განათლება,მთავარი,სიახლეები

ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია

01.03.2023 • 1755
ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია

„ამ კანონპროექტით მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ სტუდენტი ან მასწავლებელი არ ეთანხმება სახელმწიფოს და ამის გამო ის შეიძლება წავიდეს ციხეში“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ის „ბათუმელებთან“ რუსული, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საფრთხეზე საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში მყოფი ადამიანების რეაქცია რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც აპირებს პარლამენტი. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კანონი დააზიანებს როგორც ქვეყანას, ასევე სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს საქართველოში?

მგონი, მთავარი პრობლემა არის მოტივაცია, რის გამოც იღებენ ხოლმე ამ დროში ცალკეული სახელმწიფოები ასეთ კანონს. მსგავსი კანონი აქვს მიღებული რუსეთს, უნგრეთს, ყაზახეთს, ბელარუსში იყო განხილვა და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე მოტივაცია – შეეზღუდა თავისუფალი აზრი, შეეზღუდა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მუშაობენ ისეთ პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს სახელმწიფოს კონტროლს, სახელმწიფოს არაკანონიერი მოქმედებების გამოაშკარავებას და საზოგადოების განვითარებას.

ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ამ კანონის შემოღების მთავარი მოტივაციაა მაქსიმალურად შეზღუდოს თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანების მოქმედება, გააკონტროლოს მოქალაქეები და ხელი შეუშალოს სხვადასხვა ორგანიზაციას თავიანთ საქმიანობაში.

იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს, არა მხოლოდ შეზღუდეს საგანმანათლებლო საქმიანობა, არამედ საგანმანათლებლო ორგანიზაციები ხელისუფლების ინტერესების ქვეშ მოაქციეს.

მაგალითად, რუსეთში, ამ კანონის მიღებიდან ათი წლისთავზე, როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, უნივერსიტეტები იძულებულნი გახდნენ მხარი დაეჭირათ ხელისუფლებისთვის და მათ მოუწიათ ომის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებაც.

  • ჩვენ ვნახეთ კადრები რუსეთიდან, როცა მოსწავლეებმა დაასმინეს მასწავლებელი, რომელიც არ უჭერდა მხარს ომს, მასწავლებელი კი დაიჭირეს.

ამის გაგრძელება იყო ის, რომ არა მხოლოდ მასწავლებლები შეზღუდეს, არამედ სტუდენტების დასმენა დაიწყეს თანაკურსელებმა, როგორც უცხო ქვეყნის აგენტების. დაახლოებით იმავე ტერმინებით, რაც ჩვენთან განიხილება ამ კანონპროექტით. არის მეცნიერების ჯგუფი, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები.

ამ რეგულაციებს შემდეგ მოჰყვა დამატებითი რეგულაციები. მაგალითად, შეზღუდვა დაწესდა პუბლიკაციებზე. თავიდან იყო, რომ გამომცემლებს ყდაზე უნდა დაეწერათ, „ეს პუბლიკაცია გამოცემულია უცხო ქვეყნის აგენტების მიერ“, შემდეგ კი მაღაზიებს აუკრძალეს მათი გაყიდვა.

ცოტა უფრო ნაკლებად ავტორიტარულ საზოგადოებაში, მაგალითად, უნგრეთში, როცა ეს კანონი მიიღეს, ეს დაუკავშირდა საგანმანათლებლო ორგანიზაციების შეზღუდვასაც, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია და მათ მოუწიათ სხვა ქვეყანაში გადასვლა.

ამით რეალურად იზარალა უნგრეთმა – ცხადია, იმ ახალგაზრდებმაც, ვინც იქ ისწავლიდნენ.

რუსეთში შემოიღეს კანონები, რომლებიც მოითხოვს, რომ მეცნიერმა ჯერ ხელმძღვანელობასთან შეათანხმოს მოხსენება, რას წაიკითხავს, ვთქვათ, საზღვარგარეთ. რუსეთში დაპატიმრებული არიან ადამიანები იმის გამო, რომ სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთეს მოხსენება, რომელიც სახელმწიფოს არ სურდა.

ჩვენს შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოების კონტროლს. მაგალითად, ჯარის შესახებ კანონი რომ გაამკაცრეს ახლა, ესეც ამას უკავშირდება, რომ სახელმწიფოს უნდა ახალგაზრდა კაცებზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს და შეამციროს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ პროტესტი გამოთქვან.

  • ამერიკული ორგანიზაცია USAID-ი, ასევე, ევროკავშირი, ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებს ჩვენს სახელმწიფოში. აშენებს სკოლებს, ეხმარება მეცნიერებს, უნივერსიტეტებს – განვითარებაში. ნაკლებად მოიძებნება სკოლა, უნივერსიტეტი, ამ დონორების გრანტი რომ არ ჰქონდეთ მიღებული. აქვთ კი გააზრებული სკოლებში, უნივერსიტეტებში ის ზიანი, რაც შეიძლება ამ კანონმა მოიტანოს?

ვფიქრობ, ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც შესაძლოა ერთადერთი დამფინანსებელი იყვნენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის, სამომავლოდ დაფიქრდება, გააგრძელოს თუ არა ასეთ პირობებში მუშაობა საქართველოში. არავინ ისურვებს აგენტის იარლიყით მუშაობას. ბუნებრივია, ეს შეზღუდავს დონორ ორგანიზაციებსაც.

გარდა ამისა, ეს კანონი თავისთავად აღვივებს დამოკიდებულებას საზოგადოებაში, რომ თითქოს ჩვენ მართლა გარშემორტყმული ვართ მტრებით, რომლებიც დასავლეთიდან შემოდიან საქართველოში ფულით და აქ რაღაცას მიზანმიმართულად აფუჭებენ.

ამ დროს, ამ დახმარებების უმეტესობაზე თავად მთავრობას აქვს ხელი მოწერილი. არსებობს დონორებსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებები, თუ რა პროგრამებს განახორციელებენ. მთავრობა თვითონ ამტკიცებს ამ პროგრამებს, მათ შორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, გაცვლების, საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

  • ანუ მთავრობა ერთი ხელით იღებს დასავლურ დაფინანსებას და მეორე მხრივ, აგენტებად აცხადებს ყველას, ვისაც ასევე დასავლური ორგანიზაციებისგან აქვს დახმარება? 

ორი მიმართულებით არის ეს გზავნილი და ორივე მიმართულება არის ძალიან საშიში. ერთია, რომ საზოგადოებას ეუბნები – დასავლეთი საშიშია, ჩვენ უნდა შევზღუდოთ მისი გავლენა საქართველოში, რომ ჩვენ აქამდე არ ვიცოდით რა გავლენები ჰქონდათ, ახლა გამოვააშკარავებთ და მერე დავიწყებთ ბრძოლასო.

მეორე არის ის, რომ ხელისუფლება თავად დასავლეთს ეუბნება – ჩვენ მხარდამჭერებად კი არ აღგიქვამთ, არამედ, როგორც საკუთარი ინტერესების გამტარებლად საქართველოშიო, რაც თავისთავად პრობლემურია.

დახმარების უმეტესობა მოდის საქართველოში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ხოლმე დახმარებას, ჩვენივე სურვილით. ასევე, ხელს ვაწერთ უამრავ ხელშეკრულებას, გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მრავალმხრივი ხელშეკრულებები და ყველა ეს ორგანიზაცია გვეხმარება, რომ საქართველოში იყოს უკეთესი განათლება, უკეთესი მეცნიერება, უკეთესი კვლევითი ორგანიზაციები.

იმისთვის, რომ სახელმძღვანელოები დაიბეჭდოს, ახალი პროგრამები შემუშავდეს, სკოლები აშენდეს და ასე შემდეგ. საქართველოში ამ ხალხის გამოცხადება „აგენტებად“ და საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ აშშ იმიტომ ამარაგებს ქართულ სკოლას კომპიუტერებით, რომ აქ რაღაც ამერიკული ინტერესის გატარება უნდათ, უბრალოდ აბსურდია.

არსებობს, მაგალითად, პარიზის დეკლარაცია, რომელიც ამბობს, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფოს მისი ინტერესიდან და საჭიროებიდან გამომდინარე და ამ ხელშეკრულებას პატივს სცემენ.

ის, რასაც ხელისუფლება ავრცელებს ამ ორგანიზაციებზე დღეს, არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია საზოგადოების მოტყუებისკენ, რომ ჩვენ, თითქოს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენი პოლიტიკა კი არ გვიშლის ხელს, არამედ მათ აქვთ ცუდი ზრახვები და ჩვენ არ ვემორჩილებით. აი, ასეთი რიტორიკა აქვს ხელისუფლებას.

  • ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, თითქოს სამოქალაქო სექტორი მალავდეს დაფინანსებას და სოციალურ ქსელებში ტროლების, ბოტების მეშვეობით ცდილობს ამ აზრის გავრცელებას. როგორ შეიძლება ადამიანებს ავუხსნათ, რომ აქ არ დგას გამჭვირვალობის პრობლემა და რომ ეს არის სიცრუე?

მე მიმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საზღვარგარეთიდან წამოსული დახმარებებით ფინანსდებოდნენ და ამ პროექტების ფინანსები არის გამჭვირვალე.

ორგანიზაციები აქვეყნებენ საკუთარი ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაციას, აქვეყნებენ პროექტის მიზნებს, შედეგებს და ასე შემდეგ. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო აქ რამე, ეს ისედაც ეცოდინებოდა ხელისუფლებას.

ახალი კანონი სახელმწიფოს აძლევს უფლებას, ჩაერიოს კერძო ორგანიზაციების საქმიანობაში. მაგალითად, სახელმწიფო შეძლებს გააკონტროლოს კერძო ორგანიზაციის ყველა საქმიანობა, მოითხოვოს პირადი ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია მასთან.

მათ შორის, კვლევით პროექტში ჩართული ადამიანების პირადი ინფორმაცია და ეს არ იქნება მხოლოდ ტელეფონის ნომერი ან მისამართი. მაგალითად, თუ ორგანიზაცია მუშაობს რომელიმე მარგინალიზებულ ჯგუფთან და ეს ადამიანები გამოთქვამენ წუხილს სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ამ ადამიანებზე და დააშინოს.

სახელმწიფოს, სამწუხაროდ, აქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად შეუშალოს ხალხს ხელი ერთმანეთთან ურთიერთობაში, ცხოვრების გაუმჯობესებაში.

მაგალითად, დღეს სახელმწიფო სკოლებს ხელს უშლის იმაში, რომ თავისუფლად იურთიერთონ იმ ადამიანებთან, რომლებსაც რესურსებად აღიქვამენ და შეუძლიათ მოიწვიონ სკოლაში, რომ ბავშვებს გაუზიარონ ინფორმაცია თავიანთი პროფესიის ან გამოცდილების შესახებ.

თუ ახალი შეზღუდვები დაემატება, სკოლაც და უნივერსიტეტიც შეიძლება ჩაიკეტოს და საზოგადოებას აღარ ჰქონდეს ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა.

  • ემუქრება თუ არა საფრთხე სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს? ხომ შეიძლება აღარ დააფინანსოს ევროკავშირმა ეს პროგრამები?

შესაძლოა თავად ორგანიზაციებმა გადაწყვიტონ, რომ აღარ არის აქ ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გააძლიერონ საზოგადოება, თუ ყველაფერი მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ.

სახელმწიფო აღარ მისცემს შესაძლებლობას უნივერსიტეტებს და სკოლებს, რომ ავტონომიურად იმუშაონ. ეს საფრთხეს შეუქმნის ახალი პროექტების შექმნას და საბოლოო ჯამში, ხომ ეს არის ტოტალიტარული სამყარო, რომლისგანაც გაქცევას ვცდილობთ უკვე რამდენი ხანია?!

სამყარო, როდესაც სახელმწიფო აკონტროლებს ადამიანებს, საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობას, აკონტროლებს იმას, როგორ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა უნდა ვასწავლოთ და რა უნდა ვიკვლიოთ.

  • ტოტალიტარულ სისტემას გვიქმნის „ქართული ოცნება“?

მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, როცა სახელმწიფოს არ ეთანხმება სტუდენტი და ამის გამო ის შეიძლება ციხეში წავიდეს.

ან შეიძლება გამომცემლობა დაიხუროს, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მან სათანადოდ არ გაასაჯაროვა რაღაც ინფორმაცია. ბევრი რამ შეიძლება შეზღუდოს, როცა ტოტალიტარული ხდება სისტემა, იქ სახელმწიფოს ჩარევა აღარ არის საჭირო, რადგან პროცესები ისე წავა, რასაც რუსეთში ვხედავთ, როდესაც სტუდენტი სტუდენტს ასმენს, მასწავლებელი – მასწავლებელს, მეცნიერი – მეცნიერს და ასე შემდეგ.

ვიღაც ჩათვლის, რომ ამით რაღაც პატრიოტულ საქმეს აკეთებს და, ბუნებრივია, ეს იქნება კატასტროფა.

  • მასწავლებლები და პროფესორები კრიტიკულები არასდროს ყოფილან. როგორ ფიქრობთ, აღარ დადგა ის დრო, როცა ხმამაღლა უნდა გამოხატონ თავიანთი აზრი თუნდაც იმაზე, რა დონის ზიანს მიაყენებს პირველ რიგში მათ და მთელ საგანმანათლებლო სისტემას რუსული კანონი?

მასწავლებლების და პროფესორების მიზანი არ არის მხოლოდ კონკრეტული პროფესიული ცოდნის გადაცემა, ამის გარდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეებად ჩამოყალიბება. მოქალაქედ ჩამოსაყალიბებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის საკუთარი მაგალითი.

ალბათ გვინდა ისეთი მოქალაქეები აღვზარდოთ, რომლებსაც ექნებათ საკუთარი აზრის შემუშავების, გამოთქმის და ჩამოყალიბების საუკეთესო კომპეტენციები და თუ არ დავანახეთ მოსწავლეებს, სტუდენტებს საუკეთესო მაგალითი, მხოლოდ თეორიულად, სახელმძღვანელოებით და ლექციებით, ეს ვერ მოხდება.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ მასწავლებლები და უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. ახლა, სამწუხაროდ, უნივერსიტეტების განცხადებასაც ვერ ვხედავთ და მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

  • არც მასწავლებლები გაურბიან ფრაზას – „პოლიტიკაში არ ვერევით“, „პოლიტიკა არ გვაინტერესებს“… ეს ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქალაქის ჩამოყალიბების პრინციპებს. ან შეძლება კი არ ესმოდეს მასწავლებელს, რომ ის გაკვეთილიც, რომელსაც ატარებს, ასევე პოლიტიკის ნაწილია?

„პოლიტიკაში არ ვერევი“ როცა ამბობს, ვთქვათ, პროფესორი, აქ ხშირად გულისხმობს იმას, რომ ის არ მოქმედებს რომელიღაც პარტიის სახელით. მაგრამ, პოლიტიკა გაცილებით ფართოა, ვიდრე რომელიღაც პარტიის მხარდაჭერა.

საკუთარი აზრის გამოთქმა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, როგორი წესებით უნდა იმართებოდეს, რა არის სამართლიანი, რა არის ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზები, – ეს ყველაფერი პოლიტიკაში მონაწილეობის ფორმებია და ამაზე უარს არავინ არ ამბობს, თუ დემოკრატიას ვაშენებთ, რა თქმა უნდა.

დემოკრატიაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ იმაზე ზრუნვაცაა, რომ შენ გარშემო იყოს უკეთესი გარემო და პროცესებში, გადაწყვეტილებების მიმღებებთან დისკუსიებში, მსჯელობებში იყო აქტიურად ჩართული.

მაგალითად, როცა მეცნიერი აყალიბებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გადავჭრათ ეკოლოგიური პრობლემები, ესეც პოლიტიკაში მონაწილეობაა.

ასევე მასწავლებელიც, როცა გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი საგანი არ ისწავლება ისე, როგორც უნდა ისწავლებოდეს, ესეც პოლიტიკაში მონაწილეობაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ მასწავლებელს განათლების პოლიტიკა არ აინტერესებს, მაშინ მის ნაცვლად ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისაც აინტერესებს.

  • რა ფასის გადახდა მოუწევს საზოგადოებას, თუკი დღეს გაჩუმდებიან ადამიანები რუსულ რეპრესიულ კანონზე?

საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა შეიძლება ბევრნაირად, მათ შორის დუმილითაც, ოღონდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას. თუ ადამიანს უნდა, რომ გავლენა იქონიოს გარემოზე, უნდა გამოხატოს თავისი აზრი და სხვებთანაც გადაამოწმოს, იქნებ მისი მოსაზრებები არც არის სწორი და არსებობს იმის ალტერნატიული ახსნაც, რაც ხდება ჩვენს თავს.

დემოკრატიის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ დემოკრატია ყალიბდება არა მხოლოდ რაღაც პროცედურების საფუძველზე, არამედ აუცილებელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, მსჯელობის შედეგად მიღებული და ამ მსჯელობაში ჩართვა საზოგადოების ერთ-ერთი უფლებაცაა და ვალდებულებაც.

თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არასამართლიან გარემოში ვცხოვრობთ, ისევე იქნება გაუცხოება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ადამიანები ებრძოდნენ სისტემას, არ ენდობოდნენ არც სკოლას, არც უნივერსიტეტს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ორგანიზაციები იყო პარტიის ინსტრუმენტი ადამიანების დასამორჩილებლად.

თუ არ ჩავერთვებით ამ მსჯელობაში, დავკარგავთ დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს და თუ დემოკრატიას დავკარგავთ, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით ჩართული საკუთარი ბედის განსაზღვრაში, ერთ დღეს კი აღმოვაჩენთ, რომ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილებები, თუმცა მათი შეცვლის ინსტრუმენტი აღარ გვექნება.

ეს ყველაფერი კი დამთავრდება იმით, რითაც მთავრდება არადემოკრატიულ ქვეყნებში – იწყება რეპრესიები, როცა მოქალაქეები გარბიან ასეთი სახელმწიფოებიდან, როცა ვკარგავთ ხელოვანებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს და მოგვიწევს ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომლის საფუძველი არის არა შესაძლებლობები, არამედ შეზღუდვები.

ეს კანონიც სწორედ ასეთ სამყაროს გვთავაზობს.

_______________

ამ თემაზე:

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: