მთავარი,სიახლეები

„ხელს შეუწყობს ადვოკატების მარგინალიზაციას“ – ადვოკატთა ასოციაცია რუსულ კანონზე

02.03.2023
„ხელს შეუწყობს ადვოკატების მარგინალიზაციას“ – ადვოკატთა ასოციაცია რუსულ კანონზე

„კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა, მაგალითად, „უცხოური გავლენის აგენტი“, შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია აქვეყნებს.

ადვოკატთა ასოციაციას რუსულ კანონზე პოზიციის დაფიქსირება „ბათუმელებმა“ 28 თებერვალს სთხოვა. ასოციაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები საქართველოში არ არიან და კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით ასოციაციამ განცხადება გაავრცელა.

ადვოკატთა ასოციაცია განცხადებაში არ ახსენებს, რომ ეს კანონი რუსულია, თუმცა აღნიშნავს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის შინაარსმა „საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტრატეგიულ ყველა პარტნირორს – აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მკაფიო პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია „მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად.“

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს,“ – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.