მთავარი,სიახლეები

უკრაინულ კაფე-ბიბლიოთეკას ბათუმში „ქეა კავკასიამ” წიგნები გადასცა

03.03.2023 • 1019
უკრაინულ კაფე-ბიბლიოთეკას ბათუმში „ქეა კავკასიამ” წიგნები გადასცა

„მე და ირას ძალიან გვიყვარს წიგნები. როდესაც უკრაინელებმა სამშობლო დატოვეს, ძალიან უნდოდათ წიგნების წამოღება, თუმცა ვერ შეძლეს.  აქ, ბათუმში ჩამოსულები, ეძებდნენ ადგილს, სადაც წიგნებს წაიკითხავდნენ. სწორედ ამიტომ გვინდოდა ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის და გაგვეხარებინა, როგორც შეგვეძლო. ჩვენი კაფე ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებს. სტუმრებს შეუძლიათ სახლშიც წაიღონ წიგნები, წაიკითხონ და შემდეგ დაგვიბრუნონ“ – ამბობს ელენა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტის“ ერთ-ერთი მფლობელი.

დღეს, 3 მარტს, „ქეა კავკასიის“ კამპანიის – „უკრაინელი ქალების ხმა“ – ფარგლებში, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ კაფე „ინსტიტუტს“ წიგნები გადასცა.

ელენა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტის“ ერთ-ერთი მფლობელი

ქალებმა კაფე ვინტაჟურ სტილში მოაწყვეს და გარდა იმისა, რომ აქ კერძებისა და ცხელი სასმელების შეკვეთაა შესაძლებელი, გამოყოფილია ადგილი ბიბლიოთეკისთვისაც. ამ ბიბლიოთეკას ახლა ახალი წიგნები გაამრავალფეროვნებს.

„ქეა კავკასიამ“ კამპანია „უკრაინელი ქალების ხმა“ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაიწყო. კამპანია მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, იმ პრობლემების წარმოჩენა, რაც ქალებს აქვთ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მხარდასაჭერი ღონისძიება  საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად.

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტი”.

გასული წლის განმავლობაში „ქეა“ და მისი პარტნიორები დაეხმარნენ 960 000-ზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს უკრაინაში, საქართველოში, გერმანიაში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

„ქეამ“ პარტნიორებთან ერთად უკრაინის მოქალაქეებს მხარი დაუჭრა ფსიქოსოციალური და ფულადი დახმარებით, საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

„ქეა კავკასიისგან“ უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს ასევე სამედიცინო და საგანმანათლებლო დახმარება და საცხოვრებლის მოსაძიებლად საჭირო ფინანსური რესურსი.

საქართველოში „ქეა კავკასია“ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით კი ქალებს, რათა მათ სწრაფად შეძლონ ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივ სერვისებსა და ინფორმაციაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: