მთავარი,სიახლეები

კანონპროექტი ზიანს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას – მასწავლებლები

05.03.2023
კანონპროექტი ზიანს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას – მასწავლებლები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.

და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება,“ – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: