განათლება,მთავარი,სიახლეები

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

02.03.2023 • 1739
ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

„ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს. ხელისუფლებები შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელით ცდილობს ხელისუფლება ამ კანონის შემოტანას – რუსულით თუ ამერიკულით, „ყველა შემთხვევაში, კანონის მიღების მიზანია დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამოაცხადონ მტრად“.

„თვითონ ამ კანონის ინიცირება ან თუნდაც განხილვა ამერიკული კანონის კონტექსტში, ან რუსულის კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ რუსული და ამერიკული ვერსიაც მიმართული იყო კონკრეტული ქვეყნის მტრების წინააღმდეგ.

მაგალითად, რუსული კანონი იყო ევროკავშირის წინააღმდეგ და ამერიკული ვერსია ფაშისტური გერმანიის და ჩინეთის წინააღმდეგ.

ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მოდელზეა საუბარი, რადგან, ფაქტობრივად, მტრად გამოცხადდება ევროპული და ამერიკული თანამეგობრობა და ჩვენი პარტნიორები. ეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების თვალსაზრისით დამღუპველია და საგარეო პოლიტიკის არჩევანზეც დიდი კითხვის ნიშანი დგება,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი და მედია, შალვა ტაბატაძეც მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღების მოტივი არ არის ე.წ. გამჭვირვალობა და ამ დისკუსიებში ხელისუფლებას არ უნდა გავყვეთ.

„გამჭვირვალობის საკითხი, ეს არის ყურითმოთრეული, რადგან მთავრობამ ყველაზე კარგად იცის, რამდენად გამჭვირვალეა დასავლეთიდან შემოსული თანხები და ყველა პროექტი, რომლებიც ამ გრანტებით ფინანსდება.

იქნება ეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების და USAID-ის პროგრამები, ყველაფერი მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე შემოდის ქვეყანაში.

ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და მათ სრული სურათი აქვთ ყველა ორგანიზაციის ხარჯებზე და მთავრობამაც იცის, რომ „გამჭვირვალობის“ კუთხით ამ საკითხის განხილვა არასწორია.

საკითხი დგას ასე – მტრად გამოცხადდებიან დასავლელი პარტნიორები და შემდეგ მათი „აგენტების“ იდენტიფიცირებას დაიწყებს სახელმწიფო“, – მიიჩნევს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის „აგენტის“ გამოყენება შესაძლოა მომგებიანი იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან მოსახლეობის ნაწილი კარგად არ არის ინფორმირებული იმ სიკეთეებზე, რასაც რეალურად იღებს დასავლური დახმარებებით ქვეყანა. ამიტომ ამ კანონის საწინააღმდეგო მოძრაობების პარალელურად, საზოგადოების სწორი ინფორმირებაც უნდა მოხდეს.

„ჩემი აღქმით, ამ კანონის მიღება პირდაპირ არის დასავლური ღირებულებების, დასავლეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული, მეორე მხრივ კი, ეს არის არასამთავრობო სექტორის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის დისკრედიტაცია უფრო მარტივია ხელისუფლებისთვის დღეს, რადგან წლების განმავლობაში ეწეოდა მათ წინააღმდეგ კამპანიას, ეძახდა „გრანტიჭამიებს“ და ასე შემდეგ.

ჩვენს პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში კი „აგენტობას“, „აგენტს“ არ აქვს პოზიტიური კონოტაცია, ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ ამ ტერმინის გამოყენებით უფრო ადვილი იქნება მათი დისკრედიტაცია და სტიგმატიზება მათი გაშავების პოლიტიკის ნაწილია.

ასევე, ხელისუფლება კანონის საშუალებით ჩაერევა არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში, მიიღებს პირად ინფორმაციებსაც აქ დასაქმებული ადამიანების შესახებ.

ამიტომ, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო იმ სიკეთეებზე, რასაც იღებს საზოგადოება ამ ორგანიზაციების საქმიანობით, თუმცა ეს იმის შედეგიცაა, რომ საკუთარი თავის პიარი არ ყოფილა არასამთავრობოების თვითმიზანი, მთავარია საქმე გაკეთებულიყო.

ამიტომ უფრო სწორი კამპანია იქნება, თუ ამ პროცესს თავის სახელს დავარქმევთ, რადგან, რეალურად, ეს კანონი არის მტრის წინააღმდეგ და ამ კანონით ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მეორე მხრივ, როგორც ტაბატაძე გვეუბნება, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი ირონია გამოხატოს რუსული კანონის მიმართ:

„სასაცილოდ უნდა ვაქციოთ და არ შევიდეთ სერიოზულ პოლემიკაში. აღსრულებასაც რომ არ მიეცეს, იმდენად სასაცილო უნდა იყოს.

თუ ხელისუფლება გვთავაზობს ამ გამიჯვნას, კი ბატონო, მზად ვართ, გავიმიჯნოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის „აგენტები“, ხოლო ვინც გამოგვაცხადებს ევროპის და ამერიკის აგენტებად, ისინი არიან რუსეთის აგენტები და იქნება ასე პოლარიზებული საზოგადოება, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება ეს ჩვენთვის?“

მისი თქმით, მთავარი წყალგამყოფი უნდა იყოს ის, რომ ეს კანონი შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.

„ამ კანონით მოვწყდებით ჩვენს პროდასავლურ არჩევანს და მაშინ, როცა პირდაპირ მოდიოდა პოზიტიური მესიჯები სტატუსთან დაკავშირებით, ალოგიკურია ამ კანონის შემოტანა.

ამასთან, 2024 წელს არჩევნები გვაქვს, თუ ეს სიტუაცია დარჩება, მმართველი პარტია დიდი ალბათობით დაკარგავს ხელისუფლებას. თუმცა ასეთი მმართველობის პირობებში რა სტანდარტითაც მოესურვება ხელისუფლებას, ისეთ არჩევნებს ჩაატარებს“, – ამბობს ტაბატაძე.

მისი აზრით, საზოგადოებამ პიარული თვალსაზრისით უნდა აჯობოს ხელისუფლებას და ისაუბროს თავის ევროპულ არჩევანზე, რადგან ეს კანონი სწორედ ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული.

„შესაძლებელია დაიწყოს ევროპული მხარდაჭერის აქციები, როგორც იყო ზაფხულში და ამისთვის გამონახოს ძალა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და გააქტიურებაც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება სანქციებს, ოჯახების დონეზე ვერ გეტყვით, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ინდივიდმა, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, უნდა იცოდეს, რომ ის, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოების მიერ ჩაიწერება, როგორც საქართველოს დასავლეთისკენ მისწრაფების მოწინააღმდეგე პიროვნება.

ხელისუფლება შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

ტაბატაძე ამბობს, რომ აუცილებელია პირადი ზეწოლაც ხელისუფლებაში მყოფ იმ ადამიანებზე, ვინც შინაგანად ეწინააღმდეგება რუსულ კანონს, მაგრამ მას ძალა არ ჰყოფნის.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანებიც არიან იქ და შესაძლებელია, მათაც სჭირდებოდეთ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ იყვნენ გაბედულები და შიგნიდანაც დაიწყოს წინააღმდეგობა,“ – ამბობს ტაბატაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: