ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობა ამბობს, რომ თაღოვან ხიდს სოფელში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წლებია რეაბილიტაცია სჭირდება.
ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძის თქმით, ხიდიდან ხშირად ცვივა ქვები.
ბექა გვეუბნება, რომ დიდი გულშემატკივარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მნიშვნელოვანია, ხიდის რესტავრირება დროულად დაიწყოს.
„2016 წლამდე ამ ხიდზე რელსები იყო, შემდეგ – ე.წ. ხის მორები განათვსეს. გადაადგილდებოდა ავტომობილები, საქონელი. შემდეგ ზემოდან გადაგებული რაც იყო, მოხსნეს და გადადგილებისთვის გვერდით ახალი ხიდი აშენდა“, – გვიყვება ბექა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თაღოვანი ხიდი გადაადგილებისთვის აღარ გამოიყენება, დაუშვებელია მისი დავიწყება.
ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა.
„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აღნიშნული ხიდის რესტავრაციისთვის შეიძინა პროექტი და გადასცა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ ტენდერი 2-ჯერ იყო გამოცხადებული, მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ჩავარდა.
პროექტი შარშან დაიბრუნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ და წელს იგეგმება ხიდის რესტავრაცია. გათვალისწინებულია ბიუჯეტში, გამოყოფილია 55 000 ლარი. არის რაღაც ეტაპები და ყველაზე გვიან, ზაფხულში მოხდება ხიდის რესტავრაცია.
[ხიდის რესტავრაციისთვის კომპანიის შესარჩევად] ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და რადგან პროექტი უკვე შესყიდული გვაქვს, წესით, მალე გამოვაცხადებთ“, – გვითხრა თენგო დოლიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დირექტორის მოადგილემ.