მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

03.03.2023
რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

ძუძუს ჯანმრთელობასა და ლიფის ტარებას შორის კავშირის შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელთაგან ნაწილი მითია, ნაწილი კი რეალობა. „მედცენტრის“ ონკო-ქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ლიფის ტარებასა და ძუძუს კიბოს შორის კავშირს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არასწორი ბიუსტჰალტერის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მკერდთან დაკავშირებულ ზოგადი ჩივილებთან.

  • ქალბატონო მზია, მიიჩნევა, რომ მავთულიანი ლიფები საზიანოა ძუძუსთვის. რამდენად მართებულია ეს შეხედულება?

მავთულიანი ლიფი იწვევს კომპრესიას ძუძუს მკვებავ სისხლძარღვებზე, ნერვზე, ლიმფურ სადინარზე. ირღვევა სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა. ნერვზე მუდმივი ზეწოლა იწვევს ძუძუს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა გაღიზიანება, წვა, ტკივილი, ასევე, სისავსისა და დაჭიმულობის შეგრძნება.

თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი კვლევა, რომ ლიფი შეიძლება კავშირში იყოს მომავალში სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებასთან.

  • საზიანოა მჭიდრო სპორტული ლიფების ხშირი ტარება? რატომ?

საერთოდ მჭიდრო, მოტმასნილი ლიფის ხმარებით ირღვევა ლიმფის მიწოდება, რაც მკერდის პრობლემების გაჩენის რისკს ზრდის, რადგან ორგანიზმი უუნარო ხდება, გამოყოს ყველა ტოქსინი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმში შედის.

მავთულის ნაწილი და ზეწოლა ქვედა არეში სისხლის მოძრაობას აფერხებს. რკინაც და ნებისმიერი ფორმის მჭიდრო მოჭერა იწვევს ძუძუს შეშუპებას. შეშუპება კი გამოიწვევს ანთებით და სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს. ნერვიც ხომ შედის ძუძუში, შესაბამისად ნერვზე ზეწოლა გამოიწვევს ტკივილის სინდრომს.

ამიტომ ვურჩევ ქალებს, ძილის წინ აუცილებლად მოიხსნან ლიფი.

  • რამდენად სწორია, რომ დიდი მკერდის მქონე ადამიანებისთვის, ინტენსიური აქტივობისას, მაგალითად, სირბილისას, ლიფის არ ტარება საზიანოა?

თუ თავისუფლად გრძნობენ თავს და მათთვის კომფორტულია, სრულიად მისაღებია. ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც კარგია.

  • თუ აქვს მნიშვნელობა ლიფის ქსოვილს?

ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მინახავს კანის გაღიზიანება, რომელიც უკავშირდებოდა სინთეტიკური მასალის ბიუსტჰალტერებს. იყო კანის გაღიზიანება, ქავილი და წვა. გარდა ამისა, მუდმივი ქავილისგან ნაკაწრები აღინიშნებოდა კანზე. პრობლემა მოგვარდა, როგორც კი შეირჩა შესაბამისის ფაქტურის ბიუსტჰალტერი.

ზოგადად, სპორტული ტიპის, უმავთულო ლიფები კარგია. ძუძუს თავისუფალი სისხლის ან ლიმფის მიმოქცევა აქვს და ასეთი ლიფები ნერვის კომპრესიას არ იწვევს. მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს კარგი მატერია, სასურველია ბამბა, ე.წ. კოტონი.

აუცილებელია, ქალებმა ყურადღება გაამახვილონ ძუძუს ნებისმიერ პრობლემაზე დროულად მიმართონ სამედიცინო ცენტრებს, ჩაერთონ სკრინინგ-პროგრამებში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: