მთავარი,სიახლეები

რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ

23.03.2023 • 2945
რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ

„ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს… „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ვესაუბრეთ „ოცნების“ ახალ გზავნილზე: „ლიბერალური ფაშიზმი“.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მიერ გააქტიურებული ტერმინები, რასაც პუტინი გუშინ იყენებდა, საქართველოში ვერ იმუშავებს, ამიტომაც, მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტიკური ფასის გააქტიურება, რაც მოუწევს „ქართულ ოცნებას“, თუ ის 12 პუნქტის შესრულებაზე უარს იტყვის და საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“ ახალი ტერმინის გააქტიურებით: „ლიბერალური ფაშიზმი“? რას ნიშნავს ეს ტერმინი? 

ეს ახალი ტერმინი არ არის, ეს ის ტერმინია, რასაც რუსეთი იყენებდა წლების წინ.

ჩემთვის გაუგებარი ისაა, რომ ამ ხალხმა ვერ გაიგო მთავარი: საქართველოს მოქალაქეებმა რომელიმე კანონის რაღაც მუხლის წინააღმდეგ კი არ იბრძოლეს გასულ კვირას, არამედ ზუსტად ამ რუსული პოლიტიკის დამკვიდრების წინააღმდეგ დააფიქსირეს მიუღებლობა და პროტესტი. ეს ტერმინიც რუსული პროპაგანდის ნაწილია.

რუსეთში თავდაპირველად დაიწყეს ეს პროცესი სიტყვა ლიბერალის დემონიზებით, მერე დემოკრატია გახდა ასაგდები სიტყვა. რაც მთავარია, ჩვენ უკვე ვიცით, „ოცნება“ ხვალ რას გააკეთებს, რადგან მათ არ შეუძლიათ შემოქმედება, ისინი ყველაფერს რუსული „შპარგალკიდან“ იწერენ.

  • რა იქნება „ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“?

აქ მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს არამხოლოდ რუსული პროპაგანდა, არამედ ზოგადად რუსული რეპრესიული მანქანა. რუსები გეუბნებიან, რომ „ყველა გაფუჭებულია“, რომ ლიბერალიც ცუდია, კონსერვატორიც, ამიტომაც შენთვის აზრი არ აქვს, ამა თუ იმ მხარეზე დგომას და ფიქრს.

გეუბნებიან, რომ აი, „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, „გეშინოდეს აქტივიზმის“, „ხმის ამოღება სახიფათოა“, ან ეს მარტივად იმედგაცრუებას მოგიტანს, „მაინც არაფერი გამოვა“, რადგან გარშემო ყველა „გაფუჭებულია“, „არასამთავრო მდიდარია“, „პოლიტიკოსები მოსყიდულები არიან“, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სინამდვილეში უცხოეთის აგენტები არიან… ანუ გარშემო ყველაფერი სიბნელით არის მოცული, ყველაფერი სახიფათოა და საშიში, ამ მოცემულობაში კი, სიმშვიდის და სტაბილურობის ერთადერთი კუნძული ვართ ჩვენ. შეიძლება, არც ჩვენ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ყველაფერი არის ბნელით მოცული, სახიფათო – ეს არის „ოცნების“ მთავარი გზავნილი.

მათ ახალგაზრდებზეც კი თქვეს, რომ 1000 ლარად მოსყიდული არიან და სატანისტები, არასამთავრობოები და ჟურნალისტები კი, უცხოეთის აგენტები.

  • „ლიბერალური ფაშისტები“ – საპროტესტო ტალღის შემდეგ, როცა „ოცნებას“ უკან დახევა მოუწია, რატომ ცდილობენ გამოიყენონ უკვე ეს ტერმინი? 

სიტყვა „ფაშისტი“ რუსეთში ეგრევე სამამულო ომის  ასოციაციას იწვევს, ადგნენ და ქართულად დაიწყეს ახლა ამაზე ლაპარაკი.

აბსურდია, როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ლიბერალიზმის სახელით არის შეფუთული ფაშიზმი. როცა მსგავს ტერმინებს იყენებენ, გათვლაა საზოგადოების შიშებზე: რის ეშინია საზოგადოებას? მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიტყვა „ფაშიზმი“ რუსულ საზოგადოებაში იწვევს ემოციურ რეაქციას, საქართველოში არ არის იგივე. ამ სატყუარით არ ტყუვდება ქართველი ისე, როგორც რუსი.

ვნახეთ კიდეც, რომ აგენტების შესახებ კანონი გაიტანეს რუსეთში, ჩვენთან – ვერა. რუსული და ქართული საზოგადოება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში ბევრად უფრო კონსოლიდირებულია სამოქალაქო საზოგადოება, ვიდრე რუსეთში. საქართველო ტერიტორიულად უფრო მცირე და კომპაქტური სახელმწიფოა, ვიდე რუსეთი და კოორდინაცია, თანამშრომლობა, სოლიდარობის მოძრაობები უფრო სწრაფად ორგანიზდება.

გარდა ამისა, საქართველოში რუსეთისგან განსხვავებით, ბევრად უფრო განვითარებულია პლურალიზმი, ძლიერია დამოუკიდებელი მედია, რუსეთში ეს კანონი როცა გაიტანეს, ეს ყველაფერი ფაქტორები უკვე მომსპარი იყო და ეს კანონი იყო უკვე ბოლო აკორდი.

ძალიან განსხვავდება თანამედროვე ქართველის იდენტობა რუსის იდენტობისგან. ქართველის იდენტობა ყალიბდება სწორედ რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლაში. საქართველოს მოქალაქე როდესაც ფიქრობს: რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო, ამის ძალიან დიდი ნაწილია ის, რომ ეს სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ბოლშევიზმის წინააღმდეგ და იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის.

  • არ ფიქრობთ, რომ „ლიბერალური ფაშიზმის“ მიზანმიმართული გამოყენებით „ოცნება“ ნაწილობრივ მოახერხებს დემოკრატიის გაუფასურებას საქართველოში? 

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ამის რესურსი აღარ აქვს.

ჩემი აზრით, „ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს. მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს. რუსი მრჩევლებიც ეტყობა, რომ „ოცნებას“ იმას ეუბნებიან, რაც იციან.

„ოცნებამ“ გასულ კვირას საბოლოოდ გაწყვიტა საზოგადოებრივი ხელშეკრულება ქართველ ხალხთან. მოქალაქეებმა შესაძლოა ბევრი რამ მოისმინონ, ხმა არ ამოიღონ, მაგრამ რუსეთში შეთრევის მცდელობას წინ აღუდგებიან, როგორც აღუდგნენ რუსული კანონის მიღებას. თანაც, ამას წინ აღუდგება არამხოლოდ ჟურნალისტების და სამოქალაქო ორგანიზაციების ვიწრო ჯგუფი, არამედ საზოგადოება ამ სიტყვის ყველაზე ფართო და დემოკრატიული გაგებით. ეს იყო ის, რაც მოხდა გასულ კვირას საქართველოში.

ამ ძალასთან დაპირისპირება იმით, რომ მოდი, ვიღაცას „სატანას“ დავარქმევ, ვიღაცას კი,„ფაშისტს“, არ მჯერა, რომ ეს საქართველოში იმუშავებს. ეს იმუშავებს ფანატიკოს მომხრეებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში ყოფნის გარდა, არ არსებობს არაფერი, მათ შორის, საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩემი აზრით, რუსული ქარგით საქართველოში პოლიტიკური პროცესის მოქსოვა, არ გამოვა. „ოცნება“ თავს ვერ დააღწევს იმას, რომ ის საკუთარი იმიჯის პროექცირებას, გაიგივებას ახდენს საზოგადოებასთან, თვლის, რომ საზოგადოება იმავე აბსურდული კატეგორიებით აზროვნებს, რასაც კობახიძე გვთავაზობს.

  • რატომ აკეთებენ ამას, როცა აშკარად ჩანს, რომ საზოგადოება არ ტყუვდება, არ ექცევა იგივე ტროლების გავლენის ქვეშ? 

„ოცნებამ“  არ იცის სხვა რამ როგორ აკეთოს. მათი პოლიტიკის კეთების გზა არის მხოლოდ რუსული გზა და სხვა გზას ვერ ირჩევენ, არ უნდათ.

რუსული გზა კი, არის ის, რომ ხალხი გახვიო აბსურდის საბურველში, მიაწოდო კონსპირაციული თეორიები, მაგალითად, არსებობს გლობალური ომის პარტია, ომში ჩათრევა უნდათ, რომ წაგვართვან უნდა ტრადიციები, იდენტობა და როგორც კი, ხალხს შეაშინებ გაუგონარი ანაქრონიზმით, მერე ეტყვი, რომ არავის არ ენდო, ენდე მხოლოდ კეთილ ბიძიას, რომელიც რეალობისგან, რაც მე გამოვიგონე, დაგიცავს.

გათვლა არის იმაზე, რომ საზოგადოება არის ბნელი, ჩამორჩენილი და ის არის განწყობილი მორჩილებისკენ. ეს არის შესაძლოა დამახასიათებელი რუსული საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის ქართული საზოგადოება, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძვის. ამ საზოგადოებამ ყველა საკვანძო ეტაპზე აჩვენა, რომ როდესაც დგება არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას, მორჩილებას და დაუმორჩილებლობას შორის, დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის, დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, ქართული საზოგადოება ერთიანდება და ყოველთვის ირჩევს სწორ მხარეს.

ამას სჭირდება უკიდურესი მავნებლობა, რომ ეს ისტორია არ წაიკითხო და აქედან გაკვეთილი არ მიიღო.

  • რა შეიძლება იყოს „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, თუ ის ხედავს, რომ რუსული „შპარგალკა“ ვერ მუშაობს საქართველოში? 

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ფიზიკური განადგურების, ან დაზიანების მცდელობა სამოქალაქო ლიდერების: ვიღაცას აგური ესროლეს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს… მცდელობა იქნება, რომ შეგვაშინონ, ფიზიკურად შეგვაშინონ, ასევე აგრძელებენ ფიქრს ფობიებზე, მაგალითად, რელიგიის დაკარგვის შიში. შეიძლება, გამოიგონონ ახალი ურჩხული, რომ აი, სადღაც ჩაიფიქრეს, საქართველო აღარ იყო მართლმადიდებელი, ქართველი ხალხი აღდგომას აღარ უნდა აღნიშნავდეს და რამე მსგავსი.

  • „ეკლესიის მტრები“ – ეს ტერმინიც გვესმის „ოცნებიდან“ არასამთავრობოების მისამართით.

დიახ და თან ჩანს, როგორ არ მუშაობს ეს. ამ ყველაფერს რომ ემუშავა, ეს ხალხი ხომ გარეთ არ გამოვიდოდა? ეს მიდგომა ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული საზოგადოება არ არის რუსული საზოგადოება.

რუსულ საზოგადოებაშიც არიან ნათელი გონების და მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანები, მაგრამ უმცირესობაა, საქართველოში კი, ასეთი ადამიანები ძალიან საგრძნობია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს საზოგადოება საქართველოში არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ, ან ორ ქალაქში რუსეთისგან განსხვავებით.

საქართველოში თავისუფლების იდეით გამსჭვალული ადამიანები, მოქალაქეები ბევრგან არიან და ყველა ქალაქში არიან, ყველა დაბაში არიან. ზოგან მეტია აქტიური მოქალაქე, ზოგან – ნაკლები, მაგრამ გეოგრაფიულად საქართველოში დემოკრატიულად არიან გადანაწილებული, ვერ იტყვი, რომ აი, მარტო თბილისს და ბათუმს გავუკეთოთ იზოლირება და დანარჩენს მივხედავთ.

  • რა უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია, როცა ამ ტერმინებით გვესაუბრება ხელისუფლება?  

ჩვენ არ უნდა ავცდეთ ჩვენს მთავარ ამოცანებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ: ქვეყანაში ცხოვრება როგორ გამოსწორდეს, როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, როგორ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და შევასრულოთ 12 პუნქტი… „ოცნების“ ამოცანა, რომ ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ ვინმე სატანისტია, თუ ფაშისტი. ჩვენ არ უნდა შევყვეთ მათ ამ დისკუსიაში, არ უნდა გავარჩიოთ სისულელე, ჩვენი ძვირფასი დრო და ენერგია არ უნდა დავახარჯოთ რუსი კონსულტანტების მიერ გამოგონებული აბსურდების გარკვევაში, ეს არ არის ჩვენი საქმე.

სამოქალაქო სექტორის, მოქალაქეების და ჟურნალისტების ამოცანაა, ვილაპარაკოთ, რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

  • თქვენი აზრით, ამ ეტაპზე, რა ფორმით უნდა მოხერხდეს გავლენა ხელისუფლებაზე, რომელიც მაგალითად, არ აპირებს დამოუკიდებელი გახდეს სასამართლო? ეს დაგვიწერა კიდეც ვენეციის კომისიამ თავის ბოლო დასკვნაში.  

რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რასთან გვაქვს საქმე, რომ საქართველოს უკეთესი მომავლის დაკარგვაზე პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“, თუ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღეთ.

კანდიდატობა ჩვენ კი არ უნდა მოგვცეს ვინმემ, არამედ ეს ხელისუფლებამ უნდა დაიმსახუროს. რა 12 პირობის შესრულებაზეა საუბარი დღეს? საერთოდ რომც არ არსებობდეს ევროკავშირი, ეს 12 პირობა ხომ რეალურადაც უნდა გვინდოდეს? დამოუკიდებელი სასამართლო, სამართალი, სამართლიანი არჩევნები, პროკურატურა ერთ კაცს კი არა, ხალხს რომ ემსახურებოდეს…

ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, რა ფასს დავადებთ, საქართველოს საუკეთესო თაობების ანდერძის არშესრულებას, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ილიას, ვაჟას, ექვთიმე თაყაიშვილის, სულხან-საბას, პირველი რესპუბლიკის ყველაზე ნათელი ადამიანების მემკვიდრეობაზე და დღეს ამ მემკვიდრეობას აყენებს პირდაპირ საფრთხის ქვეშ „ქართული ოცნება“. ეს არათუ საფრთხის შექმნაა, არამედ „ოცნება“ პირდაპირ უტევს ამ მემკვიდრეობას ჩვეულებრივი, ბოლშევიკური, წითელი არმიის მეთოდებით, ასევე იმ ლექსიკით და ტერმინოლოგიით, რასაც გუშინ იყენებდა პუტინი.

ეს ვერ იმუშავებს, ერთია, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: