სიახლეები

ბათუმში ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში 500 უკრაინელი ჩაერთო

04.03.2023 • 210
ბათუმში ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში 500 უკრაინელი ჩაერთო

ოლგა ვალოჟკა ქალაქ ხერსონიდან 3 შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. ისინი ხერსონიდან ყირიმის გავლით ჩამოვიდნენ. ბავშვებმა ომის საშინელებები საკუთარი თვალით ნახეს. ახლა ისინი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში არტთერაპიის კურსს გადიან:

„ჩემმა შვილება თვეების განმავლობაში აქ გაიარეს ქართული ენის და არტთერაპიის კურსები. აქ ბავშვები ვითარდებიან, ხატავენ, სტრესს ამარცხებენ, მათ ირგვლივ მზრუნველი და თანამდგომი ხალხია, კეთილგანწყობილი გარემო. ძალიან შეიცვალნენ ჩემი შვილები: გამხიარულდნენ და მეგობრები შეიძინეს. არტთერაპიის კურსის გავლამდე ჩაკეტილები იყვნენ.

ხშირად ვიკრიბებით ბათუმის ოფისში და აქ კარგად გვხვდებიან, ჩემს შვილს დაბადების დღეზე ტორტიც კი მოუტანეს, რისი საშუალებაც მე არ მქონდა, ეს ძალიან სასიამოვნო წუთები იყო, ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მზრუნველი გარემოს არსებობა დადებითად აისახება“, – ამბობს ოლგა ვალოჟკა.

ოლგა ვალოჟკა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა უკრაინულ თემთან მუშაობა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო. თავიდან გამოიკვლიეს, თუ რა სჭირდებოდათ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად, მერე კი ეს საჭიროებები იმ პროექტებად და  ღონისძიებებად აქციეს, რასაც სთავაზობდნენ როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი ბენეფიციარებს სთავაზობდა ქართული ენის შემსწავლელ კურსს ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის, არტთერაპიის კურსს მოზარდებისთვის, სხვადასხვა შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებას ადგილობრივ სოციუმში ადაპტირებისთვის. აწვდიდნენ ინფორმაციასაც, თუ რა სერვისებს სთავაზობდნენ მათ საჯარო უწყებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

ტარდებოდა ტრენინგები ქალთა გაძლიერებისთვის, ბენეფიციარები ესწრებოდნენ სპექტაკლებს ბათუმის დრამატულ თეატრსა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ეწყობოდა ქალაქის საფეხმავლო ტურები და შემეცნებითი აქტივობები:

„ბავშვებს უტარდებოდათ ასევე ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები. ცენტრი იყო ადგილი, სადაც უკრაინელებს შეეძლოთ ასევე ბავშვების დატოვება. ბევრი მარტოხელა დედის სტატუსითაა საქართველოში და სჭირდებოდათ დასაქმება ან ენის კურსზე სიარული. ამისთვის კი საჭირო იყო ადგილი, სადაც ბავშვებს დატოვებდნენ.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ომის დასაწყისიდანვე სჭირდებათ ბავშვებსა და ზრდასრულებს, მართონ ომისშემდგომი სტრესი და მათ ამაში დახმარება სჭირდებათ. ჩვენი სერვისები და პროგრამები ამ სტრესის და ემოციის სხვადასხვა საშუალებით მართვაზე იყო გათვლილი“, – ამბობს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე.

თეონა დიასამიძე. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი

არტთერაპიის დაწყებამდე, მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს სტრესის ფონზე არ შეეძლოთ ჭამა. თერაპიის მერე კი მდგომარეობა დარეგულირდა და პრობლემა აღმოიფხვრა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისმა შესაძლებლობა მისცა ზრდასრულებსა და მოზარდებს, ჰქონოდათ საერთო შეკრების ადგილი, გამოსულიყვნენ სახლიდან, გამარტივებოდათ ადაპტაცია ახალ გარემოსთან და გამკლავებოდნენ ახალ რეალობას.

მოქმედებდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უკრაინელი ბავშვები ერთად გეგმავდნენ ღონისძიებებს, ზრდასრულებიც ასევე: ქართველების და უკრაინელების ოჯახები ერთად გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას და ხვდებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ გამოცდილებას.

„ქართული ენის შესწავლის ინიციატივა უკრაინელებისგან წამოვიდა, მათ არ სურდათ ქართველებთან იმ სახელმწიფოს ენაზე საუბარი, რომელიც სასტიკ ომს აწარმოებს მათ ქვეყანაში. ენის არცოდნა ხელს უშლიდათ მათ დასაქმებაში.

აქ მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ურჩევნიათ თავად იმუშაონ და გადაიხადონ ბინის ქირა, ვიდრე სახელმწიფომ უხადოს მათ, რაც ასევე მაღალ მოქალაქეობრივ კულტურაზე მიანიშნებს.

ქართული ენის უწყვეტ კურსს ვთავაზობდით როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებს“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

ოქსანა ცაპოიჩიკიც ხერსონიდან ჩამოვიდა პატარა გოგოსთან ერთად. საქართველოში არავინ ჰყავდა და არიც ის იცოდა ზუსტად, სად წავიდოდა. პირველად ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე უკრაინელთა დახმარების ცენტრში მოხვდა. მერე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღმოაჩინა.

„ბათუმში ერთ ადამიანსაც არ ვიცნობდი, შემდეგ ეს ცენტრი აღმოვაჩინე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაგვეხმარა, საქართველოში რომ ადაპტაცია გაგვევლო“ – ამბობს ოქსანა.

ოქსანა ცაპოიჩიკი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

ტატიანა ვასილჩენკო ბათუმში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა ქალაქ სუმიდან. ამ ქალაქზე რუსულმა არმიამ ომის პირველი დღეებიდანვე მიიტანა სამხედრო იერიში. ოჯახმა ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დააღწია თავი დაბომბვებს.

3 კვირა მათ ოკუპირებულ ქალაქში გაატარეს, მარტში კი ბათუმში ჩამოვიდნენ.

„დღემდე ამ იმედით და მოლოდინით ვართ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და შინ დავბრუნდებით.

ომის გამო რომ მოგვიწია ჩვენი სახლის დატოვება, ამ აზრს ვერ ვეგუებით ამ დრომდე. ამ ოფისში საკუთარი სახლივით მოვდივართ. აქ იკრიბებიან ბავშვები, მათ აქვთ გაკვეთილები, მათ აქ ელიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შინ გრძნობენ თავს. ეს განწყობა, რომ ჩვენ გვერდით არიან და მხარს გვიჭერენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მადლიერები ვართ და რა თქმა უნდა, გვინდა გაგრძელდეს ეს პროექტი“ – ამბობს ტატიანა ვასილჩენკო.

ტატიანა ვასილჩენკო. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში გარდა ოფიციალური პროექტებისა, თანდათან მოხალისეობრივი კლუბებიც გაჩნდა: ლიტერატურისა და კინოკლუბი. შაბათ-კვირას ბავშვები ცენტრში დადიან და ახალ მეგობრებს იძენენ, ფილმებს ერთად უყურებენ და საუბრობენ.

უკრაინელთა დახმარების პროექტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან ერთად ახორციელებს გაეროს ქალთა ფონდი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი, თეონა დიასამიძე ამბობს, რომ დონორების როლი მთელ ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან რთული იყო სწრაფი კოორდინაცია, ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო სექტორს შორის, ვინც აჭარაში ასე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ევროკავშირის წვლილი ძალიან დიდია, ყველა პროგრამის მხარდამჭერი სწორედ ევროკავშირი იყო, რაც ივლისიდან დღემდე ხორციელდება ჩვენი ბენეფიციარებისთვის. დაახლოებით ხუთასამდე უკრაინელი ჩაერთო ამ პროგრამაში“. – ამბობს თეონა დიასამიძე.


 

გადაბეჭდვის წესი