მთავარი,სიახლეები

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

21.03.2023 •
ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა.

რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ.

ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა და უთვალთვალებდა ეკლესიის ყველა მაღალ იერარქს, რიგით მღვდლებს, მათი ოჯახის წევრებს თუ მათთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ პირს.

მედიისთვის მიწოდებულ დაახლოებით 70 ათასამდე ფაილის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირის პირად ცხოვრებას იწერდნენ. სავარაუდოდ სუსის ფაილების საქმეზე ოფიციალურად დაზარალებულად აღიარებული სასულიერო პირების საქმეებს იძიებენ.

იხილეთ დეტალურად – სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები 

„ეკლესიის მტრების“ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მტრობად და რამდენად იმუშავებს დღეს საზოგადოებაში კობახიძის რიტორიკა, რომ თურმე მედია და არასამთავრობოები „ეკლესიას ებრძვიან“?  

თეოლოგიური თვალსაზრისით, „ეკლესიის მტრობა“ არის მდგომარეობა, როცა ადამიანისთვის მიუღებელია, ვთქვათ, ქრისტიანული ფასეულობები, არ აღიარებს, არ ცნობს მათ და არ ცდილობს, გაატაროს ის ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე ევროპაში ეკლესიები ტერმინ „მტერს“ აღარ იყენებენ, რადგან რელიგია არის ადამიანის პირადი არჩევანი. რაღაც ნაწილს შეიძლება მოსწონს ესა თუ ის რელიგია, რაღაც ნაწილს – არა. ამიტომ ეკლესიები განსხვავებულ მისიონერულ სტრატეგიას იყენებენ.

„მტერი“ – ამ ნიშნით ადამიანების მარკირება მიუღებელია. შესაბამისად, თავად ეს სტრატეგია – ადამიანების სტიგმატიზება, არაქრისტიანულ ქმედებად მიიჩნევა დღეს.

მოსახლეობის რაღაც ნაწილს შესაძლოა მართლაც ჰგონია, რომ დასავლეთში არსებული ფონდები სპეციალურად რიცხავენ თანხებს იმისთვის, რომ პატრიარქი ან ეკლესია გააკრიტიკონ მედიებმა ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ ეს ნაწილი ძალიან მცირეა.

კობახიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილს, ალბათ, ამ ნაწილზე აქვს ისევ გათვლა.

არასამთავრობოები და კრიტიკული მედია თანაბრად მიუღებელია როგორც ოლიგარქისთვის, ასევე საპატრიარქოსთვისაც, რადგან ისინი უზრუნველყოფენ იმ პროცესების გამჭვირვალობას, რაც ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ხდება, ავლენენ კორუფციის ფაქტებს და ესენი ცდილობენ ეს კრიტიკული ხმა ჩაახშონ.

გახსოვთ ალბათ „იმედის“ აბსურდული სიუჟეტი, მდიდარმა ენჯეოებმა დაბადების დღე არ მიულოცეს პატრიარქსო. ამის მიზანი იყო ნეგატიური განწყობები გაეძლიერებინათ საზოგადოებაში.

  • როგორ ფიქრობთ, რეალურად ვინ უფრო აზიანებს ეკლესიას„ქართული ოცნება“ თუ არასამთავრობოები და როგორ შეიძლება ეს საზოგადოებას ვაჩვენოთ?

აქ ორი საინტერესო დამთხვევაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გახსოვთ ალბათ სუს-ის ფაილები, ეს კრებსები ბევრი რამით არის საინტერესო. მაგალითად, იმით, რომ მასში არსად არის მოხსენიებული მოსაყდრე შიო და მისი გარემოცვა. ისინი ყველგან მოხსენიებულნი არიან სხვებთან კვეთაში, როცა მათ ვიღაც ურეკავს. ცალკე ფაილები მათზე არ არის.

ჩემი პირადი მოსაზრებაა და მაქვს ეჭვი, რომ ამ სუს-ის ფაილების მთელი ისტორია შეთანხმებული იყო სუს-სა და მოსაყდრეს ჯგუფს შორის, რათა შიოს გარკვეულწილად გაენაღდებინა საკუთარი პოზიციები საპატრიარქოში და ჰქონოდა სხვა სასულიერო პირების დაშანტაჟების მექანიზმი.

ღარიბაშვილი-კობახიძე, მეუფე შიო, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან ვასაძე, „პატრიოტთა ალიანსი“, „კონსერვატიული მოძრაობა“, – ყველა ერთი ჯგუფის, ერთი აზროვნებისა და გემოვნების ხალხია და მათ აქვთ შეთანხმება, რომ დასავლეთი არის ცუდი, რუსეთი არის კარგი და ენჯეოებიც და კრიტიკული მედიაც, შესაბამისად არის ცუდი, რადგან დასავლურ ფენომენს წარმოადგენენ.

  • თუ მოსაყდრე შიოსთან იყო ფაილების გამოტანა შეთანხმებული, კობახიძის ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის „ეკლესიის მტრობა“?  

საპატრიარქო მოსაყდრე შიომდეც იყენებდა სტიგმატიზაციის შედეგად ადამიანების დაჩაგვრის პოლიტიკას, – ლანძღვა, გინება განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, ამ მიზნით გამოიყენებოდა ხომ? ასევე, „არაეკლესიური“, „ანტიეკლესიური“ – ამ მარკას არაერთ საზოგადო მოღვაწეს თუ პოლიტიკოსს აკერებდნენ, მაგრამ უბრალოდ, 17 მაისის შემდეგ, როცა შიო წავიდა საპატრიარქოში, მიზანი იყო, რომ დაიწყებოდა ეკლესიის განწმენდა.

თვითონ შიო მეტ-ნაკლებად სუფთა ადამიანია ამ თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით მის დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩემი აზრით, შიომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება სცადა ამ კრებსებით, რადგან სააშკარაოზე გამოიტანა ის თემები, რომლებიც ეკლესიის შიგნით ტრიალებს. რამდენად მართალია იქ მოცემული ინფორმაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თემა გახდა საჯარო.

ასევე, მოსაყდრე შიომ შემოიკრიბა ახალგაზრდა, შედარებით გაუსვრელი მღვდლები და ეკლესიის შიგნითაც თავს ასაღებდა როგორც გამწმენდელი. ამიტომ, ეს კრებსები „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა ეკლესიის დასაშანტაჟებლად, შიოს კი – საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

  • როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან თქვა, რომ მატერიალისტია, არც პატრიარქია შეუცდომელი და ეკლესიის კრიტიკაც მისაღებია. თუ ეკლესიის კრიტიკა ივანიშვილის შემთხვევაში არ არის მტრობა, რატომ შეიძლება სამოქალაქო სექტორის მხრიდან კრიტიკა იყოს „ეკლესიის მტრობა“. ეს რა ლოგიკაა?

საზოგადოებას აღიზიანებს, როცა ეკლესიის კორუფციულ გარიგებებზე ქვეყნდება მასალები, იმაზე, თუ როგორ ითვისებს ეკლესია კერძო სექტორში არსებულ აქტივებს, როგორ არიან სასულიერო პირები ბიზნესით დაკავებული და ასე შემდეგ.

ივანიშვილის ტექსტი კი იყო ძალიან ნეიტრალური, თითქმის არაფრის მთქმელი, რადგან კრიტიკა შეიძლება ყველასი და საეკლესიო თვალსაზრისითაც, ჩვენ არ გვაქვს უცთომელობის დოგმატი ხომ?

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა როგორც საპატრიარქოს მოკავშირე. როცა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, პატრიარქმა იქადაგა ამაზე და მეორე დღესვე დაუბრუნეს მოქალაქეობა, შემდეგ ივანიშვილმა სცადა საპატრიარქოს მოსყიდვაც, პატრიარქსაც ჩუქნიდა საჩუქრებს და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით, თითქოს ჰარმონიული ურთიერთობის უკან ეკლესია მაინც ინარჩუნებდა მინიმალური ტიპის დამოუკიდებლობას და რაღაც მომენტებში, საპატრიარქომ გამოავლინა კიდეც ეს თვისება.

მაგალითად, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და აქციები გამართა, მაშინ, როცა ამ საკითხზე საზოგადოებასა და ოპოზიციაშიც კი ხელისუფლებას შეთანხმება ჰქონდა მიღწეული.

ამიტომ, ივანიშვილი მიხვდა, რომ მოსყიდვა არ არის ეკლესიის კონტროლის გარანტი და ამის შემდეგ დაიწყო ციანიდის საქმე და შემდეგ დაგვირგვინდა სუს-ის კრებსებით. ამის შემდეგ ეკლესიამ სუვერენულობის ყოველგვარი ნიშანწყალი დაკარგა.

ახლა დავსვათ კითხვა: ვინ არის ეკლესიის მტერი? – ის, ვინც ეკლესიას ართმევს დამოუკიდებლობას და ხდის დამონებულს, ამყოფებს დამორჩილებულ მდგომარეობაში, თუ ის ადამიანები, ვინც კრიტიკულ სოლიდარობაში არიან ეკლესიის მიმართ? ჩემთვის პასუხი სრულიად ცხადია.

  • ფიქრობთ, რომ ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის წართმევაა ყველაზე დიდი მტრობა?

დიახ. ეკლესიამ თავისი მისია რომ შეასრულოს ამ მიწაზე, მისთვის სუვერენიტეტი და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემი ღრმა რწმენითა და მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ და მისი გარემოცვა თავად არიან ეკლესიის მტრები, რადგან მათ წაართვეს სუვერენიტეტი ეკლესიას, გაანადგურეს ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ რა ცხოვრებით ცხოვრობდნენ და საზოგადოებაში არსებული არაკონსტრუქციული კრიტიკის მომხრე პირებს მისცეს ძალიან ბევრი სენსიტიური მასალა.

და თუ მტრობაზეა საუბარი, აი, ამ კუთხით, „ოცნება“ აშკარად არის ეკლესიის მტერი, თუ მათივე ტერმინს გამოვიყენებთ. ამ ფონზე ისინი ცდილობენ, საკუთარი დანაშაული და საკუთარი მოქმედება მიაწერონ კრიტიკულ საზოგადოებას და გამოიწვიონ სიძულვილი ადამიანებში.

  • რამდენად მიღწევადია ეს დღეს?

ვხედავთ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდა, არ დაიჯერა, რომ არასამთავრობოები არიან აგენტები. ხელისუფლებას კი რატომღაც ეგონა, რომ „იმედის“ სიუჟეტების საფუძველზე ამ განწყობებს შეცვლიდა.

როგორ ფიქრობთ, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება რატომ დალოცა პატრიარქმა ევროკავშირის მოფრიალე დროშების ფონზე? იმიტომ, რომ პატრიარქმაც იცის, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დღემდე, საზოგადოებაში არსებობს შეთანხმება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და რუსეთთან პარტნიორ ურთიერთობაში არსებობის იდეა, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის თაობამ ჩამოშალა და ჩამოანგრია საბოლოოდ.

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა რატომღაც ამას.

ხალხსაც ამოუვიდა ყელში უკვე ეს „ეკლესიის მტერი“. ახალი თაობა დასცინის უკვე ამ ტერმინს. „სოროსი“ და „ბენდუქიძე იუდა“, შესაძლოა 90-იანებში მუშაობდა, მაგრამ დღეს ძალიან ძნელია ამან იმუშაოს საზოგადოებაში.

ახალგაზრდები დღეს თვითონ მოძრაობენ ევროპაში და რელიგიაზეც გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე კობახიძე-მდინარაძეს ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილს.

აქ, გერმანიაში, ერთი ახალგაზრდა გავიცანი და მივხვდი, რომ ეკლესიას ამ თაობასთან ურთიერთობის ენა დაკარგული აქვს. რამდენიმესაათიანი საუბრის დროს მივხდი, რომ ჩვენ შორის საერთო იყო ის, რომ ვიცოდი იაპონელი ანიმატორი მიაძაკი და მისი შემოქმედება, ეს იყო ჩვენი ერთადერთი საერთო ველი.

მოდის თაობა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგაა დაბადებული და მათთვის რუსეთი  მხოლოდ ნეგატიური ასოციაციების მომტანი ცნებაა. ეს უნდა გაიაზროს ყველამ – ეკლესიამაც და მთავრობამაც.

  • მაშინ რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“, რას მიაღწევს რუსული რიტორიკით?

ერთადერთი, რასაც ესენი მიაღწევენ, არის ის, რომ გაარკვიონ საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მათ მხარს გარანტირებულად.

  • შიოზე მინდა გკითხოთ. თქვენ თქვით, რომ ის და „ქართული ოცნება“ ერთად მოქმედებენ, მათ შორის ეკლესიის ამბების გარეთ გამოტანაც მათი იდეა იყო. თუკი „ქართული ოცნება“ ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რა შანსები აქვს შიოს, გახდეს პატრიარქი?

შიო არის კრემლის ყველაზე ერთგული კადრი. ადამიანი, რომელიც სწავლობდა, ცხოვრობდა მოსკოვში, მეგობრობს იქაურ ელიტასთან, არის დუგინის, ლავროვის და მათი ფილოსოფიის მიმდევარი, რჩევებისთვის ურეკავს იქაურ მოძღვრებს, ულოცავს მათ დაბადების დღეებს და ა.შ.

დარწმუნებული ვარ, ის რომ ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმებას არ დალოცავდა, რადგან ის საპატრიარქოს რადიკალურ ფრთას წარმოადგენს.

პატრიარქიც რუსული ინტერესების გამტარებელია, თუმცა მას აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომელიც ბევრი პოლიტიკოსისთვის არის შესაშური, ის ყოველთვის გრძნობს რა უფრო მისაღებია ქვეყნის უმრავლესობისთვის. მას რომ ეთქვა, ასოცირების შეთანხმება არის ბოროტება, იცოდა, რომ ხალხი ზურგს შეაქცევდა, ის არასდროს კვეთს კრიტიკულ ხაზებს.

  • რუსული კანონის მიღების მცდელობისას ხომ იყო ძალიან კრიტიკული ვითარება, როგორ ფიქრობთ, რატომ არ თქვა არაფერი?

პატრიარქი დღეს, ფაქტობრივად, არის უმოქმედო, ასაკში მყოფი ადამიანი და მოსაყდრე შიო მისი სახელით სჩადის ყველაფერს. შიოს საბჭოთა პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება არ აქვს. არის ძალიან უხეში ტიპის მმართველი და შეუძლია შუბლით შეასკდეს.

მისი ქადაგებებიც სავსეა უხეში ფორმულირებით, ლექსიკით, რომელსაც, წესით, დიპლომატი და განათლებული ადამიანი არ უნდა იყენებდეს. თუმცა მან მოახერხა პატრიარქის კულტის საკუთარ თავზე დელეგირება და დღეს ის არის პატრიარქის ხმა.

თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გამოჩნდება, როცა მისი უწმინდესობა აღარ იქნება ჩვენ შორის. ამის შემდეგ კარტები ახლიდან გათამაშდება და რა რესურსები ექნება შიოს, რომ სადავეები რეალურად აიღოს ხელში, მაშინ გამოჩნდება.

  •  „ქართული ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას და პროევროპული ხელისუფლება მოვა, მაშინ რა ელოდება შიოს, შეიცვლება?

შიო არ შეიცვლება. ხვალ კობახიძე რომ გამოვიდეს ან სულ ბრიუსელში რომ გადაცხოვრდეს და იქიდან გვიჩიჩინოს ევროკავშირში უნდა შევიდეთო, შიო მაინც არ შეიცვლის დამოკიდებულებას.

ის, რომ, მაგალითად, შვედეთში ტუალეტს არ აწერია ქალი და კაცი, ეს შიოსთვის დამღუპველი საკითხია, თუმცა რატომ, ამის ახსნაზე დროს არ ხარჯავს, მაგრამ ეს მისი რელიგიური მრწამსია.

ამიტომ მგონია, რომ მთავრობის არშეცვლის პირობებშიც კი შიოს ძალიან გაუჭირდება გახდეს პატრიარქი. თუნდაც იმიტომ, რომ გამოუცდელია, არ არის პრაგმატული, არ აქვს დიპლომატიური უნარები და ეს თვისებები მოკავშირეებსაც მალე დააკარგვინებს.

თუმცა რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ, აი, ამ ბოლო მომენტში არ გაუშვას ხელიდან შანსი, ჰყავდეს ქართულ ეკლესიაში მისი მოკავშირე.

დღეს, ფაქტობრივად, მოსაყდრე შიოს და „ქართულ ოცნებას“ ერთი ბრძოლა აქვთ. ბოლო ბრძოლა და ამიტომ ჰყავთ მობილიზებული მარგინალური ჯგუფები. ალბათ კრემლი ბევრ თანხასაც დახარჯავს, მაგრამ არა მგონია, შეძლონ საზოგადოების აზრის ცვლილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: