მთავარი,სიახლეები

როცა დიდთოვლობისას სასწრაფო გჭირდება – 2 შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში

03.03.2023 •
როცა დიდთოვლობისას სასწრაფო გჭირდება – 2 შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში

დიდთოვლობა ზამთარში მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არავის უკვირს, თუმცა ადგილობრივების თქმით, წელს, გასულ წლებთან შედარებით, დიდთოვლობამ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შექმნა.

როცა დიდთოვლობის გამო სოფლის უბნების ან  ცენტრალური გზისკენ მიმავალი გზები იკეტება და ადგილობრივებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რა ხდება ამ დროს? 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხულოს სოფელ ბოძაურში სტუმრად მყოფ ფეხმძიმე ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ბოძაურში გვითხრეს, რომ ქალის ხულოს კლინიკაში დიდხანს ვერ გადაიყვანეს, რადგან შიდა სასოფლო გზები თოვლისგან გაწმენდილი არ იყო. ადგილობრივების თქმით, ქალი ჯერ ციგით გამოიყვანეს სახლიდან, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალმა ნაადრევად იმშობიარა ხულოს კლინიკაში. ნაყოფი ცოცხალი დაიბადა, თუმცა საბოლოოდ ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საფრთხე ემუქრებოდა დედის სიცოცხლესაც.

მედიასთან ამაზე საუბარი პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა არ ისურვეს. აღნიშნულ შემთხვევაზე „ბათუმელებმა“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესცენტრსაც მიმართა კითხვებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ერთი კვირის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა შუახევის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ ქალსაც, რომელსაც წარსულში გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. როგორ მივიდა ოჯახამდე სასწრაფო დახმარების მანქანა, ამის შესახებ პაციენტის რძალი, ნარგიზ ქათამაძე გვიყვება.

„ჩემი დედამთილი შეუძლოდ დილით გახდა. სასწრაფო დახმარება შუადღის შემდეგ გამოვიძახეთ, იქნებოდა ასე 5-6 საათი. ჩვენი ძალებით ვეხმარებოდით იქამდე პაციენტს ოჯახში.

მანამდე გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, დიდი თოვლი იყო, ჩაკეტილი იყო გზები. კი წმენდენ ყოველდღიურად, მაგრამ მაინცადამაინც იმ ღამით მოვიდა თოვლი კიდევ. ჯერ ტრაქტორი გამოვიძახეთ, გზა რომ გაეწმინდა და მერე – სასწრაფო დახმარება.

ძლიერ თოვდა და ჩვენი ძალებით ვერ მოხერხდებოდა პაციენტის გადაყვანა, რომ არ მოსულიყო ტრაქტორი, ვერ მოვიდოდა სასწრაფო დახმარებაც“, – გვითხრა ნარგიზ ქათამაძემ.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან ერთი საათის შემდეგ მათ ეზომდე მივიდა. ამ დროს ტრაქტორს უკვე ჰქონდა გზა გაწმენდილი.

„[სასწრაფო დახმარების] მანქანას ცოტათი გაუჭირდა ამოსვლა, თორემ მალე მოვიდა. ხომ იცით, ახალგაწმენდილი გზა როგორია. სოფლის თავში ვცხოვრობთ“, – გვითხრა მან.

ნარგიზის თქმით, პაციენტი ჯერ მუნიციპალიტეტის კლინიკაში, იქიდან კი მალევე, რეანომობილით ბათუმში, კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანეს.

„პაციენტი ახლა კარგად გრძნობს თავს. ქალაქში რჩება,“ – გვითხრა ნარგიზ ქათამაძემ.

_____________

ფოტოზე: პაციენტის გადაყვანის პროცესი სოფელ ახალდაბაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: