მთავარი,სიახლეები

რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

03.03.2023 • 1196
რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

2022 წლის პირველ ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, მისი ნაწილი კი წაიღო. ამ დროიდან სიხარულიძეების სამი ოჯახი ქირით ცხოვრობს, ქირას მერია იხდის.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სტიქიის შემდეგ სახლის მდგომარეობა მერიის დაკვეთით შეისწავლა და მისი ექსპლუატაცია დაუშვებლად მიიჩნია. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შენობის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტით აღდგენა.

2023 წლის 7 თებერვალს ბათუმის მერიამ სახლის მესაკუთრეებს აცნობა, რომ მერიის შესაბამისმა უწყებამ ნაპირსამაგრი სამუშაოების დასაწყებად საპროექტო დოკუმენტები მოამზადა და სამუშაოების შესრულების მომსახურებაც შეისყიდა.

ამის შემდეგ მერია წერს, რომ კომპანიამ ადგილზე სამუშაოები იმის გამო ვერ დაიწყო, რომ მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია.

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

გიორგი სიხარულიძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე აცხადებს, რომ მერიისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ:

„8 დეკემბერს დაიწყო მდინარის ჯებირის გამაგრების სამუშაოები, ყველას უხაროდა, მოდიოდნენ და გვილოცავდნენ. როცა მუშაობა დაიწყეს, ტრაქტორიც მოიყვანეს, სახლმა ზანზარი დაიწყო, ქვებიც ჩამოცვივდა. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, საფრთხეში ვართ, თქვენც ხომ დაინახეთ რაც მოხდა, მუშაობა უნდა შევაჩეროთო. ეს ყველაფერი ფურცელზე დაწერა ვინმე ლევანმა, კომპანიის წარმომადგენელი იყო და ჩვენც მოგვაწერინა ხელი. სიმართლეს წერდა და მოვაწერეთ.

ახლა ამბობენ, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ჩვენ რატომ უნდა გაგვეწია წინააღმდეგობა? – პირიქით, დიდი ხანია ველოდებით, ეს პრობლემა მოგვარდეს, რომ სახლებში დავბრუნდეთ“.

ამის შემდეგ მერიის შერჩეულ კომპანიას ნაპირგამაგრების სამუშაოების განახლება არ უცდია. 2023 წლის 7 თებერვლის წერილით კი, რომელიც მერიამ სახლის მესაკუთრეს გაუგზავნა, ბათუმის მერია დაზარალებულ მოქალაქეებს სთხოვს კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეს, დაზარალებულ ოჯახებს კი დაზიანებული ჯებირის აღდგენას და 5000 ლარს ჰპირდება კომპენსაციის სახით.

მერია თავის წერილში კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით აზუსტებს, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია დაზიანებული სახლის, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის.

გიორგი სიხარულიძის თქმით, მერია მოქალაქეებს დაზიანებული სახლის აღდგენაში დახმარებას არ ჰპირდება, უფრო მეტიც, მერიამ ისინი გააფრთხილა, რომ 2023 წლის მარტიდან მერია მათი ქირის თანხას აღარ გადაიხდის. 

„წარმოგიდგენიათ? – თავადვე ჩაატარეს ექსპერტიზა, დასკვნაში წერია, რომ სახლში არ იცხოვრება, სახიფათოა. ვერ მაძლევენ გარანტიას, რომ ჯებირის გამაგრების სამუშაოების დროს კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდება ან საერთოდ არ დაინგრევა. ეს სახლი როგორ უნდა გავამაგროთ? – თუ ვერ გავამაგრებთ, ვერ ვიცხოვრებთ. მერია გვეუბნება, ჯებირს რომ აღვადგენ ქირის გადახდას შევწყვეტო, ანუ ჩვენ ამ დაზიანებულ სახლში უნდა დავბრუნდეთ?“

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით: „ბათუმში, ბაქრაძის #27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია არსებული სახით დაუშვებელია. აუცილებელია უკანა მხარეს დარჩენილი მიშენებული ნაწილის დემონტაჟი, ხოლო ძირითადი შენობა საჭიროებს აღდგენას, შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით. ასევე, აუცილებელია, მდინარის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მოწყობა, წინასწარ განხორციელებული ჰიდროლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით“. 

სამხარაულის ბიუროს ექსპერტები წერენ, რომ შენობა გასული საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მისი მიშენებული ნაწილი ნაწილობრივ ეყრდნობა მდინარის ნაპირსამაგრ კედელს. სახლის მესაკუთრე, უნებართვო მიშენებისთვის მუნიციპალურ ინსპექციას 5000 ლარით დაუჯარიმებია.

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

შენობის მდგრადობის დეტალურ აღწერაში ექსპერტი წერს:

„მდინარის ადიდების შედეგად, გამოირეცხა ნაპირსამაგრი კედლის საძირკველი, რამაც გამოიწვია მისი ნაწილის ჩამოშლა, შესაბამისად მასზე დაშენებული შენობის ნაწილს გამოეცალა საყრდენი, რის შედეგადაც შენობა დეფორმირდა. ამ დაზიანების გამო დეფორმირდა ასევე ძირითადი შენობის კედლები“.

გია სიხარულიძე გვიხსნის, რომ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს:

„ბიძაშვილები ვართ. სახლი სამად არის განაწილებული, რადგან ოჯახი გაიზარდა. სხვადასხვა მხრიდან გვაქვს შესასვლელი. მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამას სახლადაც ვერ განვიხილავთ, ეს კორპუსიაო.“

კიდევ ერთი პრობლემა, რაც აქ მცხოვრებლებს აწუხებთ, ეს უფუნქციოდ დარჩენილი ხიდია. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, ხიდი წლების წინ აუშენებიათ. ამ ხიდზე მატარებელი უნდა გადაადგილებულიყო, თუმცა ის უფუნქციოდ დარჩა:

„ბევრჯერ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, ეს ხიდი ხელს გვიშლის. რადგან მისი ბოძები პირდაპირ მდინარეშია ჩაბეტონებული, რაც წყალს მიმართულებას უცვლის და პირდაპირ დამცავ ჯებირს ხვდება დიდი რაოდენობით ნაკადი. ვერ გავარკვიეთ ვისი საკუთრებაა ეს ხიდი. ვეხვეწებით ყველას, რომ ეს ხიდი მოგვაშორონ, მაგრამ უშედეგოდ“ – ამბობს თემურ სიხარულიძე.

უფუნქციო ხიდი სიხარულიძეების სახლთან

ბაქარაძის ქუჩა #27- ჩამონგრეული კედელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: