მთავარი,სიახლეები

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

12.01.2023 • 1863
რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ  მერია

9 წლის ლუკა სკოლიდან ოჯახის წევრებთან ხშირად რეკავს მას შემდეგ, რაც ბათუმის მე-16 სკოლა დაანგრიეს და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაიწყეს. მოზარდი ასე ამოწმებს, არიან თუ არა ოჯახის წევრები უსაფრთხოდ. „როგორ ხართ სახლში, კარგად ხომ ხართ?“ – კითხულობს ის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცდები მოზარდს მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა სახლთან ახლოს მე-16 სკოლის შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი მის ადგილზე ახლის მშენებლობა დაიწყეს.

ბიჭის დედის თქმით, „ლუკა ერთ-ერთი იმ ბავშვის სკოლელია, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა [ბავშვის სახელი შეცვლილია. ჩვენი მისვლის დროს მამამ ბავშვები სახლიდან საგანგებოდ წაიყვანა, რომ ჩვენი საუბარი არ მოესმინათ].

ლუკას ოჯახის წევრებმა ძალიან სცადეს, რომ ჯერ ნგრევის, შემდეგ კი მშენებლობის პროცესის შესაძლო გავლენის შესახებ საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე ვარაუდები ბავშვებთან არ განეხილათ. არ გამოუვიდათ. ლუკამ იცის, რომ ვიბრაცია, რომელსაც სკოლის მშენებლობა იწვევს, მისი კორპუსისთვის შესაძლოა დამატებითი საფრთხის მიზეზი იყოს – კორპუსს ავარიული სახლის სტატუსი აქვს.

ლუკას დედა გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში ბავშვმა ტელეფონში ისეთი ახლობლების ნომრებიც ჩაიწერა, რომლებიც ამ დრომდე არ ჰქონია, მათ შორის არის მაგალითად დეიდა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს: „რამე რომ მოხდეს?“ – ეს ლუკას სიტყვებია.

ლუკას დედა ამ ამბავს ემოციურად გვიყვება, ხმა ეცვლება, ჩერდება, ცრემლს იწმენდს… მასთან ერთად არიან მეზობლებიც, რომლებსაც „ბათუმელებისთვის“ ანალოგიური ამბები აქვთ მოსაყოლი.

ლუკას ოჯახი #16-ე სკოლის მიმდებარედ ცხოვრობს. მათი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაშია – ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მასში ცხოვრება სახიფათოა. აქ ამბობენ, რომ სახლი აშენებიდან მალევე გადაიხარა და „თავიდანვე შეაფასეს როგორც ავარიული“, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ახლა კი შიშობენ, რომ ავარიული სახლის გვერდით ახალი მშენებლობა მის მდგომარეობას დაამძიმებს.

#16-ე სკოლის სამშენებლო მოედანი, გადაღებულია ავარიული კორპუსის აივნიდან

სახლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით მაიაკოვსკის 3ა-ში მცხოვრებლებმა ბათუმის მერიას ჯერ კიდევ ავარიული სახლების პროგრამის შექმნამდე მიმართეს. მათივე ინფორმაციით, მერია სახლის გამაგრებასაც განიხილავდა, თუმცა ხარჯების დათვლის შემდეგ ახლის მშენებლობა გადაწყვიტეს. ავარიული სახლების პროგრამის დაწყების შემდეგ მერიამ ამ კორპუსის ექსპერტიზაც თავად შეისყიდა.

დასკვნის მიღებიდან მალევე კორპუსის ამხანაგობამ მერიისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომ კორპუსის „ავარიული სახლების პროგრამაში“ ჩართვის მიზნით მესაკუთრეთა ასპროცენტიანი თანხმობა სჭირდება. შეთანხმების პროცესი დროში გაიწელა მთელი რიგი პრობლემების გამო, რომლებიც ანალოგიურია ყველა ავარიულ სახლში მცხოვრებლებისთვის. შემდეგ კი კორპუსის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რამაც კორპუსში მცხოვრებლები ააფორიაქა.

„სამუშაოები სერიოზულ ვიბრაციას იწვევს, ამიტომაც ახლა განსაკუთრებით გვეშინია. მერიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ სკოლის მშენებლობა არ დაიწყებოდა, ვიდრე ჩვენი კორპუსის პრობლემა არ გადაწყდებოდა. სახლის გვერდით გაბურღვითი სამუშაოც ჩაატარეს, გრუნტი უნდა შევისწავლოთო. ასევე გვითხრეს, რომ პროექტი შეისყიდა მერიამ, მაგრამ რა პროექტია, როდის უნდა დაიწყოს მშენებლობა, ჩვენ რას გვიპირებენ, დაზუსტებით არაფერი ვიცით. ისიც გვითხრეს, რომ უკვე შენდება კორპუსები და იქ შემოგვთავაზებენ, აქ კი შეიძლება სკვერს გავაკეთებთო“, – გვიყვება ნინო მეძმარიაშვილი, ავარიული სახლში მცხოვრები.

„ამ ამბის შემდეგ ღამეებს ვათენებ, ძალიან ვნერვიულობ“, – ამბობს შორენა გიორგაძე.

ავარიული კორპუსის სადარბაზო

არ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმის დადგენა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამშენებლო პროცესს ავარიულ სახლზე. სამხარაულის ექსპერტიზის ორივე დასკვნის მიხედვით, სახლი მდგრადობის თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია, მისი ცალკეული ნაწილები კი ავარიული და საფრთხის შემცველი. ექსპერტები აქცენტირებენ მიშენებებზე, რომლებიც ავარიულ სახლზე ფიქსირება. ამ მიშენებების კანონიერებაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ამბობენ, რომ „ძველი, 30 წლის წინანდელი მიშენებებია“.

ამონარიდი სამხარაულის დასკვნიდან

ექსპერტი წერს ასევე, რომ მდგომარეობა ნებისმიერ დროს შესაძლოა გაუარესდეს:

სალომესა და მისი მეზობლების ინფორმაციით, მერიამ მათ „ქირით გაყვანა“ შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე ავარიულ კორპუსში რჩებიან.

„600-800 ლარს გადაგიხდით ქირის ღირებულებას, ვიდრე ახალაშენებულ კორპუსში ბინებს გადმოგცემთო. 800 ლარის ფარგლებში ბინის დაქირავება დღეს ბათუმის გარეუბანშიც კი ჭირს. ხუთი ან ხუთზე მეტ-წევრიანი ოჯახი კი ამ ფასად ბინის დაქირავებას საერთოდ ვერ შეძლებს. ისიც შემოგვთავაზა მერიის წარმომადგენელმა, თქვენ დაამატეთო. დავამატებთ, ვისაც შეგვიძლია, მაგრამ 3 წელი ვერ დასრულდება ახალი ბინა და შევძლებთ? – ყველა ვერც ახლა შეძლებს დამატებას. ამ სამი წლის განმავლობაში ისევ რომ მოიმატოს ქირის ფასმა რა ვქნათ? ძალიან ბევრი პრობლემაა დღის წესრიგში, რაზეც პასუხები არ გვაქვს“, – ამბობს სალომე.

სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს კიდევ ერთი წერილით მიმართეს:

ეს წერილი მერიაში 2022 წლის 12 დეკემბერს გააგზავნეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ

ერთ-ერთი მცხოვრების, ეკა ბუბუტეიშვილის თქმით, მათთვის მთავარი უსაფრთხოებაა და სამშენებლო კომპანიისგან არ ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას თუ ფართობების გაზრდას:

„თუ ვინმე დადებს დასკვნას და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, აქ დავრჩებით. პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ რყევების გამო, რასაც სამშენებლო სამუშაოები იწვევს, ჩვენ არაფერი გვემუქრება?“

იმავეს ამბობს როზა ბუბუტეიშვილიც: „ვიცით, რომ ბათუმში ბევრი სახლია ავარიულ მდგომარეობაში და შეიძლება უარეს მდგომარეობაშიც, მაგრამ ჩვენ გარემოება შეგვეცვალა სკოლის სამუშაოების გამო. სრულ ინფორმაციას არავინ გვაწვდის, არიან ისეთი მეზობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პროექტი მართლაც არსებობს, ნანახი აქვთ და ის 12-სართულიანია“.

ბათუმის მერიაშიც აცხადებენ, რომ მაიაკოვსკის #3ა-ში ავარიული სახლის პროექტი უკვე შეისყიდეს, რომლის მშენებლობაზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. თუმცა პროექტის ესკიზი არ გვაჩვენეს. არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე და არც შესყიდვის კოდი მოგვაწოდეს. როგორც ჩანს მერიაში მოსახლეობის წუხილი მათი კორპუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დიდად არ ადარდებთ, ყოველ შემთხვევაში მათთვის დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად თავს არავინ იწუხებს.

მერიის პასუხი უცვლელად:

„მაიაკოვსკის ქუჩაზე, #3-ა-ში არსებულ კორპუსთან დაკავშირებით, უკვე შეძენილია პროექტი, რომელზეც უახლოეს პერიიოდში გამოცხადდება ტენდერი.. მოსახლეობის ალტენატიულ ფართში გადასაყვანად მობინადრეებისთვის შეთავაზებულია ქირის ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია საკრებულოს მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზონირების რუკის შსაბამისად, ბინების დაცლის შემდეგ დაიწყება შესაბამისი პროცედურების განხორციელება ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში.

მაიაკოვსკის #3ა-ში 45 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული სახლების ნუსხაშია გვერდითი კორპუსიც, რომელიც ამავე ქუჩაზე #2-ში მდებარეობს.

ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: