მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

23.03.2023 • 2754
ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

თმის ცვენა კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო გვერდითი ეფექტია, რომელიც ბევრი პაციენტისთვის ძალიან დამთრგუნველია ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა კვლავ იზრდება, თუმცა სპეციალისტები ურჩევენ პაციენტებს, კიბოს მკურნალობის ამ გვერდით ეფექტთან გასამკლავებლად წინასწარ მოემზადონ.

„ქიმიოთერაპიის შესახებ კონსულტირებისას ყველაზე მძაფრად აღსაქმელი პაციენტებისთვის თმის ცვენის მომენტია, ალბათ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, თვალხილული ნიშანი იმისა, რომ ისინი შეეჯახნენ ამ პრობლემას. იმის შეხსენებაა, თუ რა ბრძოლაში არიან“, – ამბობს „მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე.

თუმცა, მისივე თქმით, თმის ცვენა ყველა ქიმიოთერაპიის დროს არ ვითარდება.

რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი თმის ცვენა, რა პრევენციული ზომები არსებობს ამ გვერდითი ეფექტის შესამცირებლად, როდის დაბრუნდება თმა და რა რეკომენდაციები არსებობს ამ მხრივ? – „ბათუმელების“ კითხვებს ქეთი ასანიძემ უპასუხა.

  • რატომ ცვივა თმა ქიმიოთერაპიის დროს?

ქიმიოთერაპია სისტემური მოქმედების თერაპიაა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ის სისხლის მიმოქცევაში ხვდება, გადის ზუსტად იმ გზას, რასაც სისხლი ამ მიმოქცევისას. შესაბამისად, სისხლის გზით ეს პრეპარატი გადადის თმის ფოლიკულებამდეც. თმის ფოლიკულზე ქიმიოთერაპიულ საშუალებებს აქვთ ტოქსიკური ზემოქმედება, ანუ იწვევს მის დაზიანებას. როდესაც თმის ფოლიკული ზიანდება, იწყება თმის ცვენაც.

  • ქიმიოთერაპიის გარდა თმის ცვენა სიმსივნის სხვა მკურნალობებსაც ახასიათებს?

სიმსივნის მკურნალობის პროცესში თმის ცვენა, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ ქიმიოთერაპიის შემდგომ. რადიოთერაპიის შემდგომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უშუალოდ თავის ტვინი სხივდება, მაშინ შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტი თმის ცვენა. თუმცა აქაც, ყველა შემთხვევაში არ ვითარდება, ძალიან იშვიათია ხოლმე რადიოთერაპიის შემთხვევაში.

  • თმის ცვენა ყველა ქიმიოთერაპიის დროს გარდაუვალია?

არა. როგორც წესი, არის გარკვეული ქიმიოთერაპიული პრეპარატები, რომლებსაც  თმის ცვენის მაღალი რისკი აქვთ. მაგალითად, დოქსორუბიცინის, ტაქსანების შემდეგ არის ხოლმე ძირითადად ყველაზე მაღალი რისკი, რომ თმის ცვენა განვითარდეს. ზოგადად, ამ პრეპარატების უმრავლესობას ახასიათებს ეს გვერდითი ეფექტი, თუმცა არის რიგი ქიმიოთერაპიული პრეპარატებისა, რომლებიც თმის ცვენას არ იწვევენ.

Mayoclinic: ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა მთელს სხეულზე – არა მხოლოდ სკალპზე. ხანდახან თმა ცვივა წამწამების, წარბების, იღლიის, ბოქვენის და სხეულის სხვა ნაწილებში.

  • ეს პრეპარატები რის მიხედვით ირჩევა, პაციენტს შეუძლია  მათი არჩევა?

ჩვენ პროტოკოლებში მოცემული გვაქვს პირველი, მეორე, მესამე რიგის სქემები, რომელთაც სხვადასხვა დიაგნოზის, სხვადასხვა სტადიის დროს, სხვადასხვა რეჟიმში ვიყენებთ. შესაბამისად, ეს სქემები [და ეს პრეპარატები] არის წინასწარ გაწერილი.

  • თუ არსებობს პრევენციული ზომები ქიმიოთერაპიის დროს თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად?

კი, არსებობს ასეთი – „პაქსმანის“ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აგრილებს, აცივებს სკალპს ქიმიოთერაპიის დროს და მინიმუმამდე დაჰყავს ამ გზით ქიმიოთერაპიული საშუალების ტოქსიკური ზემოქმედება თმის ფოლიკულზე. ამით მცირდება თმის ცვენის ინტენსივობა, ანუ არ მივდივართ თმის სრულ ცვენამდე; თუმცა ამ შემთხვევებშიც შესაძლებელია რაღაც ხარისხით თმის ცვენა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არის რიგი პრეპარატები, რომელთა მიღების დროსაც ამ პრევენციულ მეთოდს ეფექტი არ აქვს და მაინც ვიღებთ თმის ცვენას.

  • ეს მოწყობილობა ჩვენთანაც არის ხელმისაწვდომი, მისი გამოყენება დამატებით ხარჯს უკავშირდება?

დიახ, ბათუმის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, ფასიანი სერვისია.

  • ქიმიოთერაპიის პერიოდში თუ არის რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები კანის მოვლასთან დაკავშირებით?

თმის ცვენის საპრევენციოდ მხოლოდ სკალპის გაგრილებაა პრევენციული მეთოდი, სხვა არ არსებობს. კანის მოვლის მხრივ რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა ნებისმიერი ჯანმრთელი პირის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ყოველდღიურ ჰიგიენას, კანის დატენიანებას, და ა.შ.

რაიმე განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო, თუმცა თუ, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ან შემდგომ კანზე სპეციფიკური ცვლილებები შეინიშნება და პაციენტი აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ასეთი ცვლილებები მას არ ჰქონდა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

  • რა შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს იმაში, რომ მოემზადონ თმის ცვენისთვის?

ქიმიოთერაპიის შემდგომ თმის ცვენა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური პროცესია, თუმცა, როგორც წესი, ინტენსიური თმის ცვენა იწყება პირველი, მეორე კურსის შემდეგ. ეს არ არის ჩვეულებრივი თმის ცვენის მაგვარი, შეიძლება სავარცხელს მასიურად ჩამოჰყვეს თმა. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმა რომ ავირიდოთ თავიდან, უმჯობესია კურსის დაწყებამდე თმის ერთიანად გადაპარსვა, ან დაბალზე შეკრეჭა, რადგან ყოველ დილით ბალიშზე ჩამოცვენილი თმის  ხილვა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა; ამიტომ თუ, დავუშვათ, არ არის იმ პრევენციული ზომის გატარების საშუალება, ჯობია პაციენტმა გადაიპარსოს თმა.

ეს პროცესი პაციენტების უმრავლესობისთვის საკმაოდ ტრავმულია, ერთ-ერთი საშუალება, რასაც პაციენტები თმის ცვენის საკომპენსაციოდ იყენებენ, მათ ვარცხნილობასთან და თმის ფერთან დაახლოებული პარიკია (მათ შორის, ძალიან ეფექტურია ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკი).

Mayoclinic: დაიცავით თქვენი სკალპი მკურნალობის დროს. თუ თქვენი თავი მზეზე ან ცივ ჰაერში მოხვდება, საჭიროა მზისგან დამცავი კრემის ან [სასურველია ბამბის ქსოვილის] თავსაფრის/შარფის/ქუდის გამოყენება. რადგან თქვენი სკალპი შეიძლება იყოს მგრძნობიარე მკურნალობის გავლისას, ამიტომ სიცივემ ან მზემ შეიძლება ადვილად გააღიზიანოს იგი.

  • პაციენტები საუბრობენ, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ მათ ძველისგან განსხვავებული თმა ამოუვიდათ, ამას რა იწვევს?

ქიმიოთერაპიის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს თმის ტექსტურა. მაგალითად, თუ ხუჭუჭი თმა იყო, შეიძლება ამოვიდეს შედარებით სწორი თმა, ეს თმის ფოლიკულზე იმ ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია, რაც ქიმიოთერაპიის გავლენით ხდება. თუმცა ძირითადად მაინც იმავენაირი თმა ამოდის.

Cancerresearchuk.org: ქიმიოთერაპიის შემდეგ თქვენი თმის ზრდას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს და, სავარაუდოდ, უფრო რბილი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. შესაძლოა ახალ თმას ჰქონდეს შედარებით სხვა ფერი და უფრო ხვეული იყოს, ვიდრე ადრე. სავარაუდოდ, თმა გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც ქიმიოთერაპიამდე იზრდებოდა. მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვეში თმა უნდა დაბრუნდეს. ადამიანების უმეტესობისთვის თმა სრულად აღდგება 6-დან 12 თვემდე პერიოდში.

Mayoclinic: მკურნალობის შემდეგ გააგრძელეთ თმის ფრთხილი მოვლა. თქვენი ახალი თმა განსაკუთრებით დაუცველია თმის ფიქსატორებისა და გაშრობა/დასწორებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით გამოწვეული ზიანის მიმართ. გადადეთ ახალი თმის შეღებვა ან გაუფერულება მანამ, სანამ ის არ გაძლიერდება. დამუშავებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ახალი თმა და გააღიზიანოს თქვენი მგრძნობიარე სკალპი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: