მთავარი,სიახლეები

ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს

03.03.2023 •
ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს

საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არღვევს საქართველოს კანონს ნორმატიული აქტების შესახებ, როცა განკარგულებებს არ აქვეყნებს. გარდა იმისა, რომ ამით არღვევს საჯაროობის პრინციპს, ასე საქართველოს მთავრობა თავისსავე მოსახლეობას გადაწყვეტილებებს უმალავს.

კანონი მთავრობას ავალდებულებს, განკარგულებები მათი მიღებიდან კონკრეტულ ვადაში გამოაქვეყნოს, გარდა იმ განკარგულებებისა, რომლებშიც მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

მთავრობა ასევე არ რეაგირებს ოფიციალურ მიმართვებზე, როცა კონკრეტული ორგანიზაციები სწორედ ამ დამალული განკარგულებების, როგორც საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. მსგავს საკითხებზე დავა ზოგჯერ თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში უშედეგოდ გრძელდება.

თუმცა ამისთვის არ სცალია მთავრობის მმართველ გუნდს და მის სატელიტებს, რომლებიც ფინანსური გამჭვირვალობის არგუმენტით იმ ორგანიზაციების გაჩუმებას გეგმავენ, რომლებიც დამალულ ინფორმაციას სასამართლოში ითხოვენ, სვამენ კითხვებს და „არ ჩერდებიან“.

სწორედ მათ გაჩუმებას ითვალისწინებს „ხალხის ძალის“ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს გუშინ, 2 თებერვალს ორი კომიტეტის სხდომაზე.

მთავრობის ვებგვერდზე – www.gov.ge – ბოლოს პრემიერის განკარგულება 2020 წლის სექტემბერში აუტვირთავთ, თუმცა ვერც ამ დოკუმენტის და ვერც წინა წლებში ატვირთული განკარგულებების ნახვას შეძლებთ. დარჩა მხოლოდ სათაურები, მაგრამ დოკუმენტები არ იხსნება, ამ რუბრიკის ქვეშ გაერთიანებული მასალა, ფაქტობრივად, მიუწვდომელია.

რაც შეეხება მთავრობის დადგენილებებს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ დადგენილებების სანახავად matsne.gov.ge-ზე უნდა გადავიდეთ.

  • ცოტა რამ საჯარო მმართველობასა და ციფრულ მთავრობაზე

საჯარო მმართველობაზე საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო საუბარი, გამოქვეყნდა სტრატეგიული დოკუმენტები, გააკეთეს ახალი ვებგვერდები და თანდათან კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესებულიყო ამ მხრივ ვითარება, თუმცა ასე არ მოხდა.

მთავრობას თავის ვებგვერდზე დღემდე შემორჩა რუბრიკა საჯარო მმართველობა, სადაც წერს:

„საჯარო მმართველობის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ უნდა განახორციელოს სიღრმისეული რეფორმები საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის მიმართულებით.“

ჩანაწერები გეგმებზე ისევ არსებობს, თუმცა გეგმები გეგმებად დარჩა.

ქვეყანაში თითქმის არ დარჩა ხელისუფლების მუშაობის კონტროლზე, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგზე, კორუფციის კვლევაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზე არ ჩივის, მათ შორის, ბევრმა ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა.

ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემა მთავრობის ზედა რგოლიდან პირდაპირ ვრცელდება ქვედა რგოლზე, მათ შორის რეგიონებშიც, როგორც მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში, ასევე – მერიებში.

აჭარის მთავრობის ერთიან პორტალზე adjara.gov.ge -ზე ძირითადად იმის გაგება შეიძლება, სად იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ვინ მოინახულა ან რა დაათვალიერა. ამ გვერდზე თემატურად არის მიბმული სამინისტროების და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ვებგვერდები, თუმცა სისტემატურად არც ყველა ეს ვებგვერდი ახლდება.

აჭარის მთავრობის სხდომები კი დიდი ხანია დახურულია. დიდი ხანია ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის ინფორმაცია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში დაგეგმილი სხდომების თარიღების შესახებაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ბოლოს ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ვებგვერდზე ატვირთულია აჭარის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, რომელიც 2021 წლით თარიღდება, ასევე, ინფორმაცია სახელმწიფო ინვესტიციებზე 2019 წლის მდგომარეობით. ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე ბიუჯეტის გრაფაზე თუ დააკლიკებთ, იქ ბოლო ფინანსური დოკუმენტის სახით 2022 წლის ბიუჯეტი დაგხვდებათ.

სამინისტროს ვებგვერდს რუბრიკაში – ქალაქმშენებლობა – უკვე წლებია, რაც არაფერი ემატება და არც აკლდება, აქ სათაურით – „ტიპიური პროექტები მუნიციპალიტეტების მიხედვით“  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტების რენდერების ნახვა შეგიძლიათ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე აქვს ასევე რუბრიკა „პრივატიზება“, სადაც მიმდინარე პროცესის ნახვა შეიძლება, აქ გაიგებთ რას ყიდის მთავრობა. რუბრიკას აქვს ასევე ქვეთავი – „პრივატიზებული ობიექტების არქივი“, სადაც შეიძლება ნახოთ მონაცემები პრივატიზებული ქონების შესახებ მხოლოდ 2004- დან 2012 წლამდე.

გაცილებით აქტიურია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, ჯანდაცვის პროგრამების შესახებ აქ ინფორმაციის პოვნას ამომწურავად შეძლებთ.

2023 წლის პროგრამები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც აქვს ვებგვერდზე განთავსებული, თუმცა ზოგიერთი რუბრიკა აქაც არ მოიცავს სრულ მონაცემებს. მაგალითად, რუბრიკაში – „განაცხადების მიღების შესახებ“ გამოქვეყნებულია მხოლოდ განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღები. კონკრეტულ სათაურზე დაკლიკების შემდეგ კი იხსნება ველი, რომელიც ცარიელია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე იპოვით ამ სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ვებგვერდებსაც. მათ შორის არის ლაბორატორიული კვლევის ცენტის ვებგვერდიც, სადაც ინფორმაცია ბოლოს 2021 წლის იანვარში გამოუქვეყნებიათ, სადაც წლის წარმატებით დაწყებაზე წერენ და საუბრობენ იმაზე, როგორ დასძლია ლაბორატორიამ კოვიდის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე ბოლოს ინფორმაცია 2020 წლის დეკემბერს, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშგების შესახებ გამოაქვეყნეს. განყოფილებაში „პროგრამები“ კი – 2015-2018 წლების პრიორიტეტების დოკუმენტია გამოქვეყნებული.

ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე თავს იწონებდა რამდენიმე ახალი ვებგვერდით, რომელიც საჯაროობის უზრუნველყოფას უნდა მომსახურებოდა. რამდენიმე ასეთი ვებგვერდის პრეზენტაცია მან თავად მოაწყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო, მაგალითად, „დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ და „ადმინისტრაციული ერთეულების პორტალი.“

მაშინ მერიამ დაიწყო მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება, კონკრეტული მისამართების მითითებით, ამავე გვერდზე შეიძლებოდა იმის ნახვაც, გაცემულია თუ არა ნებართვა კონკრეტულ მისამართზე ან შეტანილია თუ არა განაცხადი. ეს გვერდები უკვე აღარ მუშაობს.

ბათუმის მერია სიახლეების ნაწილში არ აქვეყნებს ინფორმაციას პროექტების საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მერიები კი სხდომაზე გასატან პროექტებსაც არ აქვეყნებენ, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ დღის წესრიგით, სადაც განსახილველი საკითხების სათაურებია შეტანილი, პროექტებს კი არათუ არ აქვეყნებენ, მათ მოთხოვნის შემთხვევაშიც არ ასაჯაროებენ.

ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დამალა განაშენიანების დეტალური გეგმის დოკუმენტი, რომლის არათუ გამოქვეყნება, არამედ საჯარო განხილვაც აუცილებელია კანონის მოთხოვნით.

„უნდა გამოითხოვოთ,“ „როცა გვექნება პასუხი, მაშინ გიპასუხებთ“, „არ გვაქვს ინფორმაცია“ „ვერ გიპასუხებთ“ – ყველაზე ხშირად ამ წინადადებებს იმეორებენ პრესსამსახურებში. ბევრი უწყება ისეთი ინფორმაციის გაცემაზეც კი უარს ამბობს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: