მთავარი,სიახლეები

„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

03.03.2023 • 1614
„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავის სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ და ამაში რუსებს არ დაემსგავსებიან, რომლებიც მედესანტეებს და რუს სპეცდანიშნულებას იყენებს, როგორც უბრალო ქვეითებს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურებაზე რუსეთში. იგი აქტიურად ეცნობა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს და თავის დასკვნებს გვიზიარებს.

გენერლის დაკვირვებით, ბოლო დროს უკრაინელი სპეცდანიშნულების ძალების გააქტიურება შეინიშნება. ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ეს ძალები მიზანმიმართულად იმუშავებენ, პუტინმა პროტესტი მიიღოს.

მანამდე კი, გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა მოულოდნელად რუსების ყურადღების გადატანა უნდა შეძლონ, რომლებიც რთულად, მაგრამ ბახმუტთან ალყის დავიწროებას ახერხებენ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად შეიცვალა მოცემულობა ბახმუტთან, რომელიც ისევ რუსეთის შეტევის მთავარი სამიზნეა უკრაინაში?

ბახმუტთან უკრაინელების მდგომარეობა ძალიან გართულდა. თუ დაგვიანებული არ არის, აქ უკრაინელებს ნამდვილად აქვთ მისაღები გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე უკრაინელები არიან ოპერატიულ ალყაში, ანუ საცეცხლე ზემოქმედების ქვეშ და შეიძლება მოექცნენ სრულ ალყაში.

ვითარება არის შემდეგი: ჩრდილოეთიდან იაგიდნის დასახლებაა, რაც უკვე აიღეს რუსებმა. ისინი წინ მიიწევენ ხრომოვოსკენ, რომელიც ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ხრომოვოზე გადის ერთადერთი გზა, რომელიც ახლა აკავშირებს მომარაგების ხაზებს ბახმუტთან. ეს თუ გადაჭრეს, მერე მართლაც ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებს.

ამავე დროს, რუსები მიუახლოვდნენ ივანოვსკოეს, ეს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთია. მცირე ადგილი რჩებათ უკრაინელებს, რომ დახმარება მიიღონ, ან იქიდან გამოვიდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინელებმა კიდევ გაძლიერება გააგზავნეს ბახმუტში. ეჭიდებიან ბახმუტს და მე ისევ ვთვლი, რომ ეს არასწორია. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია და საკუთარი გათვლები აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზედმეტად დაახარჯეს ენერგია და რესურსი ბახმუტის დაცვას.

  • ვერ ხედავთ რესურსს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის დაცვა შეძლონ?

ვერ ვხედავ ამის რესურსს. რომც შეძლონ ამის გაკეთება, მაშინ სხვა მიმართულებებზე ნანატრ კონტრდარტყმას ვეღარ განახორციელებენ, რადგან რესურსები აღარ ეყოფათ.

  • რუსეთს რა რესურსი დარჩა? რას აჩვენებს თქვენთვის დაპირისპირების დინამიკა, რუსეთი განაგრძობს შეტევას და იბრძოლებს ისევ დონბასის დასაკავებლად, თუ ის გადადის თავდაცვის პოზიციაზე?

რუსეთი ცდილობს, რომ ბახმუტი მაინც აიღოს, რომ რამე დადებითი მაინც ჰქონდეს და შემდეგ გადავიდეს დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე. ის უფრო ღრმად ვეღარ წაიწევს ფაქტობრივად. რუსეთის მთელი რესურსი იხარჯება ამ მიმართულებაზე.

სვიატოვოს მიმართულებაზეც აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატება რუსებს, ეს ხარკოვის რაიონია, მაგრამ არა მგონია, ბახმუტის შემდეგ რუსეთს დარჩეს რესურსი მნიშვნელოვანი შეტევის განსახორციელებლად ომის ამ ეტაპზე.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქტიურდება უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევის შესაძლებლობა? უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ „შეიარაღებული ძალების მებრძოლები სწრაფად ითვისებენ დასავლურ იარაღს“, ხოლო გერმანიის კანცლერის, შოლცის თქმით, „გერმანია გაზრდის, როგორც საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე იარაღის რემონტის შესაძლებლობას“. 

საუბარია მომავალზე. აღმოჩნდა, რომ დაპირებული „ლეოპარდებიც“ არ აქვს ყველას მზად: ზოგი სარემონტოა, გამოსულია მწყობრიდან, აკლიათ სათადარიგო, ან საკომპლექტე მასალები. ამ აღჭურვილობის მიწოდება ისეთი ტემპით ვერ ხორციელდება, რასაც ვისურვებდით ჩვენც და უკრაინელებიც.

მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა ამ პოზიციური ჩიხიდან გამოსვლა მოახერხონ. მათ უნდა გააკეთონ რამე მოულოდნელი და გარკვეულწილად ყურადღების გადამტანი. მათ ადგილზე რომ ვიყო, მე დნესტრისპირეთში შევიდოდი და იქ დავარტყამდი რუსულ დაჯგუფებას. ეს სრულიად გამართლებულია, ჯერ ერთი, სამხედრო თვალსაზრისით, ვინაიდან ზურგში აღარ დავიტოვებდი რუსების ძალებს. გარდა ამისა, ასევე ეს იქნებოდა კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური მარცხი რუსებისთვის, ხოლო უკრაინელებისთვის მორალურ-ფსიქოლოგიური წარმატება, რაც ძალიან სჭირდებათ ამდენი ხანი მხოლოდ თავდაცვაში ყოფნის პირობებში.

მით უმეტეს, დნესტრისპირეთი სრულიად მოწყვეტილია მომარაგებას: მოლდოვეთიდან ვერაფერს მიიღებს, აქეთ კიდევ უკრაინაა. საჰაერო დახმარებას თუ შეეცდება კიდევ რუსეთი, მაშინ უკრაინის თავზე უნდა იფრინოს  და უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეუძლია ამაზე მათ საჰაერო საშუალებებზე ეფექტიანი ზემოქმედება.

ასე რომ, ძალიან მოწყვლადია ეს მიზანი უკრაინელებისთვის და მიზეზის პოვნა იქ შესვლისთვის რთული არ იქნება. მოლდოვეთის მხრიდან მხარდაჭერა თუ არა, პოზიტიური ნეიტრალიტეტი მაინც იქნება ამ შემთხვევაში.

  • თქვენი ინფორმაციით, რას უკავშირდება რუსეთში „მოხალისეთა კორპუსის“ გააქტიურება? რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელმა გაავრცელ ცნობები, სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიიდან, სადივერსიოსადესანტო ჯგუფის შეჭრის, მძევლების აყვანის, სროლებისა და მსხვერპლის შესახებ, რასაც უკრაინა გაემიჯნა, ხოლო შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა.

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბევრ რამეს: ერთია უკრაინის სპეცსამსახურების კარგი მუშაობა, ვის სახელს დაიბრალებს მსგავსი სპეცდანიშნულების ჯგუფი მოქმედების განხორციელების შემდეგ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი აზრით.

შესაძლებელია ისიც, რომ პუტინისგან უკმაყოფილო გარკვეულმა წრეებმა თავიანთი თამაში დაიწყეს. შესაძლოა, ეს ძალები ცდილობენ პუტინის რეჟიმისთვის გარკვეული ზიანის მიყენებას.

  • რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ პუტინის რუსეთში მსგავსი მოძრაობები გააქტიურდეს და ჰქონდეს გავლენა? 

ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ ჯერ-ჯერობით – ხვალ რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია. არ დაგვავიწყეს, რომ რუსეთში არის 26 ეროვნული ტერიტორიაა. როდის გაიღვიძებს, იფეთქებს და დაიწყებს მოქმედებას ეროვნული მოძრაობები, ეს ცალკე თემაა. ამ ყველაფერს სჭირდება პირობები, რაც ჯერ-ჯერობით, რასაც მე ვუყურებ, ჩამოყალიბებული არ არის.

ჯერ-ჯერობით რუსეთი ახერხებს მობილიზაციის განხორციელებას და ბრძოლის ველზე მებრძოლების შეყრას, ხალხი არ აკლია რუსეთს. ეს მოცემულობაა დღეს, ხვალ რა იქნება და რომელი ვასალი მიხვდება, რა დროს სჯობს სხვა ნავში გადაჯდეს, სხვა საკითხია.

  • თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა ბელარუსში? – საჰაერო ბაზაზე განთავსებული A 50-ის დრონით დაზიანებას ვგულისხმობ. ბელარუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა BYPOL-მა და ქვეყნიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზაზე განთავსებული A 50 დრონის თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. BYPOL ავრცელებს ცნობას ორი აფეთქებისა და A 50-ის წინა და შუა სექციების, ასევე რადარის ანტენის დაზიანების შესახებ. 

ნებისმიერი ასეთი მოძრაობის უკან წესით დგას სპეციალური ძალები. ეს შეიძლება იყოს, როგორც მწვრთნელი, ისე განმახორციელებელი. ფაქტია, რომ ბელარუსში გაცილებით ადვილია, ლუკაშენკოს მიმართ უკმაყოფილების ფონზე, რუსულ ძალებზე ზემოქმედება. პარტიზანული მოძრაობა იქნება ეს თუ წინააღმდეგობის მოძრაობა, ამას სჭირდება კოორდინირება, ამის გარეშე შესაძლოა იგი გადაიზარდოს ტერორისტულ მოძრაობაში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო მხარდაჭერას. თუ უცხოეთი, მე არ დავასახელებ ქვეყნებს, გაზრდის ფარულ დახმარებას ბელარუსული წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ და ამავდროულად უკრაინა სპეციალური ოპერაციული დანიშნულების ძალებს გამოიყენებს ამ მიმართულებით, იოლი შესაძლებელია, უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს ამ მოძრაობას.

ეს უდავოდ მზარდი პერსპექტივაა.

  • ამ მიმართულებით გააქტიურების ტენდენცია ჩანს? 

ტენდენცია ჩანს და ამიტომაც ვამბობ, რომ კარგად მუშაობენ უკრაინის სპეციალური სამსახურები.

დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავის სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ და ამაში რუსებს არ დაემსგავსებიან, რომლებიც მედესანტეებს და გრუს სპეცდანიშნულებას იყენებს, როგორც უბრალო ქვეითებს.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, 15 თებერვლიდან 27 თებერვლის იერიშამდე დრონებით თავდასხმა უკრაინაში არ დაფიქსირებულა. „ტემპის მსგავსი კლება შესაძლოა რუსეთის მარაგში აღნიშნული დრონების შემცირებაზე მიუთითებდეს. რუსეთი შეეცდება ამ მარაგის შევსებას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. თქვენი აზრით, რამდენად მოახერხებს რუსეთი ამას?

ალბათ, მოახერხებს – ეს ერთი. მეორეა ის, რომ არაა გამორიცხული დრონებს ინახავდეს რუსეთი და ის გამოიყენოს კომბინირებულად სარაკეტო დარტყმებთან ერთად.

იყო საუბარი იმაზეც, რომ რუსეთმა თავისი ძალებითაც დაიწყო დრონების წარმოება, თუმცა დრონების დიდი რაოდენობა ჯერ არ გამოჩენილა. ერთ-ერთმა გუბერნატორმა იუთუბგვერდზე იტრაბახა, რომ დრონები გამოვუშვით, ჩვენი დრონი შევქმენითო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დრონი იყო ჩინეთში დამზადებული, რომელიც უბრალოდ იყიდეს და სახელი შეუცვალეს.

რთულ ტექნოლოგიურ სადაზვერვო-მოიერიშე დრონებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგადად დრონების წარმოება რეალურად არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთისთვის პრობლემას. ელემენტარულად ყიდვაც შეუძლია დუბაიდან დაწყებული სინგაპურით დამთავრებული. არის მეთოდები, რათა აუარონ გვერდი სანქციებს. ჩიპების იმპორტიც ჩინეთიდან დაახლოებით 200-ჯერ გაიზარდა რუსეთში.

  • „უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს. ეს არის რუსეთის მორიგი მარცხი,“ – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. თქვენი აზრით, რუსეთი რამდენად აღიქვამს ამ მარცხს, როცა ენერგოკრიზისის შექმნის მიუხედავად უკრაინაში ხალხის შეუპოვრობის მაჩვენებელი უცვლელია?

აღიქვამს რა, სხვა რა გზა აქვს? ის დაელოდება შემდეგ ზამთარს და ეცდება, გააჭიანუროს ეს ვითარება.

საქმე მარტივად არ არის ნამდვილად, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ გაუძლო ამ ზამთარს. ჩემი აზრით, უკრაინა ათჯერ კიდევ გაუძლებს ასეთ ზამთარს, თუკი არ იქნა შესაბამისი დახმარება დასავლეთიდან. მე მგონია, რომ დახმარება იქნება და ამ პირობებსაც ეჩვევა ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოინფრასტრუქტურაც ახდენს ომზე ადაპტირებას.

  • ამ გადასახედიდან რა ჩანს, როდის შეიძლება შეძლოს უკრაინამ დარტყმითი დაჯგუფების შექმნა?  

აღჭურვილობის მიწოდებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ტექნიკურად ეს ცოტა რთულდება. პირველი „ლეოპარდები“ უკვე შესულია, მაგრამ ის უკვე ბრძოლაში გაუშვეს. ასე ნაწილ-ნაწილ ამ ტექნიკის გამოყენება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჯობია, რომ ერთიანად თავი მოუყარონ და ერთი დანაყოფი შექმნან. რა ტექნიკის მიწოდებასაც დაჰპირდა უკრაინას დასავლეთი, დაახლოებით ეს არის ერთი საარმიო კორპუსის შესაბამისი ჯავშანტექნიკა.

ჩემი სწავლება არ სჭირდებათ: ჰყავთ თავისი შტაბი და გენერალიტეტი, ისინი უკეთ არიან ინფორმირებული, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, თუ მათ არ მოახდინეს კონცენტრირება, ამ ტექნიკის ეფექტი დიდი არ იქნება.

მე ვიმედოვნებდი თქვენთან წინა ინტერვიუებში, რომ გაზაფხულზე გარდატეხის ნიშნები გამოჩნდებოდა. ისევ მაქვს ამის იმედი და ვნახოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: