მთავარი,სიახლეები

„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

02.03.2023 • 991
„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ?“ – ასე მიმართა დღეს, 2 მარტს, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს „ოცნებიდან“, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს.

„პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს…

თბილისის ჰამქრის [არასამთავრობო ორგანიზაცია] თავმჯდომარე ვიყავი.

მერე ხომ კარგად გიხაროდათ, გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა. ჩემი და ჩემი მეგობრების ხარჯზე გაკეთდა. აგენტები ვიყავით ჩვენ და ჯაშუშები? იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან აქციაზე, აბა?! ჯაშუში ვიყავი, აგენტი და ეს უნდა მიძახოთ?

თან მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა უჭირავს, რუსის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცნიათ, იმათი დამსახურებაა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ეშინიათ, რომელმაც ყველას უთხრა – „არ გაბედოთ“.

ხორბალი რომ შემოგვიტანეს, როცა საჭმელი არ იყო და ის ხალხი გვეხმარებოდა… ახლაც რომ გვეუბნებიან – „ნუ აკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ერთი ერთში გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან – გინდათ ჩვენთან, გინდათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ამას ნუ აკეთებთ!“

და რატომ აკეთებთ, სხვა დარდი ქვეყანაში არ არის, სხვა პრობლემას ვერ ხედავთ?!

წავიდეთ ნავთლუღის ბაზარში, ჯიპებიდან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიაროთ ნავთლუღის ბაზარში, აი, იქ რომ ხალხია გაჭირვებული, ამაზე ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, აი, ესღა დარჩაო? ხომ ამას არ ფიქრობს?!

მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი?

პერსპექტივას უკლავთ ამ ქვეყანას, მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, თუ მეტყვი, რომ „ხო, მინდა რუსეთი, აი, ასეთი ხოში გვაქვს, რომ რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა“.

არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი, ეს არის საქართველო და აღარ გახდება რუსეთი!“ – განაცხადა ელისაშვილმა კომიტეტების სხდომაზე.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი ძალის გამოყენებით გააძევეს.

დღეს პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე არ შეუშვეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: