მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენი ბათუმის მერიასთან უკანონოდ აშენებს – ის „ოცნებას“ აფინანსებს

03.03.2023 • 1504
ბიზნესმენი ბათუმის მერიასთან უკანონოდ აშენებს – ის „ოცნებას“ აფინანსებს

ბათუმის ცენტრში, ბათუმის მერიის შენობის პირდაპირ მდებარე სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ. მშენებლობა ახლაც გრძელდება. ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე შენობაზე ხიმინჯები მორიგი სართულის დასაშენებლადაც გაუმზადებიათ.

ბათუმში, ლუკა ასათიანის 21-ში მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოებზეა გაცემული ნებართვა, რაც გულისხმობს ცვლილებას ფასადში და კოშკის მოცულობაში. პირველი კლასის სამუშაოები ახალი სართულების აშენებას არ გულისხმობს.

რეალურად, ბათუმის მერის კაბინეტიდანაც ჩანს ის, რომ სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ.

ლუკა ასათიანის 21-ში მშენებლობას შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. ამ კომპანიის მესაკუთრე ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. იგი მმართველი პარტიის შემწირველია.

გიორგი ჭყონია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც გასულ წელს კუნძულ მალიორკაზე აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

„არცერთი სართული არ შენდება… ჩუქურთმა ისე ვერ გაკეთდება, თუ ეს არ დაისხა, პროექტში რაც არის, ის კეთდება,“ – გვითხრა გიორგი ჭყონიამ. ის კატეგორიულად უარყოფს ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე სახლზე სართულის დაშენებას.

ბიზნესმენს ვუთხარით, რომ არაპროფესიონალი თვალისთვისაც მარტივად ჩანს, რომ შენობას სართულები ემატება:

„მეც გამიკვირდა თავიდან, როცა დაიწყო ჩამოსხმა, მეც არ მესიამოვნა, მაგრამ პროექტში არის ასე… ეს ადგილი იყო ჩავარდნილი და შეივსება,“ – ამბობს გიორგი ჭყონია.

მშენებლობის წესების დარღვევა დაგვიდასტურეს ბათუმის მერიაში. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ნებართვა სართულების აშენებაზე არ გაცემულა, მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ „ესკიზი დარღვეულია“.

„ლუკა ასათის 21-ში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება ესკიზის დარღვევის ფაქტზე თებერვალში დაიწყო. კომპანია გაცდა შეთანხმებული კლასის მახასიათებლებს, დაარღვია მერიასთან შეთანხმებული ესკიზი, შესაბამისად მითითება დაიწერა უნებართვო მშენებლობის ფაქტზე. ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება“, – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან.

ამის მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა.

უკანონო მშენებლობა ლუკა ასათიანის 21-ში

სახლი ლუკა ასათიანი 21-ში ძეგლის დაცვის ზონაშია, თუმცა რეკონსტრუქციის პროექტი არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეუთანხმებიათ. აქედან ყველაზე ახლოს, ლუკა ასათიანის #25-ში, ძეგლის სტატუსი თავად მერიის შენობას აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მესაკუთრის სახელით განაცხადი შენობის რეკონსტრუქციის თაობაზე 2021 წლის ივლისში შეიტანეს მერიაში. ბათუმის მერიისთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავა წერს:

„შენობის მეხუთე სართული წარმოადგენს ღია ტერასას, რომლის კუთხეში განთავსებულია კოშკის პირამიდული ტიპის გადახურვა. შენობის კუთხის მთავარი ელემენტია კუთხურა კოშკი, რომელიც წარმოადგენს კვარტლის კუთხის აქცენტირებულ ელემენტს და თავისი მასშტაბით ლოგიკურად კრავდა ქუჩების კუთხეს მაშინ, როცა მისი მომიჯნავე შენობები ორსართულიანები იყო.

დღეისათვის შენობის ორივე მხარეს აშენდა ექვსსართულიანი შენობები, რითაც კუთხური კოშკის მოცულობა აშკარად უმასშტაბოდ გამოიყურება ახლად შექმნილ განაშენიანებაში და მოითხოვს კოშკის სიმაღლის დარეგულირებას, განაშენიანების მასშტაბის შესაბამისად.“

დაშენების სამუშაოები ლუკა ასათიანი 21-ში

დაშენების სამუშაოები ლუკა ასათიანის 21-ში

მთავარ ფოტოზე: ახლახან დაშენებული სართულები, რომელიც მერიიდანაც ჩანს.

ამ თემაზე:

____

დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: