მთავარი,სიახლეები

დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე

02.03.2023 • 744
დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე

საქართველოს მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს.

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.

ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას.

საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ს საელჩოს გრანტითაა შექმნილი.

მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მწერალთა სახლმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

  • რა ხდება? 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულi” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

______________

ფოტოზე: აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: