სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
„სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.
ინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს და აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.
კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას.
კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს.
განსაკუთრებითაა ხაზგასასმელი, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის (ნებისმიერი ფორმით) მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მიგვაჩნია დაუშვებლად!“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს რელიგიათა საბჭო: