მთავარი,სიახლეები

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ

04.03.2023 • 1233
უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის შესახებ მიმართვას ავრცელებენ.

„ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, ვაპროტესტებთ საკანონმდებლო ინიციატივას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ და ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყანაში, იმ მიზნით, რომ აქ მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კი გვაშორებს განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო კურსს.

საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერით, ასეულობით ქართველ ახალგაზრდას  გვიკარგავთ იმის შესაძლებლობას, რომ განათლების მიღების შემდეგ ჩვენს სამშობლოში დავბრუნდეთ და მას ვემსახუროთ.

გარდა ამისა, ყველანაირ პერსპექტივას უკარგავთ თაობებს, რომელთაც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და განვითარებულ ევროპულ საქართველოში სურთ ცხოვრება.

ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში!“.

მიმართვა გუშინ, 3 მარტს გავრცელდა და ჯერ 55-მდე ხელმომწერი ჰყავს. მიმართვის ავტორები ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის წევრები არიან.

„ბათუმელები“ ესაუბრა ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სალომე სალაძეს, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს და მაგისტრატურაზე სწავლობს.

„თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ის სტუდენტია თუ არა, თუ შეუძლია ობიექტურად კონკრეტული ნათქვამის ან ფაქტების აღქმა და ერთხელ მაინც აქვს ეს კანონპროექტი წაკითხული, მგონია, რომ აუცილებლად გაუჩნდება პროტესტი, რადგან ეს არ არის ის, რისკენაც ჩვენ მივდივართ.

ეს არ არის ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის მისაღები კანონი.

მარტივად რომ გადავხედოთ, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, უნგრეთს ამ კანონის გაუქმება მოუწია, მისი იმ ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში მყოფ ან ევროკავშირთან დაახლოების სურვილის მქონე ქვეყანას.

იმედი გვაქვს სხვა სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან, ვინც ფიქრობს, რომ ეს არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს.

გულწრფელად რომ ვთქვა, მე მგონია, ეს არის მმართველი პარტიის მოწინააღმდეგე ადამიანების დაქსასვის, გაჩუმების მცდელობა, რის ძალიან კარგ შესაძლებლობასაც მისცემთ ამ კანონპროექტის მიღება“, – ამბობს სალომე სალაძე.

იგი მიიჩნევს, რომ აგენტის იარლიყმა შესაძლოა სხვა პრობლემებიც შექმნას:

„ძალიან თავისუფლად შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ვთქვათ „აგენტი“ დაერქვა, ქუჩაში გავლის დროს მიაყენონ შეურაცხყოფა, ან შენი ოჯახის წევრს შეეხონ [ფიზიკურად]“, – გვითხრა სალომემ.

სალომე ფიქრობს, რომ შესაძლოა ერთმა პროტესტმა ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ თუ ყველა გაერთიანდება და იტყვის, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაგვიკეტავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზებს, მის მიღებას ვეღარავინ გაბედავს.

„მე მართლა მგონია, რომ მათაც [რუსული კანონპროექტის მხარდამჭერებმა] იციან ეს ყველაფერი, მაგრამ ჯიუტად აკეთებენ იმას, რაც შემდეგ თაობებს გაურთულებს, უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ საქართველოში და თაობები დაგვაშორებს ევროპისგან.

დღეს, როდესაც შეიძლება დღე-დღეზე მოგვენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც აუცილებლად იმსახურებს საქართველო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გადავრჩეთ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, ვანიავებთ ამ შანსს, რაც ვფიქრობ, მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია გაიაზროს, რა გვჭირდება უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისთვის“, – ამბობს სალომე სალაძე.

______________

ფოტოზე: სალომე სალაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: