მთავარი,სიახლეები

რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

03.03.2023 •
რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

„წარმოდგენილი კანონპროექტები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან ეწინააღმდეგება რამდენიმე კონსტიტუციურ ნორმას,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსული კანონის შესახებ.

„კანონის ნებისმიერი ნორმა ან კანონი ანტიკონსტიტუციურია, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმას/ნორმებს.

ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი გვეუბნება, რომ ამ კანონის/კანონების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაშასადამე, ამ კანონის მიღებით ჩვენი ხელისუფლება დაარღვევს 78-ე მუხლს.

აგენტების შესახებ კანონები ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და, შესაბამისად, მათი მიღებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე საჯარო პოსტითაც გამოეხმაურა რუსულ კანონს.

„ეს არ არის ამერიკული კანონი,“ – წერს ვახტანგ ხმალაძე, – „დემოკრატიულ სახელმწიფოებში სტუდენტებს ასწავლიან [საქართველოშიც ასე ვასწავლით], რომ კანონით თითქმის ყოველთვის იზღუდება ვიღაც ან/და რაღაც [ვინმესთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებაც შეზღუდვაა]. ამიტომ კანონი სამართლიანია და მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ამის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდვის დაუწესებლად.

მაშასადამე, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამ მიზნის მიღწევის საშუალებებიც ლეგიტიმური უნდა იყოს – უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდავი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებს.

გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგები – დასახული მიზნის მიღწევამ არ უნდა დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები. ვნახოთ, აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტები ზემოაღნიშნულ პირობებს?

ამ კანონპროექტების ინიციატორები გვეუბნებიან, რომ მათი მიზანია მედია-საშუალებებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

მედია-საშუალებების შემოსავლების გამჭვირვალობა უკვე უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით [მუხლი 70], ხოლო მათი ხარჯების კანონიერებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. მაშასადამე, დასახული მიზანი დიდი ხანია მიღწეულია და ამ კანონების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მედია-საშუალებებზე.

თუ ყველაფერი უცვლელად დარჩება, სიახლე იქნება ის, რომ:

  • ზემოაღნიშნულ მედია-საშუალებებს მიაწებებენ „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ იარლიყს, რითაც მოხდება მათი სტიგმატიზაცია;
  • მოხდება იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ მედია-საშუალებებში ან თანამშრომლობენ მათთან. ეს კი ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3];

არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები მათი ყოველწლიური დეკლარაციების მეშვეობით ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის. გრანტის მიმცემსა და შემომწირველს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ გადაცემული თანხების გამოყენების შესახებ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო გახდება ყველა შემოსავალი და ხარჯი:

  • მოხდება ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია;
  • მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შემომწირველთა და იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში, რაც ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3];
  • მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაცია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.2).

საქმე ის გახლავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული მოგება მოახმაროს ორგანიზაციის საწესდებო მიზნების შესრულებას [მაგალითად, ქველმოქმედებას, კვლევას, განათლებას და ა.შ.], და თუ მისი სამეწარმეო საქმიანობის დეტალები საჯარო გახდება, იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კონკურენტ მეწარმეთა მიმართ, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებიც კონფიდენციალურია.

ზემოაღნიშნული მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას ექნება „მსუსხავი“ ეფექტი – უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე სუბიექტების დაფინანსებას;

საქველმოქმედო ორგანიზაციები დაკარგავენ პოტენციური შემომწირველი ფიზიკური პირების დიდ ნაწილს (როგორც წესი, ქველმოქმედი ფიზიკური პირები თავის ვინაობას არ ასაჯაროებენ);

მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავს შეიკავებს უცხოური დაფინანსების მიღებისაგან, რათა თავიდან აიცილონ „აგენტის“ სახელი და ამის გამო არ დაკარგონ მოქმედი თუ პოტენციური თანამშრომლები. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას, რაც გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპების დარღვევას [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 17 და 22];

როგორც ვხედავთ, განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება!“ – წერს ვახტანგ ხმალაძე ფეისბუქზე.

___________________

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული“ ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“ — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

კანონპროექტებს მხარი პირველი მოსმენით 2 მარტს დაუჭირეს საგარეო და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა. „ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი კანონი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი: ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად მიიღეს.

ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.

საქართველოში კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის: აშშ-ი, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამავე თემაზე: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: