მთავარი,სიახლეები

ხულოსა და შუახევში აბიტურიენტებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ

03.03.2023 • 2098
ხულოსა და შუახევში აბიტურიენტებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თებერვლიდან ხულოსა და შუახევში მცხოვრები აბიტურიენტების უფასო მომზადება დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის თქმით, წელს პირველად ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც რეპეტიტორებთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ.

„ძირითადად შაბათ-კვირას ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მიდიან ხულოსა და შუახევის ცენტრებში და იქ სოფლებიდან მოსულ მოსწავლეებს რეგულარულად უტარებენ გაკვეთილებს.

დიდთოვლობის გამო ერთი კვირა ვერ ადიოდნენ პედაგოგები და ბავშვებიც ვერ ჩამოდიოდნენ მუნიციპალიტეტების ცენტრებში, მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის ზუმით ონლაინ გაკვეთილები ტარდება“, – ამბობს თამარ სირაძე.

მისი თქმით, უნივერსიტეტს სამივე საგანში 2-2 მასწავლებელი ჰყავს განაწილებული შუახევისა და ხულოს ცენტრებში.

„გავეცანით მოსწავლეებს, ორივე მუნიციპალიტეტში 30-მდე მოსწავლე დაგვხვდა. შეგხვდნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და მშობლებიც.

შეხვედრა აბიტურიენტებთან შუახევში

სწავლება გაგრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. მოსწავლეებისთვის ეს უფასოა, რა თქმა უნდა. მასალებს ვაწვდით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ.“

თამარ სირაძის თქმით, მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ სია უკვე შედგენილია, მსურველთა მიღება ახლაც შესაძლებელია: „თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ შემოგვიერთდეს, კარი ღიაა ყველასთვის“.

ის ასევე ამბობს, რომ პროგრამა გაგრძელება და შემდეგში თებერვლის ნაცვლად ოქტომბერში აპირებენ სწავლების დაწყებას.

თამარ სირაძის თქმით, პროგრამას ბსუ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს:

„ჩვენ ლექტორ-მასწავლებლების ხელფასებს ვაფინანსებთ, სამინისტრო კი ტრანსპორტირებასა და ორგანიზებაში გვეხმარება, რომ რესურსცენტრებმა, სკოლის დირექტორებმა ყველასთან მიიტანონ ინფორმაცია“.


მთავარ ფოტოზე: შეხვედრა აბიტურიენტებთან ხულოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: