მთავარი,სიახლეები

გვინდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ – მოცურავეები აუზს და დაფინანსებას ითხოვენ

21.03.2023 •
გვინდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ – მოცურავეები აუზს და დაფინანსებას ითხოვენ

ქართველი ახალგაზრდა მოცურავეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფო მათ სათანადო პირობებს არ უქმნის განვითარებისთვის. მოცურავეები ამბობენ, რომ საქართველოში ცურვას, როგორც პერსპექტიულ სახეობას, არ აღიარებენ და არც აფინანსებენ ისე, როგორც, მაგალითად, წყალბურთს ან სხვა რომელიმე სახეობას.

მოცურავეები ფაქტობრივად აუზის გარეშე არიან, რადგან ის კერძო აუზები, რომლის ქირაობასაც დღეს ასე თუ ისე ახერხებენ, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ქლორიანი წყალი კი ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნით.

მოცურავეთა კლუბი „ელიტი“ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. „ბათუმელები“ კლუბის ორ მოცურავეს, 12 წლის გიგიშა ბოლქვაძე და 17 წლის ნოე ფანცხავას ესაუბრა. რამდენიმე დღის წინ ისინი თურქეთში, ედირნეში იმყოფებოდნენ შეჯიბრზე, სადაც გიგიშა ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.

ნოე ფანცხავა საქართველოს მასშტაბით საერთაშორისო კლასის ოსტატია და როგორც გვეუბნება, ახლახან დაფიქსირებული შედეგით, ევროპის იუნიორებს შორის რეიტინგითაც პირველ ადგილზეა.

ამჟამად მოცურავეები „ბათუმი პლაზაში“ ვარჯიშობენ.

გიგიშა ბოლქვაძე, მოცურავე

გიგიშა ამბობს, რომ „ბათუმი პლაზას“ აუზი საკმაოდ კარგია, თუმცა არ აქვს ის ფუნქციები, რაც საჭიროა ინტენსიური ვარჯიშისთვის.

„ამ აუზს ადრე ჰქონდა იონიზაციის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქლორს არ იყენებდნენ. ქლორი ძალიან მწვავეა და ალერგიულ რეაქციებს იწვევს, რაც მეც მქონდა, წლების განმავლობაში მაძლევდა რეაქციას და წამლებიც დამჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. ახლა, როგორც ვიცი, მიდის მოლაპარაკება, რომ ქლორს გამოცვლიან“, – გვეუბნება გიგიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, თბილისშიც არის შედარებით მაღალი სტანდარტის აუზები, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს.

„ჩემთვის ცურვა არის ყველაფერი, მთელი ცხოვრებაა და მიზანი მაქვს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. თუმცა ამისთვის სათანადო პირობები მჭირდება მეც და სხვა მოცურავეებსაც.

სამწუხაროდ, საქართველოში სპორტის სხვა სახეობებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ცურვას კი ნაკლებად. შედეგები გვაქვს, მაგრამ მაინც“, – ამბობს გიგიშა.

„ოლიმპიადაზე უნდა მოვხვდეთ, ეს არის მიზანი“, – გვეუბნება ნოე ფანცხავაც. მისი აზრით, ფედერაციამ და, ზოგადად, სახელმწიფომ, ცურვას ყურადღება უნდა მიაქციოს.

ნოე ფანცხავა, მოცურავე

„ბევრი სპორტსმენი გვყავს, მათ შორისაა ირაკლი ბოლქვაძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, თუმცა ვარჯიშისთვის და არც ჩემპიონატებში მონაწილეობაზე ხელშეწყობა არ აქვს.

ხოლო ლუკა კუხალაშვილი როცა ავსტრალიაში გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე, წესით ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ჩასულიყო, რადგან ძალიან დიდი საათობრივი სხვაობა გვაქვს დროში და აკლიმატიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არც მას შეუწყეს ხელი და ის შედეგი, რაც სურდა, ვერ დაიდო.

აუზები და შესაბამისი პირობები ძალიან გვჭირდება. არ არსებობს ბავშვი ცურვა რომ არ უყვარდეს, ყველა წყალში ერთობა ხოლმე, თუმცა წყალბურთს უფრო აღიარებს ფედერაცია, ვიდრე ცურვას, მაშინ როცა წყლის სპორტის სახეობების ფუნდამენტი არის ცურვა და ცურვა რომ არა, ვერც წყალბურთი იარსებებდა“, – ამბობს ნოე.

გიგიშას მსგავსად, ისიც საუბრობს ქლორიანი აუზების პრობლემაზე და მიიჩნევს, რომ ასეთი გარემო მოცურავისთვის საზიანოა.

ვფიქრობ, ერთი 25-მეტრიანი და 50-მეტრიანი აუზი მაინც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი სტანდარტის. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სუფთა ქლორია აუზში, რამდენად კარგი ჰაერია, ჩახუთულობა არ უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სპორტსმენზე.

სუნთქვა მიჭირს ხოლმე ამ ქლორში, ხველება მეწყება და როცა ინტენსიურად ვარჯიშობ – ინტენსიურად გიწევს სუნთქვა, ქლორი არის კატასტროფა. არ შეიძლება ასეთ პირობებში ვარჯიში. მოცურავისთვის აუცილებელია ზბორებზე გასვლაც, მაღალმთიან გარემოში ვარჯიშიც, მაგრამ საერთოდ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მხოლოდ შეჯიბრებებზე გასვლას გვიფინანსებენ წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ და ესეც ძალიან ცოტაა.

ჩვენ მაინც იმედი გვაქვს საკუთარი ენთუზიაზმის, კლუბის დაარსების მიზეზიც ეს არის, რომ ჩვენი სახელით ცურვა გავიტანოთ მაღალ ასპარეზზე. იმედია, ამის შემდეგ მაინც დააფასებს სათანადოდ სახელმწიფო მოცურავეებს“, – გვეუბნება ნოე.

„ელიტის“ წევრია ლუკა კუხალაშვილიც, რომელიც ნოეს მსგავსად საქართველოს რეკორდსმენი და საერთაშორისო კლასის ოსტატია.

კლუბის მეოთხე წევრი ნიკა ჭიჭიაშვილია, რომელიც სპორტის ოსტატი და საქართველოში საუკეთესო მოცურავე დელფინში.

ახალგაზრდა მოცურავეებთან ამჟამად ცნობილი მწვრთნელი იგორ ომელჩენკო მუშაობს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, მაგრამ ბოლო 27 წელი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა.

იგორ ომელჩენკო, მწვრთნელი.

იგორ ომელჩენკო საბჭოთა წლებში, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1976 -100 მ), ევროპის თასის მფლობელი და ორგზის ჩემპიონი იყო.

სამხრეთ აფრიკაში კი ოლიმპიურ მწვრთნელად მუშაობდა და, როგორც გვეუბნება, არაერთი ოლიმპიელი ჰყავს აღზრდილი.

„აფრიკაში წარმატებული კარიერა მქონდა, გაზრდილი მყავს ოლიმპიელებიც და რეკორდსმენებიც, ახლა კი მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს გავუზიარო. მინდა საქართველოსაც ჰყავდეს ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში“, – გვეუბნება ის.

მწვრთნელის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა ისედაც  გადაწყვეტილი ჰქონდა, იყო დაპირება, რომ ხელს შეუწყობდნენ ცურვის სახეობის განვითარებაში. თუმცა, ჩამოსვლის შემდეგ, ამ დაპირებას ფედერაცია არ ასრულებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობთ სტანდარტების მიღწევას და ვცდილობთ მოვიძიოთ სპონსორებიც, თუმცა იცით რომ საქართველოში ესეც რთულია.

ბათუმის მერიამ ოფიციალურად ამიყვანა მწვრთნელად და სიმბოლური ხელფასი მექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ცურვა განვითარდეს.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში ტენდენციაა, რომ ყველამ უნდა იცოდეს ცურვა და ადამიანს შეეძლოს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა კრიტიკულ სიტუაციაში. საქართველოში კი საერთოდ არ არსებობს ეს ინტერესი სახელმწიფოს და ფედერაციის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა სათანადო პირობებში.

როცა ვიწყებთ ვინმესთან საუბარს, გვეკითხებიან „წყალბურთი?“ ცურვას, როგორც ცალკე სახეობას, რატომღაც ვერ აღიქვამენ სათანადოდ. მაშინ როცა ცურვაა ყველაფრის ბაზისი“, – გვეუბნება იგორ ომელჩენკო.

მწვრთნელის თქმით, იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს მოცურავემ, აუცილებელია ლიცენზიის მოპოვება, ამ ყველაფერს კი პირობები სჭირდება. „სპორტსმენს უნდა ჰყავდეს ექიმი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი, იმისთვის, რომ მიიღო კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებისთვის საკუთარი ძალებით შევძლებთ მოვიძიოთ ეს ყველაფერი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოცურავეებს ფედერაციაც უწყობდეს ხელს“, – ამბობს მწვრთნელი.

მისი თქმით, საქართველო ოლიმპიურ ჩემპიონატებზე წელიწადში ორ მოცურავეს ყოველთვის უშვებს, თუმცა რადგან ისინი არ არიან ლიცენზიანტები, სტუმრის სტატუსით უწევთ ასპარეზობა.

„ეს მოცურავეები საუკეთესოები არიან ქვეყანაში. გვინდა, რომ სხვა ახალგაზრდებიც აღვზარდოთ და ცურვა განვავითაროთ, ეს არის ჩემი მიზანი“, – ამბობს ომელჩენკო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: