მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერია მალავს ახალი პროექტის განაშენიანების გეგმას

03.02.2023 • 1131
ქობულეთის მერია მალავს ახალი პროექტის განაშენიანების გეგმას

ქობულეთის სანაპიროზე, აღმაშენებლის #285-ში შპს „ქობულეთი რიზორთი“ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის  განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] მერიის ინიცირებით ქობულეთის საკრებულომ 31 იანვარს დაამტკიცა ისე, რომ დოკუმენტი საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

იმის გამო, რომ განაშენიანების დეტალური გეგმა არ გაასაჯაროვეს, არ ვიცით, ზუსტად რა მასშტაბის შენობის ან შენობების აშენებას გეგმავს აქ კომპანია – ეს ინფორმაცია წარმომადგენლობითმა ორგანომ საკუთარ ამომრჩეველს დაუმალა. 

განკარგულების პროექტის მიხედვით მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, რომ ზღვასთან ახლოს, ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიექტი უნდა აშენდეს. მშენებელ კომპანიას, შპს „ქობულეთი რიზორთს“, აქ 2 ჰექტრამდე ფართობი [ 19 767 კვ. მეტრი] აქვს დარეგისტრირებული.

შპს „ქობულეთი რიზორთის“  მიერ წარდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტი  საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა გამოგვიგზავნა, განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] კი არც მისთვის მიუწოდებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროობასა და ღიაობას საკრებულოს თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს, განკარგულებების პროექტების გამოქვეყნების პრაქტიკა ქობულეთის საკრებულოს ჯერ კიდევ არ აქვს დანერგილი.  სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხების პროექტებს ქობულეთის საკრებულო ვებგვერდზე არც  მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს, ქვეყნდება მხოლოდ ჩამონათვალი.

  • როგორ დამალა განაშენიანების გეგმა ქობულეთის მერიამ 

ამ შემთხვევაში ქობულეთის მერიამ  დამალა განაშენიანების დეტალური გეგმა, არ გამოაქვეყნა და დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ის არც ჩვენ მოგვაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მერიას, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, მსგავსი შინაარსის დოკუმენტის არამხოლოდ  გასაჯაროების, არამედ მისი საჯაროდ განხილვის, დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრის უზრუნველყოფის ვალდებულებაც აქვს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა ვერ მოგვაწოდა ბმული, სადაც დოკუმენტი ატვირთული იქნებოდა ვერც მისი ჩვენთვის გადმოგზავნა შეძლო. ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე კი სატელეფონო საუბარში გვიმტკიცებდა, რომ კანონით მოთხოვნილი პროცედურა დაცულია და დოკუმენტი ატვირთულია. „მე როგორც ვიცი, არის“ – გვითხრა მან.

იმის დასამტკიცებლად, რომ კანონით მოთხოვნილი პროცედურა დაცულია, მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ ორი ბმული გადმოგვიგზავნა. აქედან ერთზე  შპს „ქობულეთი რიზორთის“ დირექტორის განცხადებაა ატვირთული, რომლითაც ის ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს სამშენებლო მოედანზე აინფორმაციო ბანერის განთავსების თაობაზე ატყობინებს, მეორე ბმულზე კი სხვა კომპანიის და  შესაბამისად, სხვა პროექტის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული.

მოგვიანებით ქობულეთის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დოკუმენტს მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოაქვეყნებდა და იქ შეგვეძლებოდა დოკუმენტს გავცნობოდით. ასე სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ბასილაშვილმა გადაწყვიტა.  პრესსამსახურმა გვითხრა ასევე, რომ დოკუმენტს „მალე“ ატვირთავდნენ.

ნათია ბასილაშვილი არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს, მას შემდეგ რაც ეს თანამდებობა ასლან ქათამაძემ დატოვა. განაშენიანების დეტალური გეგმის საჯაროდ განხილვის მოწყობა, მანამდე კი დოკუმენტის გასაჯაროება, მისი მოვალეობაც არის, თუმცა როგორც ჩანს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისთვის კანონის მოთხოვნა არაფერს ნიშნავს.

საკანონმდებლო მაცნეზე „მალე“ ატვირთეს მხოლოდ  დამტკიცებული დადგენილება, განაშენიანების გეგმა კი, სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ამჯერად არც საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნეს. მეტი სიზუსტისთვის ბმულის გადამოწმება სხვა ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, მათაც დაგვიდასტურეს, რომ შპს „ ქობულეთი რიზორთის“ განაშენიანების დეტალური გეგმა საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთული არ არის.

გარდა იმისა, რომ წარმომადგენლობით ორგანოს საჯაროობის პრინციპის დაცვას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს, სივრცის დაგეგმარების ნებისმიერი დოკუმენტის გამოქვეყნების წესს ნებართვის გამცემ უწყებას ასევე ავალდებულებს საქართველოს მთავრობის 260-ე დადგენილება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სივრცის დაგეგმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტის საჯარო განხილვა სავალდებულოა.  საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ინიციატორის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე. ამ წესით ასევე დადგენილია, რას უნდა მოიცავდეს განცხადება საჯარო განხილვის შესახებ.

„ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/ პროექტის განხილვის პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, რომელიც იმართება ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 40 სამუშაო დღისა.

ასვე, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების წესის მიხედვით საჯარო განხილვის დასრულებიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ინიციატორს წერილობით წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები გეგმარებით დოკუმენტთან დაკავშირებით.

  • რა კავშირი აქვს კახი კალაძეს შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთთან“

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ  ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთმა“  კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:

„ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. ამ კომპანიას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ – თენგიზ წულაია.

31 დეკემბერს ქობულეთის საკრებულომ  კიდევ ერთი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა – პროექტი მეგობრობის ქუჩაზე სამი საკადასტრო ერთეული გაერთიანებას [ N10, N12, N14-ში]  და აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი ქობულეთის საკრებულოს არ დაუმალავს და ის საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთეს.

  • „მახინჯი პრაქტიკა და კანონდარღვევა“ – საიას შეფასება

„ეს არის არა მხოლოდ  მახინჯი პრაქტიკა, არამედ კანონის დარღვევა“ – ასე აფასებს ქობულეთის  მერიისა და საკრებულოს მიერ გდგ დოკუმენტის დამალვას საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

პაატა დიასამიძე თავადაც უწევს მონიტორინგს როგორც ქობულეთის, ასევე აჭარაში მოქმედი სხვა მუნიციპალიტეტების მუშაობას და ამბობს, რომ არამხოლოდ გდგ დოკუმენტი, არამედ დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტები საჯარო და მისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის:

„საკრებულოს მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ წარმომადგენლობით დემოკრატიას.

როცა ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე, ის ანგარიშვალდებულია ამომრჩეველთან და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რაც საზოგადოებას ეხება,  მით უმეტეს, როცა ეს ქალაქის განაშენიანებასთან არის კავშირში, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინფორმაცია.

როცა გადაწყვეტილების შემდეგაც დოკუმენტის ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა… ვნახეთ ჩვენ, რომ მაცნეზეც კი არ აქვთ განთავსებული, გარდა დადგენილებისა. ამ დადგენილებაში არაფერი იკითხება იმის გარდა, რომ დამტკიცდა პროექტი, რომელიც დადგენილებას თან ახლავს. მაგრამ მაცნეზე ეს დანართი არ არის. მით უმეტეს, რომ მიმართეთ ამ დოკუმენტზე და არ მოგცეს.

ეს არის მახინჯი პრაქტიკა. რა ფორმითაც არ უნდა მოგეთხოვათ დოკუმენტი, რომელიც ვებგვერდზე უნდა იყოს განთავსებული, ყველა შემთხვევაში უნდა მიგეღოთ“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:  საყურადღებოა ისიც, რომ 31 იანვარს საკრებულომ კიდევ ერთი გდგ დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც ატვირთა კიდეც. საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, ეს დამატებითი ეჭვების საფუძველი შეიძლება იყოს:

„ეჭვი გვიჩნდება უკვე, რომ რაღაც ინფორმაცია დამალეს. მით უმეტეს, რომ იციან, რომ საზოგადოებაში კითხვა გაჩნდა და ამაზე თქვენ მათ ესაუბრეთ ტელეფონით, თუმცა ამ კითხვებს რეაგირება არ მოჰყვა.

ეს ეჭვებს ამძაფრებს. ეს არის კანონის დარღვევა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: