგ და ამ უახლოეს დღეებში,“ – ეს განცხადება დღეს, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტში გააკეთა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე უნდა განეხილათ აგენტების შესახებ რუსული კანონის ანალოგი.

სხდომაზე არ დაუშვეს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამაგიეროდ დარბაზში შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები, პრორუსი პოლიტიკოსები და „ხალხის ძალის“ აქტივისტები.

„რაც აქ ხდება დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი, სადაც, წესით, უნდა ყვაოდეს ქართული დემოკრატია და დღეს გადასარჩენად კი არ უნდა ჰქონდეს საქმე, არამედ უნდა ვმსჯელობდეთ საზოგადოება იმაზე, როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ უსაფრთხოებისკენ და თავისუფლებისკენ.

გააქვთ პრორუსული კანონი კომიტეტზე განსახილველად, რომელზე დასასწრებად არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გვაქვს და შეუშვეს მოულოდნელად ხალხის ძალის წარმომადგენლები. ეს არის კანონის დარღვევა,“ – ასე შეაფასა ლევან ცუცქირიძემ დღეს არსებული სიტუაცია.

მისივე თქმით, ახლა მთავარი გეგმაა წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც სად და როგორ შეუძლია.

„გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც როგორ შეუძლია. გაგრძელდება ეს წინააღმდეგობა ყველგან, არამარტო თბილისში და არამარტო პარლამენტში, ყველგან.

თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება თავისუფლების წინააღმდეგ.

ავანგარდში იდგება საქართველოს თავისუფლების იდეა და ავანგარდში იდგებიან საქართველოს მოქალაქეები,“- თქვა ლევან ცუცქირიძემ.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: