მთავარი,სიახლეები

ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან

03.03.2023 • 2098
ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან

„პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი, ახლა ძალიან შორს ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ზედმეტი ბარგია.

კომუნისტების დროიდან გვესმის სიტყვა „აგენტი“, ეს ჟღერს, როგორც „შპიონაჟი“, „აგენტურა“. შეიძლება ამ სიტყვის იარლიყად მიკერება ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე, მეწარმე და მევენახე ქედიდან, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ქედის ლაგმა“ [ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი] 46 ათასი ლარით დაუფინანსა კოტეჯების მშენებლობა სოფელ პირველ მაისში.

2 მარტს საქართველოს პარლამენტის ორმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს უცხო ქვეყნების გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც ავალდებულებს მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად იმ შემთხვევაში, თუკი მათი უცხოური დაფინანსება აღემატება 20%-ს.

„ჩემი ბიზნესის 70 % ევროკავშირის პროექტით დაფინანსდა, ჩემი ფინანსური წვლილი მხოლოდ 30% იყო. გასული წლის ზაფხულში 300-ზე მეტ უცხოელ ტურისტს ვუმასპინძლეთ, ვიცი, რომ მომავალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ სტუმარს ველოდებით.

მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა სოფლებს ეხმარებოდნენ ევროპის ძლიერი ქვეყნები. ამ დახმარებაში მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობ, რადგან არის გამოცდილება, რაც აქვთ განვითარებულ ქვეყნებს სხვადასხვა ბიზნესში. სამწუხაროდ, ეს ცოდნა ჩვენთან ჯერ არ არის დაგროვილი. დასავლეთის ქვეყნები ასეთ გამოცდილებასაც გვიზიარებენ.

მხოლოდ მე არ მიმიღია ასეთი მხარდაჭერა. მარტო ჩემი მუნიციპალიტეტის, ქედის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, უამრავ ქედელს დაუფინანსეს სოფლის მეურნეობის განსავითარებლად პროექტი, დაეხმარნენ საოჯახო სასტუმროების გამართვასა და კოტეჯების მშენებლობაში. არის მაგალითები, როცა ნახევარ მილიონამდე დაფინანსებაც გასცეს თითო პროექტისთვის“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე.

თავიდან ნოდარ შერვაშიძემ 3 200 ძირი ვაზი გააშენა, მათ შორის: ცოლიკაური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. შემდეგ კი ტურისტების მოჭარბებულმა ნაკადმა ბიზნესის გაფართოება მოითხოვა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG).

ევროკავშირის მხარდაჭერით ვენახის ზვარში შერვაშიძეებმა 4 კოტეჯი ჩადგეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქედის ლაგი“ განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს, შემდეგ კი, ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივების მხარდასაჭერად დაფინანსებას გასცემს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული – ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია.

ევროკავშირის მხარდაჭერილი LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: