მთავარი,სიახლეები

ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

22.03.2023 • 3097
ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, 21 წლის საბა ოსანაძე ფილოსოფიის მე-4 კურსის სტუდენტია. მან  თავისი მოსაზრება გაგვიზიარა უნივერსიტეტსა და თვითმმართველობაზე, რა მოსწონს და რისი შეცვლის საჭიროებას ხედავს უნივერსიტეტში. ასევე, რას ნიშნავდა მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა და საით მიაქანებს ქვეყანას მმართველი გუნდი.

  • საბა, ბათუმში აქციას – „არა რუსულ კანონს“ ძალიან ბევრი სტუდენტი შეუერთდა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონპროექტის მიღებას, მაშინ, როცა ბსუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ძირითადად დუმს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოაცოცხლა ამჯერად სტუდენტები?

ამ კანონპროექტით უნდათ თავისუფალი აზროვნებისა და მათთვის არასასურველი ხალხის მოსპობა, გაშავება. ამას, ცხადია, ამ კანონპროექტის სახელიც ადასტურებს.

ჩვენ გვაქვს რუსეთის მაგალითები, თუნდაც საბჭოთა კავშირის, ჩვენს ისტორიასა და კოლექტიურ ქვეცნობიერში დევს, რომ აი, აგენტი ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ამ ნერვთან შეხების შემდეგ, ასე კოლექტიურად გაჩუმება არ იქნებოდა სწორი. პრინციპში, შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობა არაფერს ამბობდა და არც არავის გაუკვირდა, რომ ასეა.

სტუდენტებს, მათ შორის მეც, ვინც გამოვედით აქციებზე, უკვე აღარ შეგვეძლო გაჩუმება. არა იმიტომ, რომ ყველაფერში ვერკვევით, არამედ იმიტომ, რომ ამ კანონპროექტის უვარგისობა ცხადი იყო – ქვესკნელისკენ გვიშვებდა, გაჩუმება შეუძლებელი იყო.

  • თვითმმართველობა ახსენეთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ბსუ-ს თვითმმართველობაზე?

ყველა ვხვდებით და ეს არ არის ახალი ამბავი, რომ ბსუ-ს თვითმმართველობა არ არის დამოუკიდებელი. ცხადია, ვის უღელქვეშაც არიან – ისინი არიან მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების რაღაც ქვეგანყოფილება. ეს ცხადია ყველასთვის.

ალბათ, არასწორი იქნება შეტევა თვითმმართველობის კონკრეტულ წევრებზე, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებლები. მათი შეურაცხყოფა და ნეგატიური გამოძახილები მთლად ეფექტური არ მგონია. ეს იქნება ემოციური გამოხტომა, რაც შეიძლება უარესიც იყოს.

რომ არ მოგატყუოთ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია უნივერსიტეტში. ცხადია, ზოგადი რაღაცები ვიცი, მაგრამ მექანიზმები, ბიუროკრატია როგორ არის მოწყობილი, აზრზე არ ვარ.

მოლოდინს რაც შეეხება, ზოგადად, ადამიანს ოპტიმისტური მოლოდინები გაქვს და გგონია, რომ ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე არ მაქვს ოპტიმისტური შეხედულებები უნივერსიტეტზე, თავისთავად არც თვითმმართველობაზე, სამწუხაროდ.

  • არასაჯაროდ ხშირად ისმის სტუდეტებისგან, რომ ჰყავთ კონკრეტული პრორუსი ლექტორები, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობენ, რადგან ეს მათთვის ერთგვარი ხათაბალა იქნება. რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ლექტორმა სტუდენტს, რომელიც მის ხედვებს არ იზიარებს?

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი სტუდენტი, თუმცა შესაძლოა არის კიდეც, რომელმაც გამოთქვა თავისი პოლიტიკური აზრი და ვიღაცებმა უნივერსიტეტში პრობლემები შეუქმნეს.

ლექტორს და პრინციპში ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც ინსტანციაზე, მაღლა დგას შენზე, პრობლემის შექმნა შეუძლია. უბრალოდ, ეს დამოკიდებულია მის პიროვნებასა და სინდისზე. ყველაზე იოლი პრობლემა, რაც შეიძლება შეგიქმნას, ეს იქნება ალბათ, რაიმეს წამოძახება ან რაღაც ეგეთი. ყველაზე ცუდი – გაგაგდოს უნივერსიტეტიდან, ჩაგჭრას [გამოცდაზე], არ მოგცეს განვითარების საშუალება. ეს ინსტრუმენტები თუ აქვს ადამიანს და არ აქვს სინდისი, რა თქმა უნდა, გააკეთებს – „რატომაც არას“ პრინციპით.

ჩემს ლექტორებს არანაირი პრორუსული ხედვები არ აქვთ, პირიქით. საუბარი მაქვს ფილოსოფიის ლექტორებზე, ვისაც მე ვიცნობ. საკმაოდ ცხადი ხედვები აქვთ, რომ კრემლი მტერია.

  • რას ეტყოდით პარლამენტარებს, თუნდაც „უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის“ ავტორებს?

პარლამენტში იმ ადამიანებზე, რომლებსაც პრორუსული ხედვები აქვთ, კარგს ვერაფერს ვიტყვი – ვერც იმ ხალხზე, ვინც რუსული კანონპროექტის მიღებას აპირებდა და ვერც მათზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს. მოღალატეები რომ ჰქვიათ, სწორია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს 76 ადამიანი დამოუკიდებლად აკეთებდეს ამ საქმეს.

ცხადია, ამ კანონპროექტის მიღების საფრთხე იყო. ალბათ, ეს პირველი ტალღა იყო და ისინი არ გაჩერდებიან. წავიდა უკვე რეპრესიები სტუდენტებზე და არამარტო, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე. ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას. კიდევ იქნება გამოხტომები. ის ხალხი, ვინც სხედან პარლამენტში, ადამიანები, რომლებიც მათ მართავენ, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

  • შენ გარშემო თუ იცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან დაახლოება კარგი პერსპექტივაა ქვეყნისთვის? 

ბევრს არა. ისინიც იმის გავლენის ქვეშ არიან, რომ თითქოს ევროპაში არ მიგვიღებენ, ამიტომ რუსეთს უნდა დავუმეგობრდეთ… რუსეთ-უკრაინის ომში სინამდვილეში ამერიკაა დამნაშავე და მსგავსი უაზრობები.

მე ვისაც ვიცნობ, ახალგაზრდებს, ყველას გვაქვს ინტერნეტი და ყველას შეგვიძლია დავგუგლოთ სინამდვილეში რა ხდება და როგორაა. ამიტომ, გამოქვაბულის ადამიანის შეხედულებები ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ჩემ ირგვლივ, ცალი ხელი რომ გეყოფა ჩამოსათვლელად.

  • თქვენთვის რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება, რომ არ აინტერესებს რა წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ეს ალბათ, ნიშნავს დასავლეთის მიმართ ანტიპათიასა და რუსეთის მიმართ სიმპათიას. მე არ შემიძლია ავხსნა მათი ხედვები…

ჩემთვის ცხადია, რომ საქართველო, ქართული მთავრობა სცილდება თავისი გამოსვლებით ევროპას და უახლოვდება რუსეთს. მე არც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და პრინციპში, არც განსაკუთრებული სიმპათია მაქვს რომელიმე პარტიის მიმართ.

  • პრემიერის შვილი აშშ-ში ისწავლის, მინისტრების თუ დეპუტატების შვილები იღებენ ევროპულ განათლებას. რაზე მიუთითებს ეს თქვენთვის? 

იგივე სიტუაცია იყო და არის რუსეთში – რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ „ევროპა უკვე დამთავრდა, მორჩა, ლპება, აღარ განვითარდება“, მაგრამ მათ აქვთ უამრავი აგარაკი, ქონება თუნდაც ბრიტანეთში და ა.შ.

ნებისმიერი პარლამენტარი ხვდება, რომ ევროპული განათლება არის მსოფლიო დონის და შვილს, ცხადია, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი არა, ევროპის ქვეყნებში გაუშვებს. რუსეთის განათლება საერთოდ სხვაა და ევროპული-ამერიკული განათლების დონე სჯობია, რასაც მშვენივრად ხვდებიან თავადაც. საუბრობენ, რომ დასავლეთი არ უნდათ და შვილებს დასავლეთში უშვებენ განათლების მისაღებად. ამას ყველა ვხვდებით. ეს არის პირფერობა, მეტი არაფერი.

  • რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავთ ბსუ-ში და სტუდენტები რამდენად ხშირად დადიან ლექცია-სემინარებზე?

არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უცებ ყველაფერი მაღალ დონეზე ავიდეს. ალბათ, უფრო მეტი უცხოელი ლექტორის მოწვევაა საჭირო და რაც მთავარია, გამოცდის სისტემის შეცვლა. ეს მე და, პრინციპში, ბსუ-ს ყველა სტუდენტს ძალიან გვაწუხებს. ეს ბილეთები, ის შემოწმება, ეს კამერა, რაღაც პენიტენციალური სისტემა – „ზედმეტად არ ამოძრავდე, თორემ კამერები გაფიქსირებენ“. ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან მკაცრად არ არის ეს, მაგრამ იმდენად კი არის, რომ სტუდენტი შეწუხდეს. ეს სისტემა რომ შეიცვალოს და დასავლურ სტილზე გადავიდეს, უფრო კარგი იქნება.

ალბათ მე არ მაქვს იმდენი ინფორმაცია, რომ მთლიანად უნივერსიტეტი შევაფასო. მე რომელ ფაკულტეტზეც ვსწავლობ, იქიდან გამომდინარე, ჩემი უნივერსიტეტი ვარსკვლავებს არ კრეფს ციდან. ჩემი კონკრეტული სპეციალობიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად კომფორტულად ვარ. ზოგადად კი, მთლად კარგად ვერ შევაფასებდი უნივერსიტეტს.

რაც შეეხება [ლექცია/სემინარებზე] დასწრებას, ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიაზე სულ 6 სტუდენტი ვართ. როგორც წესი, სტუდენტების რაღაც პროცენტი არასდროს… ხშირად არ დადის ლექციებზე. როცა სულ ხარ 6 და არ დადის, მაგალითად, 3 სტუდენტი, ან დადის მაგრამ ხშირად არა, ეს უფრო შესამჩნევია, ვიდრე როცა 40 სტუდენტში 10-20 სტუდენტი არ დადის.

მიზეზი არ არის ასე ცალსახა, კონკრეტული და რასაკვირველია, არ მიემართება მხოლოდ სტუდენტებს. ლექტორების მხრიდან მეტი აქტიურობა, [სასწავლო] პროცესის გამრავალფეროვნება კარგი იქნებოდა და ასევე, სტუდენტების მხრიდან უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: