მთავარი,სიახლეები

დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“

03.03.2023 • 931
დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“

2 მარტს საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე, 35 მოქალაქე დააკავეს.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას, რომლის რეალური მიზანი გამოხატვის თავისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობაა.

აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან სტუდენტები, ძმები – დავით და ნიკა ჩხობაძეები, დავით სეხნიაშვილი და დავით გოჩაშვილი.

დავით და ნიკა ჩხობაძეების დედა მაია ძაძამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიციამ მისი შვილები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ისინი აქციაზე „არა რუსულ კანონს“ სკანდირებდნენ.

მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდები სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ აქტიური წევრები და დამფუძნებლები არიან.

„ეს ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიურები არიან, 24-შიც ახალგაზრდული სტუდენტური მოძრაობის სულისჩამდგმელები იყვნენ, ძალიან ხშირად ჩანან მედიაში და ვფიქრობ, ამიტომ არ გამოუშვეს.

პოლიციას უფლება აქვს 48 საათი არ გამოუშვას, რადგან ორი მუხლით აქვთ, როგორც მითხრეს, ბრალი წაყენებული – ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა,“- ამბობს მაია ძაძამია.

„არა რუსულ კანონს“ – საპროტესტო აქციაზე სტუდენტებიც დააკავეს

მისი თქმით, ამ დროისთვის დაკავებულები დიღომში იმყოფებიან.

„როგორც მითხრეს, შიგნით ცუდად არ ექცევიან, მაგრამ დაკავებისას გამოიყენეს ძალადობრივი მეთოდები, ბევრმა ტელევიზიამ გადაიღო დაკავების კადრები და დავინახეთ, როგორ ტენიდნენ ამ ახალგაზრდებს პოლიციის მანქანებში.

განსაკუთრებით დავითს როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ახალგაზრდები სკანდირებდნენ იმას, რომ არ უნდათ რუსული კანონი და რუსული წესები და უნდათ თავისუფალ საქართველოში ცხოვრება“ – ამბობს მაია ძაძამია.

2 მარტს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონპროექტს განიხილავდნენ, შეხლა-შემოხლა იყო, სხდომა თითქმის საათ-ნახევარი დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უსწრებდა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს იძულებით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა, საპროტესტო აქცია შენობის გარეთ გაიმართა, სადაც პოლიციამ 35 მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა.

ბოლო ცნობებით, აქციაზე დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: