განათლება,მთავარი,სიახლეები

ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა

09.10.2020 • 3131
ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით.

  • ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი?

მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა უნდა, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავისით მიდის კონკრეტულ დასკვნამდე. კარგი მასწავლებლობა გულისხმობს იმას, ერთი ხელით სიყვარულს უნდა აძლევდე ბავშვს და მეორეთი ცოდნას. როცა ორივე ერთადაა და ერთმანეთს ავსებს, ამ შემთხვევაში გამოდის შედეგი.

  • რა იგულისხმება „სიყვარულით სწავლებაში“, როგორია ეს პრაქტიკაში?

სიყვარულით სწავლება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არ მეზარებოდეს ის, რასაც ვაკეთებ. ერთ-ერთი მოაზროვნის ცნობილ ფრაზას მოვიშველიებ, რომელიც ამბობს, რომ თუ გინდა არ იმუშაო, აკეთე საყვარელი საქმე. საყვარელი საქმე რუტინა და ტვირთი არასდროს არ არის. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა.

სიყვარულით გაკეთებულ საქმეს იმას ვეძახი, რომ ყველაფერში კეთილგანწყობა მიგყვება. მაშინაც კი, როცა რაღაც გაწუხებს ან გიმძიმს და ამას ვერც გამოხატავ ბავშვებთან. ეს ფარავს წუხილს, სიმძიმილს, როცა რაღაც საკითხზე იწყებ ფიქრს ბავშვებს როგორ მიუტანო, რა ფორმით მიაწოდო, რომ რაღაც ახალი იყოს მათთვის.

მუსიკას მოუსმინე – ერთი სული გაქვს, რომ ბავშვებს გაუზიარო, რაღაც ფილმს უყურე – ბედნიერი ხარ, რომ მოგეწონა და ბავშვებამდე უნდა მიიტანო, ყველაფერს ახლავს სიყვარული და ნებისმიერ დეტალში მჟღავნდება ეს. ბავშვიც გრძნობს ამას და შემდეგ შეიძლება ისეთი რამ გაპატიოს, თვითონაც რომ გაგიკვირდება.

  • თქვენ ასწავლით ლიტერატურას, საგანს, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის პიროვნულ განვითარებას, ღირებულებებს, თავისუფლებას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. როგორ ასწავლით ამ ყველაფერს? 

ლიტერატურის მასწავლებელს უფრო მეტი საშუალება აქვს და მისი პირდაპირი მოვალეობაცაა, რომ რაღაც ღირებულებები ასწავლოს ბავშვს და ხელოვნების დარგები ყველაზე მეტად აკეთებს ამ საქმეს. ლიტერატურა ასწავლის რა იფიქრა, რა განიცადა კაცობრიობამ არსებობის დღიდან, რას გრძნობდა და როგორ გამოხატავდა და შემდეგ, როგორია ამაში ჩვენი წვლილი.

ყოველთვის ვცდილობ, არ ვესაუბრო მხოლოდ ქართულ ლიტერატურაზე, არამედ ვაჩვენო პრობლემა გლობალურ კონტექსტში. კომპლექსურად უნდა დაეხმარო მოსწავლეს, რომ გაიაზროს ესა თუ ის საკითხი და რა სჯობს ამის თვალყურის დევნებას.

  • რის შესახებ სვამენ ყველაზე ხშირად ბავშვები კითხვებს, რა აინტერესებთ მათ?

ძალიან სერიოზული კითხვები უჩნდებათ. აინტერესებთ სამყაროს შექმნის შესახებ ამბები, კითხვები აქვთ უსამართლობაზე. ერთი ბავშვი მეკითხებოდა – რატომ არის, რომ ერთი მწერალი იმავე საკითხზე ტრაგიკულად წერს, მეორე კი იცინის. ერთისთვის ტრაგედიაა, მეორესთვის კომედია. ისეთ სერიოზულ საკითხებზე დაფიქრდებიან ხოლმე, რაც ხელოვნების თეორეტიკოსების განსახილველი საგანია და მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს სათქმელი, რომ დისკომფორტი არ ჰქონდეთ და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ეს არ არის ადვილი…

ეს დღეები სულ მალაპარაკებდნენ იმაზე, რა გავაკეთე კარგად და ყოველთვის მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა, ვისთან არ გამომივიდა.

  • ვილაპარაკოთ ახლა – სად არ გამოვიდა და რატომ?

მე მზად ვარ გავუწოდო ხელი, მივცე ცოდნა ბავშვს, მაგრამ ვიღაცას შია, ვიღაცას წყურია, ვიღაცას სახლში დედა არ ჰყავს წლებია ან შინაგანი წინააღმდეგობები აქვს. ბავშვს უნდა, რომ მიიღოს ეს გამოწვდილი ხელი, მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიური, შინაგანი მზაობა და განწყობა არ აქვს. არ იცის, როგორ შეხვდეს ამ ხელს და უამრავი დეტალი, უამრავი პრობლემაა. სოციალური პრობლემები ბევრ რამეს განსაზღვრავს ბავშვის ცხოვრებაში და ბავშვისთვის, რომელიც მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან მოვიდა დილით სკოლაში,შეიძლება ცარიელი სიტყვები აღმოჩნდეს „ვეფხისტყაოსნის“ მაღალი ფასეულობები.

  • რას აკეთებთ ასეთ დროს, რა გეხმარებათ მასთან კომუნიკაციის აღდგენაში. ახერხებთ თუ ვერა?  

ასეთ სიტუაციაში არ გამოგყვება ბავშვი საგნამდე, ვერ მიიყვან, თუ ჯერ პიროვნული ურთიერთობები არ აეწყო. მან უნდა იგრძნოს, რომ ყველას გვაქვს პრობლემები და მეც მათ შორის. გულწრფელები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან საუბრისას. შეიძლება ბავშვი საგნით არ დაინტერესდეს და ვერც შეაყვარო საგანი, მით უმეტეს, თუ 1-2 წელი ასწავლი მხოლოდ, მაგრამ სამაგიეროდ, გულს მოუბრუნებ მასწავლებლისკენ, სკოლისკენ, მეგობრობას ასწავლი, ოპტიმიზმს გაუჩენ, იმედს, რომ მასზეც ზრუნავს ვიღაც, მისი ბედი ვიღაცას აწუხებს და შეუძლია ეგულებოდეს ადამიანი, ვისაც, უბრალოდ, დაელაპარაკება ნებისმიერ დროს. როცა ადამიანს დაინახავს მასწავლებელში და საყრდენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც არანაკლები გამარჯვება მგონია.

  • სკოლის გარემო, ინფრასტრუქტურა თუ უწყობს ხელს ბავშვებს, რომ თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ?

კლუბები ყველა სკოლაში არსებობს და ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, თუმცა ეს არის საშუალება, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები და აქ სწავლობენ ისინი ცხოვრებას. ეს ურთიერთობები ეხმარება მათ, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის შესახებ, ნაწილდება პასუხისმგებლობები და ყველაზე მარტივი პროექტის დაგეგმვის დროსაც კი, ბავშვები ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილებას სწავლობენ. სწავლობენ, როგორ უნდა იბრძოლონ საერთო საქმისთვის და აკეთონ ის, რაც შეიძლება დღეს არ ჩანს, მაგრამ წლების შემდეგ გამოჩნდება.

  • ძალადობის, ბულინგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია სკოლებში. თქვენი გამოცდილება როგორია. თუ გქონიათ კონკრეტულ შემთხვევებთან შეხება და როგორ გიმოქმედიათ, გამკლავებიხართ თუ ვერა პრობლემას?

ჩვენი სკოლა პატარაა, სადღაც 260 ბავშვია და ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა შემთხვევები ყველგან არის. აქ ისევ ტკბილი სიტყვა და იმის გაგება გვშველის, რატომ ხდება ეს. ყველაფერს აქვს მიზეზი, საფუძველი. რატომ დაჩაგრა, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ. შემდეგ, როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან. მჩაგვრელი ძირითადად ის ადამიანია, რომელსაც უნდა უშველო და სწორედ ამას ვცდილობთ მასწავლებლები.

5 წელია გვაქვს ძალიან აქტიური კინოკლუბი, სტუმრებსაც ვიწვევთ, ბავშვები თვითონაც იღებენ ვიდეოებს, საზაფხულო კინოსკოლაც გვაქვს ორი წელია და ეს მიმართულება ძალიან აინტერესებთ. ისეთი ფილმები მოსწონთ, რაც სასკოლო თემებზეა – მასწავლებელი და მოსწავლე, ოჯახი და ბავშვი, სკოლა და ბავშვი, ქუჩა და ბავშვი, ასეთი თემები აინტერესებთ. ის, რაც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს, ის, რაც მათ გრძნობებსა და განცდებს შეეხება.

  • ქუჩა და ბავშვი ახსენეთ. რა აინტერესებთ ამ თემაში. კრიმინალური მენტალიტეტის თემას თუ ეხებიან, ხომ არ არის ეს საკითხი რომანტიზებული მათ წარმოდგენებში?

სამწუხაროდ, რეგიონებში ეს პრობლემა არის. რაღაც კატეგორიას არც შეუცვლია დამოკიდებულება. ვიღაცას ახლობელიც კი ჰყავს  მსგავსი მენტალობის და ღიად გამოხატავს  სიმპათიებს. ასეთ დროს ვცდილობ ისე მივაწოდო ინფორმაცია, რომ არ გაუჩნდეს დისკომფორტი ოჯახის წევრთან. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად მივაწოდო საღი აზრი. როცა „დათა თუთაშხიაზე“ საუბარი დავიწყეთ, კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ სიმპათიას კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და მათ ვესაუბრებოდი იმაზე, თუ საბოლოოდ რა შედეგები მოაქვს კანონთან კონფლიქტს. რომ საბოლოო ჯამში,  ეს უბედურებაა და სინამდვილეში სულაც არ არის ის, რაც გარედან ჩანს. აქედან ერთ-ერთი, უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, იურისტი უნდა გახდეს და ალბათ მოვახერხეთ მასში ცვლილება.

  • რისი დეფიციტი აქვთ ბავშვებს სოფლად, რა აკლიათ ყველაზე მეტად?

ბევრი ბავშვი გვყავს ისეთი, ვისაც არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტი. ვიღაცას ერთი კომპიუტერი აქვს სახლში და ამ დროს სამნი არიან, ვიღაცას კომპიუტერი აქვს, ინტერნეტი არ აქვს და ასე შემდეგ. როცა დავიჩივლე ამაზე ყოფილ მოსწავლეებთან, მაშინვე გაჩნდა ჯგუფი, ვინც მითხრა, რომ შეაკეთებდნენ თავიანთ ძველ ბუქებს და მისცემდნენ ამ ბავშვებს. 15-ზე მეტი ბუქი ავაწყეთ, ზოგს ნაწილი ჰქონდა გაფუჭებული, ზოგს რა და ასე დავეხმარეთ 50-მდე ბავშვს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ აკლიათ ბავშვებს, სრულფასოვანი კვება, ბევრს მშობელი ჰყავს ემიგრაციაში და ბავშვები მარტოობას განიცდიან, არიან აუტისტური სპექტრის ბავშვები და ვერ იღებენ სერვისებს… როცა ასეთი პრობლემებია ირგვლივ, ძნელია ისაუბრო წარმატებაზე.

  • პანდემიის პერიოდი როგორ აისახა ბავშვებზე?

ქალაქებში ალბათ უფრო გაზრდიდა დეპრესიას, რადგან კორპუსებში ჩაიკეტნენ ბავშვები. აქ საშუალება ჰქონდათ გარეთ, ეზოში გასულიყვნენ და მეტ-ნაკლებად კომუნიკაცია არსებობდა. ამის მიუხედავად, სულ კანკალით კითხულობდნენ, სექტემბერში ისევ ხომ არ დაგვსვამენ სახლშიო.

ყველაზე ხშირად რასაც ბავშვები ითხოვენ, გარეთ გასვლაა, ტყეში, ექსკურსიაზე, მუზეუმებში.  ხშირად მეუბნებიან, რომ უნდათ კარვებით გასვლა ბუნებაში, ერთად დარჩენა, მეტი მოგზაურობა და ამ ფორმით სწავლა და შემეცნება. კარგი იქნება, ავტობუსი ჰყავდეს სკოლას და ასე ვიმგზავროთ.

იმაზე ვოცნებობ, რომ სკოლამ კვების ვაუჩერი მისცეს მოსწავლეს, რომ სკოლაში უფრო დიდხანს შეძლონ დარჩენა და მუშაობა. ნატრობენ, ცხენები ჰყავდეთ სკოლაში, მაგრამ არც ამის საშუალებაა.

ძალიან მოსწონთ, როცა თვითონ ირჩევენ დისკუსიის თემას. შეიძლება თქვან, „მოდი, დღეს „როკ – ენ – როლის“ საათი მოვაწყოთ“, ან „ჩაის თემა გვინდა“.

შემოვუსხდებით ხოლმე მაგიდას ირგვლივ, ვსვამთ ჩაის და განვიხილავთ ჩაის ისტორიას. ბავშვებს ძალიან უნდათ, ბევრი ისაუბრონ, ძალიან სჭირდებათ თვითგამოხატვა და ისეთ გარემოში ყოფნა მოსწონთ, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: