განათლება,მთავარი,სიახლეები

რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი

03.03.2023 •
რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი აჭარიდან როლანდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში ინგლისურ ენას ასწავლის ბავშვებს, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, მთელ საზოგადოებას დააზიანებს, რადგან კანონი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, რომ ამ კანონის იდეა კრიტიკული, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის ჩახშობაა და მსგავსი ტიპის კანონი არ უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სიტყვის თავისუფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ყველაზე დიდი მონაპოვარი, ამ კანონით კი ამის ჩაკვლა სურთ.

თუ გამოხატვის თავისუფლება აღარ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული ვიქნებით სხვა დანარჩენ უფლებებშიც“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში როლანდ შავაძე.

მისი თქმით, ბევრი მასწავლებელია მის ირგვლივ, ვინც იზიარებს მის პოზიციას და მიიჩნევს, რომ რუსული კანონი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგაა.

„არავინაა მომხრე, ყველა ეწინააღმდეგება ამ კანონს და ბევრმა ღიადაც გამოხატა პროტესტი, რადგან ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს შეაჩერებს.

ამერიკის და სხვა საელჩოების დახმარებით ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება ამ ქვეყანაში. ამერიკის საელჩო კი განსაკუთრებით ლიდერობს ამ მიმართულებით და როცა ეს ყველაფერი აღარ გვექნება, გამორიცხულია, რომ  რაღაც კარგი გააკეთო.

რა პროექტი შეიძლება მოიფიქრო მასწავლებელმა, რომელსაც სახელმწიფო დაგიფინანსებს? სკოლას რა ფინანსებიც აქვს დღეს, ისიც კი არ ჰყოფნის. დანარჩენი ყველაფერი უცხოური გრანტებიდან შემოდის. თუკი ეს გრანტები არ იქნება და მე აგენტად მომიაზრებენ, ამ სიკეთეებსაც დაკარგავენ სკოლები“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი თქმით, ამერიკის საელჩოს ახლაც აქვს გამოცხადებული გრანტი და აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს გრანტი ხულოში მცხოვრები ბავშვებისთვის მოიპოვოს.

„ხულოში ბევრი სკოლაა, სადაც ბევრ სავალდებულო საგნებში დღესაც კი არ ჰყავთ მასწავლებლები ბავშვებს. სახელმწიფო კი ვერაფერს სთავაზობს მათ. სწორედ ამ ბავშვებისთვის მინდა ეს გრანტი, რომ ამ სავალდებულო საგნებში მასწავლებლები ავუყვანოთ და ონლაინგაკვეთილები ჩავუტაროთ.

მინდა, ბავშვებს კომპიუტერები  შევუძინო და მასწავლებლებსაც ჰქონდეთ ანაზღაურება, როცა ონლაინგაკვეთილებს ჩაატარებენ. ამერიკული დახმარება მინდა იმისთვის, რომ ამ ბავშვებს წვდომა ჰქონდეთ ხარისხიან ზოგად განათლებაზე. თუ გამოვიდა, რა თქმა უნდა.

ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კანონი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული, ნებისმიერ სექტორში მყოფ პირზე აისახება ნეგატიურად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში იქნება ადამიანი,“ – ამბობს  როლანდ შავაძე.

მისი აზრით, შეიძლება ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ ამ კანონს დღეს, ამ საფრთხეებს ვერ გრძნობდნენ, მაგრამ პოტენციური მსხვერპლი თვითონაც იქნებიან.

„თუ წინასწარ ვერ ხდება იმის განჭვრეტა, თუ რა მოჰყვება ამ ყველაფერს, აუცილებლად დადგებიან ესენიც  საფრთხის წინაშე, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება“ – ამბობს როლანდ შავაძე.

________________

ამავე თემაზე:

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: