მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი სოფო გოგოხია მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაქრობისკენ არის მიმართული.
„ვიღაცას უნდა რომ ჩაგვაბარონ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ და გავქრეთ რუკიდან, აღარ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. ამ ყველაფერს კი ჩვენი ხელით, ქართველების ხელით აკეთებენ“ – ამბობს სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოსთვის დიდი ხნით, „თუ სამუდამოდ არა“, დაიხურება დასავლეთის ფანჯარა.
„დაიხურება განვითარების და ყველანაირი კეთილდღეობის ფანჯარა და შევრჩებით ისევ ამ დამპალ იმპერიას, მერამდენედ და ყველაზე ცუდი და რთული ფორმით. ამიტომ, როგორც მასწავლებელი, როგორც მოქალაქე, როგორც მშობელი, ცხადია, საფრთხეს ვხედავ ამ კანონში, რომელიც შემოჩეჩებულია რუსული სცენარით.
ეს ჩვენ გავიარეთ უკვე ასი წლის წინ და მეგონა, რომ უკვე შევაფასეთ და ვიცოდით რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ ისევ მეორდება ჩვენს თვალწინ.
არ ვიცი, გასულელებაც არ ჰქვია, რასაც ახლა აკეთებენ, საერთოდ სახელი არ ჰქვია ამას.
ეს საფრთხეზე მეტია, რადგან შეიძლება იყოს ჩვენი უკანასკნელი შანსი. მერე ეს შანსი არც გვექნება, რადგან გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ასე წარამარაც არ იცვლება და სამუდამოდ დაიხურება ჩვენთვის დასავლეთის ფანჯარა“ – ამბობს სოფო გოგოხია.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში ომის ფონზე სწორი პოზიცია დაიჭიროს საქართველომ და დავდგეთ სწორ ადგილას, ხელისუფლებას ქვეყანა მთლიანად გადაჰყავს სწორი რელსებიდან.
„რაღაც საშინელებას გვაჩეჩებენ და გვატენიან. რუსული კანონი შეძვრება და დაეპატრონება ყველაფერს, – თავისუფალ აზრს, ადამიანების პირად მონაცემებს, ჩვენს შესაძლებლობებს, ყველაფერს, რასაც დასავლური თანხებით ვაკეთებდით იქნება ეს გზები, მშენებლობები, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, შშმ ადამიანებზე დახმარება თუ სხვა, ყველაფერი ამ გრანტებით არსებობს და სული უდგას.
დაგვეხმარნენ – მსუბუქი ნათქვამია, დასავლელი მეგობრები მაშინ შემოგვეშველნენ, როცა ფაქტობრივად სულს ვღაფავდით.
ამდენი მილიონები დაგვახარჯეს. რომ ფეხზე დავმდგარიყავით და ჯერ კიდევ რამდენი რამ გვჭირდება, თუ ესეც მოგვაკლდება, წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით საერთოდ“- ამბობს სოფო გოგოხია.
მისი თქმით, 2016 წლიდან გაეროს ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებმა ქალთა საინიციატივო ჯგუფი დააარსეს, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს არაფორმალური განათლების გზით, ეს ყველაფერი კი ადამიანებს ხელიდან გამოეცლება. „დღეს და მარტო ახლა კი არა, სამუდამოდ“ – ამბობს პედაგოგი.
მისი თქმით, იკარგება ის, რაც აქამდე სამოქალაქო საზოგადოებას უბრძოლია და გაუკეთებია მომავალი თაობებისთვის.
„ეს ყველაფერი ვხედავთ ხომ რის ფონზეც ხდება, საქართველო ქართველებისგან იცლება და იმასაც ვხედავთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებით ივსება.
ასე უნდათ, რომ უმტკივნეულოდ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ, ჩაგვაბარონ და ამას უკვე იმდენად უხეშად და ისეთი ფორმებით აკეთებენ…
ამ კანონის მიღება ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მე გავქრე რუკიდან, აღარ ვიყო, აღარ ვიარსებო, ბოლოს და ბოლოს, რაც ვერ გააკეთა ამდენი საუკუნე ვერავინ, ახლა ჩვენი ხელით უნდა გააკეთონ, ქართველების ხელით და უნდათ ამას გვაყურებინონ, მონაწილეობაც მიგვაღებინონ ჩვენი პასიურობით, რადგან ყველა ადამიანი ფეხზე არ დგას“-ამბობს სოფო.
მისი თქმით, თუ საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს, დაკარგავს ევროპულ მომავალს, მაშინ ყველაფერი კარგავს აზრს.
გუშინ ბავშვებს პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ ყველამ – დიდმა, პატარამ, ოჯახის წევრმა, მთელმა კლასმა არ ამოიღო ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, აღარც წარსულის სწავლას აქვს ფასი, აღარც მომავლის, აღარც „ვეფხისტყაოსნის“, არც ილიას, ვაჟას და ბარათაშვილის, რადგან გადაშენებას გვიპირებენ და ამას ვხედავ ძალიან ცხადად.
და თუ კიდევ ვინმეს არ სჯერა ეს დღეს და თუ კიდევ ვიღაცის სამტკიცებელია, რომ თურმე სიკეთისთვის ან რა ვიცი, რისი სახელით კეთდება ეს ყველაფერი, არის ტრაგედია და უბედურება“-ამბობს სოფო გოგოხია.
_________________
ამავე თემაზე:
ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე