საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის „განახლება“ მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში მაინც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და ის სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, არც დასრულდება.

პროექტი მთლიანობაში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობილია.

ერთი ხიდი შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში შენდება [რომელიც რკინის თაღში გაივლის], ორი ხიდი კი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უნდა აშენდეს, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პრეისკურანტით გამოაცხადა და, შესაბამისად, გაურკვეველია, აქ მიმდინარე სამუშაოებში კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში, ერთი წლის წინ, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბათუმის პროექტის ღირებულება 10 მილიონ 600 ათასი ლარია.“

ხეივნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და რკინის თაღთან ხიდის მშენებლობაზე შპს „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. ამ კომპანიაში „ბათუმელების“ ზარს არ უპასუხეს.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023
საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023
საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023

ჟიული შარტავას გამზირის დასაწყისში ორი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალკე გამოაცხადა. ხელშეკრულება ხიდების მშენებლობაზე კი, ფონდსა და ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“ შორის, 2022 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა.

ამხანაგობაში ორი კომპანიაა გაერთიანებული. მათგან ერთი „საბა კონსტრაქშენია“.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან აკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

პირობის მიხედვით, ამხანაგობამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, ხოლო შემდეგ 7 თვეში – ხიდების მშენებლობა უნდა დაასრულოს.

თუ ხელშეკრულების დადების თარიღიდან გადავთვლით, ორი ხიდის მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 სექტემბერს დასრულდა, თუმცა მასში ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“, დისკვალიფიკაცია მისცეს – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

“მემკვიდრეობის პლატფორმა” პარლამენტს რუსული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას სთხოვს

კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება მემკვიდრეობის პლატფორმა რუსული კანონპროექტის გამო საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და სთხოვს, შეწყვიტოს პარლამენტმა მისი განხილვა.

მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური რესურსია.

მოგახსენებთ, რომ „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წევრი  ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები წლების განმავლობაში იზიარებდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მაგალითისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით არის შემუშავებული ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“.

სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:

ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა;

კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით;

ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწავლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიციირება და განხილვა დისკრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსისათვის, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო სტრატეგიის საყრდენი.

კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

მოგმართავთ, შეწყვიტოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსათვის,  მოქალაქეებისა და  მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის“.

წერილს ხელს „მემკვიდრეობის პლატფორმაში შემავალი 7 ორგანიზაცია აწერს: ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საზოგადოება ბათომი, საქართველოს ეროვნული ფონდი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, CDC სათემო განვითარების ცენტრი, ICOM საქართველო, ICOMOS საქართველო.

ბათუმში რამდენიმე დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 5 მარტს, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა:

  • წინსვლის, ჩაისუბნის, თამარისა და ბარცხანის დასახლებებში, ასევე განთიადისა და მახინჯაურში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება დღეს, საღამოს 8 საათისთვის აღდგება.

 

კანონპროექტი ზიანს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას – მასწავლებლები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.

და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება,“ – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

“არ მოხვიდეთ ხვალ ლექციაზე, მოდით პარლამენტთან აქციაზე” – თამარ კორძაიას მიმართვა სტუდენტებს

„მინდა მივმართო ჩემს სტუდენტებს. ორშაბათს მე მაქვს პირველ საათზე ლექცია. ვინც ჩემი სტუდენტი ხართ, მე ლექციაზე ვერ მოვალ და ვერ ჩავატარებ გამორიცხულია.

მე არ მოვალ ორშაბათს უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ გაცილებით სხვა და დიდი ბრძოლა გვაქვს საქართველოს პარლამენტში,” – დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა.

ხვალ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც რუსული კანონის ანალოგია.

სამოქალაქო სექტორი ხვალ დილიდან გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას პარლამენტთან.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ, „დღის ამბებში“ სტუმრობისას, თავის ყველა სტუდენტს მიმართა და უთხრა, რომ ახლა მთავარი ბრძოლა საქართველოს პარლამენტში იქნება, ამიტომ ვინც თვლის, რომ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა, ხვალ პარლამენტთან აქციაზე უნდა მივიდეს.

„ჩემს ახლანდელ სტუდენტებს, ჩემს ყველა სტუდენტს, რომელსაც ჩემს ლექციაზე მოუსმენია ჩემი საუბარი და არასოდეს პოლიტიკაზე მე მათთან არ მისაუბრია, დღეს მივმართავ, რომ მოვიდნენ.

მოვიდნენ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისი იმისათვის, რომ ამ მონსტრს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს გვართმევს სახელმწიფოს, მოვერიოთ.

ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიგნით, მაგრამ თქვენ უნდა მოხვიდეთ. უთქვენოდ ჩვენ მათ ვერ მოვერევით. და არ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვყოფნის ძალა.

თუ გვინდა ეს სახელმწიფო, ეს სახელმწიფო როგორც ჩვენია, ისე თქვენი არის და ეს სახელმწიფო უნდა შევინარჩუნოთ,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

პარლამენტარმა მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ ახლა ბრძოლის მოგება თითოეული მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეცაა დამოკიდებული.

„როდესაც სახლში ხართ და შვილისთვის საჭმელს ჰყიდულობთ, ფეხსაცმელს ჰყიდულობთ, ტანსაცმელს, მოქალაქეებო, ვინც ახლა გვისმენთ, რომელიმე რუსულ პროდუქციას ყიდულობთ? რუსული წარმოების ფეხსაცმელს უყიდით საკუთარ შვილს?

და მოვა დრო, როდესაც შეიძლება უბრალოდ ვერ უყიდოთ, ეს ტანსაცმელი თქვენს შვილებს, იმიტომ, რომ ეს არხები გადაიკეტება.

ამ კანონზე რომ გვეუბნებიან, გამჭვირვალობაა, ეს არის კენჭს შუშაზე რომ დაარტყამ და მერე იფშვნება ყველაფერი.

ეს მასშტაბი ექნება ასეთ პატარა ქვეყანაში ამ კანონის მიღებას. აი, ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ დაგვიჭირეთ მხარი.

ჩვენ არ დავზოგავთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ისინი ჩვენს კვალიფიკაციას არ უსმენენ.

მათ არ აინტერესებთ რა გვაქვს წაკითხული, მათ არ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება, მათ არ აინტერესებთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება. მათ არ აინტერესებთ ვენეციის კომისია. მათ არ აინტერესებთ არაფერი.

ერთადერთი რისიც ეშინიათ, ეს არიან მოქალაქეები. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას. თუ გვინდა სახელმწიფო, დაგვიჭირეთ მხარი,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მარტის 21 საათიდან 6 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში დღისით ზოგან თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვაზე ტალღის სიმაღლე 6 მარტს ღამით და დილით 7-12 დმ (2-3ბალი), დღისით 15-20დმ (4-5ბალი), ზღვის წყლის
ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7 მარტს დღისით და 8-9 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 153 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 930]
  • ტანკი – 3 414 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 692 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 426 ერთეული [+12]
  • MLRS – 488 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 248 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 302 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 071 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 299 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 232 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 394 თვითმფრინავი
  • 216 ვერტმფრენი
  • 3 336 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 409 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 050 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 282 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 746 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის შესახებ მიმართვას ავრცელებენ.

„ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, ვაპროტესტებთ საკანონმდებლო ინიციატივას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ და ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყანაში, იმ მიზნით, რომ აქ მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კი გვაშორებს განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო კურსს.

საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერით, ასეულობით ქართველ ახალგაზრდას  გვიკარგავთ იმის შესაძლებლობას, რომ განათლების მიღების შემდეგ ჩვენს სამშობლოში დავბრუნდეთ და მას ვემსახუროთ.

გარდა ამისა, ყველანაირ პერსპექტივას უკარგავთ თაობებს, რომელთაც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და განვითარებულ ევროპულ საქართველოში სურთ ცხოვრება.

ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში!“.

მიმართვა გუშინ, 3 მარტს გავრცელდა და ჯერ 55-მდე ხელმომწერი ჰყავს. მიმართვის ავტორები ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის წევრები არიან.

„ბათუმელები“ ესაუბრა ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სალომე სალაძეს, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს და მაგისტრატურაზე სწავლობს.

„თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ის სტუდენტია თუ არა, თუ შეუძლია ობიექტურად კონკრეტული ნათქვამის ან ფაქტების აღქმა და ერთხელ მაინც აქვს ეს კანონპროექტი წაკითხული, მგონია, რომ აუცილებლად გაუჩნდება პროტესტი, რადგან ეს არ არის ის, რისკენაც ჩვენ მივდივართ.

ეს არ არის ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის მისაღები კანონი.

მარტივად რომ გადავხედოთ, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, უნგრეთს ამ კანონის გაუქმება მოუწია, მისი იმ ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში მყოფ ან ევროკავშირთან დაახლოების სურვილის მქონე ქვეყანას.

იმედი გვაქვს სხვა სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან, ვინც ფიქრობს, რომ ეს არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს.

გულწრფელად რომ ვთქვა, მე მგონია, ეს არის მმართველი პარტიის მოწინააღმდეგე ადამიანების დაქსასვის, გაჩუმების მცდელობა, რის ძალიან კარგ შესაძლებლობასაც მისცემთ ამ კანონპროექტის მიღება“, – ამბობს სალომე სალაძე.

იგი მიიჩნევს, რომ აგენტის იარლიყმა შესაძლოა სხვა პრობლემებიც შექმნას:

„ძალიან თავისუფლად შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ვთქვათ „აგენტი“ დაერქვა, ქუჩაში გავლის დროს მიაყენონ შეურაცხყოფა, ან შენი ოჯახის წევრს შეეხონ [ფიზიკურად]“, – გვითხრა სალომემ.

სალომე ფიქრობს, რომ შესაძლოა ერთმა პროტესტმა ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ თუ ყველა გაერთიანდება და იტყვის, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაგვიკეტავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზებს, მის მიღებას ვეღარავინ გაბედავს.

„მე მართლა მგონია, რომ მათაც [რუსული კანონპროექტის მხარდამჭერებმა] იციან ეს ყველაფერი, მაგრამ ჯიუტად აკეთებენ იმას, რაც შემდეგ თაობებს გაურთულებს, უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ საქართველოში და თაობები დაგვაშორებს ევროპისგან.

დღეს, როდესაც შეიძლება დღე-დღეზე მოგვენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც აუცილებლად იმსახურებს საქართველო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გადავრჩეთ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, ვანიავებთ ამ შანსს, რაც ვფიქრობ, მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია გაიაზროს, რა გვჭირდება უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისთვის“, – ამბობს სალომე სალაძე.

______________

ფოტოზე: სალომე სალაძე

ბათუმში ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში 500 უკრაინელი ჩაერთო

ოლგა ვალოჟკა ქალაქ ხერსონიდან 3 შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. ისინი ხერსონიდან ყირიმის გავლით ჩამოვიდნენ. ბავშვებმა ომის საშინელებები საკუთარი თვალით ნახეს. ახლა ისინი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში არტთერაპიის კურსს გადიან:

„ჩემმა შვილება თვეების განმავლობაში აქ გაიარეს ქართული ენის და არტთერაპიის კურსები. აქ ბავშვები ვითარდებიან, ხატავენ, სტრესს ამარცხებენ, მათ ირგვლივ მზრუნველი და თანამდგომი ხალხია, კეთილგანწყობილი გარემო. ძალიან შეიცვალნენ ჩემი შვილები: გამხიარულდნენ და მეგობრები შეიძინეს. არტთერაპიის კურსის გავლამდე ჩაკეტილები იყვნენ.

ხშირად ვიკრიბებით ბათუმის ოფისში და აქ კარგად გვხვდებიან, ჩემს შვილს დაბადების დღეზე ტორტიც კი მოუტანეს, რისი საშუალებაც მე არ მქონდა, ეს ძალიან სასიამოვნო წუთები იყო, ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მზრუნველი გარემოს არსებობა დადებითად აისახება“, – ამბობს ოლგა ვალოჟკა.

ოლგა ვალოჟკა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა უკრაინულ თემთან მუშაობა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო. თავიდან გამოიკვლიეს, თუ რა სჭირდებოდათ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად, მერე კი ეს საჭიროებები იმ პროექტებად და  ღონისძიებებად აქციეს, რასაც სთავაზობდნენ როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი ბენეფიციარებს სთავაზობდა ქართული ენის შემსწავლელ კურსს ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის, არტთერაპიის კურსს მოზარდებისთვის, სხვადასხვა შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებას ადგილობრივ სოციუმში ადაპტირებისთვის. აწვდიდნენ ინფორმაციასაც, თუ რა სერვისებს სთავაზობდნენ მათ საჯარო უწყებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

ტარდებოდა ტრენინგები ქალთა გაძლიერებისთვის, ბენეფიციარები ესწრებოდნენ სპექტაკლებს ბათუმის დრამატულ თეატრსა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ეწყობოდა ქალაქის საფეხმავლო ტურები და შემეცნებითი აქტივობები:

„ბავშვებს უტარდებოდათ ასევე ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები. ცენტრი იყო ადგილი, სადაც უკრაინელებს შეეძლოთ ასევე ბავშვების დატოვება. ბევრი მარტოხელა დედის სტატუსითაა საქართველოში და სჭირდებოდათ დასაქმება ან ენის კურსზე სიარული. ამისთვის კი საჭირო იყო ადგილი, სადაც ბავშვებს დატოვებდნენ.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ომის დასაწყისიდანვე სჭირდებათ ბავშვებსა და ზრდასრულებს, მართონ ომისშემდგომი სტრესი და მათ ამაში დახმარება სჭირდებათ. ჩვენი სერვისები და პროგრამები ამ სტრესის და ემოციის სხვადასხვა საშუალებით მართვაზე იყო გათვლილი“, – ამბობს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე.

თეონა დიასამიძე. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი

არტთერაპიის დაწყებამდე, მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს სტრესის ფონზე არ შეეძლოთ ჭამა. თერაპიის მერე კი მდგომარეობა დარეგულირდა და პრობლემა აღმოიფხვრა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისმა შესაძლებლობა მისცა ზრდასრულებსა და მოზარდებს, ჰქონოდათ საერთო შეკრების ადგილი, გამოსულიყვნენ სახლიდან, გამარტივებოდათ ადაპტაცია ახალ გარემოსთან და გამკლავებოდნენ ახალ რეალობას.

მოქმედებდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უკრაინელი ბავშვები ერთად გეგმავდნენ ღონისძიებებს, ზრდასრულებიც ასევე: ქართველების და უკრაინელების ოჯახები ერთად გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას და ხვდებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ გამოცდილებას.

„ქართული ენის შესწავლის ინიციატივა უკრაინელებისგან წამოვიდა, მათ არ სურდათ ქართველებთან იმ სახელმწიფოს ენაზე საუბარი, რომელიც სასტიკ ომს აწარმოებს მათ ქვეყანაში. ენის არცოდნა ხელს უშლიდათ მათ დასაქმებაში.

აქ მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ურჩევნიათ თავად იმუშაონ და გადაიხადონ ბინის ქირა, ვიდრე სახელმწიფომ უხადოს მათ, რაც ასევე მაღალ მოქალაქეობრივ კულტურაზე მიანიშნებს.

ქართული ენის უწყვეტ კურსს ვთავაზობდით როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებს“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

ოქსანა ცაპოიჩიკიც ხერსონიდან ჩამოვიდა პატარა გოგოსთან ერთად. საქართველოში არავინ ჰყავდა და არიც ის იცოდა ზუსტად, სად წავიდოდა. პირველად ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე უკრაინელთა დახმარების ცენტრში მოხვდა. მერე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღმოაჩინა.

„ბათუმში ერთ ადამიანსაც არ ვიცნობდი, შემდეგ ეს ცენტრი აღმოვაჩინე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაგვეხმარა, საქართველოში რომ ადაპტაცია გაგვევლო“ – ამბობს ოქსანა.
ოქსანა ცაპოიჩიკი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

ტატიანა ვასილჩენკო ბათუმში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა ქალაქ სუმიდან. ამ ქალაქზე რუსულმა არმიამ ომის პირველი დღეებიდანვე მიიტანა სამხედრო იერიში. ოჯახმა ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დააღწია თავი დაბომბვებს.

3 კვირა მათ ოკუპირებულ ქალაქში გაატარეს, მარტში კი ბათუმში ჩამოვიდნენ.

„დღემდე ამ იმედით და მოლოდინით ვართ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და შინ დავბრუნდებით.

ომის გამო რომ მოგვიწია ჩვენი სახლის დატოვება, ამ აზრს ვერ ვეგუებით ამ დრომდე. ამ ოფისში საკუთარი სახლივით მოვდივართ. აქ იკრიბებიან ბავშვები, მათ აქვთ გაკვეთილები, მათ აქ ელიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შინ გრძნობენ თავს. ეს განწყობა, რომ ჩვენ გვერდით არიან და მხარს გვიჭერენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მადლიერები ვართ და რა თქმა უნდა, გვინდა გაგრძელდეს ეს პროექტი“ – ამბობს ტატიანა ვასილჩენკო.

ტატიანა ვასილჩენკო. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბენეფიციარი უკრაინიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში გარდა ოფიციალური პროექტებისა, თანდათან მოხალისეობრივი კლუბებიც გაჩნდა: ლიტერატურისა და კინოკლუბი. შაბათ-კვირას ბავშვები ცენტრში დადიან და ახალ მეგობრებს იძენენ, ფილმებს ერთად უყურებენ და საუბრობენ.

უკრაინელთა დახმარების პროექტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან ერთად ახორციელებს გაეროს ქალთა ფონდი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი, თეონა დიასამიძე ამბობს, რომ დონორების როლი მთელ ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან რთული იყო სწრაფი კოორდინაცია, ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო სექტორს შორის, ვინც აჭარაში ასე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ევროკავშირის წვლილი ძალიან დიდია, ყველა პროგრამის მხარდამჭერი სწორედ ევროკავშირი იყო, რაც ივლისიდან დღემდე ხორციელდება ჩვენი ბენეფიციარებისთვის. დაახლოებით ხუთასამდე უკრაინელი ჩაერთო ამ პროგრამაში“. – ამბობს თეონა დიასამიძე.


 

ბახმუტთან უკრაინული ძალები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ ბახმუტის მცველი უკრაინული ჯარებისთვის რესურსების მიწოდების შესაძლებლობა სულ იზღუდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ ანგარიშში დღეს, 4 მარტს.

ანგარიშის ცნობით, უკრაინის სარდლობა აძლიერებს ქალაქის თავდაცვას ელიტარული ნაწილების გადაადგილებით და მნიშვნელოვანი ხიდების განადგურებით, მაგრამ რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქალაქისკენ.

„ბახმუტის მცველი უკრაინული ძალები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან; ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს როგორც თავად ქალაქში, ასევე მის გარშემო“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული არმიის რეგულარულმა ნაწილებმა და „ვაგნერის“ ჯგუფმა მოახერხეს ღრმად გადაადგილება ქალაქის ჩრდილოეთ, გარეუბანში.

„უკრაინელები ამაგრებენ ტერიტორიას ელიტური ფორმირებებით და ბოლო 36 საათის განმავლობაში ბახმუტში ორი საკვანძო ხიდი განადგურდა, მათ შორის მნიშვნელოვანი გადასასვლელი, რომელიც აკავშირებს ქალაქს ბახმუტიდან ჩასოვ იარამდე მიმავალ ბოლო მთავარ მარშრუტთან“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ბოლო შეფასებით, უკრაინული ძალები, როგორც ჩანს, ემზადებიან ბახმუტის ზოგიერთი რაიონიდან ჯარების გასაყვანად. ამავდროულად, ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, ხიდების აფეთქება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინის ძალებმა ან უკვე დატოვეს ქალაქი, ან მისი დატოვების პროცესში არიან.

ამის პარალელურად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებენ. დღეს, 4 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმუტში ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალი ვიქტორ ხორენკო.

ხორენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა ქვედანაყოფი, რომელიც ჩართულია ბახმუტის დაცვაში, ნათლად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. „ჩვენი ჯარისკაცები მუდმივად მუშაობენ ურთულეს პირობებში და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტრის ჯარების რაოდენობა ყოველდღიურად შემცირდეს“ – თქვა მან.

ამავდროულად რუსული მედია წერს, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად ალყაშია.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ბოლო თვეები ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია. ექსპერტები წერენ, რომ რუსეთმა უდიდესი დანაკარგი მიიღო ბახმუტთან და დიდი უკრაინული მხარის დანაკარგიც.

თურქეთში ნანგრევებიდან ძაღლი გამოიყვანეს მიწისძვრიდან 25-ე დღეს

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან 25-ე დღეს ნანგრევებიდან ძაღლი ამოიყვანეს.

ცოცხალი ძაღლი იპოვეს დანგრეულ შენობაში, საიდანაც ნანგრევები გაჰქონდათ. მცირე სივრცეში, სადაც ტერიერის ჯიშის ძაღლი იყო მომწყვდეული, იპოვეს საკვებიც, რომელიც მას გადარჩენაში დაეხმარა.

მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან მოხალისეებმა და მაშველებმა არაერთი კომპანიონი ცხოველი გამოიყვანეს. კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ჰასკის, რომელიც სამაშველო ჯგუფმა მიწისძვრის შემდეგ 23-ე დღეს იხსნა ნანგრევებიდან.

ჰასკი, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ფოტო: „ანადოლუ“

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 ათასზე მეტია.

აჭარაში 3 პირი დააკავეს იარაღის უკანონოდ შენახვისა და გასაღების ფაქტებზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს, მათ შორის აჭარაშიც.

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ზ.ღ და 1968 წელს დაბადებული ს. ბ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა, ზ.ღ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა, ხოლო რაც შეეხება ს.ბ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო კარაბინი, სანადირო თოფები, მჭიდები, ვაზნები და მასრები.

ასევე, შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ამხილეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული გ.ო. და 1953 წელს დაბადებული ს.ჭ.

მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და 12 ვაზნა“ – იუწყება შსს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტო: შს სამინისტროს კადრებიდან

„უნდათ გავქრეთ რუკიდან და ეს ქართველების ხელით მოხდეს“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი სოფო გოგოხია მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაქრობისკენ არის მიმართული.

„ვიღაცას უნდა რომ ჩაგვაბარონ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ და გავქრეთ რუკიდან, აღარ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. ამ ყველაფერს კი ჩვენი ხელით, ქართველების ხელით აკეთებენ“ – ამბობს სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოსთვის დიდი ხნით, „თუ სამუდამოდ არა“, დაიხურება დასავლეთის ფანჯარა.

„დაიხურება განვითარების და ყველანაირი კეთილდღეობის ფანჯარა და შევრჩებით ისევ ამ დამპალ იმპერიას, მერამდენედ და ყველაზე ცუდი და რთული ფორმით.  ამიტომ, როგორც მასწავლებელი, როგორც მოქალაქე, როგორც მშობელი, ცხადია, საფრთხეს ვხედავ ამ კანონში, რომელიც შემოჩეჩებულია რუსული სცენარით.

ეს ჩვენ გავიარეთ უკვე ასი წლის წინ და მეგონა, რომ უკვე შევაფასეთ და ვიცოდით რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ ისევ მეორდება ჩვენს თვალწინ.

არ ვიცი, გასულელებაც არ ჰქვია, რასაც ახლა აკეთებენ, საერთოდ სახელი არ ჰქვია ამას.

ეს საფრთხეზე მეტია, რადგან შეიძლება იყოს ჩვენი უკანასკნელი შანსი. მერე ეს შანსი არც გვექნება, რადგან გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ასე წარამარაც არ იცვლება და სამუდამოდ დაიხურება ჩვენთვის დასავლეთის ფანჯარა“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში ომის ფონზე სწორი პოზიცია დაიჭიროს საქართველომ და დავდგეთ სწორ ადგილას, ხელისუფლებას ქვეყანა მთლიანად გადაჰყავს სწორი რელსებიდან.

„რაღაც საშინელებას გვაჩეჩებენ და გვატენიან. რუსული კანონი შეძვრება და დაეპატრონება ყველაფერს, – თავისუფალ აზრს, ადამიანების პირად მონაცემებს, ჩვენს შესაძლებლობებს, ყველაფერს, რასაც დასავლური თანხებით ვაკეთებდით იქნება ეს გზები, მშენებლობები, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, შშმ ადამიანებზე დახმარება თუ სხვა, ყველაფერი ამ გრანტებით არსებობს და სული უდგას.

დაგვეხმარნენ – მსუბუქი ნათქვამია, დასავლელი მეგობრები მაშინ შემოგვეშველნენ, როცა ფაქტობრივად სულს ვღაფავდით.

ამდენი მილიონები დაგვახარჯეს. რომ ფეხზე დავმდგარიყავით და ჯერ კიდევ რამდენი რამ გვჭირდება, თუ ესეც მოგვაკლდება, წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით საერთოდ“- ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, 2016 წლიდან გაეროს ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებმა ქალთა საინიციატივო ჯგუფი დააარსეს, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს არაფორმალური განათლების გზით, ეს ყველაფერი კი ადამიანებს ხელიდან გამოეცლება. „დღეს და მარტო ახლა კი არა, სამუდამოდ“ – ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, იკარგება ის, რაც აქამდე სამოქალაქო საზოგადოებას უბრძოლია და გაუკეთებია მომავალი თაობებისთვის.

„ეს ყველაფერი ვხედავთ ხომ რის ფონზეც ხდება, საქართველო ქართველებისგან იცლება და იმასაც ვხედავთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებით ივსება.

ასე უნდათ, რომ უმტკივნეულოდ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ, ჩაგვაბარონ და ამას უკვე იმდენად უხეშად და ისეთი ფორმებით აკეთებენ…

ამ კანონის მიღება ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მე გავქრე რუკიდან, აღარ ვიყო, აღარ ვიარსებო, ბოლოს და ბოლოს, რაც ვერ გააკეთა ამდენი საუკუნე ვერავინ, ახლა ჩვენი ხელით უნდა გააკეთონ, ქართველების ხელით და უნდათ ამას გვაყურებინონ, მონაწილეობაც მიგვაღებინონ ჩვენი პასიურობით, რადგან ყველა ადამიანი ფეხზე არ დგას“-ამბობს სოფო.

მისი თქმით, თუ საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს, დაკარგავს ევროპულ მომავალს, მაშინ ყველაფერი კარგავს აზრს.

გუშინ ბავშვებს პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ ყველამ – დიდმა, პატარამ, ოჯახის წევრმა, მთელმა კლასმა არ ამოიღო ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, აღარც წარსულის სწავლას აქვს ფასი, აღარც მომავლის, აღარც „ვეფხისტყაოსნის“, არც ილიას, ვაჟას და ბარათაშვილის, რადგან გადაშენებას გვიპირებენ და ამას ვხედავ ძალიან ცხადად.

და თუ კიდევ ვინმეს არ სჯერა ეს დღეს და თუ კიდევ ვიღაცის სამტკიცებელია, რომ თურმე სიკეთისთვის ან რა ვიცი, რისი სახელით კეთდება ეს ყველაფერი, არის ტრაგედია და უბედურება“-ამბობს სოფო გოგოხია.

_________________

ამავე თემაზე:

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 152 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 820]
  • ტანკი – 3 409 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 683 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 414 ერთეული [+12]
  • MLRS – 487 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 302 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 066 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 289 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 394 თვითმფრინავი
  • 215 ვერტმფრენი
  • 3 324 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 408 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 145 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 049 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 273 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 722 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

„წარმოდგენილი კანონპროექტები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან ეწინააღმდეგება რამდენიმე კონსტიტუციურ ნორმას,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსული კანონის შესახებ.

„კანონის ნებისმიერი ნორმა ან კანონი ანტიკონსტიტუციურია, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმას/ნორმებს.

ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი გვეუბნება, რომ ამ კანონის/კანონების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაშასადამე, ამ კანონის მიღებით ჩვენი ხელისუფლება დაარღვევს 78-ე მუხლს.

აგენტების შესახებ კანონები ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს და, შესაბამისად, მათი მიღებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე საჯარო პოსტითაც გამოეხმაურა რუსულ კანონს.

„ეს არ არის ამერიკული კანონი,“ – წერს ვახტანგ ხმალაძე, – „დემოკრატიულ სახელმწიფოებში სტუდენტებს ასწავლიან [საქართველოშიც ასე ვასწავლით], რომ კანონით თითქმის ყოველთვის იზღუდება ვიღაც ან/და რაღაც [ვინმესთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებაც შეზღუდვაა]. ამიტომ კანონი სამართლიანია და მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ამის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდვის დაუწესებლად.

მაშასადამე, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამ მიზნის მიღწევის საშუალებებიც ლეგიტიმური უნდა იყოს – უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდავი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონებს.

გარდა ამისა, უნდა შეფასდეს მოსალოდნელი შედეგები – დასახული მიზნის მიღწევამ არ უნდა დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები. ვნახოთ, აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტები ზემოაღნიშნულ პირობებს?

ამ კანონპროექტების ინიციატორები გვეუბნებიან, რომ მათი მიზანია მედია-საშუალებებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

მედია-საშუალებების შემოსავლების გამჭვირვალობა უკვე უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით [მუხლი 70], ხოლო მათი ხარჯების კანონიერებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. მაშასადამე, დასახული მიზანი დიდი ხანია მიღწეულია და ამ კანონების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მედია-საშუალებებზე.

თუ ყველაფერი უცვლელად დარჩება, სიახლე იქნება ის, რომ:

  • ზემოაღნიშნულ მედია-საშუალებებს მიაწებებენ „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ იარლიყს, რითაც მოხდება მათი სტიგმატიზაცია;
  • მოხდება იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ მედია-საშუალებებში ან თანამშრომლობენ მათთან. ეს კი ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3];

არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები მათი ყოველწლიური დეკლარაციების მეშვეობით ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის. გრანტის მიმცემსა და შემომწირველს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ მიერ გადაცემული თანხების გამოყენების შესახებ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო გახდება ყველა შემოსავალი და ხარჯი:

  • მოხდება ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია;
  • მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შემომწირველთა და იმ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში, რაც ეწინააღმდეგება პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ პრინციპს [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.3];
  • მოხდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაცია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.2).

საქმე ის გახლავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული მოგება მოახმაროს ორგანიზაციის საწესდებო მიზნების შესრულებას [მაგალითად, ქველმოქმედებას, კვლევას, განათლებას და ა.შ.], და თუ მისი სამეწარმეო საქმიანობის დეტალები საჯარო გახდება, იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კონკურენტ მეწარმეთა მიმართ, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებიც კონფიდენციალურია.

ზემოაღნიშნული მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას ექნება „მსუსხავი“ ეფექტი – უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს „უცხოური გავლენის აგენტის“ ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე სუბიექტების დაფინანსებას;

საქველმოქმედო ორგანიზაციები დაკარგავენ პოტენციური შემომწირველი ფიზიკური პირების დიდ ნაწილს (როგორც წესი, ქველმოქმედი ფიზიკური პირები თავის ვინაობას არ ასაჯაროებენ);

მედია-საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავს შეიკავებს უცხოური დაფინანსების მიღებისაგან, რათა თავიდან აიცილონ „აგენტის“ სახელი და ამის გამო არ დაკარგონ მოქმედი თუ პოტენციური თანამშრომლები. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დიდ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას, რაც გამოიწვევს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპების დარღვევას [საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 17 და 22];

როგორც ვხედავთ, განხილული კანონპროექტები ეწინააღმდეგება სამართლიანი კანონის ყველა ფუძემდებლურ პრინციპს და მათი მიღება არ შეიძლება!“ – წერს ვახტანგ ხმალაძე ფეისბუქზე.

___________________

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული“ ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“ — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

კანონპროექტებს მხარი პირველი მოსმენით 2 მარტს დაუჭირეს საგარეო და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა. „ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი კანონი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი: ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად მიიღეს.

ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.

საქართველოში კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის: აშშ-ი, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო. ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამავე თემაზე: 

ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს

საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არღვევს საქართველოს კანონს ნორმატიული აქტების შესახებ, როცა განკარგულებებს არ აქვეყნებს. გარდა იმისა, რომ ამით არღვევს საჯაროობის პრინციპს, ასე საქართველოს მთავრობა თავისსავე მოსახლეობას გადაწყვეტილებებს უმალავს.

კანონი მთავრობას ავალდებულებს, განკარგულებები მათი მიღებიდან კონკრეტულ ვადაში გამოაქვეყნოს, გარდა იმ განკარგულებებისა, რომლებშიც მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

მთავრობა ასევე არ რეაგირებს ოფიციალურ მიმართვებზე, როცა კონკრეტული ორგანიზაციები სწორედ ამ დამალული განკარგულებების, როგორც საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. მსგავს საკითხებზე დავა ზოგჯერ თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში უშედეგოდ გრძელდება.

თუმცა ამისთვის არ სცალია მთავრობის მმართველ გუნდს და მის სატელიტებს, რომლებიც ფინანსური გამჭვირვალობის არგუმენტით იმ ორგანიზაციების გაჩუმებას გეგმავენ, რომლებიც დამალულ ინფორმაციას სასამართლოში ითხოვენ, სვამენ კითხვებს და „არ ჩერდებიან“.

სწორედ მათ გაჩუმებას ითვალისწინებს „ხალხის ძალის“ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს გუშინ, 2 თებერვალს ორი კომიტეტის სხდომაზე.

მთავრობის ვებგვერდზე – www.gov.ge – ბოლოს პრემიერის განკარგულება 2020 წლის სექტემბერში აუტვირთავთ, თუმცა ვერც ამ დოკუმენტის და ვერც წინა წლებში ატვირთული განკარგულებების ნახვას შეძლებთ. დარჩა მხოლოდ სათაურები, მაგრამ დოკუმენტები არ იხსნება, ამ რუბრიკის ქვეშ გაერთიანებული მასალა, ფაქტობრივად, მიუწვდომელია.

რაც შეეხება მთავრობის დადგენილებებს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ დადგენილებების სანახავად matsne.gov.ge-ზე უნდა გადავიდეთ.

  • ცოტა რამ საჯარო მმართველობასა და ციფრულ მთავრობაზე

საჯარო მმართველობაზე საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო საუბარი, გამოქვეყნდა სტრატეგიული დოკუმენტები, გააკეთეს ახალი ვებგვერდები და თანდათან კიდევ უფრო მეტად უნდა გაუმჯობესებულიყო ამ მხრივ ვითარება, თუმცა ასე არ მოხდა.

მთავრობას თავის ვებგვერდზე დღემდე შემორჩა რუბრიკა საჯარო მმართველობა, სადაც წერს:

„საჯარო მმართველობის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ უნდა განახორციელოს სიღრმისეული რეფორმები საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის მიმართულებით.“

ჩანაწერები გეგმებზე ისევ არსებობს, თუმცა გეგმები გეგმებად დარჩა.

ქვეყანაში თითქმის არ დარჩა ხელისუფლების მუშაობის კონტროლზე, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგზე, კორუფციის კვლევაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზე არ ჩივის, მათ შორის, ბევრმა ორგანიზაციამ სასამართლოსაც მიმართა.

ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემა მთავრობის ზედა რგოლიდან პირდაპირ ვრცელდება ქვედა რგოლზე, მათ შორის რეგიონებშიც, როგორც მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში, ასევე – მერიებში.

აჭარის მთავრობის ერთიან პორტალზე adjara.gov.ge -ზე ძირითადად იმის გაგება შეიძლება, სად იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ვინ მოინახულა ან რა დაათვალიერა. ამ გვერდზე თემატურად არის მიბმული სამინისტროების და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ვებგვერდები, თუმცა სისტემატურად არც ყველა ეს ვებგვერდი ახლდება.

აჭარის მთავრობის სხდომები კი დიდი ხანია დახურულია. დიდი ხანია ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის ინფორმაცია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში დაგეგმილი სხდომების თარიღების შესახებაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ბოლოს ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ვებგვერდზე ატვირთულია აჭარის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, რომელიც 2021 წლით თარიღდება, ასევე, ინფორმაცია სახელმწიფო ინვესტიციებზე 2019 წლის მდგომარეობით. ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე ბიუჯეტის გრაფაზე თუ დააკლიკებთ, იქ ბოლო ფინანსური დოკუმენტის სახით 2022 წლის ბიუჯეტი დაგხვდებათ.

სამინისტროს ვებგვერდს რუბრიკაში – ქალაქმშენებლობა – უკვე წლებია, რაც არაფერი ემატება და არც აკლდება, აქ სათაურით – „ტიპიური პროექტები მუნიციპალიტეტების მიხედვით“  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტების რენდერების ნახვა შეგიძლიათ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე აქვს ასევე რუბრიკა „პრივატიზება“, სადაც მიმდინარე პროცესის ნახვა შეიძლება, აქ გაიგებთ რას ყიდის მთავრობა. რუბრიკას აქვს ასევე ქვეთავი – „პრივატიზებული ობიექტების არქივი“, სადაც შეიძლება ნახოთ მონაცემები პრივატიზებული ქონების შესახებ მხოლოდ 2004- დან 2012 წლამდე.

გაცილებით აქტიურია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, ჯანდაცვის პროგრამების შესახებ აქ ინფორმაციის პოვნას ამომწურავად შეძლებთ.

2023 წლის პროგრამები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც აქვს ვებგვერდზე განთავსებული, თუმცა ზოგიერთი რუბრიკა აქაც არ მოიცავს სრულ მონაცემებს. მაგალითად, რუბრიკაში – „განაცხადების მიღების შესახებ“ გამოქვეყნებულია მხოლოდ განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღები. კონკრეტულ სათაურზე დაკლიკების შემდეგ კი იხსნება ველი, რომელიც ცარიელია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე იპოვით ამ სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ვებგვერდებსაც. მათ შორის არის ლაბორატორიული კვლევის ცენტის ვებგვერდიც, სადაც ინფორმაცია ბოლოს 2021 წლის იანვარში გამოუქვეყნებიათ, სადაც წლის წარმატებით დაწყებაზე წერენ და საუბრობენ იმაზე, როგორ დასძლია ლაბორატორიამ კოვიდის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე ბოლოს ინფორმაცია 2020 წლის დეკემბერს, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშგების შესახებ გამოაქვეყნეს. განყოფილებაში „პროგრამები“ კი – 2015-2018 წლების პრიორიტეტების დოკუმენტია გამოქვეყნებული.

ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე თავს იწონებდა რამდენიმე ახალი ვებგვერდით, რომელიც საჯაროობის უზრუნველყოფას უნდა მომსახურებოდა. რამდენიმე ასეთი ვებგვერდის პრეზენტაცია მან თავად მოაწყო. მათ შორის ერთ-ერთი იყო, მაგალითად, „დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ და „ადმინისტრაციული ერთეულების პორტალი.“

მაშინ მერიამ დაიწყო მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება, კონკრეტული მისამართების მითითებით, ამავე გვერდზე შეიძლებოდა იმის ნახვაც, გაცემულია თუ არა ნებართვა კონკრეტულ მისამართზე ან შეტანილია თუ არა განაცხადი. ეს გვერდები უკვე აღარ მუშაობს.

ბათუმის მერია სიახლეების ნაწილში არ აქვეყნებს ინფორმაციას პროექტების საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მერიები კი სხდომაზე გასატან პროექტებსაც არ აქვეყნებენ, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ დღის წესრიგით, სადაც განსახილველი საკითხების სათაურებია შეტანილი, პროექტებს კი არათუ არ აქვეყნებენ, მათ მოთხოვნის შემთხვევაშიც არ ასაჯაროებენ.

ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დამალა განაშენიანების დეტალური გეგმის დოკუმენტი, რომლის არათუ გამოქვეყნება, არამედ საჯარო განხილვაც აუცილებელია კანონის მოთხოვნით.

„უნდა გამოითხოვოთ,“ „როცა გვექნება პასუხი, მაშინ გიპასუხებთ“, „არ გვაქვს ინფორმაცია“ „ვერ გიპასუხებთ“ – ყველაზე ხშირად ამ წინადადებებს იმეორებენ პრესსამსახურებში. ბევრი უწყება ისეთი ინფორმაციის გაცემაზეც კი უარს ამბობს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს.

რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

2022 წლის პირველ ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, მისი ნაწილი კი წაიღო. ამ დროიდან სიხარულიძეების სამი ოჯახი ქირით ცხოვრობს, ქირას მერია იხდის.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სტიქიის შემდეგ სახლის მდგომარეობა მერიის დაკვეთით შეისწავლა და მისი ექსპლუატაცია დაუშვებლად მიიჩნია. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შენობის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტით აღდგენა.

2023 წლის 7 თებერვალს ბათუმის მერიამ სახლის მესაკუთრეებს აცნობა, რომ მერიის შესაბამისმა უწყებამ ნაპირსამაგრი სამუშაოების დასაწყებად საპროექტო დოკუმენტები მოამზადა და სამუშაოების შესრულების მომსახურებაც შეისყიდა.

ამის შემდეგ მერია წერს, რომ კომპანიამ ადგილზე სამუშაოები იმის გამო ვერ დაიწყო, რომ მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია.

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27
ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

გიორგი სიხარულიძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე აცხადებს, რომ მერიისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ:

„8 დეკემბერს დაიწყო მდინარის ჯებირის გამაგრების სამუშაოები, ყველას უხაროდა, მოდიოდნენ და გვილოცავდნენ. როცა მუშაობა დაიწყეს, ტრაქტორიც მოიყვანეს, სახლმა ზანზარი დაიწყო, ქვებიც ჩამოცვივდა. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, საფრთხეში ვართ, თქვენც ხომ დაინახეთ რაც მოხდა, მუშაობა უნდა შევაჩეროთო. ეს ყველაფერი ფურცელზე დაწერა ვინმე ლევანმა, კომპანიის წარმომადგენელი იყო და ჩვენც მოგვაწერინა ხელი. სიმართლეს წერდა და მოვაწერეთ.

ახლა ამბობენ, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ჩვენ რატომ უნდა გაგვეწია წინააღმდეგობა? – პირიქით, დიდი ხანია ველოდებით, ეს პრობლემა მოგვარდეს, რომ სახლებში დავბრუნდეთ“.

ამის შემდეგ მერიის შერჩეულ კომპანიას ნაპირგამაგრების სამუშაოების განახლება არ უცდია. 2023 წლის 7 თებერვლის წერილით კი, რომელიც მერიამ სახლის მესაკუთრეს გაუგზავნა, ბათუმის მერია დაზარალებულ მოქალაქეებს სთხოვს კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეს, დაზარალებულ ოჯახებს კი დაზიანებული ჯებირის აღდგენას და 5000 ლარს ჰპირდება კომპენსაციის სახით.

მერია თავის წერილში კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით აზუსტებს, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია დაზიანებული სახლის, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის.

გიორგი სიხარულიძის თქმით, მერია მოქალაქეებს დაზიანებული სახლის აღდგენაში დახმარებას არ ჰპირდება, უფრო მეტიც, მერიამ ისინი გააფრთხილა, რომ 2023 წლის მარტიდან მერია მათი ქირის თანხას აღარ გადაიხდის. 

„წარმოგიდგენიათ? – თავადვე ჩაატარეს ექსპერტიზა, დასკვნაში წერია, რომ სახლში არ იცხოვრება, სახიფათოა. ვერ მაძლევენ გარანტიას, რომ ჯებირის გამაგრების სამუშაოების დროს კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდება ან საერთოდ არ დაინგრევა. ეს სახლი როგორ უნდა გავამაგროთ? – თუ ვერ გავამაგრებთ, ვერ ვიცხოვრებთ. მერია გვეუბნება, ჯებირს რომ აღვადგენ ქირის გადახდას შევწყვეტო, ანუ ჩვენ ამ დაზიანებულ სახლში უნდა დავბრუნდეთ?“

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით: „ბათუმში, ბაქრაძის #27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია არსებული სახით დაუშვებელია. აუცილებელია უკანა მხარეს დარჩენილი მიშენებული ნაწილის დემონტაჟი, ხოლო ძირითადი შენობა საჭიროებს აღდგენას, შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით. ასევე, აუცილებელია, მდინარის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მოწყობა, წინასწარ განხორციელებული ჰიდროლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით“. 

სამხარაულის ბიუროს ექსპერტები წერენ, რომ შენობა გასული საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მისი მიშენებული ნაწილი ნაწილობრივ ეყრდნობა მდინარის ნაპირსამაგრ კედელს. სახლის მესაკუთრე, უნებართვო მიშენებისთვის მუნიციპალურ ინსპექციას 5000 ლარით დაუჯარიმებია.

ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27
ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა #27

შენობის მდგრადობის დეტალურ აღწერაში ექსპერტი წერს:

„მდინარის ადიდების შედეგად, გამოირეცხა ნაპირსამაგრი კედლის საძირკველი, რამაც გამოიწვია მისი ნაწილის ჩამოშლა, შესაბამისად მასზე დაშენებული შენობის ნაწილს გამოეცალა საყრდენი, რის შედეგადაც შენობა დეფორმირდა. ამ დაზიანების გამო დეფორმირდა ასევე ძირითადი შენობის კედლები“.

გია სიხარულიძე გვიხსნის, რომ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს:

„ბიძაშვილები ვართ. სახლი სამად არის განაწილებული, რადგან ოჯახი გაიზარდა. სხვადასხვა მხრიდან გვაქვს შესასვლელი. მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამას სახლადაც ვერ განვიხილავთ, ეს კორპუსიაო.“

კიდევ ერთი პრობლემა, რაც აქ მცხოვრებლებს აწუხებთ, ეს უფუნქციოდ დარჩენილი ხიდია. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, ხიდი წლების წინ აუშენებიათ. ამ ხიდზე მატარებელი უნდა გადაადგილებულიყო, თუმცა ის უფუნქციოდ დარჩა:

„ბევრჯერ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, ეს ხიდი ხელს გვიშლის. რადგან მისი ბოძები პირდაპირ მდინარეშია ჩაბეტონებული, რაც წყალს მიმართულებას უცვლის და პირდაპირ დამცავ ჯებირს ხვდება დიდი რაოდენობით ნაკადი. ვერ გავარკვიეთ ვისი საკუთრებაა ეს ხიდი. ვეხვეწებით ყველას, რომ ეს ხიდი მოგვაშორონ, მაგრამ უშედეგოდ“ – ამბობს თემურ სიხარულიძე.

უფუნქციო ხიდი სიხარულიძეების სახლთან
ბაქარაძის ქუჩა #27- ჩამონგრეული კედელი

„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავის სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ და ამაში რუსებს არ დაემსგავსებიან, რომლებიც მედესანტეებს და რუს სპეცდანიშნულებას იყენებს, როგორც უბრალო ქვეითებს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურებაზე რუსეთში. იგი აქტიურად ეცნობა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს და თავის დასკვნებს გვიზიარებს.

გენერლის დაკვირვებით, ბოლო დროს უკრაინელი სპეცდანიშნულების ძალების გააქტიურება შეინიშნება. ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ეს ძალები მიზანმიმართულად იმუშავებენ, პუტინმა პროტესტი მიიღოს.

მანამდე კი, გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა მოულოდნელად რუსების ყურადღების გადატანა უნდა შეძლონ, რომლებიც რთულად, მაგრამ ბახმუტთან ალყის დავიწროებას ახერხებენ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად შეიცვალა მოცემულობა ბახმუტთან, რომელიც ისევ რუსეთის შეტევის მთავარი სამიზნეა უკრაინაში?

ბახმუტთან უკრაინელების მდგომარეობა ძალიან გართულდა. თუ დაგვიანებული არ არის, აქ უკრაინელებს ნამდვილად აქვთ მისაღები გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე უკრაინელები არიან ოპერატიულ ალყაში, ანუ საცეცხლე ზემოქმედების ქვეშ და შეიძლება მოექცნენ სრულ ალყაში.

ვითარება არის შემდეგი: ჩრდილოეთიდან იაგიდნის დასახლებაა, რაც უკვე აიღეს რუსებმა. ისინი წინ მიიწევენ ხრომოვოსკენ, რომელიც ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ხრომოვოზე გადის ერთადერთი გზა, რომელიც ახლა აკავშირებს მომარაგების ხაზებს ბახმუტთან. ეს თუ გადაჭრეს, მერე მართლაც ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებს.

ამავე დროს, რუსები მიუახლოვდნენ ივანოვსკოეს, ეს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთია. მცირე ადგილი რჩებათ უკრაინელებს, რომ დახმარება მიიღონ, ან იქიდან გამოვიდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინელებმა კიდევ გაძლიერება გააგზავნეს ბახმუტში. ეჭიდებიან ბახმუტს და მე ისევ ვთვლი, რომ ეს არასწორია. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია და საკუთარი გათვლები აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზედმეტად დაახარჯეს ენერგია და რესურსი ბახმუტის დაცვას.

  • ვერ ხედავთ რესურსს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის დაცვა შეძლონ?

ვერ ვხედავ ამის რესურსს. რომც შეძლონ ამის გაკეთება, მაშინ სხვა მიმართულებებზე ნანატრ კონტრდარტყმას ვეღარ განახორციელებენ, რადგან რესურსები აღარ ეყოფათ.

  • რუსეთს რა რესურსი დარჩა? რას აჩვენებს თქვენთვის დაპირისპირების დინამიკა, რუსეთი განაგრძობს შეტევას და იბრძოლებს ისევ დონბასის დასაკავებლად, თუ ის გადადის თავდაცვის პოზიციაზე?

რუსეთი ცდილობს, რომ ბახმუტი მაინც აიღოს, რომ რამე დადებითი მაინც ჰქონდეს და შემდეგ გადავიდეს დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე. ის უფრო ღრმად ვეღარ წაიწევს ფაქტობრივად. რუსეთის მთელი რესურსი იხარჯება ამ მიმართულებაზე.

სვიატოვოს მიმართულებაზეც აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატება რუსებს, ეს ხარკოვის რაიონია, მაგრამ არა მგონია, ბახმუტის შემდეგ რუსეთს დარჩეს რესურსი მნიშვნელოვანი შეტევის განსახორციელებლად ომის ამ ეტაპზე.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქტიურდება უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევის შესაძლებლობა? უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ „შეიარაღებული ძალების მებრძოლები სწრაფად ითვისებენ დასავლურ იარაღს“, ხოლო გერმანიის კანცლერის, შოლცის თქმით, „გერმანია გაზრდის, როგორც საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე იარაღის რემონტის შესაძლებლობას“. 

საუბარია მომავალზე. აღმოჩნდა, რომ დაპირებული „ლეოპარდებიც“ არ აქვს ყველას მზად: ზოგი სარემონტოა, გამოსულია მწყობრიდან, აკლიათ სათადარიგო, ან საკომპლექტე მასალები. ამ აღჭურვილობის მიწოდება ისეთი ტემპით ვერ ხორციელდება, რასაც ვისურვებდით ჩვენც და უკრაინელებიც.

მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა ამ პოზიციური ჩიხიდან გამოსვლა მოახერხონ. მათ უნდა გააკეთონ რამე მოულოდნელი და გარკვეულწილად ყურადღების გადამტანი. მათ ადგილზე რომ ვიყო, მე დნესტრისპირეთში შევიდოდი და იქ დავარტყამდი რუსულ დაჯგუფებას. ეს სრულიად გამართლებულია, ჯერ ერთი, სამხედრო თვალსაზრისით, ვინაიდან ზურგში აღარ დავიტოვებდი რუსების ძალებს. გარდა ამისა, ასევე ეს იქნებოდა კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური მარცხი რუსებისთვის, ხოლო უკრაინელებისთვის მორალურ-ფსიქოლოგიური წარმატება, რაც ძალიან სჭირდებათ ამდენი ხანი მხოლოდ თავდაცვაში ყოფნის პირობებში.

მით უმეტეს, დნესტრისპირეთი სრულიად მოწყვეტილია მომარაგებას: მოლდოვეთიდან ვერაფერს მიიღებს, აქეთ კიდევ უკრაინაა. საჰაერო დახმარებას თუ შეეცდება კიდევ რუსეთი, მაშინ უკრაინის თავზე უნდა იფრინოს  და უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეუძლია ამაზე მათ საჰაერო საშუალებებზე ეფექტიანი ზემოქმედება.

ასე რომ, ძალიან მოწყვლადია ეს მიზანი უკრაინელებისთვის და მიზეზის პოვნა იქ შესვლისთვის რთული არ იქნება. მოლდოვეთის მხრიდან მხარდაჭერა თუ არა, პოზიტიური ნეიტრალიტეტი მაინც იქნება ამ შემთხვევაში.

  • თქვენი ინფორმაციით, რას უკავშირდება რუსეთში „მოხალისეთა კორპუსის“ გააქტიურება? რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელმა გაავრცელ ცნობები, სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიიდან, სადივერსიოსადესანტო ჯგუფის შეჭრის, მძევლების აყვანის, სროლებისა და მსხვერპლის შესახებ, რასაც უკრაინა გაემიჯნა, ხოლო შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა.

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბევრ რამეს: ერთია უკრაინის სპეცსამსახურების კარგი მუშაობა, ვის სახელს დაიბრალებს მსგავსი სპეცდანიშნულების ჯგუფი მოქმედების განხორციელების შემდეგ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი აზრით.

შესაძლებელია ისიც, რომ პუტინისგან უკმაყოფილო გარკვეულმა წრეებმა თავიანთი თამაში დაიწყეს. შესაძლოა, ეს ძალები ცდილობენ პუტინის რეჟიმისთვის გარკვეული ზიანის მიყენებას.

  • რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ პუტინის რუსეთში მსგავსი მოძრაობები გააქტიურდეს და ჰქონდეს გავლენა? 

ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ ჯერ-ჯერობით – ხვალ რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია. არ დაგვავიწყეს, რომ რუსეთში არის 26 ეროვნული ტერიტორიაა. როდის გაიღვიძებს, იფეთქებს და დაიწყებს მოქმედებას ეროვნული მოძრაობები, ეს ცალკე თემაა. ამ ყველაფერს სჭირდება პირობები, რაც ჯერ-ჯერობით, რასაც მე ვუყურებ, ჩამოყალიბებული არ არის.

ჯერ-ჯერობით რუსეთი ახერხებს მობილიზაციის განხორციელებას და ბრძოლის ველზე მებრძოლების შეყრას, ხალხი არ აკლია რუსეთს. ეს მოცემულობაა დღეს, ხვალ რა იქნება და რომელი ვასალი მიხვდება, რა დროს სჯობს სხვა ნავში გადაჯდეს, სხვა საკითხია.

  • თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა ბელარუსში? – საჰაერო ბაზაზე განთავსებული A 50-ის დრონით დაზიანებას ვგულისხმობ. ბელარუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა BYPOL-მა და ქვეყნიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზაზე განთავსებული A 50 დრონის თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. BYPOL ავრცელებს ცნობას ორი აფეთქებისა და A 50-ის წინა და შუა სექციების, ასევე რადარის ანტენის დაზიანების შესახებ. 

ნებისმიერი ასეთი მოძრაობის უკან წესით დგას სპეციალური ძალები. ეს შეიძლება იყოს, როგორც მწვრთნელი, ისე განმახორციელებელი. ფაქტია, რომ ბელარუსში გაცილებით ადვილია, ლუკაშენკოს მიმართ უკმაყოფილების ფონზე, რუსულ ძალებზე ზემოქმედება. პარტიზანული მოძრაობა იქნება ეს თუ წინააღმდეგობის მოძრაობა, ამას სჭირდება კოორდინირება, ამის გარეშე შესაძლოა იგი გადაიზარდოს ტერორისტულ მოძრაობაში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო მხარდაჭერას. თუ უცხოეთი, მე არ დავასახელებ ქვეყნებს, გაზრდის ფარულ დახმარებას ბელარუსული წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ და ამავდროულად უკრაინა სპეციალური ოპერაციული დანიშნულების ძალებს გამოიყენებს ამ მიმართულებით, იოლი შესაძლებელია, უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს ამ მოძრაობას.

ეს უდავოდ მზარდი პერსპექტივაა.

  • ამ მიმართულებით გააქტიურების ტენდენცია ჩანს? 

ტენდენცია ჩანს და ამიტომაც ვამბობ, რომ კარგად მუშაობენ უკრაინის სპეციალური სამსახურები.

დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავის სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ და ამაში რუსებს არ დაემსგავსებიან, რომლებიც მედესანტეებს და გრუს სპეცდანიშნულებას იყენებს, როგორც უბრალო ქვეითებს.

  • ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, 15 თებერვლიდან 27 თებერვლის იერიშამდე დრონებით თავდასხმა უკრაინაში არ დაფიქსირებულა. „ტემპის მსგავსი კლება შესაძლოა რუსეთის მარაგში აღნიშნული დრონების შემცირებაზე მიუთითებდეს. რუსეთი შეეცდება ამ მარაგის შევსებას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. თქვენი აზრით, რამდენად მოახერხებს რუსეთი ამას?

ალბათ, მოახერხებს – ეს ერთი. მეორეა ის, რომ არაა გამორიცხული დრონებს ინახავდეს რუსეთი და ის გამოიყენოს კომბინირებულად სარაკეტო დარტყმებთან ერთად.

იყო საუბარი იმაზეც, რომ რუსეთმა თავისი ძალებითაც დაიწყო დრონების წარმოება, თუმცა დრონების დიდი რაოდენობა ჯერ არ გამოჩენილა. ერთ-ერთმა გუბერნატორმა იუთუბგვერდზე იტრაბახა, რომ დრონები გამოვუშვით, ჩვენი დრონი შევქმენითო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დრონი იყო ჩინეთში დამზადებული, რომელიც უბრალოდ იყიდეს და სახელი შეუცვალეს.

რთულ ტექნოლოგიურ სადაზვერვო-მოიერიშე დრონებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგადად დრონების წარმოება რეალურად არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთისთვის პრობლემას. ელემენტარულად ყიდვაც შეუძლია დუბაიდან დაწყებული სინგაპურით დამთავრებული. არის მეთოდები, რათა აუარონ გვერდი სანქციებს. ჩიპების იმპორტიც ჩინეთიდან დაახლოებით 200-ჯერ გაიზარდა რუსეთში.

  • „უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს. ეს არის რუსეთის მორიგი მარცხი,“ – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. თქვენი აზრით, რუსეთი რამდენად აღიქვამს ამ მარცხს, როცა ენერგოკრიზისის შექმნის მიუხედავად უკრაინაში ხალხის შეუპოვრობის მაჩვენებელი უცვლელია?

აღიქვამს რა, სხვა რა გზა აქვს? ის დაელოდება შემდეგ ზამთარს და ეცდება, გააჭიანუროს ეს ვითარება.

საქმე მარტივად არ არის ნამდვილად, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ გაუძლო ამ ზამთარს. ჩემი აზრით, უკრაინა ათჯერ კიდევ გაუძლებს ასეთ ზამთარს, თუკი არ იქნა შესაბამისი დახმარება დასავლეთიდან. მე მგონია, რომ დახმარება იქნება და ამ პირობებსაც ეჩვევა ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოინფრასტრუქტურაც ახდენს ომზე ადაპტირებას.

  • ამ გადასახედიდან რა ჩანს, როდის შეიძლება შეძლოს უკრაინამ დარტყმითი დაჯგუფების შექმნა?  

აღჭურვილობის მიწოდებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ტექნიკურად ეს ცოტა რთულდება. პირველი „ლეოპარდები“ უკვე შესულია, მაგრამ ის უკვე ბრძოლაში გაუშვეს. ასე ნაწილ-ნაწილ ამ ტექნიკის გამოყენება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჯობია, რომ ერთიანად თავი მოუყარონ და ერთი დანაყოფი შექმნან. რა ტექნიკის მიწოდებასაც დაჰპირდა უკრაინას დასავლეთი, დაახლოებით ეს არის ერთი საარმიო კორპუსის შესაბამისი ჯავშანტექნიკა.

ჩემი სწავლება არ სჭირდებათ: ჰყავთ თავისი შტაბი და გენერალიტეტი, ისინი უკეთ არიან ინფორმირებული, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, თუ მათ არ მოახდინეს კონცენტრირება, ამ ტექნიკის ეფექტი დიდი არ იქნება.

მე ვიმედოვნებდი თქვენთან წინა ინტერვიუებში, რომ გაზაფხულზე გარდატეხის ნიშნები გამოჩნდებოდა. ისევ მაქვს ამის იმედი და ვნახოთ.

რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

ძუძუს ჯანმრთელობასა და ლიფის ტარებას შორის კავშირის შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელთაგან ნაწილი მითია, ნაწილი კი რეალობა. „მედცენტრის“ ონკო-ქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ლიფის ტარებასა და ძუძუს კიბოს შორის კავშირს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არასწორი ბიუსტჰალტერის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მკერდთან დაკავშირებულ ზოგადი ჩივილებთან.

  • ქალბატონო მზია, მიიჩნევა, რომ მავთულიანი ლიფები საზიანოა ძუძუსთვის. რამდენად მართებულია ეს შეხედულება?

მავთულიანი ლიფი იწვევს კომპრესიას ძუძუს მკვებავ სისხლძარღვებზე, ნერვზე, ლიმფურ სადინარზე. ირღვევა სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა. ნერვზე მუდმივი ზეწოლა იწვევს ძუძუს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა გაღიზიანება, წვა, ტკივილი, ასევე, სისავსისა და დაჭიმულობის შეგრძნება.

თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი კვლევა, რომ ლიფი შეიძლება კავშირში იყოს მომავალში სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებასთან.

  • საზიანოა მჭიდრო სპორტული ლიფების ხშირი ტარება? რატომ?

საერთოდ მჭიდრო, მოტმასნილი ლიფის ხმარებით ირღვევა ლიმფის მიწოდება, რაც მკერდის პრობლემების გაჩენის რისკს ზრდის, რადგან ორგანიზმი უუნარო ხდება, გამოყოს ყველა ტოქსინი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმში შედის.

მავთულის ნაწილი და ზეწოლა ქვედა არეში სისხლის მოძრაობას აფერხებს. რკინაც და ნებისმიერი ფორმის მჭიდრო მოჭერა იწვევს ძუძუს შეშუპებას. შეშუპება კი გამოიწვევს ანთებით და სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს. ნერვიც ხომ შედის ძუძუში, შესაბამისად ნერვზე ზეწოლა გამოიწვევს ტკივილის სინდრომს.

ამიტომ ვურჩევ ქალებს, ძილის წინ აუცილებლად მოიხსნან ლიფი.

  • რამდენად სწორია, რომ დიდი მკერდის მქონე ადამიანებისთვის, ინტენსიური აქტივობისას, მაგალითად, სირბილისას, ლიფის არ ტარება საზიანოა?

თუ თავისუფლად გრძნობენ თავს და მათთვის კომფორტულია, სრულიად მისაღებია. ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც კარგია.

  • თუ აქვს მნიშვნელობა ლიფის ქსოვილს?

ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მინახავს კანის გაღიზიანება, რომელიც უკავშირდებოდა სინთეტიკური მასალის ბიუსტჰალტერებს. იყო კანის გაღიზიანება, ქავილი და წვა. გარდა ამისა, მუდმივი ქავილისგან ნაკაწრები აღინიშნებოდა კანზე. პრობლემა მოგვარდა, როგორც კი შეირჩა შესაბამისის ფაქტურის ბიუსტჰალტერი.

ზოგადად, სპორტული ტიპის, უმავთულო ლიფები კარგია. ძუძუს თავისუფალი სისხლის ან ლიმფის მიმოქცევა აქვს და ასეთი ლიფები ნერვის კომპრესიას არ იწვევს. მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს კარგი მატერია, სასურველია ბამბა, ე.წ. კოტონი.

აუცილებელია, ქალებმა ყურადღება გაამახვილონ ძუძუს ნებისმიერ პრობლემაზე დროულად მიმართონ სამედიცინო ცენტრებს, ჩაერთონ სკრინინგ-პროგრამებში.

 

სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის საგანს აღარ გაივლიან პროტესტის ნიშნად, რადგან სამხარაძე რუსული კანონის მხარდამჭერია.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი ფაჩუაშვილს ესაუბრა, რომელიც სტუდენტური მოძრაობის – „არა რუსულ კანონს“ აქტიური წევრია. მისი თქმით, საგანი – „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე კითხულობს, 21 სტუდენტს ჰქონდა არჩეული ამ სემესტრში და აქედან 18 -მა სტუდენტმა ღიად განაცხადა უარი.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმას, რომ სამხარაძეს მორალური დილემა შეექმნა, ის სხვა ინფორმაციას გვაწვდიდა აუდიტორიაში, პროფესიონალურად ატარებდა ლექციებს და ბევრი რამ გვასწავლა ევროკავშირის შესახებაც, თუმცა პოლიტიკურ არენაზე სხვა პოზიცია გამოხატა, რამაც დაგვამწუხრა და გაგვიჩინა პროტესტის გრძნობაც.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უარი გვეთქვა მის საგანზე და დაგვეწყო მოძრაობა რუსული კანონის წინააღმდეგ“ – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სტუდენტებისთვის მიუღებელია რუსული კანონი, რადგან სხვა მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო სტუდენტებსაც უცხო გავლენის აგენტებად გამოაცხადებს.

გიორგი ფაჩუაშვილი/სტუდენტი

„რადგანაც ჩვენ არაფორმალურ განათლებასაც ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ვერთვებით პროექტებში, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენს კომპეტენციას ვიზრდით ჩვენს სფეროში, არამედ სხვა ადამიანებისასაც – ვესაუბრებით, ვხვდებით, ვავრცელებთ ინფორმაციას და ვზრდით ცნობიერებას სხვადასხვა თემის შესახებ.

აი, ამ ყველაფრის გამო, აპირებენ, რომ გამოგვაცხადონ უცხოური გავლენის აგენტებად, რაც ჩვენთვის მიუღებელია“ – ამბობს გიორგი ფაჩუაშვილი.

მისი თქმით, ნიკოლოზ სამხარაძეს თსუ-ში სავალდებულო საგანიც აქვს, რომლის გავლაც მოუწევთ სტუდენტებს, „ამიტომ ჯერ არ ვიცით აქ როგორ განვითარდება მოვლენები“ – ამბობს სტუდენტი.

ბოიკოტამდე ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა მიმართეს, წერილს 39 ადამიანი აწერდა ხელს, ისინი სამხარაძეს მოუწოდებდნენ, არ დაეჭირა მხარი რუსული რეპრესიული კანონისთვის, რადგან ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და შესაბამისად, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაში.

ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეა, გუშინ, 2 მარტს, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადებას გულისხმობს.

კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები პარლამენტის შენობიდან იძულებით გამოიყვანა. გუშინვე დააკავეს 35-მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტებიც.

ხულოსა და შუახევში აბიტურიენტებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თებერვლიდან ხულოსა და შუახევში მცხოვრები აბიტურიენტების უფასო მომზადება დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის თქმით, წელს პირველად ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც რეპეტიტორებთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ.

„ძირითადად შაბათ-კვირას ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მიდიან ხულოსა და შუახევის ცენტრებში და იქ სოფლებიდან მოსულ მოსწავლეებს რეგულარულად უტარებენ გაკვეთილებს.

დიდთოვლობის გამო ერთი კვირა ვერ ადიოდნენ პედაგოგები და ბავშვებიც ვერ ჩამოდიოდნენ მუნიციპალიტეტების ცენტრებში, მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის ზუმით ონლაინ გაკვეთილები ტარდება“, – ამბობს თამარ სირაძე.

მისი თქმით, უნივერსიტეტს სამივე საგანში 2-2 მასწავლებელი ჰყავს განაწილებული შუახევისა და ხულოს ცენტრებში.

„გავეცანით მოსწავლეებს, ორივე მუნიციპალიტეტში 30-მდე მოსწავლე დაგვხვდა. შეგხვდნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და მშობლებიც.

შეხვედრა აბიტურიენტებთან შუახევში

სწავლება გაგრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. მოსწავლეებისთვის ეს უფასოა, რა თქმა უნდა. მასალებს ვაწვდით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ.“

თამარ სირაძის თქმით, მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ სია უკვე შედგენილია, მსურველთა მიღება ახლაც შესაძლებელია: „თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ შემოგვიერთდეს, კარი ღიაა ყველასთვის“.

ის ასევე ამბობს, რომ პროგრამა გაგრძელება და შემდეგში თებერვლის ნაცვლად ოქტომბერში აპირებენ სწავლების დაწყებას.

თამარ სირაძის თქმით, პროგრამას ბსუ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს:

„ჩვენ ლექტორ-მასწავლებლების ხელფასებს ვაფინანსებთ, სამინისტრო კი ტრანსპორტირებასა და ორგანიზებაში გვეხმარება, რომ რესურსცენტრებმა, სკოლის დირექტორებმა ყველასთან მიიტანონ ინფორმაცია“.


მთავარ ფოტოზე: შეხვედრა აბიტურიენტებთან ხულოში.

უკრაინულ კაფე-ბიბლიოთეკას ბათუმში „ქეა კავკასიამ” წიგნები გადასცა

„მე და ირას ძალიან გვიყვარს წიგნები. როდესაც უკრაინელებმა სამშობლო დატოვეს, ძალიან უნდოდათ წიგნების წამოღება, თუმცა ვერ შეძლეს.  აქ, ბათუმში ჩამოსულები, ეძებდნენ ადგილს, სადაც წიგნებს წაიკითხავდნენ. სწორედ ამიტომ გვინდოდა ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის და გაგვეხარებინა, როგორც შეგვეძლო. ჩვენი კაფე ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებს. სტუმრებს შეუძლიათ სახლშიც წაიღონ წიგნები, წაიკითხონ და შემდეგ დაგვიბრუნონ“ – ამბობს ელენა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტის“ ერთ-ერთი მფლობელი.

დღეს, 3 მარტს, „ქეა კავკასიის“ კამპანიის – „უკრაინელი ქალების ხმა“ – ფარგლებში, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ კაფე „ინსტიტუტს“ წიგნები გადასცა.

ელენა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტის“ ერთ-ერთი მფლობელი

ქალებმა კაფე ვინტაჟურ სტილში მოაწყვეს და გარდა იმისა, რომ აქ კერძებისა და ცხელი სასმელების შეკვეთაა შესაძლებელი, გამოყოფილია ადგილი ბიბლიოთეკისთვისაც. ამ ბიბლიოთეკას ახლა ახალი წიგნები გაამრავალფეროვნებს.

„ქეა კავკასიამ“ კამპანია „უკრაინელი ქალების ხმა“ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაიწყო. კამპანია მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, იმ პრობლემების წარმოჩენა, რაც ქალებს აქვთ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მხარდასაჭერი ღონისძიება  საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად.

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 11 ნომერში მდებარე კაფე „ინსტიტუტი”.

გასული წლის განმავლობაში „ქეა“ და მისი პარტნიორები დაეხმარნენ 960 000-ზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს უკრაინაში, საქართველოში, გერმანიაში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

„ქეამ“ პარტნიორებთან ერთად უკრაინის მოქალაქეებს მხარი დაუჭრა ფსიქოსოციალური და ფულადი დახმარებით, საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

„ქეა კავკასიისგან“ უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს ასევე სამედიცინო და საგანმანათლებლო დახმარება და საცხოვრებლის მოსაძიებლად საჭირო ფინანსური რესურსი.

საქართველოში „ქეა კავკასია“ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით კი ქალებს, რათა მათ სწრაფად შეძლონ ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივ სერვისებსა და ინფორმაციაზე.

დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“

2 მარტს საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე, 35 მოქალაქე დააკავეს.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას, რომლის რეალური მიზანი გამოხატვის თავისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობაა.

აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან სტუდენტები, ძმები – დავით და ნიკა ჩხობაძეები, დავით სეხნიაშვილი და დავით გოჩაშვილი.

დავით და ნიკა ჩხობაძეების დედა მაია ძაძამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პოლიციამ მისი შვილები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ისინი აქციაზე „არა რუსულ კანონს“ სკანდირებდნენ.

მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდები სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ აქტიური წევრები და დამფუძნებლები არიან.

„ეს ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიურები არიან, 24-შიც ახალგაზრდული სტუდენტური მოძრაობის სულისჩამდგმელები იყვნენ, ძალიან ხშირად ჩანან მედიაში და ვფიქრობ, ამიტომ არ გამოუშვეს.

პოლიციას უფლება აქვს 48 საათი არ გამოუშვას, რადგან ორი მუხლით აქვთ, როგორც მითხრეს, ბრალი წაყენებული – ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა,“- ამბობს მაია ძაძამია.

„არა რუსულ კანონს“ – საპროტესტო აქციაზე სტუდენტებიც დააკავეს

მისი თქმით, ამ დროისთვის დაკავებულები დიღომში იმყოფებიან.

„როგორც მითხრეს, შიგნით ცუდად არ ექცევიან, მაგრამ დაკავებისას გამოიყენეს ძალადობრივი მეთოდები, ბევრმა ტელევიზიამ გადაიღო დაკავების კადრები და დავინახეთ, როგორ ტენიდნენ ამ ახალგაზრდებს პოლიციის მანქანებში.

განსაკუთრებით დავითს როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ახალგაზრდები სკანდირებდნენ იმას, რომ არ უნდათ რუსული კანონი და რუსული წესები და უნდათ თავისუფალ საქართველოში ცხოვრება“ – ამბობს მაია ძაძამია.

2 მარტს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონპროექტს განიხილავდნენ, შეხლა-შემოხლა იყო, სხდომა თითქმის საათ-ნახევარი დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უსწრებდა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს იძულებით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა, საპროტესტო აქცია შენობის გარეთ გაიმართა, სადაც პოლიციამ 35 მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა.

ბოლო ცნობებით, აქციაზე დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ. 

რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი აჭარიდან როლანდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში ინგლისურ ენას ასწავლის ბავშვებს, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, მთელ საზოგადოებას დააზიანებს, რადგან კანონი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, რომ ამ კანონის იდეა კრიტიკული, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის ჩახშობაა და მსგავსი ტიპის კანონი არ უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სიტყვის თავისუფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ყველაზე დიდი მონაპოვარი, ამ კანონით კი ამის ჩაკვლა სურთ.

თუ გამოხატვის თავისუფლება აღარ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული ვიქნებით სხვა დანარჩენ უფლებებშიც“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში როლანდ შავაძე.

მისი თქმით, ბევრი მასწავლებელია მის ირგვლივ, ვინც იზიარებს მის პოზიციას და მიიჩნევს, რომ რუსული კანონი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგაა.

„არავინაა მომხრე, ყველა ეწინააღმდეგება ამ კანონს და ბევრმა ღიადაც გამოხატა პროტესტი, რადგან ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს შეაჩერებს.

ამერიკის და სხვა საელჩოების დახმარებით ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება ამ ქვეყანაში. ამერიკის საელჩო კი განსაკუთრებით ლიდერობს ამ მიმართულებით და როცა ეს ყველაფერი აღარ გვექნება, გამორიცხულია, რომ  რაღაც კარგი გააკეთო.

რა პროექტი შეიძლება მოიფიქრო მასწავლებელმა, რომელსაც სახელმწიფო დაგიფინანსებს? სკოლას რა ფინანსებიც აქვს დღეს, ისიც კი არ ჰყოფნის. დანარჩენი ყველაფერი უცხოური გრანტებიდან შემოდის. თუკი ეს გრანტები არ იქნება და მე აგენტად მომიაზრებენ, ამ სიკეთეებსაც დაკარგავენ სკოლები“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი თქმით, ამერიკის საელჩოს ახლაც აქვს გამოცხადებული გრანტი და აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს გრანტი ხულოში მცხოვრები ბავშვებისთვის მოიპოვოს.

„ხულოში ბევრი სკოლაა, სადაც ბევრ სავალდებულო საგნებში დღესაც კი არ ჰყავთ მასწავლებლები ბავშვებს. სახელმწიფო კი ვერაფერს სთავაზობს მათ. სწორედ ამ ბავშვებისთვის მინდა ეს გრანტი, რომ ამ სავალდებულო საგნებში მასწავლებლები ავუყვანოთ და ონლაინგაკვეთილები ჩავუტაროთ.

მინდა, ბავშვებს კომპიუტერები  შევუძინო და მასწავლებლებსაც ჰქონდეთ ანაზღაურება, როცა ონლაინგაკვეთილებს ჩაატარებენ. ამერიკული დახმარება მინდა იმისთვის, რომ ამ ბავშვებს წვდომა ჰქონდეთ ხარისხიან ზოგად განათლებაზე. თუ გამოვიდა, რა თქმა უნდა.

ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კანონი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული, ნებისმიერ სექტორში მყოფ პირზე აისახება ნეგატიურად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში იქნება ადამიანი,“ – ამბობს  როლანდ შავაძე.

მისი აზრით, შეიძლება ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ ამ კანონს დღეს, ამ საფრთხეებს ვერ გრძნობდნენ, მაგრამ პოტენციური მსხვერპლი თვითონაც იქნებიან.

„თუ წინასწარ ვერ ხდება იმის განჭვრეტა, თუ რა მოჰყვება ამ ყველაფერს, აუცილებლად დადგებიან ესენიც  საფრთხის წინაშე, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება“ – ამბობს როლანდ შავაძე.

________________

ამავე თემაზე:

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

8 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ.

„ეს იქნება ქალების მარში, ქალების წინააღმდეგობა ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ – ამბობს „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი.

„წელს გადაწყვეტილი გვქონდა აქციები გაუპატიურებაზე კანონში ცვლილებაზე, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს შეიცვალა, იმიტომ, რომ ახლა უკვე საფრთხე ემუქრება ჩვენს არსებობას, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.

შესაბამისად, პარლამენტთან კანონების ცვლილებაზე მუშაობას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ საერთოდ გვაუქმებენ და აუქმებენ იმ შესაძლებლობებს, იმ მხარდაჭერას, იმ სერვისებს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება სთავაზობს მოსახლეობას და რასაც, წესით, უნდა აკეთებდეს სახელმწიფო“ – ამბობს ნათია გვრიტიშვილი.

მისი თქმით, ქალების საორგანიზაციო ჯგუფში ეს გადაწყვეტილება იყო ერთიანი – „ყველა თანხმდება, რომ დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ეს – რომ შევძლოთ არსებობა და გავაგრძელოთ მუშაობა“ – ამბობს ნათია გვრიტიშვილი.

„ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა“ – წერს „ქალთა მოძრაობა“.

ნათია გვრიტიშვილი ამბობს, რომ ეს კანონი ქვეყანაში ყველა ჩაგრულ ჯგუფზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას:

„არც ერთი ჩვენგანი სამოქალაქო საზოგადოებაში არ აპირებს აგენტის სტატუსის ქონას, არც დარეგისტრირებას, არავინ არ იცხოვრებს აგენტის სტატუსით. უცხოური ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის აგენტები არიან ისინი, ვინც ართმევს ქვეყანას ამდენ შესაძლებლობას და ევროპულ გზას.

ნაცვლად იმისა, რომ ვითხოვდეთ შეიცვალოს კანონი გაუპატიურების შესახებ, გახდეს უკეთესი და ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს, ვითხოვდეთ თანაბარ სამუშაო პირობებს, ვითხოვდეთ თანასწორობას, გვიწევს,  ვითხოვდეთ უბრალოდ არსებობის უფლებას, რომ შევძლოთ სამომავლოდ მუშაობა“.

„არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი – შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია“ – აცხადებს „ქალთა მოძრაობა“.

8 მარტს მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში.

ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან

„პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი, ახლა ძალიან შორს ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ზედმეტი ბარგია.

კომუნისტების დროიდან გვესმის სიტყვა „აგენტი“, ეს ჟღერს, როგორც „შპიონაჟი“, „აგენტურა“. შეიძლება ამ სიტყვის იარლიყად მიკერება ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე, მეწარმე და მევენახე ქედიდან, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ქედის ლაგმა“ [ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი] 46 ათასი ლარით დაუფინანსა კოტეჯების მშენებლობა სოფელ პირველ მაისში.

2 მარტს საქართველოს პარლამენტის ორმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს უცხო ქვეყნების გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც ავალდებულებს მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად იმ შემთხვევაში, თუკი მათი უცხოური დაფინანსება აღემატება 20%-ს.

„ჩემი ბიზნესის 70 % ევროკავშირის პროექტით დაფინანსდა, ჩემი ფინანსური წვლილი მხოლოდ 30% იყო. გასული წლის ზაფხულში 300-ზე მეტ უცხოელ ტურისტს ვუმასპინძლეთ, ვიცი, რომ მომავალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ სტუმარს ველოდებით.

მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა სოფლებს ეხმარებოდნენ ევროპის ძლიერი ქვეყნები. ამ დახმარებაში მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობ, რადგან არის გამოცდილება, რაც აქვთ განვითარებულ ქვეყნებს სხვადასხვა ბიზნესში. სამწუხაროდ, ეს ცოდნა ჩვენთან ჯერ არ არის დაგროვილი. დასავლეთის ქვეყნები ასეთ გამოცდილებასაც გვიზიარებენ.

მხოლოდ მე არ მიმიღია ასეთი მხარდაჭერა. მარტო ჩემი მუნიციპალიტეტის, ქედის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, უამრავ ქედელს დაუფინანსეს სოფლის მეურნეობის განსავითარებლად პროექტი, დაეხმარნენ საოჯახო სასტუმროების გამართვასა და კოტეჯების მშენებლობაში. არის მაგალითები, როცა ნახევარ მილიონამდე დაფინანსებაც გასცეს თითო პროექტისთვის“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე.

თავიდან ნოდარ შერვაშიძემ 3 200 ძირი ვაზი გააშენა, მათ შორის: ცოლიკაური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. შემდეგ კი ტურისტების მოჭარბებულმა ნაკადმა ბიზნესის გაფართოება მოითხოვა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG).

ევროკავშირის მხარდაჭერით ვენახის ზვარში შერვაშიძეებმა 4 კოტეჯი ჩადგეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქედის ლაგი“ განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს, შემდეგ კი, ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივების მხარდასაჭერად დაფინანსებას გასცემს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული – ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია.

ევროკავშირის მხარდაჭერილი LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს.

როცა დიდთოვლობისას სასწრაფო გჭირდება – 2 შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში

დიდთოვლობა ზამთარში მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არავის უკვირს, თუმცა ადგილობრივების თქმით, წელს, გასულ წლებთან შედარებით, დიდთოვლობამ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შექმნა.

როცა დიდთოვლობის გამო სოფლის უბნების ან  ცენტრალური გზისკენ მიმავალი გზები იკეტება და ადგილობრივებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რა ხდება ამ დროს? 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხულოს სოფელ ბოძაურში სტუმრად მყოფ ფეხმძიმე ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ბოძაურში გვითხრეს, რომ ქალის ხულოს კლინიკაში დიდხანს ვერ გადაიყვანეს, რადგან შიდა სასოფლო გზები თოვლისგან გაწმენდილი არ იყო. ადგილობრივების თქმით, ქალი ჯერ ციგით გამოიყვანეს სახლიდან, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალმა ნაადრევად იმშობიარა ხულოს კლინიკაში. ნაყოფი ცოცხალი დაიბადა, თუმცა საბოლოოდ ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საფრთხე ემუქრებოდა დედის სიცოცხლესაც.

მედიასთან ამაზე საუბარი პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა არ ისურვეს. აღნიშნულ შემთხვევაზე „ბათუმელებმა“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესცენტრსაც მიმართა კითხვებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ერთი კვირის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა შუახევის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ ქალსაც, რომელსაც წარსულში გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. როგორ მივიდა ოჯახამდე სასწრაფო დახმარების მანქანა, ამის შესახებ პაციენტის რძალი, ნარგიზ ქათამაძე გვიყვება.

„ჩემი დედამთილი შეუძლოდ დილით გახდა. სასწრაფო დახმარება შუადღის შემდეგ გამოვიძახეთ, იქნებოდა ასე 5-6 საათი. ჩვენი ძალებით ვეხმარებოდით იქამდე პაციენტს ოჯახში.

მანამდე გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, დიდი თოვლი იყო, ჩაკეტილი იყო გზები. კი წმენდენ ყოველდღიურად, მაგრამ მაინცადამაინც იმ ღამით მოვიდა თოვლი კიდევ. ჯერ ტრაქტორი გამოვიძახეთ, გზა რომ გაეწმინდა და მერე – სასწრაფო დახმარება.

ძლიერ თოვდა და ჩვენი ძალებით ვერ მოხერხდებოდა პაციენტის გადაყვანა, რომ არ მოსულიყო ტრაქტორი, ვერ მოვიდოდა სასწრაფო დახმარებაც“, – გვითხრა ნარგიზ ქათამაძემ.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან ერთი საათის შემდეგ მათ ეზომდე მივიდა. ამ დროს ტრაქტორს უკვე ჰქონდა გზა გაწმენდილი.

„[სასწრაფო დახმარების] მანქანას ცოტათი გაუჭირდა ამოსვლა, თორემ მალე მოვიდა. ხომ იცით, ახალგაწმენდილი გზა როგორია. სოფლის თავში ვცხოვრობთ“, – გვითხრა მან.

ნარგიზის თქმით, პაციენტი ჯერ მუნიციპალიტეტის კლინიკაში, იქიდან კი მალევე, რეანომობილით ბათუმში, კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანეს.

„პაციენტი ახლა კარგად გრძნობს თავს. ქალაქში რჩება,“ – გვითხრა ნარგიზ ქათამაძემ.

_____________

ფოტოზე: პაციენტის გადაყვანის პროცესი სოფელ ახალდაბაში.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

მაღალმთიან აჭარაში ზოგან თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი – ზოგან თოვა.

ბიზნესმენი ბათუმის მერიასთან უკანონოდ აშენებს – ის „ოცნებას“ აფინანსებს

ბათუმის ცენტრში, ბათუმის მერიის შენობის პირდაპირ მდებარე სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ. მშენებლობა ახლაც გრძელდება. ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე შენობაზე ხიმინჯები მორიგი სართულის დასაშენებლადაც გაუმზადებიათ.

ბათუმში, ლუკა ასათიანის 21-ში მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოებზეა გაცემული ნებართვა, რაც გულისხმობს ცვლილებას ფასადში და კოშკის მოცულობაში. პირველი კლასის სამუშაოები ახალი სართულების აშენებას არ გულისხმობს.

რეალურად, ბათუმის მერის კაბინეტიდანაც ჩანს ის, რომ სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ.

ლუკა ასათიანის 21-ში მშენებლობას შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. ამ კომპანიის მესაკუთრე ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. იგი მმართველი პარტიის შემწირველია.

გიორგი ჭყონია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც გასულ წელს კუნძულ მალიორკაზე აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

„არცერთი სართული არ შენდება… ჩუქურთმა ისე ვერ გაკეთდება, თუ ეს არ დაისხა, პროექტში რაც არის, ის კეთდება,“ – გვითხრა გიორგი ჭყონიამ. ის კატეგორიულად უარყოფს ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე სახლზე სართულის დაშენებას.

ბიზნესმენს ვუთხარით, რომ არაპროფესიონალი თვალისთვისაც მარტივად ჩანს, რომ შენობას სართულები ემატება:

„მეც გამიკვირდა თავიდან, როცა დაიწყო ჩამოსხმა, მეც არ მესიამოვნა, მაგრამ პროექტში არის ასე… ეს ადგილი იყო ჩავარდნილი და შეივსება,“ – ამბობს გიორგი ჭყონია.

მშენებლობის წესების დარღვევა დაგვიდასტურეს ბათუმის მერიაში. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ნებართვა სართულების აშენებაზე არ გაცემულა, მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ „ესკიზი დარღვეულია“.

„ლუკა ასათის 21-ში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება ესკიზის დარღვევის ფაქტზე თებერვალში დაიწყო. კომპანია გაცდა შეთანხმებული კლასის მახასიათებლებს, დაარღვია მერიასთან შეთანხმებული ესკიზი, შესაბამისად მითითება დაიწერა უნებართვო მშენებლობის ფაქტზე. ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება“, – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან.

ამის მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა.

უკანონო მშენებლობა ლუკა ასათიანის 21-ში

სახლი ლუკა ასათიანი 21-ში ძეგლის დაცვის ზონაშია, თუმცა რეკონსტრუქციის პროექტი არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეუთანხმებიათ. აქედან ყველაზე ახლოს, ლუკა ასათიანის #25-ში, ძეგლის სტატუსი თავად მერიის შენობას აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მესაკუთრის სახელით განაცხადი შენობის რეკონსტრუქციის თაობაზე 2021 წლის ივლისში შეიტანეს მერიაში. ბათუმის მერიისთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში არქიტექტორი გრიგოლ გარუჩავა წერს:

„შენობის მეხუთე სართული წარმოადგენს ღია ტერასას, რომლის კუთხეში განთავსებულია კოშკის პირამიდული ტიპის გადახურვა. შენობის კუთხის მთავარი ელემენტია კუთხურა კოშკი, რომელიც წარმოადგენს კვარტლის კუთხის აქცენტირებულ ელემენტს და თავისი მასშტაბით ლოგიკურად კრავდა ქუჩების კუთხეს მაშინ, როცა მისი მომიჯნავე შენობები ორსართულიანები იყო.

დღეისათვის შენობის ორივე მხარეს აშენდა ექვსსართულიანი შენობები, რითაც კუთხური კოშკის მოცულობა აშკარად უმასშტაბოდ გამოიყურება ახლად შექმნილ განაშენიანებაში და მოითხოვს კოშკის სიმაღლის დარეგულირებას, განაშენიანების მასშტაბის შესაბამისად.“

დაშენების სამუშაოები ლუკა ასათიანი 21-ში
დაშენების სამუშაოები ლუკა ასათიანის 21-ში

მთავარ ფოტოზე: ახლახან დაშენებული სართულები, რომელიც მერიიდანაც ჩანს.

ამ თემაზე:

____

დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში

 

 

ხულო-ადიგენის გზა ჩაკეტილია – სოფელ დიოკნისში მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 3 მარტს, ხულო-ადიგენის საავტომობილო გზა ჩაკეტილია, სოფელ დიოკნისში წუხელ მეწყერი ჩამოწვა.

„საკმაოდ დიდი მოცულობის მასაა ჩამოსული. არავინ დაშავებულა. გზის გაწმენდა უკვე დაწყებული გვაქვს,“ – გვითხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ დიოკნისში, გურამ კახაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ დღის ბოლოს აღდგება ცენტრალურ გზაზე მოძრაობა. სწორედ ეს გზა უკავშირდება კურორტ გოდერძის.

„გზის ქვემოთ ყანებია, ახლა მოსახლეობას ვუთანხმდებით, შეიძლება თუ არა იქ დავყაროთ ეს მიწა. თუ მოსახლეობა წინააღმდეგი წავა, მაშინ შორს იქნება გასატანი ეს ჩამოშლილი მიწა,“ – აღნიშნა გურამ კახაძემ „ბათუმელებთან“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 151 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 765]
  • ტანკი – 3 405 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 673 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 2 402 ერთეული [+4]
  • MLRS – 484 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 301 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 061 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 281 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 394 თვითმფრინავი
  • 212 ვერტმფრენი
  • 3 313 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 407 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 129 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 048 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 262 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 680 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს

„გამჭვირვალობის მიზეზად დასახელება ხომ დემაგოგიაა? გამჭვირვალობა აკლიათ NGO-ებს? გამჭვირვალობა დეპუტატებს აკლიათ ზუსტად და მთავრობას, მათი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ეს ჯობია. „ალტ-ინფოს“ ვინ აფინანსებს კიდევ, ისიც ძალიან მაინტერესებს.

ეს რუსული კანონია და ძალიან სახიფათო თამაშია,“ – ამას ეტყოდა ქობულეთში მცხოვრები ნანა კალანდაძე  ზაალ მიქელაძეს, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში და რუსული კანონის ავტორს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ქობულეთელს ესაუბრა: როგორ აფასებენ ისინი მაჟორიტარის საქმიანობას, როცა დეპუტატი რუსული კანონის მიღებით არის დაკავებული?

ნანა კალანდაძე წლებია სამოქალაქო ორგანიზაციის – „ღირსეული სიბერე“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია ქობულეთში ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

ნანა კალანდაძე

„დღეს იმდენად ნათელია, რომ ეს არის რუსული კანონი, ეს ისტორიაში შევა. მიზანი არის ის, რომ განსხვავებული აზრი აღარ ფიქსირდებოდეს, კრიტიკული აზრის მოსმენაც აღარ უნდათ. ცდილობენ, რომ იარლიყები მოგვაკრან და დონორებმაც თავისით უარი თქვან დაფინანსებაზე. უნდათ, რომ კრიტიკისგან სრულად დაიცალოს ქვეყანა – ვინც გააკრიტიკებს, უთხრან, შენ ხომ აგენტი ხარ? ისეც იმდენად ვართ დაყოფილი, ახლა კიდევ აგენტებად და არააგენტებად დაყოფა გვინდა?

აქამდე ივანიშვილი ცდილობდა, რომ ორ სკამზე მჯდარიყო ერთდროულად, ახლა კი, დასავლეთის გინების მეტს არაფერს აკეთებენ. პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყეს. ეს რაში სჭირდებათ, თუ  რუსულ საქმეს არ აკეთებს ეს ინჯია?

ასე, რომ ეს რუსული კანონია და მარტივად ჩანს ეს. არავითარი გამჭვირვალობა აქ არ არის მიზანი. ესენი ემზადებიან მეოთხედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის და მანამდე ალბათ ყველა, ვინც რაღაცას აპროტესტებს, გაიქცევა ქვეყნიდან. ამასთან შეგუება არაფრით არ შეიძლება. მეც წავალ ალბათ ემიგრაციაში. ვიცი, რომ ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ მთელი სიცოცხლე რუსთაველზე ვდგავარ და დროშა მიჭირავს ხელში, დავიღალე, ნერვებმა მიმტყუნა…

ზაალ მიქელაძე ავტორიტეტული ადამიანია ქობულეთში, მე პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გამიგია, რად უნდოდა ეს?

ბატონ ზაალს ვეტყოდი იმას, რომ ჩვენ გვჭირდება პარლამენტი და დეპუტატები, რომლებიც, პირველ რიგში, კონსტიტუციას დაიცავენ და პირიქით, კონსტიტუციის წინააღმდეგ არ წავლენ. კონსტიტუციის 78-ე მუხლში კი, გვიწერია, რომ ჩვენი მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თქვენ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ამას უნდა შეუწყოთ ხელი და არა იმას, რომ დასავლეთის დისკრედიტაცია მოახდინოთ.

რუსული კანონის ინიცირებაც სირცხვილია, არათუ მისი განხილვა და მიღება საერთოდ,“ – აღნიშნა ნანა კალანდაძემ „ბათუმელებთან“.

„ბატონ ზაალს ვეტყოდი, რომ არ დაკარგოს ის სახელი, რაც აქვს ქობულეთში და დააგროვა წლების განმავლობაში ქობულეთში, როგორც ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხების სპეციალისტმა. ცუდია, რომ ის არის ინიციატორი ამ კანონის,“ – ამბობს ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე. ისიც ქობულეთელია.

„დიდი ფიქრი არ სჭირდება ამას, რომ ეს არის კანონი დემოკრატიული პროცესის ჩასახშობად, მოსაშთობად და ქვეყნის საკონტროლებლად, მეტი არაფერი.

პოლიტიკა აშკარად არ არის ზაალ მიქელაძის ძლიერი მხარე. ის მოექცა გავლენის ქვეშ და შეიყვანეს შეცდომაში… მარტივია საფრთხის დანახვა, თუ გავიხედავთ ჩრდილოეთით და ვნახავთ, რა შედეგი მოჰყვა მსგავსი კანონის მიღებას რუსეთში. იქ სრულად ჩაახშეს დემოკრატიული პროცესები, სიტყვის თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები ამ კანონის მიღების შემდეგ.

ამ ქვეყანაში თუ რამე კეთდება, ყველაფერი კეთდება დასავლეთიდან შემოსული ფულით და გამოდის, რომ თუ ვინმე რამეს აკეთებს და ამბობს, ყველა აგენტია?

მაშინ ვინ არის პატრიოტი?

მე არა მგონია, რომ ვინც ამ კანონს მიიღებს და საზოგადოებას დააზარალებს, შემდეგ მისი მიმღები კომფორტულად იყოს.

ვფიქრობ, ყველამ უნდა გაუგზავნოს მთავრობას მესიჯი, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს და ეწინააღმდეგება რუსული კანონის მიღებას,“ – გვითხრა ზურა ბაუჟაძემ.

ზურა ბაუჟაძე

ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაალ მიქელაძესთან შეკითხვა აქვს იურისტ არჩილ ხახუტაიშვილს. მას სამოქალაქო სექტორში 13-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. არჩილ ხახუტაიშვილიც ქობულეთიდანაა.

„უცხოური გავლენის აგენტი რატომ ვარ, როცა ჩემი საქმიანობა ეფუძნება კონსტიტუციიდან გამომდინარე დეკლარირებულ პრინციპებს? მართლა მაინტერესებს ბატონი ზაალისგან: ფიქრობს, რომ საქართველოში მედიის და სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა ისეთი საშიშროებაა, რომ ამის გამო რეესტრის შექმნაა საჭირო? მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს ცალსახად დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მართლმსაჯულების, თავისუფლების, თანასწორობის დაცვისთვის.

მე, როგორც ძველ ენჯეოშნიკს, აგენტს დამიძახებ თუ არა, მეორეხარისხოვნად ჩავთვლიდი, მაგრამ მაფიქრებს ამ კანონპროექტის დაფარული მიზანი. ეს მიზანია წვეთ-წვეთად კონტროლის მექანიზმის შემოღება ქვეყანაში. იციან, რომ ერთიანად ამას ვერ შეძლებენ. შემდეგ გვეტყვიან, რომ კანონში რაღაც ხარვეზია, მოდით, კანონს რაღაც დავამატოთ, რაღაც ხარვეზია ასამოქმედებელი.

დღეს ოპოზიცია დაქსაქსულია. ძირითადი სპექტრი, რაშიც ხედავს ხელისუფლება პრობლემას, არის მედია და არასამთავრობო სექტორი. ეს არის საინფორმაციო ომის გაძლიერება: აქამდე თუ ენჯეოშნიკებს ეძახდნენ გრანტიჭამიებს, ახლა იტყვიან, რომ ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

არჩილ ხახუტაიშვილი

არის თუ არა ეს რუსული ჰიბრიდული ომი საქართველოსთან, როცა რუსეთი სამოქალაქო სექტორის განადგურებასთან ერთად ცდილობს დასავლეთის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ნდობის შესუსტებას?

„აქცენტს აკეთებენ ამერიკულ კანონზე, როცა ამერიკული კანონის მიზანი იყო სულ სხვა რამ. შტატებში ეს კანონი მიიღეს გლობალური საფრთხეების გამო, რომ რეალურად მართლად მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან შესული ფული გაეკონტროლებიათ. აქ კი მტრული სახელმწიფოებიდან შემოსული თანხის გამჭვირვალობაა მიზანი?

დღეს ამაზე საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩი, ამათ მაინც მოუსმინონ. თუ დიპლომატებსაც არ უსმენენ, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“ – აღნიშნა არჩილ ხახუტაიშვილმა „ბათუმელებთან“.

4 პირი დააკავეს პარლამენტთან აქციაზე, სადაც რუსული კანონს აპროტესტებდნენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის [166] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [173] მუხლებით.

აქციის მონაწილეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ პარლამენტში.

  • რა ხდება? 

დღეს, 2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც რუსული კანონპროექტი განიხილეს.

სხდომა თითქმის საათ-ნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უსწრებდა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. პროტესტში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, რაც მმართველი გუნდის წევრებისა და ოპოზიციონერებს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

„ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს. ხელისუფლებები შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელით ცდილობს ხელისუფლება ამ კანონის შემოტანას – რუსულით თუ ამერიკულით, „ყველა შემთხვევაში, კანონის მიღების მიზანია დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამოაცხადონ მტრად“.

„თვითონ ამ კანონის ინიცირება ან თუნდაც განხილვა ამერიკული კანონის კონტექსტში, ან რუსულის კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ რუსული და ამერიკული ვერსიაც მიმართული იყო კონკრეტული ქვეყნის მტრების წინააღმდეგ.

მაგალითად, რუსული კანონი იყო ევროკავშირის წინააღმდეგ და ამერიკული ვერსია ფაშისტური გერმანიის და ჩინეთის წინააღმდეგ.

ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მოდელზეა საუბარი, რადგან, ფაქტობრივად, მტრად გამოცხადდება ევროპული და ამერიკული თანამეგობრობა და ჩვენი პარტნიორები. ეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების თვალსაზრისით დამღუპველია და საგარეო პოლიტიკის არჩევანზეც დიდი კითხვის ნიშანი დგება,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი და მედია, შალვა ტაბატაძეც მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღების მოტივი არ არის ე.წ. გამჭვირვალობა და ამ დისკუსიებში ხელისუფლებას არ უნდა გავყვეთ.

„გამჭვირვალობის საკითხი, ეს არის ყურითმოთრეული, რადგან მთავრობამ ყველაზე კარგად იცის, რამდენად გამჭვირვალეა დასავლეთიდან შემოსული თანხები და ყველა პროექტი, რომლებიც ამ გრანტებით ფინანსდება.

იქნება ეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების და USAID-ის პროგრამები, ყველაფერი მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე შემოდის ქვეყანაში.

ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და მათ სრული სურათი აქვთ ყველა ორგანიზაციის ხარჯებზე და მთავრობამაც იცის, რომ „გამჭვირვალობის“ კუთხით ამ საკითხის განხილვა არასწორია.

საკითხი დგას ასე – მტრად გამოცხადდებიან დასავლელი პარტნიორები და შემდეგ მათი „აგენტების“ იდენტიფიცირებას დაიწყებს სახელმწიფო“, – მიიჩნევს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის „აგენტის“ გამოყენება შესაძლოა მომგებიანი იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან მოსახლეობის ნაწილი კარგად არ არის ინფორმირებული იმ სიკეთეებზე, რასაც რეალურად იღებს დასავლური დახმარებებით ქვეყანა. ამიტომ ამ კანონის საწინააღმდეგო მოძრაობების პარალელურად, საზოგადოების სწორი ინფორმირებაც უნდა მოხდეს.

„ჩემი აღქმით, ამ კანონის მიღება პირდაპირ არის დასავლური ღირებულებების, დასავლეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული, მეორე მხრივ კი, ეს არის არასამთავრობო სექტორის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის დისკრედიტაცია უფრო მარტივია ხელისუფლებისთვის დღეს, რადგან წლების განმავლობაში ეწეოდა მათ წინააღმდეგ კამპანიას, ეძახდა „გრანტიჭამიებს“ და ასე შემდეგ.

ჩვენს პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში კი „აგენტობას“, „აგენტს“ არ აქვს პოზიტიური კონოტაცია, ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ ამ ტერმინის გამოყენებით უფრო ადვილი იქნება მათი დისკრედიტაცია და სტიგმატიზება მათი გაშავების პოლიტიკის ნაწილია.

ასევე, ხელისუფლება კანონის საშუალებით ჩაერევა არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში, მიიღებს პირად ინფორმაციებსაც აქ დასაქმებული ადამიანების შესახებ.

ამიტომ, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო იმ სიკეთეებზე, რასაც იღებს საზოგადოება ამ ორგანიზაციების საქმიანობით, თუმცა ეს იმის შედეგიცაა, რომ საკუთარი თავის პიარი არ ყოფილა არასამთავრობოების თვითმიზანი, მთავარია საქმე გაკეთებულიყო.

ამიტომ უფრო სწორი კამპანია იქნება, თუ ამ პროცესს თავის სახელს დავარქმევთ, რადგან, რეალურად, ეს კანონი არის მტრის წინააღმდეგ და ამ კანონით ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მეორე მხრივ, როგორც ტაბატაძე გვეუბნება, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი ირონია გამოხატოს რუსული კანონის მიმართ:

„სასაცილოდ უნდა ვაქციოთ და არ შევიდეთ სერიოზულ პოლემიკაში. აღსრულებასაც რომ არ მიეცეს, იმდენად სასაცილო უნდა იყოს.

თუ ხელისუფლება გვთავაზობს ამ გამიჯვნას, კი ბატონო, მზად ვართ, გავიმიჯნოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის „აგენტები“, ხოლო ვინც გამოგვაცხადებს ევროპის და ამერიკის აგენტებად, ისინი არიან რუსეთის აგენტები და იქნება ასე პოლარიზებული საზოგადოება, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება ეს ჩვენთვის?“

მისი თქმით, მთავარი წყალგამყოფი უნდა იყოს ის, რომ ეს კანონი შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.

„ამ კანონით მოვწყდებით ჩვენს პროდასავლურ არჩევანს და მაშინ, როცა პირდაპირ მოდიოდა პოზიტიური მესიჯები სტატუსთან დაკავშირებით, ალოგიკურია ამ კანონის შემოტანა.

ამასთან, 2024 წელს არჩევნები გვაქვს, თუ ეს სიტუაცია დარჩება, მმართველი პარტია დიდი ალბათობით დაკარგავს ხელისუფლებას. თუმცა ასეთი მმართველობის პირობებში რა სტანდარტითაც მოესურვება ხელისუფლებას, ისეთ არჩევნებს ჩაატარებს“, – ამბობს ტაბატაძე.

მისი აზრით, საზოგადოებამ პიარული თვალსაზრისით უნდა აჯობოს ხელისუფლებას და ისაუბროს თავის ევროპულ არჩევანზე, რადგან ეს კანონი სწორედ ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული.

„შესაძლებელია დაიწყოს ევროპული მხარდაჭერის აქციები, როგორც იყო ზაფხულში და ამისთვის გამონახოს ძალა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და გააქტიურებაც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება სანქციებს, ოჯახების დონეზე ვერ გეტყვით, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ინდივიდმა, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, უნდა იცოდეს, რომ ის, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოების მიერ ჩაიწერება, როგორც საქართველოს დასავლეთისკენ მისწრაფების მოწინააღმდეგე პიროვნება.

ხელისუფლება შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

ტაბატაძე ამბობს, რომ აუცილებელია პირადი ზეწოლაც ხელისუფლებაში მყოფ იმ ადამიანებზე, ვინც შინაგანად ეწინააღმდეგება რუსულ კანონს, მაგრამ მას ძალა არ ჰყოფნის.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანებიც არიან იქ და შესაძლებელია, მათაც სჭირდებოდეთ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ იყვნენ გაბედულები და შიგნიდანაც დაიწყოს წინააღმდეგობა,“ – ამბობს ტაბატაძე.

მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო

საქართველოში იწყება კამპანია მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”.

დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი.

კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან.

„რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) გაწევრიანების საკითხზე“ – წერია ხელმოწერის ტექსტში.

„ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ, ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპულ დედაქალაქებში, ბრიუსელში და ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის და ნატოს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება და პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინეს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“, – ნათქვამია კამპანიის ორგანიზატორთა განცხადებაში.

განაცხადის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ?“ – ასე მიმართა დღეს, 2 მარტს, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს „ოცნებიდან“, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს.

„პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს…

თბილისის ჰამქრის [არასამთავრობო ორგანიზაცია] თავმჯდომარე ვიყავი.

მერე ხომ კარგად გიხაროდათ, გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა. ჩემი და ჩემი მეგობრების ხარჯზე გაკეთდა. აგენტები ვიყავით ჩვენ და ჯაშუშები? იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან აქციაზე, აბა?! ჯაშუში ვიყავი, აგენტი და ეს უნდა მიძახოთ?

თან მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა უჭირავს, რუსის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცნიათ, იმათი დამსახურებაა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ეშინიათ, რომელმაც ყველას უთხრა – „არ გაბედოთ“.

ხორბალი რომ შემოგვიტანეს, როცა საჭმელი არ იყო და ის ხალხი გვეხმარებოდა… ახლაც რომ გვეუბნებიან – „ნუ აკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ერთი ერთში გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან – გინდათ ჩვენთან, გინდათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ამას ნუ აკეთებთ!“

და რატომ აკეთებთ, სხვა დარდი ქვეყანაში არ არის, სხვა პრობლემას ვერ ხედავთ?!

წავიდეთ ნავთლუღის ბაზარში, ჯიპებიდან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიაროთ ნავთლუღის ბაზარში, აი, იქ რომ ხალხია გაჭირვებული, ამაზე ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, აი, ესღა დარჩაო? ხომ ამას არ ფიქრობს?!

მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი?

პერსპექტივას უკლავთ ამ ქვეყანას, მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, თუ მეტყვი, რომ „ხო, მინდა რუსეთი, აი, ასეთი ხოში გვაქვს, რომ რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა“.

არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი, ეს არის საქართველო და აღარ გახდება რუსეთი!“ – განაცხადა ელისაშვილმა კომიტეტების სხდომაზე.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი ძალის გამოყენებით გააძევეს.

დღეს პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე არ შეუშვეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Exit mobile version